არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებ

სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებ

სიმართლე შობა-ახალი წლის შესახებ

გაინტერესებთ სიმართლე რელიგიური დღესასწაულების შესახებ? მაშინ თქვენთვის საინტერესო იქნება შემდეგ კითხვებზე პასუხები: 1) ნამდვილად 25 დეკემბერს დაიბადა იესო? 2) ვინ იყვნენ მოგვები და ნამდვილად სამნი იყვნენ თუ არა? 3) სინამდვილეში საიდან მოვიდა ის ვარსკვლავი, რომელიც იესოსკენ წაუძღვა მათ? 4) რა საერთო აქვს სანტა-კლაუსს იესოსთან? 5) როგორ უყურებს ღმერთი შობა-ახალ წელს საჩუქრების ჩუქების ტრადიციას?

მოდით, ეს საკითხები ბიბლიისა და ისტორიული ფაქტების ფონზე განვიხილოთ.

 ნამდვილად 25 დეკემბერს დაიბადა იესო?

ტრადიცია: დღეს საყოველთაოდ მიჩნეულია, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა. მის შობას სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ. *

წარმოშობა: „დღესასწაულის აღსანიშნავად 25 დეკემბერი ბიბლიის საფუძველზე არ აურჩევიათ, — ნათქვამია ერთ-ერთ ენციკლოპედიაში. — ის დასაბამს წარმართული რომაული დღესასწაულებიდან იღებს, რომლებიც წლის ბოლოს იმართებოდა“ დაახლოებით ზამთრის მზებუდობის დროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (The Christmas Encyclopedia). მათ შორის იყო სატურნალია, რომელიც მიწათმოქმედების ღვთაების, სატურნის პატივსაცემად იმართებოდა, და „ორი მზის ღმერთის, რომაული სოლისა და სპარსელთა მითრასთვის მიძღვნილი დღესასწაულები“, — ნათქვამია იმავე ენციკლოპედიაში. ორივე დღესასწაული ამ ღმერთების დაბადების დღეს უკავშირდებოდა და 25 დეკემბერს, იულიუსის კალენდრის მიხედვით, ზამთრის მზებუდობის დროს აღინიშნებოდა.

ამ წარმართული დღესასწაულების „გაქრისტიანება“ 350 წელს მოხდა, როცა პაპმა იულიუს I-მა 25 დეკემბერი ქრისტეს შობის დღედ გამოაცხადა. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „შობამ თანდათანობით შეითვისა და საბოლოო ჯამში ჩაანაცვლა მზებუდობასთან დაკავშირებული ყველა სხვა რიტუალი. მზის სიმბოლო თანდათანობით მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს (რომელსაც აგრეთვე Sol Invictus [უძლეველ მზეს] უწოდებდნენ) სიმბოლო გახდა, მზის დისკო . . . კი ქრისტიანი წმინდანების შარავანდედად იქცა“.

რას ამბობს ბიბლია: ბიბლიაში არ არის მოცემული იესოს დაბადების თარიღი. მაგრამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ის 25 დეკემბერს არ დაბადებულა. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესოს დაბადების დროს მწყემსები „იყვნენ ველად“ და ბეთლემის მახლობლად ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ (ლუკა 2:8). ცივი, წვიმიანი სეზონი ჩვეულებრივ ოქტომბერში იწყებოდა და ისეთ ცივ მთიან მხარეში, როგორიც ბეთლემის შემოგარენია, მწყემსებს ღამით ცხვარი საიმედოდ ჰყავდათ შეფარებული. ტემპერატურა ყველაზე მეტად დეკემბერში ეცემოდა და ზოგჯერ თოვდა კიდეც. *

აღსანიშნავია, რომ პირველ ქრისტიანებს, რომლებიც იესოსთან ერთად იყვნენ, არასდროს აღუნიშნავთ მისი დაბადების დღე. ისინი იესოს მითითებისამებრ მხოლოდ მისი სიკვდილის დღეს აღნიშნავდნენ (ლუკა 22:17—20; 1 კორინთელები 11:23—26). ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ დღეს უკვე არა აქვს მნიშვნელობა ამ დღესასწაულების წარმართულ წარმოშობას. მაგრამ ღმერთისთვის ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. იესომ თქვა: „ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:23).

 ვინ იყვნენ მოგვები და რამდენი?

ტრადიცია: საშობაო სიუჟეტებში ხშირად ასახულია, როგორ გადასცემს საჩუქრებს ბაგაში მწოლიარე იესოს აღმოსავლეთიდან ვარსკვლავის კვალდაკვალ მოსული სამი მოგვი. ასეთ სიუჟეტებში მათთან ერთად ზოგჯერ მწყემსებსაც ვხვდებით.

წარმოშობა: თუ არ ჩავთვლით ბიბლიაში მოცემულ მწირ ინფორმაციას, „ყველაფერი, რაც მოგვების შესახებ დაიწერა, ძირითადად ლეგენდებიდან იღებს სათავეს“, — ნათქვამია ერთ-ერთ ენციკლოპედიაში (The Christmas Encyclopedia).

რას ამბობს ბიბლია: ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული, რამდენი მოგვი მივიდა იესოს სანახავად. მათი რიცხვი შესაძლოა ორი, სამი ან მეტი იყო. მართალია ბიბლიის ზოგ თარგმანში მათ ბრძენკაცები ეწოდებათ, მაგრამ მოგვი (ორიგინალში მაგი) ნიშნავს ასტროლოგს, გრძნეულს ან მისანს. ბიბლიიდან კი ვიგებთ, რომ ამის მოქმედნი „სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). აღმოსავლეთიდან ხანგრძლივი მგზავრობის გამო მოგვები იესოსთან იმ დროს არ მისულან, როცა ის ბაგაში იწვა. სავარაუდოდ, მათ რამდენიმე თვე იმგზავრეს, რის შემდეგ „სახლში შევიდნენ“, სადაც ჩვილი იესო ეგულებოდათ. იქ „დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან“ ერთად (მათე 2:11).

 საიდან მოვიდა ვარსკვლავი, რომელიც ასტროლოგებს წაუძღვა?

ის, თუ სად მიიყვანა ვარსკვლავმა ასტროლოგები, წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, საიდან შეიძლება მოსულიყო ეს ვარსკვლავი. ის მოგვებს პირდაპირ ბეთლემში არ წაუძღვა. მან ისინი ჯერ იერუსალიმში მიიყვანა, სადაც მეფე ჰეროდეს ყურამდე მივიდა მათი ჩამოსვლის ამბავი. მაშინ „საიდუმლოდ დაიბარა ჰეროდემ ასტროლოგები“ და მათაც ამცნეს ახალდაბადებული „იუდეველთა მეფის“ შესახებ. ჰეროდემ უთხრა მათ: „წადით, კარგად მოძებნეთ ის ბავშვი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ“. ჰეროდეს გულში მზაკვრობა ედო. ამ ამაყ და სასტიკ მმართველს იესოს მოკვლა ჰქონდა ჩაფიქრებული (მათე 2:1—8, 16).

საინტერესოა, რომ ამის შემდეგ ვარსკვლავი ასტროლოგებს სამხრეთით, ბეთლემისკენ წაუძღვა. ვარსკვლავი „წინ მიუძღოდა მათ“, ვიდრე იმ სახლის თავზე არ გაჩერდა, სადაც იესო იყო (მათე 2:9, 10).

ფაქტია, რომ ეს ჩვეულებრივი ვარსკვლავი არ ყოფილა. თუ ღმერთმა იესოს დაბადება თავმდაბალ მწყემსებს ანგელოზების მეშვეობით ამცნო, რატომ უნდა წაძღოლოდა ვარსკვლავის მეშვეობით წარმართ ასტროლოგებს ჯერ იესოს მტერთან და შემდეგ თავად იესოსთან? ერთადერთი ლოგიკური დასკვნა ის არის, რომ ეს ვარსკვლავი სატანისგან იყო, რომელსაც შეუძლია ასეთი სასწაულების მოხდენა (2 თესალონიკელები 2:9, 10). პარადოქსია, მაგრამ ეგრეთ წოდებული ბეთლემის ვარსკვლავი ხშირად ამშვენებს საშობაო ნაძვის ხის კენწეროს.

 რა საერთო აქვს სანტა-კლაუსს იესოსთან?

ტრადიცია: ბევრ ქვეყანაში სანტა-კლაუსი წარმოუდგენიათ, როგორც კეთილი ბაბუა, რომელიც ბავშვებს ასაჩუქრებს. ბავშვები ხშირად სწერენ წერილებს სანტა-კლაუსს და საჩუქრებს სთხოვენ. გადმოცემის თანახმად, ის ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და მას საჩუქრების მომზადებაში ელფები ეხმარებიან.

წარმოშობა: გავრცელებული შეხედულების თანახმად, სანტა-კლაუსის შესახებ წარმოდგენები მირის (ახლანდელი თურქეთი) მთავარეპისკოპოსთან, წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული. „თითქმის ყველაფერი, რაც წმ. ნიკოლოზის შესახებ არის დაწერილი, ლეგენდებიდან მოდის“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (The Christmas Encyclopedia). იესოსა და სანტა-კლაუსს შორის კავშირი არც ისტორიულად და არც ბიბლიურად არ დასტურდება.

რას ამბობს ბიბლია: „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“. ჩვენი მოყვასები პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრები არიან (ეფესოელები 4:25). ბიბლია იმასაც ამბობს, რომ უნდა გვიყვარდეს ჭეშმარიტება, ანუ ჭეშმარიტებას გულშიც ვლაპარაკობდეთ (ზაქარია 8:19; ფსალმუნი 15:2). შეიძლება უწყინარ ტყუილად მოგვეჩვენოს ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ საშობაოდ საჩუქრები სანტა-კლაუსს მოაქვს, მაგრამ სწორია ბავშვების მოტყუება, თუნდაც ამას ცუდი მოტივით არ ვაკეთებდეთ? განა სამწუხარო არ არის ის ფაქტი, რომ დღესასწაულზე, რომელიც ვითომ იესოს განდიდებას ემსახურება, სინამდვილეში ბავშვებს ატყუებენ?!

 როგორ უყურებს ღმერთი შობა-ახალ წელს საჩუქრების ჩუქებისა და მხიარულების ტრადიციას?

ტრადიცია: როგორც ამბობენ, შობა-ახალი წელი გაცემის კარგი საშუალებაა. მაგრამ სინამდვილეში ამ დღესასწაულისთვის დამახასიათებელია საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა, დროს ტარება, მხიარულება და ჭამა-სმა.

წარმოშობა: ძველი რომაული სატურნალიის აღნიშვნა 17 დეკემბერს იწყებოდა და 24 დეკემბრამდე გრძელდებოდა. ეს იყო საჩუქრების გაცვლა-გამოცვლის დრო. ხალხი სახლებსა თუ ქუჩებში მხიარულობდა, სვამდა და თავაშვებულად ერთობოდა. სატურნალიის შემდეგ აღნიშნავდნენ იანვრის პირველ დღეს. ეს დღესასწაული დაახლოებით სამი დღე გრძელდებოდა. სატურნალია და იანვრის პირველი დღის აღნიშვნა, როგორც ჩანს, ერთ მთლიან დღესასწაულად აღიქმებოდა.

რას ამბობს ბიბლია: ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სიხარულითა და გაცემის სულით გამოირჩევა. ბიბლიაში ნათქვამია: „იმხიარულეთ, მართლებო! სიხარულით იყიჟინეთ!“ (ფსალმუნი 32:11). ასეთ სიხარულს ადამიანი გაცემის შედეგად გრძნობს (იგავები 11:25). როგორც იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). იესომ ისიც თქვა, რომ გაცემა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს (ლუკა 6:38).

ასეთი გაცემა განსხვავდება ფორმალური ან იძულებითი გაცემისგან, რომლის კეთებაც საზოგადოებაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულების გამო გვიწევს. გაცემასთან დაკავშირებით ღვთის სიტყვაში წერია: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). ისინი, ვინც ითვალისწინებენ ამ ბიბლიურ პრინციპებს, მთელი გულით გასცემენ და ამას წელიწადის ნებისმიერ დროს აკეთებენ. ასეთი სახის გაცემას კურთხევები მოჰყვება და არასოდეს არის დამამძიმებელი.

სიყალბე

ბიბლიის ფონზე შობასთან დაკავშირებული ტრადიციების განხილვისას აშკარად ჩანს, რომ ისინი ან წარმართული წარმოშობისაა ან ბიბლიაში ჩაწერილი ისტორიის დამახინჯება. ფაქტია, რომ ქრისტესშობას ქრისტესთან მხოლოდ სახელი აკავშირებს. როგორ შეიძინა ამ დღესასწაულმა ქრისტიანული სახე? როგორც ბიბლიაში იყო ნაწინასწარმეტყველები, ქრისტეს სიკვდილიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ მრავალი ცრუმასწავლებელი გამოჩნდა (2 ტიმოთე 4:3, 4). ამ უსინდისო ადამიანებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ წარმართთათვის მიმზიდველი გაეხადათ ქრისტიანობა. ამგვარად, მათ წარმართებისგან თანდათანობით გადმოიღეს გავრცელებული დღესასწაულები და ქრისტიანულად „მონათლეს“.

ბიბლიაში ასეთ ცრუმასწავლებლებზე ნათქვამი იყო: „გამოგიყენებენ ყალბი სიტყვებით, მაგრამ მათთვის ძველთაგანვე გამოტანილი სასჯელი არ აყოვნებს და მათი დაღუპვა არ თვლემს“ (2 პეტრე 2:1—3). იეჰოვას მოწმეები ამ სიტყვებს სერიოზულად ეკიდებიან, რადგან მთელ ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევენ (2 ტიმოთე 3:16). ამიტომ მათთვის მიუღებელია ცრუ რელიგიასთან დაკავშირებული ყველა ტრადიცია და დღესასწაული. ნიშნავს ეს იმას, რომ ამით ისინი ცხოვრებაში სიხარულს იკლებენ? არა. მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს, როგორ ათავისუფლებს ადამიანებს ბიბლიური ჭეშმარიტება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ქრისტეშობას 7 იანვარს აღნიშნავენ. ამ ქვეყნებში მართლმადიდებლური ეკლესია გრეგორიანული კალენდრის ნაცვლად იულიუსის კალენდრით ხელმძღვანელობს, რის გამოც ეს დღე 7 იანვარს აღინიშნება. აქედან გამომდინარე, იულიუსის კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერი 7 იანვარია. ამიტომ ამ სტატიაში მოყვანილი არგუმენტები 7 იანვრის დღესასწაულსაც ეხება.

^ აბზ. 8 როგორც ჩანს, იესო ებრაული კალენდრის მიხედვით ეთანის თვეში (სექტემბერ-ოქტომბერი) დაიბადა. იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდი 56 (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

რაც დათესეს, ის მოიმკეს

იყო დრო, როცა ეკლესიის მესვეურნი „შეუპოვრად ებრძოდნენ წარმართობის გადმონაშთებს“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Christmas Customs and Traditions—Their History and Significance). მაგრამ დროთა განმავლობაში ეკლესიის წინამძღოლებისთვის მრევლის სიმრავლე უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ჭეშმარიტების სწავლება. ამიტომ მათ მოუწიათ თვალის დახუჭვა წარმართულ ჩვეულებებზე. მოგვიანებით კი ეს ჩვეულებები შეისისხლხორცეს.

ბიბლიაშია ნათქვამია: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). მას შემდეგ, რაც ეკლესიამ წარმართობის თესლი დათესა, რა გასაკვირია, რომ მან „სარეველა“ მოიმკა. დღესასწაული, რომლითაც ვითომდა იესოს შობა აღინიშნება, ლოთობისა და ღრეობის საბაბი ხდება. ამ დროს ხალხს სავაჭრო ცენტრებისკენ უფრო მიუწევს გული, ვიდრე ეკლესიებისკენ, ოჯახები ვალებში ეფლობიან, ბავშვები კი სინამდვილეს სიცრუისგან და იესო ქრისტეს სანტა-კლაუსისგან ვეღარ არჩევენ. ღმერთი ტყუილუბრალოდ არ გვაფრთხილებს: „უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:17).

[სურათები 7 გვერდზე]

სატურნალიის დღესასწაულის მსგავსად, შობა-ახალი წლისთვისაც დამახასიათებელია დროს ტარება და ჭამა-სმა

[საავტორო უფლება]

© Mary Evans Picture Library