რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
40 წლამდე ასაკის გერმანელთა მხოლოდ მეოთხედი თვლის, რომ ბავშვებთან ერთად ყოველდღიური ლოცვა საჭიროა, ხოლო 10 მორწმუნიდან მხოლოდ 4 თვლის, რომ ეს აუცილებელია (APOTHEKEN UMSCHAU, გერმანია).
როგორც გაირკვა, სპერმის ერთ-ერთი დონორი გულის დაავადების რისკთან დაკავშირებული დაუდგენელი გენეტიკური მუტაციის მატარებელი იყო. მისი 24 შთამომავლიდან ცხრას იგივე პრობლემა აღმოაჩნდა. მათგან ერთ-ერთი ორი წლის ასაკში გულის უკმარისობით დაიღუპა (JAMA, აშშ).
„რუსების 50 პროცენტზე მეტი თვლის, რომ კორუფცია დაუძლეველი პრობლემა და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი რეალობაა“ („რია-ნოვოსტი“, რუსეთი).
ნამდვილი მეგობრების დეფიციტი
„ჩვეულებრივ ბრიტანელს მხოლოდ სამი ახლო მეგობარი ჰყავს, რომელსაც ენდობა“, — ნათქვამია ლონდონში გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, იმ მიზეზთა შორის, რის გამოც ადამიანი წლების განმავლობაში „საშუალოდ 36 მეგობართან წყვეტს კავშირს“ არის „გადატვირთული გრაფიკი“ და „ერთმანეთისგან გაუცხოება“. გამოკითხულთა 43 პროცენტმა კი მიზეზად „გაუგებრობა და ამის გამო ერთმანეთთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა“ დაასახელა. გამოკითხულთა თითქმის მეხუთედი გულს კოლეგებს უშლის, რადგან „სხვა მრჩეველი არ ჰყავთ“. ამ გამოკითხვის ჩამტარებელი ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: „დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ვინმეს შენი იმედი ჰქონდეს და მოგენდოს“.
ნარკოტიკების კონტრაბანდა გემით
კოლუმბიელმა ნარკოდილერებმა ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკასა და შეერთებულ შტატებში კოკაინის კონტრაბანდული გზით შეტანის მეთოდები სულ უფრო დახვეწეს. 1993 წლიდან კოლუმბიის მთავრობამ სულ მცირე 42 გემი დააკავა, რომლითაც ნარკოტიკების კონტრაბანდას ეწეოდნენ. აღმოაჩინეს რამდენიმე გემთსაშენიც, სადაც ასეთ გემებს აგებდნენ. მართალია დიზელზე მომუშავე ეს გემები წყალქვეშ ვერ ცურავენ, მაგრამ რადარით მათი აღმოჩენა ძალიან რთულია. ზოგიერთს საწვავის ავზის გავსების შემდეგ 3 200 კილომეტრის გავლა და ამავე დროს 6—10 ტონა კოკაინის გადაზიდვა შეუძლია. ასეთი გემების აგება საშუალოდ 1 მილიონი აშშ დოლარი ჯდება.
ოჯახთან ერთად სადილი
ბოლო დროს გამოკითხულ 14—16 წლის ასაკის ფინელი მოზარდების ნახევარიც კი არ სადილობს ოჯახთან ერთად. გამოკვლევის შედეგად ისიც გამოჩნდა, რომ ბევრ ოჯახში საჭმელს არც კი ამზადებენ. მაგრამ მოზარდებს ენატრებათ ოჯახთან ერთად მშვიდ, სასიამოვნო გარემოში ერთ სუფრასთან ჯდომა. როგორც ერთ-ერთ ფინურ გაზეთში იყო ნათქვამი, მოზარდებმა კითხვას, რას ელოდნენ მშობლებისგან, ასეთი პასუხი გასცეს: „ცხელი სადილი, ერთ სუფრასთან ჯდომა, მოსმენა და მათთვის დროის გამოყოფა“ (Helsingin Sanomat). ამავე გაზეთში ნათქვამი იყო, რომ „ახალგაზრდები, რომლებიც ოჯახთან ერთად სადილობენ, სკოლაში უკეთესად სწავლობენ, უფრო იშვიათად ეწევიან, სვამენ და ნარკოტიკებსაც იშვიათად იღებენ. ასეთი ბავშვები ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ“.