რჩევა 4 — გაუფრთხილდით ჯანმრთელობას
„წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა არა მარტო ავადმყოფობისა და ზედმეტი ტკივილისგან დაგიცავთ, არამედ დროსაც და ფულსაც დაგიზოგავთ.
იზრუნეთ პირად ჰიგიენაზე. „ხელების დაბანით ხელს შეუშლით ინფექციის გავრცელებას და გაუფრთხილდებით ჯანმრთელობას“, — ნათქვამია აშშ-ს დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების ცნობარში. როგორც ვარაუდობენ, ინფექციათა 80 პროცენტი დაუბანელი ხელებით გადადის. ამიტომ დღის განმავლობაში ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ჭამის წინ, საჭმლის მომზადებამდე, ჭრილობის დამუშავების ან შეხვევის წინ, ცხოველთან შეხების, საპირფარეშოთი სარგებლობის ან ბავშვის საფენის გამოცვლის შემდეგ.
საპონი და წყალი უფრო ეფექტურია, ვიდრე ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები. ბავშვები გაცილებით ჯანმრთელები არიან, როცა მშობლები აჩვევენ მათ ხელების დაბანას და პირისა და თვალებისთვის ხელის მორიდებას. გარდა ამისა, ყოველდღე ბანაობა, სუფთა ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოყენება ხელს უწყობს კარგ ჯანმრთელობას.
თავი დაიცავით ინფექციებისგან. მოერიდეთ გაციებულ ან ვირუსით დაავადებულ ადამიანთან ახლო ფიზიკურ კონტაქტს და მისი ჭურჭლის გამოყენებას. მათი ნერწყვით და ცხვირიდან გამონადენით შეიძლება თქვენც დასნეულდეთ. ისეთი დაავადებები, როგორიცაა B და C ჰეპატიტი, და შიდს-ის გამომწვევი ვირუსი აივ-ი ვრცელდება სქესობრივი გზით, ნარკოტიკების ინტრავენური გამოყენებითა და სისხლის გადასხმით. ვაქცინაციით შეიძლება ზოგიერთი ინფექციის თავიდან არიდება, მაგრამ გონიერი ადამიანი მაინც ფრთხილობს ინფექციური დაავადების მატარებელთან ურთიერთობისას. თავი დაიცავით მწერებისგან. ნუ დასხდებით და ნუ დაიძინებთ გარეთ ისეთ ადგილებში, სადაც მრავლად არის კოღოები ან დაავადების გამავრცელებელი სხვა მწერები. გამოიყენეთ საწოლზე ჩამოსაფარებელი სპეციალური დამცავი ბადე და აგრეთვე მწერებისგან დამცავი სხვა საშუალებები. მწერებისგან განსაკუთრებით ბავშვები დაიცავით. *
შეინარჩუნეთ სისუფთავე სახლში. ყველანაირად ეცადეთ, რომ თქვენი სახლი შიგნიდან თუ გარედან სუფთა და მოწესრიგებული იყოს. მიხედეთ ისეთ ადგილებს, სადაც წყალი გროვდება და კოღოები მრავლდებიან. ჭუჭყი, ღიად დატოვებული საჭმელი თუ ნაგავი იზიდავს მწერებსა და პარაზიტებს, რომლებსაც დაავადებათა გამომწვევი მიკრობების გავრცელება შეუძლიათ. თუ არ გაქვთ საპირფარეშო, ამოთხარეთ მიწა და მოიწყვეთ პრიმიტიული საპირფარეშო ნაცვლად იმისა, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები ღია ცის ქვეშ დაიკმაყოფილოთ. საპირფარეშოს ხვრელს რამე დააფარეთ, რათა თვალის ინფექციებისა თუ სხვა დაავადებების გადამტანი ბუზებისგან დაიცვათ თავი.
ნუ მიაყენებთ ორგანიზმს ზიანს. დაიცავით უსაფრთხოების წესები მუშაობის, მანქანის, მოტოციკლეტის ან ველოსიპედის ტარების დროს. შეამოწმეთ, გამართულად მუშაობს თუ არა თქვენი სატრანსპორტო საშუალება. გამოიყენეთ შესაბამისი დამცავი მოწყობილობა და აქსესუარები, მაგალითად, სათვალეები, კასკა, სპეციალური ფეხსაცმელი, უსაფრთხოების ღვედები და ყურის საცობები. დიდხანს ნუ გაჩერდებით მზეზე, რადგან ეს ხელს უწყობს კიბოს განვითარებას და კანის ნაადრევ დაბერებას. უარი თქვით თამბაქოზე. თუ ასე მოიქცევით, მნიშვნელოვნად შეამცირებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფილტვის კიბოსა და ინსულტის რისკს. *
^ აბზ. 5 იხილეთ სტატია „დაავადებების გამავრცელებელი მწერები“, 2003 წლის 22 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში (რუს.).
^ აბზ. 7 იხილეთ სტატიათა სერია „როგორ გადავაგდო სიგარეტი?“, 2010 წლის მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში.