არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჟან კრესპენის „წამებულთა წიგნი“

ჟან კრესპენის „წამებულთა წიგნი“

ჟან კრესპენის „წამებულთა წიგნი“

ათას ხუთას ორმოცდაექვს წელს მოში (საფრანგეთი) 14 ადამიანი ერესში დაადანაშაულეს და მათი ცოცხლად დაწვა გამოაცხადეს. რაში ედებოდათ მათ ბრალი? ისინი კერძო სახლებში იკრიბებოდნენ, ლოცულობდნენ, ფსალმუნებს მღეროდნენ, უფლის სერობას აღნიშნავდნენ და კატეგორიულად უარყოფდნენ „პაპისტურ კერპებს“.

სასჯელის აღსრულების დღეს კათოლიკური სკოლის მასწავლებელმა ფრანსუა პიკარმა მსჯავრდადებულებს კამათში გამოწვევის მიზნით ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ უფლის სერობის შესახებ. მათ საპასუხო კითხვა დაუსვეს კათოლიკური სწავლების, ტრანსუბსტანციის შესახებ, რომლის თანახმად, უფლის სერობის აღსანიშნავად გამოყენებული პური და ღვინო სასწაულებრივად გარდაიქმნება იესოს ხორცად და სისხლად. „ხორცის გემო აქვს პურს და ღვინოს — სისხლის?“, — ჰკითხეს პიკარს მსჯავრდადებულებმა.

პიკარის საფუძველს მოკლებული პასუხის მიუხედავად, თოთხმეტივე მსჯავრდადებული ბოძებზე დააბეს და ცოცხლად დაწვეს. სიკვდილამდე ზოგს ენა ამოაძრეს, ხოლო ვისაც ენა არ ჰქონდა ამოძრობილი, ფსალმუნებს მღეროდნენ. სასჯელის აღსრულების ადგილას მდგარი მღვდლები მთელი ძალით მღეროდნენ, რათა სიკვდილმისჯილების ხმა დაეფარათ. მომდევნო დღეს, იმავე ადგილას, პიკარმა განაცხადა, რომ თოთხმეტი მსჯავრდადებული სამუდამო ცეცხლში იწვოდა.

XVI საუკუნეში ევროპა განსხვავებული რწმენის ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ვინც ეკლესიის აღიარებულ დოქტრინებს ეჭვქვეშ აყენებდა, რელიგიური ოპონენტების ხელში სასტიკი წამების მსხვერპლი ხდებოდა. ერთ-ერთ წიგნს, რომელიც წამებულთა ტანჯვას აღწერს, ჰქვია Le Livre des martyrs („წამებულთა წიგნი“), რომელიც 1554 წელს ჟან კრესპენმა ჟენევაში (შვეიცარია) გამოსცა. იგი ასევე ცნობილია Histoire des martyrs-ის სახელითაც *.

ვექილი, რომელიც რეფორმაციის მხარდამჭერი ხდება

კრესპენი დაახლოებით 1520 წელს დაიბადა არასში, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ის ლუვენში (ბელგია) სამართალს სწავლობდა. როგორც ჩანს, პირველად რეფორმატორების იდეებს კრესპენი იქ გაეცნო. 1541 წელს ის პარიზს გაემგზავრა, ერთი ცნობილი ვექილის მდივნად რომ ემუშავა. ამ პერიოდში ის მობერის მოედანზე (პარიზი) ერეტიკოსად შერაცხული კლოდ ლე პენკრის ცოცხლად დაწვის მომსწრე გახდა. კრესპენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ახალგაზრდა ოქრომჭედლის რწმენამ, რომელიც მისი თქმით, იმიტომ დაისაჯა, რომ „მშობლებსა და მეგობრებს ჭეშმარიტება აუწყა“.

დაახლოებით ამავე პერიოდში კრესპენი ვექილად იწყებს მუშაობას არასში. მაგრამ მალე ახალშეძენილი რწმენის გამო მას ერესში სდებენ ბრალს. სასამართლოსგან თავის დასაღწევად ის სტრასბურგში (საფრანგეთი) მიდის და მოგვიანებით ჟენევაში (შვეიცარია) სახლდება, სადაც რეფორმაციის მხარდამჭერთა გარემოცვაშია. კრესპენი თავს ანებებს იურისტის კარიერას და გამომცემელი ხდება.

კრესპენმა გამოაქვეყნა რეფორმატორების ჟან კალვინის, მარტინ ლუთერის, ჯონ ნოქსისა და თეოდორ ბეზის ნაშრომები. აგრეთვე გამოსცა ბიბლიის ნაწილი, „ახალ აღთქმად“ წოდებული ბერძნული ტექსტი, და ბიბლია — მთლიანად ან ნაწილობრივ — ესპანურ, ინგლისურ, იტალიურ ლათინურ და ფრანგულ ენებზე. მაგრამ კრესპენმა უმთავრესად სახელი „წამებულთა წიგნით“ გაითქვა. წიგნში დასახელებულია ის ადამიანები, რომლებიც 1415—1554 წლებში ერესში დამნაშავედ ცნეს და სიკვდილით დასაჯეს.

მარტიროლოგის მიზანი

რეფორმატორთა უმეტესი ლიტერატურა კათოლიკური ეკლესიის მესვეურებს დაუნდობელ სისასტიკეში ადანაშაულებდა. ეს ლიტერატურა პროტესტანტებს კათოლიკების წინააღმდეგ განაწყობდა და მკითხველს იმაში არწმუნებდა, რომ პროტესტანტ წამებულთა „გმირობა“ ადრინდელი ღვთის მსახურების, მათ შორის პირველი საუკუნის ქრისტიანების, დევნის ტოლფასი იყო. კრესპენმა რწმენისთვის წამებულთა ნუსხა შეადგინა, რათა პროტესტანტებს მათთვის მიებაძათ. *

კრესპენის წიგნი შეიცავს ჩანაწერებს მსჯავრდადებულების სასამართლოებზე, ინკვიზიციის მიერ გამოძიებულ საქმეებსა და თვითმხილველთა ნაამბობზე. მასში აგრეთვე მოყვანილია მსჯავრდადებულების მიერ ციხეში ყოფნის დროს გაკეთებული წერილობითი ჩვენებები. წიგნში დართულია მსჯავრდადებულებისთვის დაწერილი გამამხნევებელი წერილები, რომელთაგან ზოგიერთი შეიცავდა ბიბლიურ ციტატებს. კრესპენის რწმენით, წერილების ავტორთა რწმენა „დავიწყებას არ უნდა მისცემოდა“.

კრესპენის წიგნში მოძღვრებასთან დაკავშირებული მასალა უმთავრესად ეხება კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის არსებულ დავას. ორივე მხარე ერთმანეთს ედავებოდა თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენებაზე, განსაწმენდელსა და მკვდრებისთვის აღსავლენ ლოცვებზე; გარდა ამისა, სადავო იყო ის, მეორდებოდა თუ არა კათოლიკური მესის დროს ქრისტეს მსხვერპლშეწირვა და იყო თუ არა პაპი ღვთის წარმომადგენელი.

„წამებულთა წიგნი“ იმ დაპირისპირებასა და შეუწყნარებლობაზე მოწმობს, რომელიც მაშინდელი დროისთვის იყო დამახასიათებელი. მართალია, კრესპენი კათოლიკების მიერ პროტესტანტების დევნაზე წერს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროტესტანტებიც დროდადრო არანაკლებ სასტიკად უსწორდებოდნენ კათოლიკებს.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ცრუ რელიგიას „წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის“ სისხლის ღვრაში დაედო ბრალი. უდავოა, რომ მათი სისხლი, ვისაც ღმერთი თავის ერთგულ მოწამედ ცნობს, ღმერთს შურისძიებისთვის შეღაღადებს (გამოცხადება 6:9, 10; 18:24). მათ მსგავსად, ისინი, რომლებიც ჟან კრესპენის დროს რწმენისთვის ეწამნენ და დაიღუპნენ, გულწრფელად ეძებდნენ რელიგიურ ჭეშმარიტებას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 კრესპენის ნაშრომის თავფურცელზე წიგნის სახელწოდება ასე ითარგმნება: „წამებულთა წიგნი — კრებული, რომელიც გადმოგვცემს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისთვის რამდენიმე წამებულის სიკვდილს. იან ჰუსის მიერ 1554 წლამდე გაკეთებული თარგმანი“. რამდენიმე შესწორებული და შევსებული გამოცემა სხვადასხვა სათაურითა და სარჩევით კრესპენის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა, ხოლო დანარჩენი — მისი გარდაცვალების შემდეგ.

^ აბზ. 11 1554 წელს, როცა კრესპენმა „წამებულთა წიგნი“ გამოაქვეყნა, სხვა ორი მარტიროლოგი გამოსცა ლუდვიგ რაბუსმა გერმანულ ენაზე და ჯონ ფოქსმა — ლათინურზე.

[სურათი 12 გვერდზე]

კრესპენის „წამებულთა წიგნის“ თავფურცელი (1564 წლის გამოცემა)

[სურათი 13 გვერდზე]

პროტესტანტების სიკვდილით დასჯის სცენა საფრანგეთის მეფე ჰენრი II-ისა და მისი სასამართლოს წინაშე

[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]

Images, both pages: © Société de l’Histoire du Protestantisme Français, Paris