რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
იტალიაში პირველად „განქორწინებულთა ბაზრობა“ მოეწყო. იტალიაში მათ, ვისაც არ გაუმართლათ ქორწინებაში, შესაძლებლობა მიეცათ, დახმარებისთვის მიემართათ ქორწინების სააგენტოებისთვის ახალი პარტნიორის მოსაძებნად, ასევე ტურისტული სააგენტოებისთვის დასვენების ორგანიზების გასაწევად, განქორწინების სააგენტოებისთვის, ადვოკატებისთვის, ბუღალტერებისთვის, ფსიქოლოგებისა და ოჯახის მედიატორებისთვის (CORRIERE DELLA SERA, იტალია).
„უნდობლობის უზარმაზარი უფსკრული“ არსებობს საზოგადოებასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის, რაც იმით არის განპირობებული, რომ ეს უკანასკნელი „არაფერს აკეთებს სამღვდელოების მიერ ბავშვების გახრწნის აღმოსაფხვრელად“. ამან კი თავის მხრივ გამოიწვია კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში „უდიდესი ორგანიზაციული კრიზისი“ (NATIONAL CATHOLIC REPORTER, აშშ).
მეცნიერებმა, რომლებმაც დაახლოებით 4 000 წლის წინათ დაღუპული გრენლანდიელის გაყინული თმის ღერის დნმ გაშიფრეს, აღმოაჩინეს, რომ „ეს გრენლანდიელი წარმოშობით ციმბირიდან იყო“ (REUTERS NEWS SERVICE, აშშ).
ეკლესიამ ნდობა დაკარგა
„ხალხის უმრავლესობა მეტად აღარ ენდობა [კათოლიკურ] ეკლესიას“, — ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია გაზეთ „აირიშ ტაიმზში“. მასში ნათქვამი იყო, რომ კათოლიკური ეკლესია ისეთი ორგანიზაციების სიაში მოხვდა, რომელთა მიმართ ირლანდიელების უმეტესობას ნდობა აქვს დაკარგული; ასეთებია სამთავრობო სტრუქტურები და ბანკები. ერთ დროს ირლანდია ეკლესიისადმი ნდობით გამოირჩეოდა. მაგრამ ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ ირლანდიელთა ნახევარზე მეტი ეკლესიას ან საერთოდ არ ენდობა (32 პროცენტი) ან ბოლომდე არ ენდობა (21 პროცენტი). ამის მიზეზი კი ეკლესიის გარშემო ბოლო დროს აგორებული სკანდალებია.
უმუშევარი კოლეჯდამთავრებულები
იძლევა კოლეჯში მიღებული განათლება სამუშაოს შოვნის გარანტიას? „მანილა ბიულეტენის“ თანახმად, ბევრისთვის არა. მასში მოყვანილი იყო კესონ-სიტის მერის ჰერბერტ ბაუტისტას სიტყვები: „ყოველ წელს კოლეჯები და უნივერსიტეტები უშვებენ მილიონობით კურსდამთავრებულს, რომლებიც სამუშაოს ვერ შოულობენ, რადგან ის სასწავლო კურსი, რომელიც მათ გაიარეს, არ აკმაყოფილებს ხელმისაწვდომი სამუშაოს მოთხოვნებს“. ბევრი კოლეჯის კურსდამთავრებული მდივნად ან სწრაფი კვების ობიექტებში იწყებს მუშაობას. მთავრობა ახალგაზრდებს მოუწოდებს, სკოლის დამთავრების შემდეგ გაიარონ მოკლევადიანი კურსები რაიმე ხელობის დასაუფლებლად, ან განათლება ტექნიკურ სფეროში მიიღონ, რათა სამუშაო ადვილად იპოვონ.
რამ შეჭამა ხიდი?
კალკუტაში (ინდოეთი) 457 მეტრიან ხიდს, ჰაურაჰს, ფეხით მოსიარულეთა ფურთხი სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მიზეზი ისაა, რომ „გუტკა“, — ბეტელის კაკლისა და კალციუმის ჰიდროქსიდის პოპულარული ნაზავი, რომელსაც მოქალაქეები ღეჭავენ და აფურთხებენ, ძალიან კოროზიულია. კალკუტაში გამომავალ გაზეთ „ტელეგრაფის“ თანახმად, „2007 წლიდან მგზავრების ერთად აღებულმა ფურთხმა გამოიწვია [ხიდის] ბოძების დამცველი რკინის საფრის სისქის 6-დან 3 მილიმეტრამდე შემცირება“. ამ ხიდზე ყოველდღე დაახლოებით 500 000 ქვეითად მოსიარულე და 100 000 მანქანა დადის.