არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა ჩინოვნიკების მოქრთამვაა“ (საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“, რუსეთი).

„გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ჩინელების 17,5 პროცენტს აღენიშნება ფსიქიკური მოშლილობა . . . ხასიათის ცვალებადობა და ნევროზი უფრო მეტად ქალებს აქვთ, ვიდრე კაცებს“ („ჩაინა დეილი“, ჩინეთი).

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უახლესი მონაცემების თანახმად, „აშშ-ში მომხდარი ყველა საგზაო შემთხვევის, სულ მცირე, 28 პროცენტი ანუ ყოველ წელს 1,6 მილიონი ავტოკატასტროფის შემთხვევის მიზეზი ისაა, რომ მძღოლები მოძრაობის დროს მობილურ ტელეფონებზე ლაპარაკობენ და ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიან“ (UC BERKELEY WELLNESS LETTER, აშშ).

„სამარცხვინო ისტორია“

როგორც ირლანდიაში გამომავალ გაზეთ „აირიშ ტაიმზშია“ ნათქვამი, ერთი კომისიის ანგარიში, რომელიც ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს იკვლევს, ფარდას ხდის ირლანდიის სამარცხვინო ისტორიას. გაზეთის თანახმად, ეს ანგარიში ააშკარავებს კათოლიკური ეკლესიის მიერ ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის სისტემატურ ფაქტებს, რომელიც ქვეყნის ისტორიას სამარცხვინო ლაქად ადევს. ძალადობაში შედიოდა ბავშვების ცემა იმის გამო, რომ ტილები უჩნდებოდათ, სექსუალური ძალადობა და სხვა მრავალი შემთხვევა. ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ არანაირი ზომები არ იქნა მიღებული, ვინაიდან „კათოლიკური ეკლესიის აბსოლუტური ძალაუფლებისადმი“ ერთგულებას იჩენენ, რაც ყოვლად მიუღებელია. „გრცხვენოდეთ მთავრობის წარმომადგენლებო და ეკლესიის წინამძღოლებო!“, — ასე იყო დასათაურებული სტატია გაზეთში. ეს სიტყვები ეკუთვნის მას, ვინც ძალადობის მსხვერპლთ თანაგრძნობას უცხადებს.

წყალი მთვარეზე

მეცნიერებმა, რომლებმაც მთვარის ზედაპირს რაკეტა დააჯახეს, როგორც თავად ამბობენ, დაჯახების შედეგად წარმოქმნილ მტვრის ღრუბელში აღმოაჩინეს წყალი. ღრუბელი შეისწავლეს სპეციალური ხელსაწყოების, სპექტროსკოპების დახმარებით, რომელიც განსაზღვრავს მატერიის შემადგენლობას მის მიერ შთანთქმული და გამოსხივებული სინათლის ტალღის სიგრძის დადგენით. „ჩვენ უახლოესი მეზობელი პლანეტის შესახებ არაერთ საიდუმლოს ვფენთ ნათელს და ამასთანავე, მზის სისტემის შესახებაც ბევრ რამეს ვიგებთ“, — განაცხადა ნასას აეროკოსმოსური ცენტრის (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) მთავარმა სელენოლოგმა (მთვარის მკვლევარი) მაიკლ უორგომ. არც ისე დიდი ხნის წინ მთვარეზე გაშვებული კოსმოსური ხომალდის მეშვეობით გაირკვა, რომ მილიონობით ტონა წყალი მთვარის ჩრდილოეთ პოლუსზეც აღმოაჩინეს.

სავაჭრო ავტომატებიდან ოქროს ზოდების შეძენაც შეიძლება

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ოქროს ზოდები იმ პროდუქციის ვრცელ სიაში შევიდა, რომელსაც სავაჭრო ავტომატები მომხმარებლებს სთავაზობენ. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბის ერთ სასტუმროში დაამონტაჟეს ავტომატი, რომელიც 320 დასახელების ნივთს იძლევა, მათ შორის ათგრამიან ოქროს ზოდებს და მომხმარებლის გემოვნებით შერჩეულ ოქროს მონეტებს. ოქროზე ფასები ყოველ ათ წუთში ახლდება საერთაშორისო ბაზრებთან კომპიუტერული კავშირის დამყარებით. ჯერჯერობით ავტომატი მხოლოდ ადგილობრივ ვალუტას იღებს, მაგრამ იგეგმება ოქროს ზოდების საკრედიტო ბარათებითაც შეძენა. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სავაჭრო ავტომატების მეშვეობით ოქროს ზოდების გაყიდვა იმიტომ გადაწყდა, რომ „ამ ქვეყანაში ოქროზე მზარდი მოთხოვნილებაა“, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“.