არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევეგუო საყვარელი ადამიანის დაკარგვას?

როგორ შევეგუო საყვარელი ადამიანის დაკარგვას?

როგორ შევეგუო საყვარელი ადამიანის დაკარგვას?

„მამაჩემის სიკვდილმა თავზარი დამცა და გული მომიკლა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ბოლო წუთებში მის გვერდით არ ვიყავი. საყვარელი ადამიანის სიკვდილზე საშინელი არაფერია. ნეტავ იცოდეთ, როგორ მენატრება მამა!“ (სარა).

ხალხის უმრავლესობას, რა აღმსარებლობისა და კულტურისაც არ უნდა იყოს, სიკვდილზე საუბარი უმძიმს. ამ მოვლენაზე საუბრისას სიკვდილის ნაცვლად, ზოგი სხვა ფრაზებს იყენებს, მაგალითად, „ჩვენგან წავიდა“, „დაგვტოვა“, „ჩვენ გვერდით აღარ არის“.

მაგრამ როგორც არ უნდა შეარბილო სიტყვები, ჭირისუფლის უსაზღვრო მწუხარებას ეს ვერ შეამსუბუქებს. ზოგი იმდენად არის დარდით მოცული, რომ უჭირს რეალობასთან შერიგება.

საყვარელი ადამიანის დაკარგვას, ალბათ, თქვენც ვერ ურიგდებით. შესაძლოა, თავს ისე აჩვენებთ, რომ კარგად ხართ მაშინ, როცა შინაგანად იტანჯებით. რასაკვირველია, ყველა ერთნაირად არ გლოვობს საყვარელი ადამიანის დაკარგვას. ამიტომ, თუ გარეგნულად არ გამოხატავთ მწუხარებას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ განიცდით. * მაგრამ უხერხულობა მაშინ იქმნება, როცა სხვების, მაგალითად, ოჯახის მგლოვიარე წევრების წინაშე თავს ივალდებულებთ, გამოხატოთ თქვენი გრძნობები.

„ტირილისთვისაც კი არ მეცალა“

ნათანაელი 24 წლის იყო, როცა დედა მოუკვდა. „თავიდან ვერ გავიაზრე, რა მოხდა, — ამბობს ის. — ვიცოდი, რომ მამაჩემსა და დედაჩემის სასოწარკვეთილ მეგობრებს მხარში უნდა ამოვდგომოდი. ტირილისთვისაც კი არ მეცალა“.

წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ნათანაელი კვლავ ვერ ურიგდებოდა დედის სიკვდილს. ის ამბობს: „დღემდე მამა დარდს მე მიზიარებს და ეს კარგია. მას ლაპარაკი უნდა და მიხარია, რომ მისი დახმარება შემიძლია. მომსმენი ყური მეც მჭირდება, მაგრამ ვის მივმართო?!“

მომვლელები, მათ შორის ექიმები, რომლებიც ხშირად გამხდარან ადამიანის სიკვდილის მომსწრენი, შეიძლება თავს იკავებენ გრძნობების გამოხატვისგან. მაგალითად, ელოიზა 20 წელზე მეტია, რაც ექიმია. იმ დასახლებაში, სადაც ის მუშაობდა, ყველა კარგად იცნობდა ერთმანეთს. მას პაციენტებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. „ბევრის სიკვდილის მომსწრე გავმხდარვარ და ზოგი მათგანი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო“, — ამბობს ის.

ელოიზამ გააცნობიერა, რომ ტირილი ჭირისუფალს შვებას ჰგვრის. იგი ყვება: „ძალიან მიჭირდა ტირილი. ვთვლიდი, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და სხვების წინაშე ემოციების გამოხატვისგან თავი უნდა შემეკავებინა. ასე მეგონა, რომ სხვები ჩემგან სწორედ ამას ელოდნენ“.

„მის გარეშე სახლი ცარიელია“

ჭირისუფლისთვის ყველაზე რთული, ალბათ, მარტოობის გრძნობის განცდაა. ეშლი 19 წლის იყო, როცა დედა კიბოთი დაეღუპა. ის ამბობს: „დედის სიკვდილის შემდეგ თავს უიმედოდ და მარტოდ ვგრძნობდი. დედა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. უმეტეს დროს ერთად ვატარებდით“.

ეშლის უმძიმდა ყოველდღე შინ დაბრუნება და იმის გააზრება, რომ დედა სახლში არ დახვდებოდა. ის ამბობს: „მის გარეშე სახლი ცარიელია. რამდენჯერ ყოფილა, ჩემს ოთახში შევსულვარ და ცხარე ცრემლით მიტირია, როცა მის სურათებს ვათვალიერებდი და მასთან ერთად გატარებულ დროს ვიხსენებდი“.

თუ სიკვდილმა ოჯახის წევრი ან უახლოესი მეგობარი წაგართვათ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ არა ხართ მარტო. შემდეგი სტატიიდან დაინახავთ, როგორ შეძლო ბევრმა საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა ადამიანი თავისებურად გლოვობს საყვარელი ადამიანის დაკარგვას, არ იქნებოდა სწორი, განგვესაჯა ისინი, ვინც გარეგნულად არ გამოხატავს თავის ემოციას.

[ჩანართი 5 გვერდზე]

„თავს უიმედოდ და მარტოდ ვგრძნობდი. დედა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო“ (ეშლი)