არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საოცარი სილამაზე და გრაცია

საოცარი სილამაზე და გრაცია

საოცარი სილამაზე და გრაცია

„ცხენები ნახვისთანავე შემიყვარდნენ. ისინი საოცრად მოხდენილები არიან და თავს იწონებენ თავიანთი განუმეორებელი გრაციოზულობით“, — გვიზიარებს ტომაში, ცხენების მომშენებელი.

ბევრს ცხოველებს შორის ყველაზე მეტად ცხენის სილამაზე ატყვევებს, რომელიც გრაციოზულობითა და უშრეტი ენერგიით გამოირჩევა; ეს განსაკუთრებით მაშინ შეიგრძნობა, როცა ის უკანა ფეხებზე დგება, ჩლიქებს გამალებით ურტყამს მიწას, თავაწეული ჭიხვინებს და შეუპოვრად მიაპობს ჰაერს. ცხენი მართლაც ლამაზი ცხოველია!

საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა კლიმატურ პირობებში თუ ტერიტორიებზე ცხენის არაერთი ჯიში ჩამოყალიბდა. წმინდასისხლიანი არაბული ცხენი თავისი სილამაზით ტოლს არავის უდებს. იგი მიეკუთვნება ცხელსისხლიანთა ჯიშს, რომელიც ენერგიულობით, სიმარდით, ამტანობითა და საზრიანობით გამოირჩევა და სწორედ ამ ნიშან-თვისებების გამო მას ბადალი არ მოეძებნება სპორტულ შეჯიბრებებში.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, ცენტრალური ევროპის ქვეყანა, განთქმულია არაბული ცხენების მოშენების მდიდარი ტრადიციით. მომშენებლებისა და სელექციონერების აზრით, საუკეთესო ჯიშის, წმინდასისხლიანი არაბული ცხენები სწორედ პოლონეთში გამოჰყავთ. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? ამ და მსგავსი კითხვებით მივმართეთ ცხენების მომშენებლებსა და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.

მოყვარულის თვალით დანახული არაბული ცხენი

თავდაპირველად მცირეოდენი წარმოდგენა შევიქმნათ წმინდასისხლიან არაბულ ცხენზე. ეს ჯიში ყოველთვის ასოცირდება ახლო აღმოსავლეთთან. ცხენების მომშენებელი ტომაში გვიხსნის: „საუკუნეების მანძილზე მომთაბარე ბედუინთა ტომებს წმინდასისხლიანი არაბული ცხენები გამოჰყავდათ და შემდეგ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ჯიშები სხვა ჯიშის ცხენებთან არ აღრეულიყვნენ. სწორედ ასეთი მკაცრი სელექციის პირობებში საგულდაგულო მოვლისა თუ მოფრთხილების წყალობით შეიქმნა შესანიშნავი არაბული ჯიშის ცხენი. უმეტესად ამ ჯიშის ცხენები ფერად არიან ნაცრისფერი, მოწითალო-მოყავისფრო და წაბლისფერი, ზოგჯერ შავიც კი“.

ჟანეტა, რომელსაც არაბული ჯიშის ცხენები გამოჰყავს, ამბობს: „ისინი უჩვეულოდ ლამაზები არიან და ყველაზე წმინდა და უძველესი ჯიშის ცხენებს მიეკუთვნებიან“. ისინი გამოირჩევიან არა მარტო თავისი მგზნებარე ტემპერამენტით, არამედ თავიანთი გაბედულებითა და ამტანობით. არაბულ ცხენს ძლიერი ფილტვების დახმარებით, რომელიც მის ღრმა და განიერ გულმკერდშია განთავსებული, დაუღალავად შეუძლია დიდ მანძილზე რბოლა.

არაბეთიდან პოლონეთისკენ

„როგორ მოხვდნენ არაბული ცხენები პოლონეთში?“ — ვკითხეთ ტომაშს, რომელსაც იქ საკუთარი ცხენსაშენი აქვს. მან აგვიხსნა: „ისინი შესაძლოა ქვეყანაში პირველად მეფის ერთ-ერთმა ემისარმა ჩამოიყვანა, რომელიც XVI საუკუნეში ხშირად სტუმრობდა სულთანის სამეფო კარს სტამბოლში. ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ პოლონეთში არაბული ცხენების ჯიშის მოშენება XVIII საუკუნის მიწურულს დაიწყო“. იზაბელა პაველეც-ზავაძკა, არაბული ცხენების მომშენებელი, მოიხსენიებს ერთ-ერთ გრაფს, ვაცლავ ჟევუსკის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. იგი კარგად ერკვეოდა აღმოსავლურ კულტურაში, ამიტომ, „სათავეში ჩაუდგა ექსპედიციებს, რომელთა მიზანიც არაბეთიდან ცხენების შემოყვანა იყო“; სწორედ მისი ხელმძღვანელობით 137 წმინდასისხლიანი ცხენი შემოიყვანეს ევროპაში.

ჟევუსკის შეუპოვრობისა და გულმოდგინების შედეგად 1817 წელს აღმოსავლეთ პოლონეთში, კერძოდ, იანუვ პოდლასკიში შეიქმნა არაბული ცხენების პირველი ცხენსაშენი. „ამ წამოწყებას კარგი პირი უჩანდა. ცხენებს გამოცდილი სპეციალისტები უვლიდნენ, — ყვება ტომაში. — მაგრამ ორმა მსოფლიო ომმა, რომელმაც ევროპის შუაგულში იფეთქა, პოლონურ ცხენსაშენს დიდი დარტყმა მიაყენა. ცხენების უმრავლესობა ამოწყდა, ზოგი გაიქცა, ზოგი კი მოიპარეს“. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ არაბული ცხენების მოშენება კვლავ განაახლეს.

ამჟამად არაბული ცხენები პოლონეთის, სულ მცირე, 30 ცხენსაშენში გამოჰყავთ. ამ საქმეში პოლონეთს 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რაც იმის გარანტიაა, რომ იქ მართლაც საუკეთესო ჯიშის ცხენებია. ამ მხრივ, პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და ის იზიდავს ცხენების სელექციონერებსა თუ მოყვარულებს, რომლებიც ნაკადად მოედინებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურ წარმოდგენებსა თუ აუქციონებზე დასასწრებად.

ყოველდღე საგულდაგულოდ მოვლა

საუკეთესო ჯიშის წმინდასისხლიანი ცხენების გამოსაყვანად მომშენებლები საგულდაგულოდ უნდა ზრუნავდნენ მათზე. კიდევ ერთი ცხენსაშენის მესაკუთრე, მაუგოჟატა ამბობს: „არაბული ცხენების მოვლა საკმაოდ რთული საქმეა. ცხელსისხლიანი არაბული ცხენი რომ კარგ ფორმაში იყოს და კარგადაც გამოიყურებოდეს, საჭიროა, სწორად იკვებოს. მაკე ფაშატი, რომელიც სადაცაა შობს, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“. * რა სახის საკვები ითვლება საუკეთესოდ არაბული ცხენისთვის?

მაუგოჟატა განაგრძობს: „დღეს იმით ვიწყებთ, რომ ცხენებს ვაჭმევთ თივას, რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ საკვებ ნივთიერებას, მათ შორის ვიტამინებსა და მინერალებს. შვრია ნამჯასთან ერთად ან ბზე განსაკუთრებით ნოყიერია; ქერი და ქატოც არანაკლებ სასარგებლოა. მაგრამ ცხენებს ურჩევნიათ, შეექცნენ წვნიან მწვანე საკვებს — ბალახს ან იონჯას, ასევე კარტოფილს, სტაფილოსა და ჭარხალს. ზამთრობით მომშენებლები ხშირად მათთვის ცილებით მდიდარ საკვებს ყიდულობენ. არაბული ცხენების საკვებ რაციონში აგრეთვე უნდა შედიოდეს მარილის ნატეხები, რომელიც შეიცავს მინერალებს, და მცენარეები, რომლებიც აცხრობს მათ მგზნებარე ტემპერამენტს. მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე საძოვარს ვერაფერი შეედრება, ვერც საუკეთესო თივა და ვერც სხვა რომელი საკვები. დასასრულ, რაც ცხენებს გამუდმებით სჭირდებათ, ეს არის სუფთა წყალი — საზრიანი ცხენები პირს არასდროს დააკარებენ ჭუჭყიან წყალს“.

არაბული ცხენის ტყავსა და ბეწვს გამუდმებული მოვლა ესაჭიროება. ცხენის ტყავი და ბეწვი ფაქიზად უნდა გაიწმინდოს, ასევე სპეციალური ჯაგრისებით ნაზი მასაჟი უნდა გაუკეთდეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელის გადასმაც. ამის გარდა, როგორც ტომაში ხსნის, აუცილებელია „ყოველდღიურად ჩლიქების გაწმენდა, რადგან ეს ცხოველს სხვადასხვა დაავადებისგან, მათ შორის კიბოსგან, იცავს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხენის თვალებს, ნესტოებს, ტუჩებსა და ყურებს“. ჟანეტა დასძენს: „იმისათვის, რომ ცხენი კარგ ფორმაში იყოს და მოხდენილად გამოიყურებოდეს, საჭიროა, მას საკმარისი სივრცე ჰქონდეს სარბენად და აგრეთვე იგორაოს სილაში, ტალახში ან ბალახში. სირბილის შემდეგ გაოფლიანებულ ცხენს უნდა დააფარონ საბანი და მერე გაასუფთაონ“.

ცხენების მომშენებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რაოდენ აუცილებელია თითოეულ ცხენზე ზრუნვა. მაუგოჟატა ამას თავისი სიტყვებით ხსნის: „ამბობენ, რომ არაბულ ცხენებს მეექვსე გრძნობაც აქვთ — მათ უყვართ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნა, აგრეთვე შეხება და ჩახუტება. ასეთი სათუთი მოპყრობის შედეგად მათ უმტკიცდებათ ნდობა თავისი პატრონების მიმართ და მთელი ცხოვრება მათი ერთგულნი არიან. გაღიმების ან მოფერების საპასუხოდ ცხენები მთელი ძალით ჭიხვინებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სტაფილოს ან შაქრის ნატეხს სთავაზობენ. ვისაც ცხენები უყვარს, მათი მოვლა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ“. აი, რას გვიზიარებს ტომაში: „ცხენები ნახვისთანავე შემიყვარდნენ. ისინი საოცრად მოხდენილები არიან და თავს იწონებენ თავიანთი განუმეორებელი გრაციოზულობით. მაგრამ მათი ნდობის მოპოვება არც ისე ადვილია. ამისთვის მე მრავალი წელი დამჭირდა“.

რა ბედი ეწევა ცხენს მომავალში?

უხსოვარი დროიდან არავის ტოვებდა გულგრილს ცხენების, განსაკუთრებით კი არაბული ჯიშის ცხენების, სილამაზე, სიმკვირცხლე, სიმარდე, სიძლიერე და საზრიანობა; ამიტომ, ადამიანებს ცხენებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდათ. სამწუხაროდ, ამ ლამაზ და საყვარელ ცხოველს უდიერად ეპყრობოდნენ — ომების დროს ასობით ცხენმა დალია სული. მაგრამ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ხალხი ცხენებს მხოლოდ კეთილშობილური მიზნით გამოიყენებს — თავიანთი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, განსადიდებლად.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 ცხენების მომშენებლებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ, როდის შობს ფაშატი კვიცს. ფაშატი, ჩვეულებრივ, ყოველ წელს იგებს, მაგრამ გამონაკლისიც ხდება. არაბული ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 25—30 წელს აღწევს; ამ დროის მანძილზე ფაშატს შეუძლია 15—18 კვიცი მოიგოს.

[სურათი 15 გვერდზე]

ფაშატი და კვიცი

[სურათები 16 გვერდზე]

არაბული ცხენის ყოველდღიურ მოვლაში შედის

1. ტყავის და ბეწვის ფაქიზად გაწმენდა

2. ჩლიქების გასუფთავება

3. თბილი გრძნობების გამოხატვა

[სურათი 17 გვერდზე]

თოვლში მოთამაშე ულაყები