არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არის თქვენი ბაგეები „ძვირფასი ჭურჭელი“?

არის თქვენი ბაგეები „ძვირფასი ჭურჭელი“?

არის თქვენი ბაგეები „ძვირფასი ჭურჭელი“?

● „არის ოქრო და მრავლად არის მარჯანიც; ცოდნით მეტყველი ბაგეები კი ძვირფასი ჭურჭელია“, — დაწერა მეფე სოლომონმა (იგავები 20:15). ოქრო ყოველთვის ძალიან ფასობდა და სოლომონის დროს მარჯანიც ძვირფას ქვად ითვლებოდა. მაგრამ ჩვენი ბაგეები შეიძლება ოქროსა და მარჯანზე ბევრად ძვირფასი იყოს. იგი ფასდება არა სილამაზით, არამედ იმით, თუ რას გამოთქვამს.

ძვირფას ჭურჭელთან შედარებული ბაგეები გამოხატავს სიყვარულს, სიკეთესა და ყოველივე კარგს. „ცოდნით მეტყველი ბაგეები“ ლაპარაკობს ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ, რასაც ბიბლიიდან ვეცნობით. ეს უძველესი წიგნი სავსეა შემოქმედისგან მომდინარე სიბრძნით, ჭეშმარიტებითა და უამრავი პრაქტიკული რჩევით (იოანე 17:17).

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ბოროტად იყენებს თავის ბაგეებს და ღმერთზე იმას ამბობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ზოგი მსოფლიოში არსებულ უსამართლობასა და ტანჯვაში ღმერთს ადანაშაულებს, რაშიც, უმთავრესად, თავად ადამიანებს მიუძღვით ბრალი. კარგად არის ნათქვამი იგავების 19:3-ში: „კაცს თავისივე უგუნურება უმრუდებს გზას, მისი გული კი იეჰოვას ურისხდება“.

ზოგი თავის ბაგეებს აუფასურებს არაწრფელი საუბრით, ჭორაობითა და ცილისწამებითაც კი. იგავების 26:23-ში კარგი შედარებაა მოყვანილი: „რაღა ვერცხლით მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხი და რაღა მგზნებარე ბაგეები და ბოროტი გული“. ვერცხლის მსგავსად, რომელიც მალავს თიხის ჭურჭლის ზედაპირს, „მგზნებარე ბაგეები“, რომლიდანაც იღვრება ეგრეთ წოდებული სიყვარული და გულწრფელობა, მალავს „ბოროტ გულს“ (იგავები 26:24—26).

რასაკვირველია, ღვთისთვის ასეთი ბოროტება არ არის დაფარული. იგი ხედავს, ვინ ვართ სინამდვილეში. ამიტომაც თქვა იესო ქრისტემ: „ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც გასუფთავდეს“ (მათე 23:26). ეს სრული სიმართლეა! უფრო მეტიც, თუ შინაგანად სუფთები და წმინდები ვიქნებით და ღვთის სიტყვიდან გამუდმებით ავივსებთ გონებას ჭეშმარიტებით, ეს ჩვენს მეტყველებაზე აისახება. ამგვარად, ჩვენი ბაგეები „ძვირფასი ჭურჭელი“ იქნება, განსაკუთრებით კი ღვთის თვალში.

[სურათი 19 გვერდზე]

ბრძენის ბაგეები „ძვირფასი ჭურჭელია“