არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

რატომ სძულთ იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები?

„გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათე 24:9).

ეს სიტყვები იესომ წამებით სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა. სიკვდილის წინა ღამეს მან უთხრა თავის ერთგულ მოციქულებს: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:20, 21). მაგრამ რატომ მოიძულებდა ხალხი მათ, ვინც იესოს ემორჩილება და ცდილობს, მიჰბაძოს მას? ბოლოს და ბოლოს, ის ხომ სხვებისთვის ცხოვრობდა — ანუგეშებდა ღარიბ-ღატაკებს და იმედს უნერგავდა დაჩაგრულებს.

ბიბლია გვისახელებს სიძულვილის კონკრეტულ მიზეზებს. ამ სტატიიდან ჩვენ დავინახავთ, რატომ ხვდებიან ქრისტეს მიმდევრები ისეთივე დევნას, როგორსაც ქრისტე ხვდებოდა.

დევნა უცოდინარობის გამო

იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს, მაგრამ ამას იმიტომ გააკეთებენ, რომ არც მამა შეუცნიათ და არც მე“ (იოანე 16:2, 3). მართლაც, ბევრი მდევნელი აცხადებდა, რომ იმავე ღმერთს ემსახურებოდა, რომელსაც იესო, მაგრამ სინამდვილეში ისინი ცრუ რელიგიების შეხედულებებისა და ტრადიციების გავლენის ქვეშ იყვნენ. დიახ, მათ ჰქონდათ „ღვთისთვის მოშურნეობა . . . მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომაელები 10:2). ერთ-ერთი ასეთი მდევნელი იყო ტარსოსელი სავლე, იგივე პავლე, რომელიც მოგვიანებით ქრისტიანი მოციქული გახდა.

სავლე მიეკუთვნებოდა პოლიტიკურად ძლიერი და გავლენიანი იუდაური სექტის ჯგუფს, რომლებიც ფარისევლებად იყვნენ ცნობილნი. ეს სექტა ქრისტიანებს დევნიდა. „წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი“, — აღიარა მოგვიანებით სავლემ. მან აგრეთვე თქვა: „უცოდინარი ვიყავი და ურწმუნოებით ვიქცეოდი“ (1 ტიმოთე 1:12, 13). მიუხედავად ამისა, როცა გაიგო ჭეშმარიტება ღვთისა და მისი ძის შესახებ, მაშინვე შეიცვალა თავისი შეხედულება.

იგივე ხდება დღეს ბევრი ყოფილი მდევნელის შემთხვევაში. უფრო მეტიც, ზოგი, სავლეს მსგავსად, თავად ხდება დევნის სამიზნე. მაგრამ ისინი არავის უხდიან სამაგიეროს, რადგან მიჰყვებიან იესოს მოწოდებას: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44). იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, გაითვალისწინონ ეს სიტყვები იმ იმედით, რომ ზოგიერთი მდევნელი მაინც შეიცვლის შეხედულებას სავლეს მსგავსად.

დევნა შურის გამო

ბევრს შურდა იესოსი და ამიტომ ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, რომაელმა გამგებელმა პონტიუს პილატემ „იცოდა, რომ უფროსმა მღვდლებმა ის [იესო] შურით გადასცეს“ (მარკოზი 15:9, 10). რატომ შურდათ რელიგიურ წინამძღოლებს ქრისტესი? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ იესო აღიარებული იყო უბრალო ხალხს შორის, რომლებსაც ეს რელიგიური წინამძღოლები ზემოდან დაჰყურებდნენ. „მთელი ქვეყანა მას მიჰყვება“, — უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ფარისევლები (იოანე 12:19). ანალოგიურად, როცა მოგვიანებით ხალხი დადებითად გამოეხმაურა იესოს მიმდევრების მსახურებას, იესოს მტრები კვლავ „შურით აღივსნენ“ და შეურაცხყოფდნენ ქრისტიან მქადაგებლებს (საქმეები 13:45, 50).

სხვებს აღიზიანებდათ ღვთის მსახურთა კარგი ქცევა. ერთხელ მოციქულმა პეტრემ თანაქრისტიანებს უთხრა: „ისინი [ბოროტები] საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ“ (1 პეტრე 4:4). მსგავსი უარყოფითი დამოკიდებულება დღესაც შეიმჩნევა. ცხადია, ჭეშმარიტი ქრისტიანები იმიტომ არ იქცევიან კარგად, რომ მართლებად წარმოაჩინონ თავი და სხვებზე უკეთესები გამოჩნდნენ. ეს ქრისტიანისთვის შეუფერებელი საქციელი იქნებოდა, რადგან ყველა ცოდვილია და თითოეულს ღვთის წყალობა სჭირდება (რომაელები 3:23).

მოძულებულნი იმის გამო, რომ არ არიან „ქვეყნიერების ნაწილი“

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია“ (1 იოანე 2:15). რას გულისხმობდა იოანე მოციქული „ქვეყნიერებაში“? იმ ხალხს, რომელიც ღვთისგან გაუცხოებულია და ემორჩილება სატანას, „ამ ქვეყნიერების ღმერთს“ (2 კორინთელები 4:4; 1 იოანე 5:19).

სამწუხაროდ, ვისაც ქვეყნიერება და მისი უკუღმართი გზები უყვარს, ეწინააღმდეგება მათ, ვინც ბიბლიური სწავლებების თანახმად ცხოვრებას ცდილობს. აი, რატომ უთხრა იესომ თავის მოციქულებს: „ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას“ (იოანე 15:19).

რა დასანანია, რომ ხალხს იეჰოვას მსახურები იმის გამო სძულს, რომ არ უყვართ გახრწნილი, უსამართლო და ძალადობით სავსე ქვეყნიერება, რომელსაც სატანა მართავს. ბევრ წრფელი გულის ადამიანს სურს, ქვეყნიერება უკეთესობისკენ შეცვალოს, მაგრამ მათ არ ძალუძთ ქვეყნიერების უხილავი მმართველის გავლენისგან მსოფლიოს გათავისუფლება. მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია ამის გაკეთება — ის გაანადგურებს სატანას, როგორც ცეცხლი ანადგურებს ყველაფერს (გამოცხადება 20:10, 14).

ეს არის სამეფოს შესახებ „სასიხარულო ცნობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ქადაგებენ (მათე 24:14). ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ ღვთის სამეფო, რომლის სათავეშიც ქრისტე დგას, მუდმივ მშვიდობასა და ბედნიერებას მოუტანს დედამიწის მცხოვრებლებს (მათე 6:9, 10). ასე რომ, იეჰოვას მსახურები მომავალშიც გააგრძელებენ სამეფოს შესახებ ცნობის გაცხადებას, ვინაიდან მათთვის ღვთის კეთილგანწყობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის.

გიფიქრიათ?

● რატომ დევნიდა ტარსოსელი სავლე ქრისტეს მიმდევრებს? (1 ტიმოთე 1:12, 13)

● რა მოტივით ეწინააღმდეგებოდა იესოს ზოგი მისი მტერი? (მარკოზი 15:9, 10)

● რა დამოკიდებულება აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ქვეყნიერების მიმართ? (1 იოანე 2:15)

[სურათი 21 გვერდზე]

ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების გამო 1945 წელს იეჰოვას მოწმეებს კვებეკში (კანადა) თავს დაესხა გააფთრებული ბრბო

[საავტორო უფლება]

Courtesy Canada Wide