არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები

დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები

დააფასეთ თქვენი შესაძლებლობები

ადამიანს მრავალმხრივი უნარი აქვს. არც ერთ ცხოველს არა აქვს შესაძლებლობების ისეთი ფართო არეალი, როგორიც ადამიანს. გამართული დგომა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეგვიძლია ამდენი რამის კეთება. გამართული დგომის წყალობით ჩვენი მხედველობის არე ფართოვდება, აგრეთვე მკლავებითა და ხელებით მრავალ საქმეს ვასრულებთ. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის გაკეთებას ვერ შევძლებდით, ოთხზე რომ გვევლო!

ჩვენ აგრეთვე უაღრესად რთული სენსორული სისტემა გვაქვს, რასაც ამ სტატიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა. სენსორულ სისტემაში შედის შეხების, სმენის, მხედველობის ორგანოები, და რაღა თქმა უნდა, ჩვენი განუმეორებელი ტვინი. მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.

ადამიანის ხელი

მშვენიერი ინსტრუმენტის, ხელის საშუალებით გასაოცარი სიზუსტითა და სიფაქიზით შეიძლება ამა თუ იმ მოქმედების შესრულება. ხელით შეგვიძლია ნემსს ძაფი გავუყაროთ, შეშა დავაპოთ, პორტრეტი დავხატოთ ან ფორტეპიანოზე დავუკრათ. ჩვენი ხელი აგრეთვე ძალიან მგრძნობიარეა. საკმარისია საგანს ოდნავ შევეხოთ, რომ უკვე ვიცით, ბეწვი, ქაღალდი, ტყავი, მეტალი, ხე თუ წყალია. მაგრამ ჩვენს ხელს საგანზე მოჭიდებისა და მანიპულაციაზე მეტი შეუძლია. მისით ჩვენს სამყაროზე ცოდნას ვიძენთ. ხელით სითბოსა და სიყვარულსაც გამოვხატავთ.

რატომ არის ადამიანის ხელი ასეთი მარჯვე, გამომეტყველებითი, მგრძნობიარე, და რატომ შეუძლია მას ამდენი სხვადასხვა მოძრაობის შესრულება? მიზეზი ბევრია. ჩვენ ოთხს შევეხებით:

1. ჩვენი ორივე ხელი მთლიანობაში 50-ზე მეტი ძვლისგან შედგება, რაც სხეულის ძვლების მეოთხედია. ხელის რთული შემადგენელი ნაწილები, როგორიცაა ძვლები, სახსრები, იოგები, ადამიანის ხელს არაჩვეულებრივ მოქნილობას სძენს.

2. ხელის ცერა თითი, რომელიც დანარჩენი ოთხი თითისკენ არის მიმართული, უნაგირა სახსარზეა (ერთმანეთის პერპენდიკულარულად განლაგებული ორი უნაგირის ფორმის ზედაპირის მქონე სახსარი) წამომართული. ეს სახსარი კუნთებთან თუ სხვა ქსოვილებთან ერთად ცერა თითს წარმოუდგენელ მოქნილობასა და ძალას ანიჭებს.

3. ხელს კუნთების სამი წყება აკონტროლებს. ორი, ყველაზე ძლიერი კუნთის წყება — მომხრელი და გამშლელი კუნთები — წინამკლავშია განლაგებული და თითებს მყესების მეშვეობით ამუშავებს. კუნთების ეს ორი წყება მაჯაში რომ ყოფილიყო განლაგებული, ხელი ძალიან მოუქნელი და ტლანქი იქნებოდა. კუნთების მესამე წყება ბევრად პატარაა და მაჯაშია განლაგებული. ისინი თითებს ზუსტი და ფაქიზი მოძრაობის შესრულებაში ეხმარებიან.

4. თქვენი თითები სენსორული მოწყობილობის მსგავსად მუშაობენ. თითის წვერები შეიცავს რეცეპტორებს. დაახლოებით 2 500 რეცეპტორი მხოლოდ ერთი კვადრატული სანტიმეტრის მეექვსედზეა განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ეს რეცეპტორები ერთმანეთისგან განსხვავდება ფუნქციით. თითოეული იძლევა ტექსტურის, ტემპერატურის, ტენიანობის, ვიბრაციის, ზეწოლისა და ტკივილის შეგრძნებას. ამრიგად, ადამიანის თითს მგრძნობელობის მხრივ ვერც ერთი სენსორული მოწყობილობა ვერ შეედრება.

ადამიანის ყური

როგორც ერთი აუდიოლოგი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ცხოველს ადამიანზე ბევრად მახვილი სმენა აქვს, ადამიანის ტვინსა და ყურს შორის არსებული კავშირი დიდ აღტაცებას იწვევს. ჩვენს ყურს შეუძლია გაშიფროს და ამოიცნოს ბგერები სიმაღლის, ტემბრისა და ტონის მიხედვით და დაადგინოს, საიდან მოდის ხმა. ჯანმრთელ ადამიანს წამში დაახლოებით 20-დან 20 000-მდე ჰერცის სიხშირის ბგერები ესმის. ადამიანის ყური ყველაზე მგრძნობიარე მაშინაა, როცა 1 000-დან 5 000-მდე სიხშირის ბგერას ისმენს. უფრო მეტიც, ჩვენი ყური ერთი ჰერცის სიხშირის ცვლილებასაც კი აფიქსირებს, მაგალითად, 440-სა და 441 შორის არსებულ ცვლილებას.

ყური იმდენად მგრძნობიარეა, რომ აფიქსირებს დაფის აპკზე მოხვედრილ ბგერით ტალღას, რომლის რხევის მანძილი ატომის რადიუსზე მცირეა. სმენასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო კურსის თანახმად, „წარმოუდგენელია, ამაზე მეტად მგრძნობიარე სასმენი აპარატი გვქონოდა . . . ეს აზრს მოკლებული იქნებოდა, რადგან ჩვენ მხოლოდ სისინის ხმას გავიგებდით, რაც ატომთა და მოლეკულათა გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება“.

დაფის აპკზე მოხვედრილი ბგერითი ტალღა არხევს აპკს და რხევა ძლიერდება, რხევები კი გადაეცემა შუა ყურს სამი პაწაწინა ძვლის — ჩაქუჩის, გრდემლისა და უზანგის მეშვეობით. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად გამაყრუებელ ხმას გავიგებთ? ამ დროს დამცავი მექანიზმი, ანუ კუნთოვანი მოქმედება ზემოქმედებს პაწაწინა ძვლებზე და მცირდება ბგერის სიძლიერე. მაგრამ ყურს არ შეუძლია, დიდხანს გაუძლოს მაღალი სიხშირის ბგერებს. თუ ადამიანი მუდმივად მაღალი სიხშირის ბგერებს ისმენს, სმენა დაუქვეითდება. ასე რომ, გაუფრთხილდით შემოქმედის მიერ საოცრად შექმნილ ყურს (ფსალმუნი 139:14).

თქვენს სასმენ მოწყობილობას შეუძლია, დაადგინოს, საიდან მოდის ხმა. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: ამ პროცესში მონაწილეობს ნიჟარის ფორმის გარეთა ყური, მისი არხები, ორი ყური, რომელიც ერთმანეთს არ უკავშირდება, და ტვინი, რომელსაც ინფორმაციის დამუშავების საოცარი უნარი აქვს. თუ ერთმა ყურმა მეორესთან შედარებით დაბალი სიხშირის ბგერები აღიქვა ან ერთმა ყურმა მეორესთან შედარებით წამის 30 მემილიონედით ადრე აღიქვა ბგერა, ტვინი მაშინვე იმპულსს გადასცემს თვალს და ადამიანი იქით იყურება, საიდანაც ხმა მოდის.

თქვენ ეს ყველაფერი გააზრებულად რომ გამოგეთვალათ, უსათუოდ დაგჭირდებოდათ უმაღლესი მათემატიკის გამოყენება და ელვის სისწრაფით გამოთვლების წარმოება. ინჟინერს რომ შეექმნა ისეთი სასმენი აპარატი, რომელიც შემოქმედის მიერ შექმნილ ყურთან ოდნავ მაინც იქნებოდა მიმსგავსებული, ქება-დიდებას დაიმსახურებდა. ხშირად თუ გესმით, რომ ხალხი ღმერთს მისი განსაცვიფრებელი შემოქმედებითი საქმეებისთვის ხოტბას ასხამდეს? (რომაელები 1:20).

ადამიანის თვალი

ზოგი მეცნიერის შეფასებით, კარგი თვალისჩინის მქონე ადამიანი გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის 80 პროცენტს თვალით იღებს. ტვინთან კავშირის დამყარებით ჩვენი თვალი აღიქვამს ფერებს, მოძრავ საგნებსა და გამოსახულებებს, საზღვრავს საგნის ფორმას და ხედავს სამ განზომილებაში. უფრო მეტიც, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა ინტენსივობის სინათლე აღვიქვათ.

პროცესში, რომელიც სინათლის სხვადასხვა ინტენსივობის აღქმას უკავშირდება, ჩართულია რამდენიმე მექანიზმი. მაგალითად, თვალის გუგას შეუძლია 1,5-დან 8 მილიმეტრამდე გაფართოვდეს. შედეგად, თვალში 30 ჯერ მეტი სინათლე აღწევს. სინათლე შემდეგ გადის ლინზას და ფოკუსირდება ბადურაზე. ამ დროს კონცენტრირებული სინათლის ენერგია 100 000-ჯერ იზრდება. ასე რომ, არასდროს შეხედოთ მზეს შეუიარაღებელი თვალით.

თავის მხრივ, თვალის ბადურა შედგება ორი სახის ფოტორეცეპტორისგან — კოლბებისგან (დაახლოებით 6 მილიონი), რომლებიც ფერებს აღიქვამენ და უზრუნველყოფენ მაღალ რეზოლუციას, და ჩხირებისგან (120—140 მილიონი), რომლებიც კოლბებზე 1000-ჯერ უფრო მგრძნობიარეა და გვეხმარება, დავინახოთ სუსტი განათების დროს. როგორც წესი, ოპტიმალურ პირობებში ჩხირს შეუძლია, აღიქვას ერთი ფოტონი, გამოსხივების ნაწილაკი.

მხედველობის ადაპტაციის მექანიზმში აგრეთვე ჩართულია ბადურის ნეირონები, რომლებიც კოლბებთან და ჩხირებთან არის დაკავშირებული. ამერიკის ოპტომეტრიის ასოციაციის თქმით, ეს ნეირონები ადაპტირებას ახდენენ „წამებში და სიბნელეში მხედველობას 10-ჯერ ან უფრო მეტჯერ აუმჯობესებენ“.

ინჟინრები ქმნიან ფოტოაპარატებს, სკანერებსა და კომპიუტერებს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. მაგრამ ეს მოწყობილობები ინტეგრირებული მუშაობის ხარისხისა და სირთულის დონით ბევრად ჩამოუვარდება ჩვენს სენსორულ სისტემას. როგორ ფიქრობთ, რამდენად გონივრულია, ჩვენი ურთულესი სენსორული სისტემის არსებობა ბრმა შემთხვევითობას მივაწეროთ, როგორც ამას ევოლუციონისტები ამტკიცებენ? ძველად მცხოვრებმა ღვთის მსახურმა, იობმა ჩვენთან შედარებით ბევრად ნაკლები იცოდა ადამიანის სხეულზე. და მაინც, აღფრთოვანებულმა თქვა: „შენმა ხელმა გამომძერწა“ (იობი 10:8).

ადამიანის ტვინი

ტვინს აქვს არაჩვეულებრივი უნარი, გაშიფროს გრძნობის ორგანოების ნერვული დაბოლოებებიდან მიღებული სიგნალები. უფრო მეტიც, ის აკავშირებს ამ სიგნალებს ჩვენს მეხსიერებაში შემონახულ ინფორმაციის დეტალებთან. ამიტომ არის, რომ ამა თუ იმ სურნელზე ტვინი დაუყოვნებლივ რეაგირებს და გვახსენებს კარგა ხნის დავიწყებულ შემთხვევას ან მოვლენას. თუ ნაცნობი საგნის დეტალს დაინახავთ, მაგალითად, თქვენი კატის კუდის წვერს, ტვინი უმალ შეავსებს გამოტოვებულ დეტალებს და მიხვდებით, რომ კატა იქვე ახლოსაა.

რასაკვირველია, ჩვენი ტვინი წინასწარ არ იყო დაპროგრამებული საიმისოდ, რომ ავტომატურად ამოეცნო კატების გამოსახულებები, წყლის ხმაური, ეგრძნო ვარდების სურნელი და შეხებისას ბეწვი. თქვენმა ტვინმა მოვლენისა თუ საგნის ერთმანეთთან დაკავშირება ისწავლა. ეს ცხადი ხდება მაშინ, როცა დაბადებიდან ბრმას, შესაძლოა ქირურგიული ჩარევის შედეგად, თვალისჩინი უბრუნდება. ვინაიდან მათ არასოდეს არაფერი უნახავთ, ტვინს უწევს, ისწავლოს არაერთი ვიზუალური სიგნალის გაშიფვრა, რომელსაც ტვინი უწყვეტად იღებს. როგორ რეაგირებენ ასეთ დროს ადამიანები?

თვალისჩინის დაბრუნების შემდეგ ისინი მალევე იწყებენ ფერების, საგნების მოძრაობისა და მარტივი ფორმების აღქმას. მაგრამ ეს პროგრესი ცვალებადია. ბავშვები, განსაკუთრებით პატარები, ადვილად სწავლობენ ვიზუალური სიგნალების გაშიფვრას, რასაც ვერ ვიტყვით ზრდასრულებზე. მათ ძალიან უჭირთ სახეების ამოცნობაც კი. სამწუხაროდ, „განკურნებული“ ზრდასრულების „თავდაპირველ ეიფორიას მოსდევს გულგატეხილობა და ორიენტაციის დაკარგვა, რაც ხშირ შემთხვევაში ღრმა დეპრესიით მთავრდება“, — ამბობენ კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კოჩის ლაბორატორიის თანამშრომლები.

ეს ფაქტები გვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ იესო ქრისტეს მიერ დედამიწაზე მოხდენილი სასწაულებრივი განკურნების შემთხვევები. ბრმებსა და ყრუებს არა მხოლოდ მხედველობა და სმენა უბრუნდებოდათ, არამედ გარკვევით ხედავდნენ გამოსახულებებს და ესმოდათ ხმები. მსგავსად ამისა, მუნჯები თავისუფლად მეტყველებდნენ, რაც გაკვირვებას იწვევდა, რადგან მათ დაბადებიდან ჰქონდათ ეს დეფექტი (მათე 15:30; მარკოზი 8:22—25; ლუკა 7:21, 22). ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ არც ერთ ბრმას, ვინც იესომ განკურნა, არ დამართნია დეპრესია. ერთმა განკურნებულმა მამაკაცმა გაბედულადაც კი დაიცვა იესო მისი მტრების წინაშე: „არავის გაუგონია, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადდაბადებულისთვის. ის რომ ღვთისგან არ იყოს, ვერაფერს გააკეთებდა“ (იოანე 9:1—38).

შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ ადამიანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა გაბედულება და სიყვარული. გიფიქრიათ ოდესმე, რატომ ავლენს ადამიანი ამ თვისებებს იმ ზომით, რა ზომითაც ცხოველი ვერასოდეს გამოავლენს? ადამიანის ასეთი უნიკალური თვისებები ჩიხში აქცევს მათ, ვისაც სურს დაამტკიცოს, რომ ჩვენ, ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ მაღალგანვითარებული ცხოველები ვართ.

[ჩარჩო 7 გვერდზე]

ჩვენი საოცარი ტვინი

მეცნიერებს საგონებელში აგდებთ ის, თუ როგორ აღიქვამს ტვინი სხვადასხვა შეგრძნებებს, მაგალითად, შეხებას, ბგერას, სუნსა და გამოსახულებას. მეცნიერმა გერალდ შრედერმა აღნიშნა: „ტვინი არ გკარნახობს, როგორ უნდა აღიქვა სიტყვები, რომლებსაც ახლა კითხულობ“.

იგი აგრეთვე წერდა: „ტვინის წარმოუდგენლად რთული ფუნქციები, რაც აქამდე აღმოჩენილი არ იყო, აბათილებს სიცოცხლის წარმოშობის შესახებ უმარტივეს და დაუსაბუთებელ ევოლუციის თეორიას“. შრედერი დასძენს: „დარვინს რომ სცოდნოდა, რა სიბრძნე იმალება სიცოცხლის წარმოშობის მიღმა, დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებულ თეორიას შემოგვთავაზებდა“.

[დიაგრამა⁄სურათები 5 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რთული აგებულების ძვლები

უნაგირა სახსარი

კუნთის მოქმედება

შეხების რეცეპტორები

[სურათი]

რატომ შეუძლიათ ჩვენს ხელებს სხვადასხვა მოძრაობის შესრულება?

[სურათი 7 გვერდზე]

ტვინი შიფრავს გრძნობის ორგანოებიდან მიღებულ სიგნალებს და აკავშირებს მათ ჩვენს მეხსიერებაში შემონახულ ინფორმაციის დეტალებთან