არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ქალების სიკვდილის ალბათობა ფეხმძიმობისა თუ მშობიარობის დროს 300-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე იმ ქალებისა, რომლებიც მდიდარ ქვეყნებში ცხოვრობენ“ (BUSINESSWORLD, ფილიპინები).

გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 11—15 წლამდე ახალგაზრდების 40-მა პროცენტმა არ იცის, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის; ხოლო 60-მა პროცენტმა ის არ იცის, რომ სავსემთვარობიდან სავსემთვარობამდე შუალედი ოთხი კვირაა (WELT ONLINE, გერმანია).

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფილისტიმური ტაძარი უძველეს ქალაქ გათში. ტაძარი, რომელიც ორ ცენტრალურ სვეტს ეყრდნობა, მოგვაგონებს ბიბლიური პერსონაჟის, სამსონის დროს არსებულ ტაძარს, რომლის სვეტებსაც სამსონი ხელებით მთელი ძალით მიებჯინა და ტაძარი დაანგრია (THE JERUSALEM POST, ისრაელი).

აზიელი პატარძლების „იმპორტი“

„სულ უფრო მეტი აზიელი მამაკაცი ისეთი მდიდარი ქვეყნებიდან, როგორიცაა იაპონია და სამხრეთი კორეა, საცოლეებს უფრო ღარიბ ქვეყნებში [აზიის ქვეყნებში] მაგალითად, ვიეტნამსა და ფილიპინებში ეძებს“, — ნათქვამია ფილიპინურ ინტერნეტ-გაზეთ „ბიზნეს სამყაროში“. 1995—2006 წლებში უცხოელ ქალებზე დაქორწინებული იაპონელი მამაკაცების რიცხვი 73 პროცენტით გაიზარდა. რით აიხსნება ეს მოვლენა? „ფინანსურად დამოუკიდებელი ადგილობრივი ქალები პრეტენზიულები არიან“, — ნათქვამია გაზეთში. მათ ადვილად ვერ დაითანხმებ ცოლობაზე. ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ქალები კი სიხარულით მიჰყვებიან ცოლად უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრებ მამაკაცებს, თვით უბრალო მუშებსაც კი, რადგან ეს უკანასკნელნი „უკეთეს ცხოვრებას ჰპირდებიან“.

ღალატი „გარანტიით“

დავის საგნად ქცეული გაცნობის ინტერნეტ-საიტი, რომელიც თავის სერვისს ხუთ ქვეყანაში სთავაზობს მომხმარებელს, ასეთი სლოგანით იზიდავს მათ: „სიცოცხლე ხანმოკლეა, გააბით რომანი!“ ამ საიტის დამფუძნებლის თქმით, ეს მომსახურება არ უბიძგებს წყვილებს ცოლქმრული ღალატისკენ, რადგან ამ საიტის მომხმარებლებს „მანამდე ჰქონდათ გადაწყვეტილი“ ღალატის ჩადენა, სანამ ამ საიტს მიმართავდნენ. «ყველაზე დიდი პრობლემა მაშინ იქმნება, როცა სხვები იგებენ ცოლქმრული ღალატის შესახებ. ჩვენი სერვისის მეშვეობით მას, ვისაც სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება სურს, შეუძლია ეს დიდი სიფრთხილით გააკეთოს, — ამბობს საიტის დამფუძნებელი. — ჩვენ საფუძველს კი არ ვუყრით ღალატს, არამედ მომხმარებელს ვთავაზობთ ღალატს „გარანტიით“». ამჟამად ამ ინტერნეტ-საიტს ჰყავს 6,4 მილიონი მომხმარებელი, რითაც მისი შემქმნელები ამაყობენ.

ცეკვის თანდაყოლილი უნარი

„ადამიანს აქვს გასაოცარი უნარი, მოახდინოს მოძრაობის კოორდინაცია ბგერით სიგნალებზე და ფეხი აუწყოს მუსიკას ან იცეკვოს“, — ნათქვამია იორკისა (ინგლისი) და იუვიასკიულიას (ფინეთი) უნივერსიტეტების მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი, სანამ ენას ამოიდგამს, მუსიკის რიტმზე რეაგირებს და სპონტანურად ცდილობს, აჰყვეს ტაქტს. როდესაც ჩვილს ეს კარგად გამოსდის, იღიმის. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიწევს იმის სწავლა, რიტმი შევიგრძნოთ ან იმის სურვილი გვქონდეს, რომ ფეხი ავუწყოთ მუსიკას, ეს ჩვენ ბუნებრივად მოგვდგამს.