არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როცა ბავშვს კიბო აქვს

როცა ბავშვს კიბო აქვს

როცა ბავშვს კიბო აქვს

„უიმედობის გრძნობამ შთანმთქა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ჩემი პატარა გოგონა უკვე გამოტირებული მყავდა“, — იხსენებს ჟაილტონი იმ დროს, როცა გაიგო, რომ თავის ქალიშვილს კიბო ჰქონდა.

თავზარდამცემია, როცა იგებ, რომ შენს შვილს კიბო აქვს. რამდენად ხშირია ბავშვთა კიბოთი ავადობის შემთხვევები? „კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირის“ მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ „კიბოთი დაავადებული ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ყოველ წელს [მსოფლიოში] კიბოს დიაგნოზს 160 000-ზე მეტ ბავშვს უსვამენ. განვითარებულ ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს შორის კიბოს, უბედური შემთხვევების შემდეგ, მეორე ადგილი უკავია. მაგალითად, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველ წელს კიბოს 7 000 ახალი შემთხვევა აღირიცხება, აქედან 200 ბავშვებზე მოდის.

„როცა ოჯახში იგებენ, რომ ბავშვს კიბო აქვს, ეს ყველასთვის საშინელი დარტყმაა“, — ნათქვამია წიგნში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კიბოთი დაავადებული ბავშვის დედის როლზე (À margem do leito—A mãe e o câncer infantil). დიაგნოზის დასმის შემდეგ ხშირ შემთხვევაში მოითხოვება ქირურგიული ჩარევა, ასევე ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ან ორივე ერთად, რომელსაც არასასურველი გვერდითი მოვლენები ახლავს. მშობლებისთვის ეს დიდი დარტყმაა, რის გამოც მათ სევდა, შიში, ბრაზი და დანაშაულის გრძნობა ეუფლებათ და უჭირთ, რეალობას გაუსწორონ თვალი. როგორ შეუძლიათ მშობლებს ამ ტკივილთან გამკლავება?

ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, ექიმებს შეუძლიათ დაამშვიდონ პაციენტის მშობლები. ერთი ნიუ-იორკელი ექიმი, რომელიც ბევრ კიბოთი დაავადებულ ადამიანს დაეხმარა, ამბობს: „ექიმები დამატებით ინფორმაციას აწვდიან მშობლებს და უხსნიან, თუ რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ მკურნალობას. ასეთი ინფორმაცია შეუმსუბუქებს მშობლებს მდგომარეობას“. დიდ ნუგეშს ისინი ასევე მიიღებენ იმ მშობლებისგან, რომელთაც თავად გამოსცადეს ეს სიმწარე. მხედველობაში მიიღო რა ეს ფაქტი, „გამოიღვიძეთ!“-მა ინტერვიუ აიღო ბრაზილიაში მცხოვრები ხუთი მშობლისგან.

ჟაილტონი და ნაია. „ჩვენს ორწლინახევრის გოგონას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აღმოაჩნდა“.

რამდენ ხანს გასტანა მკურნალობამ?

„თითქმის ორწელიწად-ნახევარი ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა“.

რა გვერდითი მოვლენები ახლდა მკურნალობას?

„მას აღენიშნებოდა პირღებინება და დასცვივდა თმა. გაუმუქდა კბილის ემალი და სამჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება“.

თუ შეიძლება, აღგვიწერეთ თქვენი გრძნობები.

„თავიდან პანიკამ მოგვიცვა. მაგრამ როცა ჯანმრთელობის გაუმჯობესება შევატყვეთ, იმედი მოგვეცა, რომ განიკურნებოდა. ჩვენი გოგონა ახლა ცხრა წლისაა“.

რა დაგეხმარათ ამ მძიმე მდგომარეობაში?

«ჩვენ მინდობილნი ვიყავით იეჰოვა ღმერთზე, რომელიც, როგორც ბიბლიაში, კერძოდ, 2 კორინთელების 1:3, 4-ში წერია, „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“. თანაქრისტიანებმაც დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. ისინი გამამხნევებელ წერილებს გვწერდნენ, გვირეკავდნენ, ლოცულობდნენ ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; აგრეთვე ფინანსურადაც გვეხმარებოდნენ. როცა ჩვენი ქალიშვილი სხვა შტატის საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მოწმეებმა საცხოვრებელი შემოგვთავაზეს, მათ აგრეთვე რიგრიგობით მივყავდით საავადმყოფოში. შეუძლებელია, სიტყვებით გამოხატო მადლიერება გაწეული დახმარებისთვის».

ლუიზი და ფაბიანა. „1992 წელს შევიტყვეთ, რომ ჩვენს 11 წლის ქალიშვილს იშვიათი და საშიში ფორმის საკვერცხის კიბო ჰქონდა“.

როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია?

„ვერ ვიჯერებდით, რომ ჩვენს გოგონას კიბო ჰქონდა“.

როგორი მკურნალობა ჩაუტარდა?

„მას ოპერაციაც გაუკეთეს და ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაუტარეს. ჩვენი პატარის ტანჯვას რომ ვუყურებდით, ფიზიკურად და ემოციურად ვიფიტებოდით. მას ორჯერ დაემართა ფილტვების ანთება. მეორედ რომ დაემართა, კინაღამ მოგვიკვდა. ჩვენს გოგონას თრომბოციტების ნაკლებობის გამო კანიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ მედიკამენტოზურმა მკურნალობამ ნაწილობრივ შეაჩერა ეს პროცესი“.

რამდენ ხანს გაგრძელდა მკურნალობა?

„პირველი ბიოფსიიდან ქიმიოთერაპიის ბოლო კურსამდე დაახლოებით 6 თვე გავიდა“.

რა რეაქცია ჰქონდა თქვენს ქალიშვილს, როცა დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაუნიშნეს?

«თავიდან მან არ იცოდა, რა ხდებოდა მის თავს. ექიმმა უთხრა, რომ პატარა ბურთის მსგავსი რაღაც უნდა ამოეჭრათ მისი მუცლიდან. ბოლოს ის მიხვდა, რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო. მან მამას ჰკითხა: „მამიკო, კიბო მჭირს?“ არ ვიცოდი, რა მეპასუხა, საშინლად ვგრძნობდი თავს».

როგორ გრძნობდით თავს, როცა თქვენი გოგონას ტანჯვას უყურებდით?

„შეუძლებელია, ენით გადმოვცეთ ის ტკივილი, რასაც მთელი ამ დროის მანძილზე ვგრძნობდით. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა ექთანს ეხმარებით, თქვენს პატარას ვენა მოუძებნოს ქიმიოთერაპიის გასაკეთებლად. ყველაზე მძიმე წუთებში აბაზანაში შევდიოდი, ვტიროდი და ვლოცულობდი. ერთხელ, ღამით იეჰოვას გამწარებული ვევედრებოდი, რომ ჩემი პატარას ნაცვლად მე მოვმკვდარიყავი“.

როგორ გაუმკლავდით ამ სიტუაციას?

«ყველაზე დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს თანაქრისტიანებმა. ზოგი მათგანი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გვირეკავდა. ერთმა ძმამ მთხოვა, ხელში ამეღო ჩემი ბიბლია და შემდეგ წიგნ „ფსალმუნებიდან“ თბილი ტონით წამიკითხა ზოგიერთი მუხლი. ეს სწორედ ის მუხლები იყო, რომელთა მოსმენაც იმ წუთებში მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვჭირდებოდა, რადგან იმ დროს ჩვენი ქალიშვილი მკურნალობის ისეთ კურსს გადიოდა, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს».

როსიმერი. „ჩემს ქალიშვილს ოთხი წლის ასაკში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს“.

როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია?

„კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი. დღედაღამ ვტიროდი და ღმერთს დახმარებას ვთხოვდი. ჩემი მეორე ქალიშვილი თავისი დის შემხედვარე ძალიან იტანჯებოდა, რის გამოც დედაჩემთან მომიწია გაგზავნა“.

რა გვერდითი მოვლენები ახლდა თქვენი პატარა გოგონას მკურნალობას?

„მას გარკვეული პერიოდის მანძილზე ყოველდღე უტარებდნენ ქიმიოთერაპიის კურსს, რამაც ძალიან დაასუსტა. ამიტომ, ექიმები მას აძლევდნენ რკინის შემცველ მედიკამენტებს და ერითროპოეტინს სისხლის წითელი უჯრედების აღსადგენად. ჩვენი ძირითადი საფიქრალი იყო, როგორი სისხლის ანალიზი ჰქონდა ჩვენს პატარას. მას აგრეთვე ტოქსიკური შეტევა ემართებოდა“.

რამდენ ხანს გასტანა მკურნალობის კურსმა?

„იგი ორი წელიწადი და ოთხი თვე გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს. ამ დროის განმავლობაში მას თმა გასცვივდა და წონაში მოიმატა. საბედნიეროდ, ჩვენს გოგონას იუმორის გრძნობა ეხმარებოდა. დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემს ქალიშვილს დაავადების არანაირი ნიშნები აღარ ჰქონდა“.

რა დაგეხმარათ ამ განსაცდელის გადატანაში?

«მე და ჩემი ქალიშვილი ხშირად ვლოცულობდით და ბიბლიაში მოხსენიებულ იმ ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებზე ვფიქრობდით, რომლებმაც არაერთ განსაცდელს გაუძლეს. ჩვენ აგრეთვე ძალიან გვანუგეშა იესოს სიტყვებმა, რომელიც მათეს 6:34-შია ჩაწერილი. იესოს თქმით, არასდროს უნდა დავუმატოთ დღევანდელი დღის საწუხარს ხვალინდელი დღის საწუხარი. დიდი დახმარება გაგვიწიეს ასევე თანაქრისტიანებმა, მათ შორის ადგილობრივმა „საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტმა“ და სამედიცინო პერსონალმა».

თუ თქვენს ახლობლებს შორის, თუნდაც თქვენს ოჯახში, არის კიბოთი დაავადებული ბავშვი, ეს ინტერვიუები დაგანახვებთ, რომ თქვენი განცდები სავსებით ბუნებრივია. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, არის „ტირილის დრო“ (ეკლესიასტე 3:4). რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებული იყავით, რომ „ლოცვების მომსმენი“ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა ანუგეშებს მათ, ვინც წრფელი გულით მიუახლოვდება მას (ფსალმუნი 65:2).

[ჩარჩო 13 გვერდზე]

ნუგეშის მომცემი ბიბლიური მუხლები

„ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათე 6:34).

„კურთხეული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორინთელები 1:3, 4).

„ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).

„ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]

სიყვარულით გაწეული დახმარება

„საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი“ ხელს უწყობს იეჰოვას მოწმე პაციენტებსა და სამედიცინო პერსონალს შორის თანამშრომლობას. ეს კომიტეტი ეხმარება მოწმე პაციენტებს კვალიფიციური ექიმების მოძებნაში, რომლებიც პატივისცემით ეკიდებიან პაციენტების სურვილს, დაიცვან ბიბლიური კანონი — „მოერიდონ . . . სისხლს“ (საქმეები 15:20).

[სურათი 13 გვერდზე]

ნაია, სტეფანი და ჟაილტონი

[სურათი 13 გვერდზე]

ლუიზი, ალინი და ფაბიანა

[სურათი 13 გვერდზე]

ალინი და როსიმერი