არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლიის თვალსაზრისი

რატომ აქვს მნიშვნელობა, რას ვამბობთ და როგორ?

ერთხელ პრემიერ-მინისტრი თავაზიანად წარდგა აუდიტორიის წინაშე. როდესაც სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ეგონა, რომ მიკროფონი გამორთული იყო და ერთ ხანდაზმულ ქალს, რომელსაც ის-ის იყო შეხვდა, ფანატიკოსი უწოდა. მან თავის ხალხს უსაყვედურა, რატომ არ მოაშორეს ეს ქალი იქაურობას. ხალხი აღაშფოთა ამ ქალისადმი მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ. ამის გამო მას ხმა არ მისცეს ხელახალი არჩევნების დროს, რომელიც ამ შემთხვევიდან, სულ რაღაც, რვა დღეში ჩატარდა.

არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, სრულყოფილად გააკონტროლოს ენა (იაკობი 3:2). ზემოთ მოყვანილი მაგალითი ამის ნათელი მტკიცებაა. სხვებთან კარგი ურთიერთობა გექნებათ თუ ცუდი, ბევრად არის დამოკიდებული თქვენს მეტყველებაზე; ამაზეა აგრეთვე დამოკიდებული ის, თუ როგორი რეპუტაცია და კარიერა გექნებათ.

მაგრამ იცოდით თუ არა, რომ თქვენი მეტყველება უფრო ბევრის მთქმელია? ბიბლია გვიხსნის, რომ ჩვენი მეტყველება აჩვენებს, სინამდვილეში როგორი ადამიანები ვართ. იესომ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათე 12:34). ვინაიდან თქვენი სიტყვები ააშკარავებს თქვენს გრძნობებს, ფიქრებსა და ემოციებს, მნიშვნელოვანია, კარგად დაუკვირდეთ, რას და როგორ ლაპარაკობთ. შეუძლია ამ მხრივ ბიბლიას დახმარება? დავფიქრდეთ შემდეგზე:

რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი საუბარი სასიამოვნო იყოს?

ფიქრები წინ უძღვის სიტყვებს. თუ გინდათ, რომ თქვენი საუბარი სასიამოვნო იყოს, უნდა დაუკვირდეთ, რას და როგორ ლაპარაკობთ და თუ საჭიროა, შეიცვალოთ აზროვნება. დაფიქრდით, როგორ მოქმედებს ღვთის სიტყვა თქვენს აზროვნებაზე, რაც, თავის მხრივ, თქვენს მეტყველებაზე აისახება.

კარგზე იფიქრეთ. ბიბლიაში აღწერილია, რა არის ის კარგი, რაზეც უნდა ვიფიქროთ: „რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8).

თუ ამ მუხლში მოცემულ რჩევას გაითვალისწინებთ, ადვილად ამოიგდებთ თავიდან არასწორ ფიქრებს. გახსოვდეთ, რომ ნანახი და წაკითხული თქვენს გონებას კვებავს და ღრმა კვალს ტოვებს. ამიტომ, თუ მოერიდებით ყველაფერს, რაც უარყოფითად მოქმედებს თქვენზე, შეძლებთ არასწორი და უზნეო ფიქრების მოცილებას. თქვენ უნდა მოერიდოთ ისეთ გართობას, რომელიც ძალადობითა და უხამსობითაა სავსე (ფსალმუნი 11:5; ეფესოელები 5:3, 4). ნაცვლად ამისა, იფიქრეთ იმაზე, რაც წმინდაა, და გონება დადებითი აზრებით აივსეთ. ბიბლია ამ მხრივ დიდ დახმარებას გაგიწევთ. მაგალითად, წაიკითხეთ იგავების 4:20—27; ეფესოელების 4:20—32; იაკობის 3:2—12. თქვენ დაინახავთ, როგორ დაგეხმარებათ ამ მუხლებში მოცემული ბიბლიური პრინციპების გამოყენება მეტყველების გაუმჯობესებაში. *

სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით. „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“, — ვკითხულობთ იგავების 12:18-ში. თუკი თქვენი ლაპარაკი „მახვილივით ჭრის“ ან გულს სტკენს სხვებს, თქვენ უნდა დაფიქრდეთ მანამდე, სანამ რამეს იტყვით. კარგია, თუ ყურად იღებთ იგავების 15:28-ში მოცემულ რჩევას: „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს, ბოროტთა პირი კი ბოროტებას აფრქვევს“.

დაისახეთ მიზანი. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ყველანაირად ეცადეთ, რომ რასაც გაიფიქრებთ, უმალვე არ თქვათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაბრაზებული ხართ. ამის ნაცვლად, დაფიქრდით ამ სტატიაში მოყვანილ მუხლებზე და მიზანმიმართულად შეეცადეთ, რომ ილაპარაკოთ გონივრულად, სიყვარულითა და მშვიდი ტონით (იგავები 15:1—4, 23). მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა.

ღმერთს მიმართეთ დახმარებისთვის. ბიბლიის ერთი მწერალი ლოცულობდა: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა“ (ფსალმუნი 19:14). დაანახვეთ იეჰოვას, რომ გულწრფელად გსურთ, თქვენმა სიტყვებმა ასიამოვნოს როგორც მას, ისე გარშემომყოფთ. იგავების 18:20, 21-ში ნათქვამია: „კაცი . . . თავისი ბაგეების ნაყოფით დანაყრდება. სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“.

ღვთის სიტყვა იყოს თქვენი სარკე. ბიბლია ჰგავს სარკეს, რომელიც გეხმარებათ კარგად დააკვირდეთ საკუთარ თავს (იაკობი 1:23—25). მაგალითად, შემდეგ მუხლებში მოყვანილ ბიბლიურ პრინციპებზე დაფიქრებისას ჰკითხეთ თავს: ვაჩვენებ ჩემი მეტყველებითა და საქციელით, რომ ვითვალისწინებ ამ პრინციპებს?

„მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1). გახასიათებთ რბილად და მშვიდი ტონით საუბარი?

„ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა, არამედ მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფესოელები 4:29). ამხნევებს გარშემომყოფთ თქვენი საუბარი?

„თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლოსელები 4:6). ცდილობთ, დაძაბულ სიტუაციაშიც კი თავაზიანად თქვათ სათქმელი, რაც სხვებს გაუადვილებს თქვენ მოსმენას?

როცა სარკეში იყურებით და წესრიგში მოგყავთ საკუთარი თავი, სხვების თვალში სასიამოვნოდ გამოიყურებით და თავადაც კარგად გრძნობთ თავს. იგივე შეიძლება ითქვას, როცა „ღვთის სიტყვის სარკეში“ იყურებით და აუმჯობესებთ თქვენს მეტყველებას.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 შეგიძლიათ ბიბლიური მუხლები იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე www.watchtower.org.

გიფიქრიათ?

● რაზე მეტყველებს თქვენი საუბარი? (ლუკა 6:45)

● როგორ უნდა ისაუბროთ სხვებთან? (ეფესოელები 4:29; კოლოსელები 4:6)

● რისი გაკეთება შეგიძლიათ, თქვენი საუბარი უფრო სასიამოვნო რომ იყოს? (ფსალმუნი 19:14; ფილიპელები 4:8)

[სურათი 11 გვერდზე]

ჩვენი სიტყვები გავლენას ახდენს ჩვენს რეპუტაციაზე და სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე