არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იქ ფოსტის წამოსაღებად მივედი“

„იქ ფოსტის წამოსაღებად მივედი“

„იქ ფოსტის წამოსაღებად მივედი“

„არასოდეს დამავიწყდება ორშაბათი დილა, — იხსენებს ნამიბიაში მცხოვრები ანდრე, სამხრეთ აფრიკელი თეთრკანიანი. — ამ დღეს ფოსტაში მივედი, რომელიც ხალხით იყო გადაჭედილი. სადაც ვიდექი, იქვე ახლოს, უყურადღებოდ მიგდებული საეჭვო ჩანთა შევნიშნე. ჩემი ფოსტა ავიღე და იქაურობა დავტოვე. მანქანა სამი წუთის დაძრული მყავდა, რომ დიდი აფეთქების ხმა გავიგე. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ფოსტაში იმ ადგილიდან რამდენიმე ნაბიჯში, სადაც მე ვიდექი, ბომბი აფეთქებულიყო“.

ანდრე განაგრძობს: „იქ ფოსტის წამოსაღებად მივედი. ცოტა ხანში შოკი მივიღე, როცა გავიგე, რომ უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, რამდენიმე ჩემი ნაცნობი, ნაფლეთებად იყვნენ ქცეულნი. მას შემდეგ ოცდახუთ წელზე მეტი გავიდა და დღესაც ტანში ჟრუანტელი მივლის. ზოგჯერ თვალწინ წარმომიდგება დახოცილები, რომლებიც აფეთქებიდან რამდენიმე ხანში ვნახე. მაშინ გავიფიქრე, რა ბეწვზე ვყოფილვარ გადარჩენილი“.

გლობალური პრობლემა

შეიძლება მსგავს საშინელებას უშუალოდ თქვენ არ შესწრებიხართ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები მთელ მსოფლიოში ხშირად ხდება და ალბათ, თქვენც გსმენიათ ამის შესახებ. საკუთარი მიზნების მისაღწევად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ძალადობის ისეთ ფორმას, რასაც ტერორისტული აქტი ჰქვია (იხილეთ მომდევნო გვერდზე ჩარჩო „ვინ არიან ტერორისტები?“).

ერთმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა დაადგინა, რომ 1997 წელს „ტერორისტული თავდასხმები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მსოფლიოს მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ხორციელდებოდა“. იგივე ჟურნალისტი 2008 წელს წერდა, რომ „ყოველ კონტინენტზე, ავსტრალიისა და ანტარქტიდის გამოკლებით, 30-ზე მეტი ქვეყანა გახდა ტერორისტების შემზარავი თავდასხმების მსხვერპლი“. მისი დასკვნით, ასეთ „თავდასხმებს სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ახორციელებს, რასაც ყოველ წელს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება“ (Globalization of Martyrdom).

განვიხილოთ ზემოხსენებული თავდასხმა. იმ დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ფოსტაში ბომბი დადეს, თავიანთ თავს თავისუფლებისთვის მებრძოლებს უწოდებდნენ. მათ სურდათ დამოუკიდებლობის მოპოვება მთავრობისგან, რომელიც მათ ქვეყანას მართავდა. მაგრამ რა უბიძგებს ადამიანებს, თავიანთი მიზნების მისაღწევად მიმართონ ასეთ საქციელს? განვიხილოთ ჰაფენის შემთხვევა.

ჰაფენი ზამბიაში დაიბადა და მეზობელი ქვეყნების ლტოლვილთა ბანაკებში გაიზარდა. „ბრაზი მახრჩობდა იმის გამო, რომ ჩემს ოჯახს და სხვებს სასტიკად და უსამართლოდ ექცეოდნენ“, — ამბობს ჰაფენი. ამიტომ, ის გახდა იმ საომარი დაჯგუფების წევრი, რომელსაც მისი მშობლები მიეკუთვნებოდნენ.

ჰაფენი წარსულს ასე იხსენებს: „ყველაზე საშინელი იყო ის ემოციური ტკივილი, რაც ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრების დროს განვიცადე. ბავშვებს აშორებდნენ დედ-მამას და დედმამიშვილებს. ბევრი მათგანი უკან არ დაბრუნებულა. მე მამაჩემი სურათშიც კი არასდროს მყავდა ნანახი. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ იგი ბრძოლის დროს დაიღუპა. ემოციური ჭრილობები დღემდე მახსენებს თავს“.

როგორც ვხედავთ, ტერორიზმის პრობლემა კომპლექსურია. ამ პრობლემის უკეთ გაგება დაგვანახვებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ასეთ ძალადობას.

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

ვინ არიან ტერორისტები?

მკვლევარმა მარკ იუგენსმეიერმა აღნიშნა: „ესა თუ ის ძალადობრივი ქმედება ჩაითვლება თუ არა ტერორისტულ აქტად, იმაზეა დამოკიდებული, არის თუ არა ეს ძალადობრივი ქმედება გამართლებული. ასე რომ, ტერორიზმი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ მსოფლიოში ვინ როგორ შეფასებას აძლევს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს: თუ მსოფლიო მშვიდობისკენ ისწრაფვის, მაშინ ძალადობრივ ქმედებას ტერორიზმს უწოდებენ. მაგრამ თუ მსოფლიო ომშია ჩაბმული, მაშინ ძალადობრივი ქმედება შეიძლება სავსებით გამართლებულად მიიჩნიონ“.

ხშირად სიტყვა „ტერორისტი“ გამოიყენება პოლიტიკურ კონტექსტში. ბევრი დაჯგუფება საკუთარ თავს თავისუფლებისთვის მებრძოლებად მიიჩნევს და არა ტერორისტებად. ერთი მწერლის სიტყვების თანახმად, ტერორიზმი გულისხმობს 1) მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას და 2) შემზარავ ძალადობრივ ქმედებას შიშის ჩასანერგად. ასე რომ, მებრძოლებმა, იმის მიუხედავად, ბუნტის ამტეხები არიან თუ მთავრობის წარმომადგენლები, შეიძლება ხშირად ტერორისტულ აქტებს მიმართონ.