არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნებისმიერ კარიერაზე გაცილებით ძვირფასი

ნებისმიერ კარიერაზე გაცილებით ძვირფასი

ნებისმიერ კარიერაზე გაცილებით ძვირფასი

მოგვითხრო მურატ იბატულინმა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის დავალებით, 1987 წელს უგანდაში (აფრიკა) გავემგზავრე. დადებული მქონდა ოთხწლიანი ხელშეკრულება — ექიმად უნდა მემუშავა. სიმართლე გითხრათ, რუსეთში დაბრუნება არ მინდოდა. იმედი მქონდა, რომ აქ მიღებული გამოცდილება გამომადგებოდა ისეთ ქვეყნებში სამუშაოდ, როგორიცაა ავსტრალია, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ 1991 წელს ჩემი გეგმები შეიცვალა და რუსეთში დავბრუნდი. ნება მიბოძეთ, გიამბოთ, რატომ.

დავიბადე 1953 წელს თათრეთის რესპუბლიკის (ცენტრალური რუსეთი) დედაქალაქ ყაზანში. ჩემი მშობლები თათრები არიან. თათარი მოსახლეობის უმეტესობა მუსულმანია. მახსენდება, ბავშვობაში როგორ დგებოდა მუხლებზე ჩემი პაპა-ბებია და აღუვლენდა ალაჰს ლოცვას. მათი შვილები, მათ შორის ჩემი მშობლები, ამ დროს ოთახიდან გასვლას გვთხოვდნენ, რომ არ შეგვეწუხებინა ისინი. ჩემი მშობლების სახეებზე უკმაყოფილებას ვამჩნევდი — ესირცხვილებოდათ, მათი მშობლები მორწმუნეები რომ იყვნენ, რადგან თავად კომუნისტები იყვნენ და ათეისტებად აცხადებდნენ თავს.

ოთხი წლის რომ ვიყავი, საბჭოთა კავშირში პოლიომიელიტის ეპიდემიამ იფეთქა და მეც მისი მსხვერპლი გავხდი. მთელი ჩემი ბავშვობა საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში გავატარე სამედიცინო შემოწმებებზე. მახსოვს, როგორ სთხოვდა პაპაჩემი ღმერთს ჩემს გამოჯანმრთელებას. მინდოდა, სხვა ბავშვებივით ჯანმრთელი ვყოფილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ცალი ფეხით ვკოჭლობდი, ფეხბურთსა და ჰოკეის ვთამაშობდი და სხვა სპორტულ თამაშებშიც ვიღებდი მონაწილეობას.

ცოტა რომ წამოვიზარდე, სურვილი გამიჩნდა, ექიმი გავმხდარიყავი. მე არც მორწმუნე ვიყავი და არც ათეისტი; უბრალოდ ღმერთზე კითხვები არასოდეს დამბადებია. კომუნისტური იდეოლოგიის მიმართ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, რის გამოც ხშირად მომდიოდა კამათი მამასთან და ბიძასთან. ბიძაჩემი უნივერსიტეტში ფილოსოფიის ლექციას კითხულობდა, მამაჩემი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კა-გე-ბე) თანამშრომელი იყო. სამედიცინო სკოლის დამთავრების შემდეგ მიზნად დავისახე, კარგი ნეიროქირურგი გავმხდარიყავი და სხვა ქვეყანაში გადავსულიყავი საცხოვრებლად.

კარგი ცხოვრების ძიებაში

1984 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტიკის განხრით. 1987 წელს კი გამაგზავნეს უგანდაში, მულაგოს საავადმყოფოში სამუშაოდ. ამ ლამაზ ქვეყანაში ჩემს მეუღლე დილბართან და ორ შვილთან, რუსტამთან და ალისასთან, ერთად გავემგზავრე. რუსტამი მაშინ შვიდი წლის იყო, ალისა — ოთხის. კლინიკაში მუშაობა ძალიან მძიმე იყო. ოპერაციებს ვუკეთებდი აივ-ით დაინფიცირებულ პაციენტებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ხშირად მიწევდა ერთი კლინიკიდან მეორეში გადასვლა, ვინაიდან მთელ უგანდაში მხოლოდ ორი ქირურგი ვიყავით.

ერთ დღეს მე და დილბარმა წიგნების კიოსკში, უგანდაში, რუსულ ენაზე ბიბლია შევნიშნეთ; მანამდე რუსული ბიბლია თვალით არ გვენახა. ჩვენ რამდენიმე ცალი ვიყიდეთ; გვინდოდა საბჭოთა კავშირში მყოფი მეგობრებისთვის გაგვეგზავნა, რადგან იმ დროს ბიბლიის შოვნა რუსეთში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ბიბლიიდან რამდენიმე თავი წავიკითხეთ, მაგრამ მისი გაგება ძალიან გაგვიჭირდა და თავი დავანებეთ.

სამი წლის განმავლობაში უგანდის სხვადასხვა ეკლესიაში დავდიოდით და ვცდილობდით, გაგვეგო, რა სწამდა ადგილობრივ ხალხს და რა იყო მათი ცხოვრების მიზანი. გადავწყვიტე აგრეთვე ყურანის სწავლა ორიგინალის ენაზე. რუსტამი და მე არაბული ენის გაკვეთილებზეც კი ჩავეწერეთ. რამდენიმე თვის შემდეგ სასაუბრო არაბული ვისწავლეთ.

იმ დროისთვის ჩვენ შევხვდით ბიბლიის მასწავლებლებს, მისიონერებს ჰაინც და მირიანე ვერთჰოლცებს. ჰაინცი გერმანელი იყო, მირიანე კი — ავსტრალიელი. ჩვენი პირველი საუბრის დროს რელიგია საერთოდ არ გვიხსენებია. როგორც ყველა ევროპელი აფრიკაში, ჩვენ ისე შევხვდით ერთმანეთს, და ვკითხეთ, რატომ იყვნენ ჩამოსულები უგანდაში. გავიგეთ, რომ ისინი იეჰოვას მოწმე მისიონერები იყვნენ და უგანდაში ხალხს ბიბლიის შესწავლაში ეხმარებოდნენ.

გამახსენდა, როცა რუსეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ფილოსოფიის ლექციაზე გვითხრეს, რომ მოწმეები სექტანტები იყვნენ, ბავშვებს სწირავდნენ და მათ სისხლს სვამდნენ. ამის შესახებ ჰაინცსა და მირიანეს ვუთხარი და ისიც დავამატე, რომ ვერ ვიჯერებდი, ასეთი რამის გაკეთება თუ შეეძლოთ. მე და დილბარს მოგვცეს თითო-თითო წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ *. ჩვენ რამდენიმე საათში თითქმის მთელი წიგნი წავიკითხეთ. კითხვის დროს შევჩერდი და დილბარს ვკითხე, რას ფიქრობდა წიგნზე. მან მიპასუხა, რომ აღფრთოვანებისგან ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ვუთხარი, რომ მეც იგივე გრძნობა დამეუფლა.

ამის შემდეგ ჰაინცსა და მირიანეს კვლავ შევხვდით და ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ. ბიბლიიდან გაგებულმა გულგრილი არ დაგვტოვა. რასაც ვსწავლობდით, ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს ვუზიარებდით. ჩვენ ვუქადაგეთ რუსეთის ელჩს, რუსეთისა და სხვა ქვეყნის კონსულებს და ვატიკანის წარმომადგენელს. ძალიან გაგვიკვირდა, როცა ამ უკანასკნელმა იმის მტკიცება დაგვიწყო, რომ ყველაფერი, რაც „ძველ აღთქმაში“ ეწერა, მითი იყო.

სამშობლოში დაბრუნება

1991 წელს რუსეთში ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე მე და დილბარმა იეჰოვას მოწმეებად გახდომა გადავწყვიტეთ. ჩვენ გვეგონა, რომ ყაზანში ჩასვლისთანავე კრების შეხვედრებზე სიარულს გავაგრძელებდით. თავზარდაცემულები ვიყავით, რადგან სამი თვის განმავლობაში ვერც სამეფო დარბაზი ვიპოვეთ და ვერც იეჰოვას მოწმეების კვალს მივაგენით. ამიტომ გადავწყვიტეთ, კარდაკარ წავსულიყავით, როგორც ამას იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში აკეთებენ. შედეგად, რამდენიმესთან ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. ერთ-ერთი ქალი, ვისაც მაშინ ბიბლიას ვასწავლიდით, იეჰოვას მოწმე გახდა.

ერთ დღეს გვეწვია ხანდაზმული მოწმე, რომელსაც ჩვენი მისამართი უგანდელმა მოწმეებმა მისცეს. ჩვენ დავიწყეთ თხუთმეტი კაცისგან შემდგარ შეხვედრებზე სიარული, რომელიც პატარა ერთოთახიან ბინაში ტარდებოდა. ჰაინცი და მირიანე ყოველთვის გვეხმიანებოდნენ და ყაზანშიც ჩამოვიდნენ ჩვენ სანახავად. მოგვიანებით, ისინი ბულგარეთში ვინახულეთ, სადაც მისიონერულ საქმეს დღემდე განაგრძობენ.

ჩემს სამშობლოში ჩათესილს კარგი ნაყოფი გამოაქვს

შესაძლებლობას არ ვუშვებ ხელიდან, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ვესაუბრო იმ საავადმყოფოს თანამშრომლებს, სადაც ამჟამად ვმუშაობ. დროთა განმავლობაში ბევრი, მათ შორის რამდენიმე ჩემი კოლეგა გამოეხმაურა ქადაგებას და იეჰოვას მოწმე გახდა. 1992 წელს ჩვენი რუსეთში ჩასვლის ერთი წლის თავზე ყაზანში მოწმეების რიცხვი 45-ით გაიზარდა, მომდევნო წელს კი — ასზე მეტით. დღეს ყაზანში შვიდი კრებაა. აქედან ხუთი რუსულენოვანია, ერთი თათარენოვანი და ერთიც ჟესტების ენაზე. ჩვენთან სომხური და ინგლისურენოვანი ჯგუფებიცაა.

1993 წელს ნიუ-იორკში სამედიცინო კონფერენციას დავესწარი. ბრუკლინში შესაძლებლობა მომეცა, ვწვეოდი იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოს. შევხვდი ლოიდ ბერის, რომელიც მთელ მსოფლიოში ეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმეს უწევდა კოორდინირებას. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ძმა ბერმა სასაუბროდ დრო დამითმო.

ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ თათრულ ენაზე ბიბლიური ლიტერატურის მოთხოვნილება იყო. რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში თათრულენოვანი ჯგუფი ჩამოყალიბდა და თათრულ ენაზე ლიტერატურის გამოცემა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა, რომ რეგულარულად ვიღებდით „საგუშაგო კოშკს“, ჟურნალს, რომელიც ბიბლიის შესასწავლად არის განკუთვნილი. ამის შემდეგ, მალევე, პირველი თათრულენოვანი კრება ჩამოყალიბდა.

სისხლის დაზოგვის მეთოდების გამოყენება

ვცდილობ, ღვთის ყველა მაღალზნეობრივი ნორმა დავიცვა, მათ შორის საქმეების 15:20-ში ჩაწერილი კანონი, რომ ღვთის მსახურები უნდა „მოერიდონ . . . სისხლს“. 29-ე მუხლიც დასძენს, რომ მოვერიდოთ „კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა და სიძვას“.

როცა იეჰოვას მოწმეებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ისინი სთხოვენ ექიმებს, რომ პატივი სცენ მათ შეხედულებას უსისხლო სამედიცინო მკურნალობის თაობაზე. რაღაც პერიოდი ვმუშაობდი „საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტთან“ * ყაზანში. 1997 წელს ჩვენ დახმარებისთვის მოგვმართა ერთმა ნოვოსიბირსკელმა ქალმა, რომლის ერთი წლის ბიჭუნას, პავლეს, სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაცია. იმ დროისთვის რუსეთში უსისხლოდ ოპერაციების გაკეთება მხოლოდ რამდენიმე გამოცდილ ექიმს შეეძლო. ჩვენ დავთანხმდით, რომ ვიპოვიდით ექიმს, რომელიც ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით გაუკეთებდა ბავშვს ოპერაციას.

ყაზანში მალე ვიპოვეთ გულის ქირურგიის კლინიკა, სადაც ექიმები პატარა პავლეს ოპერაციას გაუკეთებდნენ. მას თანდაყოლილი სერიოზული გულის ანომალია ჰქონდა, რომელსაც „ფალოს ტეტრადა“ ჰქვია. 1997 წლის 31 მარტს პავლეს ოპერაცია უსისხლოდ გაუკეთეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. სამ აპრილს გაზეთი „ვეჩერნაია კაზან“ იუწყებოდა: „პატარა ბიჭუნა თავს კარგად გრძნობს და მას აღარ სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა . . . თერთმეტი თვის განმავლობაში პავლიკას დედამ პირველად ამოისუნთქა შვებით“. ოპერაციის შემდეგ პავლე მალე მომჯობინდა და თავისი პირველი ნაბიჯები საავადმყოფოს კორიდორში გადადგა.

პავლეს დღეს კარგი ჯანმრთელობა აქვს და ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. მას უყვარს ცურვა, ციგურებით სრიალი და ფეხბურთის თამაში. პავლე მერვე კლასშია. ის იეჰოვას მოწმეა და დედასთან ერთად ნოვოსიბირსკში ემსახურება ღმერთს. მას შემდეგ, რაც პავლეს ოპერაცია გაუკეთდა, იმავე კლინიკაში ექიმებმა რამდენიმე იეჰოვას მოწმე პაციენტსაც უსისხლოდ გაუკეთეს ოპერაცია. თათრეთში მედიცინა პროგრესს განიცდის და აქ უსისხლო ოპერაციები ჩვეულ მოვლენად იქცა.

ჩემი სამუშაო დღეს

მე, ჩემი მეუღლე და რამდენიმე იეჰოვას მოწმე ვმუშაობთ კლინიკაში, რომელიც მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს ნევროლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს. ვაკეთებთ სხვადასხვა ოპერაციას და განსაკუთრებით სისხლის დაზოგვის მეთოდებს ვიყენებთ. ნეირორადიოლოგად ვმუშაობ და ძალიან ვარ დაინტერესებული ნეიროქირურგიაში არაინვაზიური (გაკვეთის გარეშე) უსისხლო მკურნალობით. ვარ აგრეთვე ყაზანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის განყოფილების პროფესორი; ლექციებს ვუკითხავ სტუდენტებს და ექიმებს. ვცდილობ მათ დავანახვო უსისხლო მკურნალობის * უპირატესობები.

ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად მუშაობს კლინიკაში რადიოლოგად. გვიყვარს ჩვენი სამუშაო, რადგან ხალხს ვეხმარებით. მაგრამ ყველაზე დიდ კმაყოფილებას ის გვანიჭებს, როცა ვხედავთ, როგორ იკურნებიან სულიერად ადამიანები ბიბლიური ჭეშმარიტებით. გული სიხარულით გვიძგერს, როცა ხალხს ღვთის დანაპირებს გადავცემთ და ვეუბნებით, რომ მალე დედამიწაზე „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 23 „საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტები“ იეჰოვას მოწმეებისგან შემდგარი ჯგუფია, რომელიც ხელს უწყობს საავადმყოფოებსა და პაციენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, როდესაც საქმე სისხლის გადასხმას ეხება.

^ აბზ. 27 უსისხლო მკურნალობა სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდია. თუ გავითვალისწინებთ სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ საფრთხეს, უსისხლო მკურნალობა და მასთან ერთად უსისხლო ოპერაციები მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სისხლის გადასხმა აივ-ითა და სხვა ინფექციური დაავადებებით დაინფიცირების რისკთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

[სურათი 12 გვერდზე]

როცა აფრიკაში ვმუშაობდი

[სურათი 13 გვერდზე]

როცა მე და ჩემმა მეუღლემ ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ იეჰოვას მოწმეებთან, 1990 წელი

[სურათი 14 გვერდზე]

ლოიდ ბერისთან ერთად ბრუკლინში (ნიუ-იორკი) სტუმრობის დროს, 1993 წელი

[სურათი 15 გვერდზე]

პავლე და დედამისი

[სურათი 15 გვერდზე]

ვქადაგებ ჩემს ცოლთან, დილბართან ერთად