რატომ მიმართავენ ტერორიზმს?
რატომ მიმართავენ ტერორიზმს?
ესპანელ ხოსებას ჰკითხეს, რატომ გახდა საომარი დაჯგუფების წევრი. „ჩაგვრა და უსამართლობა, რომელსაც იმ დროს ვხვდებოდით, გაუსაძლისი იყო, — უპასუხა მან. — დიდ ქალაქ ბილბაოში, სადაც მე ვცხოვრობ, პოლიცია ხალხს სცემდა და აპატიმრებდა“.
ხოსება განაგრძობს: „ერთ დილით მეც დამაპატიმრეს, რადგან პოლიციის ასეთ მეთოდებთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამოვთქვი. ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ძალადობასაც კი მივმართავდი, თუკი ამით სიტუაცია გამოსწორდებოდა“.
ჩაგვრა და შურისძიება
ბიბლია არ ამართლებს ძალადობას. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რომ „ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება გიჟივით“, ანუ უგუნურად მოიქცეს (ეკლესიასტე 7:7). ბევრი აღშფოთებულია, როცა მათ სასტიკად და ცუდად ეპყრობიან რასის, რელიგიისა და ეროვნების გამო.
მაგალითად, წინა სტატიაში მოხსენიებული ჰაფენი ამბობს: „ჩვენი მიწა უსამართლოდ მიისაკუთრეს. როგორც ცხოველებს უწევთ, იბრძოლონ თავიანთი ტერიტორიებისთვის, ისე ჩვენთვისაც ბუნებრივია, ვიბრძოლოთ ჩვენი მიწისა და უფლებებისთვის“. ერთი თვითმკვლელი ტერორისტის განაცხადი მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა. აი, რას ამბობდა ის: „მანამ ვიბრძოლებთ, სანამ არ შეწყვეტთ დაბომბვას, გაზის გაშვებას, ჩემი ხალხის დაპატიმრებასა და წამებას“.
რელიგიური მოტივი
მართალია, ხშირად მოჯანყეებს ტერორისტული თავდასხმებისკენ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა უბიძგებს, მაგრამ ხშირად ძალადობას რელიგიური მიზეზით მიმართავენ. ერთმა ქვეყნის მმართველმა მიიღო ფაქსი ერთ-ერთი საომარი დაჯგუფების წარმომადგენლისგან: „ჩვენ არც გიჟები ვართ და არც ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძლიერი სურვილი გვაქვს. ამით ჩვენ ღმერთს ვუსრულებთ მსახურებას და ამიტომაც ვიბრძვით ასეთი შემართებით“.
დენიელ ბენჯამინისა და სტივენ საიმონის მიერ გამოცემულ წიგნში (The Age of Sacred Terro) რელიგიური მოტივაციის თაობაზე ვკითხულობთ: „რაც მეტად ხდება მსოფლიო რელიგიური, მით მეტი მიმდევარი უჩნდება წამყვან თუ ახალ რელიგიებს, რომლებსაც
სჯერათ, რომ ძალადობა ღვთის მსახურების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს“. სხვა მკვლევარმა, რომელმაც მოიძია დოკუმენტური მასალა მთელი მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული, როგორც თავად ის უწოდებს, „სანახაობრივი ტერორისტული აქტების“ შესახებ, აღნიშნა: „ყველა, ვინც მიეკუთვნება იმ ადამიანების რელიგიას, რომლებმაც ტერორისტულ აქტს მიმართეს, თვლის, რომ მათ მოქმედებას ღმერთი იწონებს და ამის ნებასაც კი რთავს“.მაგრამ ბევრი რელიგიის მიმდევარს, რომლებიც საომარი დაჯგუფების წევრები არიან, რადიკალური შეხედულებები აქვთ. ასეთ შეხედულებებს არა აქვს კავშირი ტრადიციულ სწავლებებთან თუ იმ რელიგიის ფასეულობებთან, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან.
ცხოვრებისგან დაღდასმულნი
მანამდე მოხსენიებულ ხოსებას დაპატიმრების დროს სასტიკად მოექცნენ. იგი ამბობს: „ვინაიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გავხდი, ჩემს სიძულვილს გამართლებას ვუძებნიდი. თუკი ჩემი სიკვდილით რამე შეიცვლებოდა, მაშინ ღირდა ამისთვის თავის გაწირვა“.
ხშირად ძალადობისკენ ამა თუ იმ დაჯგუფების წევრებს ის უბიძგებს, რასაც მათ ასწავლიან. ჰაფენი ყვება: „ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრების დროს იმართებოდა შეკრებები, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ თეთრკანიანები გამუდმებით ეძებდნენ სხვადასხვა საშუალებას, შავკანიანებზე რომ ებატონათ“. რა იყო ამის შედეგი?
„ვგრძნობდი, როგორ იზრდებოდა თეთრკანიანების მიმართ ჩემი სიძულვილი. მათ მიმართ უნდობლობა გამიჩნდა. ბოლოს, უკვე აღარ შემეძლო მათი ატანა და ვფიქრობდი, რომ ჩვენს მოდგმას რაღაც უნდა ეღონა“.
ასეთი ძვალ-რბილში გამჯდარი შეხედულებების მიუხედავად, ხოსებამაც და ჰაფენიმაც შეძლეს, მორეოდნენ სიძულვილისა და უნდობლობის გრძნობას. რამ იმოქმედა ამ ადამიანების გულსა და გონებაზე და რამ შეცვალა ისინი? შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, რამ შეცვალა ხოსება და ჰაფენი.
[ჩანართი 6 გვერდზე]
„ვინაიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გავხდი, ჩემს სიძულვილს გამართლებას ვუძებნიდი. თუკი ჩემი სიკვდილით რამე შეიცვლებოდა, მაშინ ღირდა ამისთვის თავის გაწირვა“