რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
წელიწად-ნახევრის განმავლობაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიღებული ზომების შედეგად „ჩინეთის პოლიციამ მონობის ტყვეობიდან 10 621 ქალი და 5 896 ბავშვი გაათავისუფლა“. დაკავებულია დაახლოებით 15 673 ეჭვმიტანილი (CHINA DAILY, ჩინეთი).
„ბოლო ორი წლის მანძილზე კენიაში 1 000-ზე მეტი მასწავლებელი გაათავისუფლეს სამსახურიდან სკოლის მოსწავლე გოგონებზე სექსუალური ძალადობის გამო . . . საყოველთაოდ ცნობილი ნდობის ტელეფონის მეშვეობით გამოვლინდა, რომ ეს პრობლემა იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ადრე ეგონათ“ (DAILY NATION, კენია).
ერთი კვლევის თანახმად, 75 პროცენტით მეტია იმის ალბათობა, რომ მათ, ვინც სოლარიუმებს სტუმრობენ, უფრო მეტად განუვითარდეთ მელანომა, ვიდრე მათ, ვინც არ დადის სოლარიუმებში. ვინც გასარუჯ მოწყობილობას 50-ზე მეტი საათით იყენებს, 2,5—3-ჯერ მეტია იმის რისკი, რომ მელანომა განუვითარდეს (CANCER EPIDEMIOLOGY, BIOMARKERS & PREVENTION, აშშ).
„[კანადელი პატარძლების] მხოლოდ 8 პროცენტს მიაჩნია, რომ ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავება კარგია“. „წყვილების 74 პროცენტი შეუღლებამდე ერთად ცხოვრობს“ (WEDDINGBELLS, კანადა).
დაბინძურებული წყალი საფრთხეს უქმნის ხალხს
გაეროს მონაცემებით, „დღეს დაბინძურებული წყლით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ძალადობის სხვადასხვა ფორმით, რომელშიც შედის ომი“. გაეროს ცნობით, ორი მილიონი ტონა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ნარჩენები, აგრეთვე ჩამდინარე წყლები და ასე შემდეგ, ყოველდღიურად ხვდება მდინარეებსა და ზღვებში, რაც თავის მხრივ დაავადებების გავრცელებასა და ეკოსისტემის დაზიანებას იწვევს. უფრო მეტიც, ყოველ 20 წამში ხუთ წლამდე ასაკის ერთი ბავშვი დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებით იღუპება. გაეროს „გარემოს დაცვის პროგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის აქიმ შტაინერის თქმით, „თუ მსოფლიო პროგრესისკენ ვისწრაფვით . . . ერთობლივი ძალით უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომ შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა და სათანადო სახით მოვიშოროთ“.
სიმღერა მეტყველების აღდგენას უწყობს ხელს
რამდენიმე პაციენტმა ინსულტის შემდეგ სიმღერის დახმარებით მეტყველების უნარი დაიბრუნა. ნევროპათოლოგები მოუწოდებენ ინსულტგადატანილებს, რომ სათქმელი სიმღერით, რიტმულ-მელოდიურად გამოხატონ. მელოდიური ინტონაციით მკურნალობამ არნახული შედეგები გამოიღო. 15-კვირიანი მკურნალობის შემდეგ „პაციენტებმა თანდათანობით მოახერხეს ნამღერი სიტყვების მეტყველებაში გამოყენება“, — იუწყებოდა „უოლ-სტრიტ ჯორნელი“.
„თაღლითი მოსწავლეების მომრავლება“
კანადაში უნივერსიტეტის პირველკურსელი სტუდენტების 20 000 გამოკითხულიდან 73-მა პროცენტმა „აღიარა, რომ სკოლაში ერთხელ ან უფრო მეტჯერ უპატიოსნოდ მოიქცა და ის წერითი ნამუშევრები წარადგინა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ“, — იუწყებოდა „კანადის განათლების საბჭო“. ერთი უნივერსიტეტის მონაცემებით, გადაწერისა და პლაგიატიზმის შემთხვევები 2003—2006 წლებში 81 პროცენტით გაიზარდა. „კანადის განათლების საბჭოს“ პრეზიდენტის დოქტორ პოლ კაპონის თქმით, „გასული ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტისა და მოწინავე ტექნოლოგიების არსებობამ ხელი შეუწყო სკოლებში თაღლითი მოსწავლეების მომრავლებას“.