არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეუძლია ამინდს შეცვალოს ისტორიის სვლა

როგორ შეუძლია ამინდს შეცვალოს ისტორიის სვლა

როგორ შეუძლია ამინდს შეცვალოს ისტორიის სვლა

ისტორიული წყაროები გვამცნობს ღირსშესანიშნავ მოვლენებს, როდესაც ამინდმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. განვიხილოთ ორი მათგანი.

ზღვაზე ამოვარდნილი ქარიშხალი

ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ 1588 წელს ინგლისზე თავდასასხმელად ლა-მანშის სრუტეში ესპანეთის არმადის სახელწოდებით ცნობილი თავისი ფლოტი გაგზავნა. მაგრამ მისი გეგმების განხორციელებას ხელი ამინდმა შეუშალა.

ესპანეთის ფლოტს ლა-მანშის სრუტეში ინგლისის გემები დახვდა. ესპანეთის გემებთან შედარებით, ინგლისელთა გემები უფრო კარგად მანევრირებდნენ. ინგლისელებმა მოწინააღმდეგის გემებს უმნიშვნელო ზიანი მიაყენეს. ამის შემდეგ თავისი გეგმის განსახორციელებლად ესპანეთის არმადამ კალესთან ახლოს ღუზები ჩაუშვა, რათა ქვეითი ჯარი აეყვანა და მათი დახმარებით თავს დასხმოდა ინგლისს.

ამ დროს ღამის წყვდიადში ინგლისმა ცეცხლი წაუკიდა თავის რამდენიმე გემს და ცეცხლმოკიდებულმა, უეკიპაჟო გემებმა ქარისა და ხელსაყრელი დინების დახმარებით პირდაპირ ღუზაჩაშვებული მტრის გემებისკენ გასცურეს. ცეცხლმოკიდებულ გემებს რომ არ დაჯახებოდნენ, ესპანელებმა მრავალ გემზე ღუზები გადაჭრეს. თუმცა, მოგვიანებით ეს ნაბიჯი ესპანელებს ძვირად დაუჯდათ.

კალეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორივე ფლოტმა კურსი ჩრდილოეთის ზღვისკენ აიღო, რაშიც ზურგის ქარი ეხმარებოდათ. მაგრამ ინგლისის ფლოტს ტყვია-წამალი შემოაკლდა და ამიტომ, ამ უკანასკნელმა უკან, ინგლისის სანაპიროსკენ დაიხია. ესპანეთში დასაბრუნებელი გზა ინგლისელებს ეკავათ, ამავე დროს, ქარმაც იცვალა მიმართულება და ესპანელები იძულებულნი გახდნენ, ჩრდილოეთისკენ, შოტლანდიის შემოვლით გაეცურათ და შემდეგ გეზი სამხრეთით, ირლანდიისკენ აეღოთ და ბოლოს ესპანეთში დაბრუნებულიყვნენ.

სანამ ესპანეთში ჩააღწევდა, არმადას საგრძნობლად შემოაკლდა საკვები და წყალი. დაზიანებულ გემებზე უამრავი დაჭრილი და სურავანდით დაავადებული იყო. ეკიპაჟის წევრები ძალიან დასუსტდნენ, რადგან თითქმის შიმშილობდნენ.

ესპანურმა გემებმა შოტლანდიას რომ შემოუარეს, ატლანტის ოკეანიდან ამოვარდნილმა ქარიშხალმა ისინი ირლანდიის სანაპიროსკენ წაიღო. ამ დროს თავდასაცავად საჭირო იყო ღუზების ჩაშვება და მანამდე მოცდა, სანამ ქარი ხელსაყრელი მიმართულებით დაუბერავდა. მაგრამ იმის გამო, რომ კალესთან ინგლისელთა ცეცხლმოკიდებული გემების დანახვაზე ესპანელებმა თავიანთი ღუზები გადაჭრეს, 26 ესპანური ხომალდი ირლანდიის სანაპიროსთან დაიმსხვრა, რამაც 5 000—6 000 კაცის სიცოცხლე შეიწირა.

არმადა ესპანეთში დაბრუნდა. ეკიპაჟის თითქმის 20 000 წევრი დაღუპული იყო. ამდენი ადამიანის დაღუპვა და გემების მსხვრევა ამინდმა განაპირობა. ყოველ შემთხვევაში ჰოლანდიელები ასე ფიქრობდნენ. მოგვიანებით, მედალზე, რომელიც ჰოლანდიელებმა ესპანეთის არმადის დაღუპვის აღსანიშნავად დაამზადეს, ამოტვიფრეს საყოველთაოდ ცნობილი წარწერა: „იეჰოვამ დაუბერა და გაფანტა ისინი“. ამ წარწერით ჰოლანდიელებმა გაიზიარეს გავრცელებული შეხედულება, რომ თითქოს სტიქიურ უბედურებებს ღმერთი იწვევს.

წვიმისგან დამარცხებული

კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა, რომელზეც ამინდმა გადამწყვეტი გავლენა იქონია, იყო 1815 წელს მომხდარი ვატერლოოს ბრძოლა. როგორც ისტორიიდან ჩანს, ვატერლოოს ბრძოლის ველზე, რომელიც ბრიუსელის (ბელგია) სამხრეთით დაახლოებით 21 კილომეტრშია, სულ რაღაც, რამდენიმე საათში ბრძოლის ველზე 70 000-ზე მეტი მეომარი დაეცა და დაიჭრა. უელინგტონის ბრიტანელმა ჰერცოგმა საბრძოლველად შემაღლებული ადგილი აირჩია. თუმცა, საფრანგეთის არმია, რომელსაც ნაპოლეონი ედგა სათავეში, რიცხობრივად აღემატებოდა უელინგტონის არმიას, მაგრამ ნაპოლეონს მტერი დაღამებამდე უნდა დაემარცხებინა, რადგან იმ ღამით უელინგტონის ჰერცოგს პრუსიელები უნდა დახმარებოდნენ. მაგრამ ამინდმა ამჯერადაც დიდი როლი ითამაშა.

ბრძოლის წინ მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა. მეომრები იხსენებდნენ, რომ ეს იყო ყველაზე საზარელი ღამე მათ ცხოვრებაში. ზოგმა როგორღაც მოახერხა პატარა კარვების გაშლა. ერთმა მეომარმა თქვა, რომ გეგონებოდა, საწოლები კარავში კი არა, ტბის ფსკერზე იდო. წვიმის წყლით გაჟღენთილი მიწა ჭაობს დაემსგავსა. ნაპოლეონს სურდა, რომ უელინგტონის არმიაზე იერიში გათენებისთანავე მიეტანა. მაგრამ შეტევა რამდენიმე საათის შემდეგ განახორციელა.

მტერზე იერიშის მიტანის გადადების მთავარი მიზეზი იყო სველი მიწა, რომელიც ბრძოლის დაწყებამდე როგორღაც უნდა გამომშრალიყო. გარდა ამისა, ტალახის გამო ქვემეხები, რომელსაც ნაპოლეონი ბრძოლების დროს უპირატესობას ანიჭებდა, კარგად ვერ ისროდა. ვინაიდან ტალახში ქვემეხების გადაადგილება ჭირდა, ისინი ჩვეული სიხშირით ვეღარ ისროდნენ. უფრო მეტიც, ჭურვები, რომელიც მიწას უნდა აესხლიტა, უელინგტონის არმიას მეტ ზარალს მიაყენებდა. მაგრამ ნაპოლეონს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან დარბილებულმა და სველმა მიწამ ენერგიის დიდი ნაწილი შთანთქა. ნაპოლეონი და მისი არმია სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ასე რომ, ცუდი ამინდის გამო ნაპოლეონის ჯარი დამარცხდა, თავად ნაპოლეონი კი ტყვედ ჩავარდა.

ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში ამინდმა ისტორიის სვლა შეცვალა. ამან კი, თავის მხრივ, დიდი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის იმპერიის აღზევებაში.

[სურათი 24 გვერდზე]

ესპანეთის არმადა

[საავტორო უფლება]

© 19th era/Alamy

[სურათი 25 გვერდზე]

ვატერლოოს ბრძოლა

[საავტორო უფლება]

© Bettmann/CORBIS