არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

ახალგაზრდების შეკითხვები

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვიცოდე სოციალური ქსელის შესახებ? — ნაწილი1

„მე სხვა ქვეყნებში მყავს მეგობრები, რომლებთანაც საკონტაქტოდ სოციალური ქსელი საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მომწონს, რომ სიშორის მიუხედავად, შემიძლია მეგობრებთან საუბარი“ (სიუ *, 17 წლის).

„ჩემი აზრით, სოციალური ქსელით სარგებლობა დროის ფუჭი ხარჯვაა. მისი საშუალებით ერთმანეთთან ზარმაცი ხალხი ურთიერთობს. მეგობრობის შენარჩუნება მხოლოდ პირისპირ ურთიერთობით შეიძლება“ (გრეგორი, 19 წლის).

ზემოთქმულიდან რომელ თვალსაზრისს ემხრობი? როგორც უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია: სოციალური ქსელი * დღეს ძალიან პოპულარული გახდა. ერთ რამეზე დაფიქრდი: რადიოს 50 მილიონი მსმენელი რომ გაეჩინა, ამისთვის 38 წელი იყო საჭირო, ტელევიზიას ამდენივე მაყურებელი რომ ჰყოლოდა — 13 წელი, ხოლო ინტერნეტს ამდენივე რაოდენობის მომხმარებელი რომ მიეზიდა — 4 წელი. ერთ-ერთ სოციალურ საიტზე, „ფეისბუქზე“, სულ რაღაც, ერთ წელიწადში 200 მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

აღნიშნე, სწორია თუ არასწორი:

თინეიჯერები, რომლებიც მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენენ, სოციალური ქსელის საიტებს იყენებენ. ․․․․․ სწორია ․․․․․ არასწორია

პასუხი: არასწორია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქსელის თითქმის ორი მესამედი მომხმარებელი 25 წლის ან უფრო მეტისაა. 2009 წელს კი ამ ქსელს ყველაზე მეტად იყენებდნენ 55 წელს გადაცილებული ადამიანები.

და მაინც, მილიონობით ახალგაზრდა იყენებს სოციალური ქსელების საიტებს. ზოგი სხვებთან საკონტაქტოდ სწორედ ასეთ საშუალებას ანიჭებს უპირატესობას. ერთი თინეიჯერი, სახელად ჯესიკა, ამბობს: „ჯერ გავაუქმე რეგისტრაცია, მაგრამ შემდეგ კვლავ გავააქტიურე, რადგან არავინ მეკონტაქტებოდა ტელეფონით. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თუ საიტზე არა ხარ, არავის ახსოვხარ“.

რით იზიდავს ხალხს სოციალური ქსელი? პასუხი მარტივია: ადამიანებს სხვებთან ურთიერთობის მოთხოვნილება აქვთ. სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი სოციალური ქსელები. ვნახოთ, რატომ შეიძლება ბევრი მიიზიდოს ამ საიტებმა და დარეგისტრირდეს მათზე.

1. ხელსაყრელი საშუალება.

„ნებისმიერ დროს შენს მეგობრებთან დაკავშირება ძნელია, მაგრამ როცა ყველა ერთ საიტზეა, ეს ძალიან ადვილია“ (ლეა, 20 წლის).

„მე შემიძლია, უბრალოდ, დავწერო კომენტარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს ყველა ჩემს მეგობარს ერთდროულად გაუგზავნე ელ-ფოსტა“ (კრისტინა, 20 წლის).

2. თანატოლების გავლენა.

«ყოველთვის მთხოვენ, რომ სხვისი „მეგობრების სიას“ დავემატო, მაგრამ იმის გამო, რომ დარეგისტრირებული არა ვარ, არ შემიძლია» (ნატალი, 22 წლის).

„როდესაც თანატოლებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვეუბნები, რომ არ მაქვს სოციალური ქსელის საიტზე დარეგისტრირების სურვილი, ისინი გაკვირვებულები მეკითხებიან, რა დაგემართაო“ (ივი, 18 წლის).

3. მედიის გავლენა.

„მედია ავრცელებს ისეთ აზრს, რომ თუ საკომუნიკაციო ქსელის სხვადასხვა საშუალებით არ ისარგებლებ, არ გეყოლება მეგობრები. და თუ მეგობრები არ გეყოლება, მაშინ ცხოვრებას აზრი არა აქვს. თუ არ ხარ ჩართული სოციალურ ქსელში, მაშინ არაფერს წარმოადგენ“ (კატრინა, 18 წლის).

4. სკოლა.

„მასწავლებლებიც სარგებლობენ სოციალური ქსელით. ზოგი მასწავლებელი მესიჯით გვატყობინებს, როდის გვექნება გამოცდა. თუკი მათემატიკის მომზადების დროს რაღაცას ვერ გავიგებ, შემიძლია შეტყობინება გავუგზავნო მასწავლებელს და ის დამეხმარება საკითხის უკეთ გაგებაში“ (მარინა, 17 წლის).

5. სამუშაო.

„სოციალური ქსელებით ისინიც სარგებლობენ, რომლებიც ეძებენ სამუშაოს. ზოგჯერ ეს მათ სამუშაოს პოვნაში ეხმარება“ (ამი, 20 წლის).

„სოციალური ქსელის საიტზე შემიძლია დავდო ჩემ მიერ შესრულებული გრაფიკული დიზაინის ნიმუშები და კლიენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს ნახონ ჩემი ნამუშევრები“ (დავიდი, 21 წლის).

უნდა იყო დარეგისტრირებული სოციალური ქსელის საიტზე? თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია * (იგავები 6:20). თუ მშობლებს არ სურთ, რომ დარეგისტრირდე სოციალური ქსელის საიტზე, მაშინ უნდა დაჰყვე მათ სურვილს (ეფესოელები 6:1).

მეორე მხრივ, ზოგი მშობელი თავის მოზარდ შვილებს სოციალური ქსელით სარგებლობის ნებას რთავს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. თუ შენს შემთხვევაშიც ასეა, ნიშნავს ეს იმას, რომ მშობლები მყუდროებას გირღვევენ? სულაც არა! მართალია, სოციალური ქსელი კარგი საკომუნიკაციო საშუალებაა, მაგრამ სახიფათოცაა. სწორედ ამიტომ არიან შენი მშობლები დაინტერესებული იმით, თუ როგორ ისარგებლებ ამ ქსელით. სოციალური ქსელის ნებისმიერი საიტით სარგებლობას თან ახლავს საშიშროებები. თუ მშობლები საიტზე დარეგისტრირების ნებას გაძლევენ, როგორ შეგიძლია თავი აარიდო ამ საშიშროებებს?

უსაფრთხო „მგზავრობა“

ზოგჯერ ინტერნეტით სარგებლობა მანქანის ტარებას ჰგავს. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ყველა, ვისაც მართვის მოწმობა აქვს, არ არის კარგი მძღოლი. ბევრი დაუდევრობის ან უყურადღებობის გამო საშინელ ავტოკატასტროფაში ხვდება.

იგივე შეიძლება ითქვას იმ ადამიანებზე, ვინც ინტერნეტით სარგებლობს. ზოგი კარგად „მართავს“ ინტერნეტს, ზოგი კი დაუდევრად. თუ მშობლები სოციალური ქსელის საიტზე დარეგისტრირების ნებას გაძლევენ, ისინი გენდობიან, რომ შენ „გვერდს აუვლი“ ინტერნეტ-სივრცის ყველაზე საშიშ ადგილებს. ასე რომ, დაფიქრდი, როგორი „მძღოლი“ ხარ? აჩვენებ შენი მოქმედებით, რომ ინარჩუნებ „სიბრძნესა და ჭკუას“? (იგავები 3:21).

ამ სტატიაში შევეხებით სოციალური ქსელის ორ მხარეს, რომელზეც სერიოზულად ღირს დაფიქრება — შენი უსაფრთხოება და დრო. „გამოიღვიძეთ!“-ის მომდევნო ნომრის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ კი ვიმსჯელებთ კიდევ ორ მხარეზე — შენს რეპუტაციასა და მეგობრებთან ურთიერთობაზე.

შენი უსაფრთხოება

როდესაც სოციალური ქსელით სარგებლობ, არ ფიქრობ იმაზე, თუ რამდენად დაცულია შენი უსაფრთხოება. ბოლოს და ბოლოს, სოციალური ქსელის მიზანი ხომ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაა?! მაგრამ თუ ფრთხილად არ იქნები, შეიძლება საფრთხეში ჩაიგდო თავი.

წარმოიდგინე, რომ ხელთ გაქვს დიდი ოდენობის ნაღდი ფული. ნუთუ მეგობრებთან ქუჩაში სეირნობის დროს ყველას დაანახვებდი ამ თანხას? ეს უგუნურება იქნებოდა — ამით თავად წაახალისებდი სხვებს, რომ წაერთმიათ შენთვის ფული. გონიერი ადამიანი ისეთ ადგილზე შეინახავს ფულს, რომ სხვებმა ვერ დაინახონ.

შენი პირადი მონაცემები ნაღდი ფულის მსგავსია. დახედე ქვემოთ მოცემულ სიას და აღნიშნე, ამ ჩამონათვალიდან რას არ ეტყოდი და არ აჩვენებდი სრულიად უცხო ადამიანს:

․․․․․ ჩემი სახლის მისამართს

․․․․․ ჩემს ელ-ფოსტას

․․․․․ სად მდებარეობს ჩემი სკოლა

․․․․․ როდის ვარ სახლში

․․․․․ როდის არ არის სახლში არავინ

․․․․․ ჩემს სურათებს

․․․․․ რა შეხედულებები მაქვს

․․․․․ რა სურვილები და ინტერესები მაქვს

მაშინაც კი, თუ ყველაზე მხიარული და მეგობრული ადამიანი ხარ, ალბათ, დაეთანხმები იმ აზრს, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, რამდენიმე მათგანის შესახებ მაინც არაფერი უნდა უთხრა უცნობს. მაგრამ ბევრი მოზარდი გაუაზრებლად უზიარებს უცნობებს ასეთ დეტალებს. რა უნდა გააკეთო, რომ მსგავს მახეში არ გაება?

თუ მშობლები ნებას გაძლევენ, შეუზღუდავად ისარგებლო სოციალური ქსელით, კარგად უნდა გაეცნო იმ პარამეტრებს, რაც შენს უსაფრთხოებას უწყობს ხელს, და გამოიყენო ისინი. ნუ ანდობ სოციალურ ქსელს შენს უსაფრთხოებას! ფაქტია, რომ ქსელის მიერ შემოთავაზებულმა სტანდარტულმა პარამეტრებმა შეიძლება იმაზე მეტ ადამიანს მისცეს შენი გვერდისა და კომენტარების ნახვის უფლება, ვიდრე წარმოგიდგენია. სწორედ ამიტომ, ერთმა გოგონამ, სახელად ალისონმა, ისეთი პარამეტრები აირჩია, რომლებიც მხოლოდ მის ახლო მეგობრებს მისცემდა მისი წერილების ნახვის საშუალებას. ალისონი ამბობს: „ზოგ ჩემს მეგობარს ისეთი მეგობრები ჰყავდა, რომლებსაც არ ვიცნობდი და ამიტომ, არ მსურდა, რომ მათ ჩემ შესახებ რამე წაეკითხათ“.

სიფრთხილე მაშინაც კი უნდა გამოიჩინო, როცა შენს ახლო მეგობრებს ეკონტაქტები. კორინი, რომელიც 21 წლისაა, გვიზიარებს: „ყოველთვის იმის მოლოდინში ხარ, რომ მეგობრებისგან შეტყობინებებს მიიღებ და თავადაც უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას ათავსებ საკუთარი თავის შესახებ შენსავე გვერდზე“.

გახსოვდეს, რომ ინტერნეტი არასდროს არის სრულიად უსაფრთხო. ამის მიზეზს გუენ შურგენ ოკეფი ხსნის თავის წიგნში: „დიდ ვებ-გვერდებზე კეთდება მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლები. ამიტომ, რა ინფორმაციასაც ვდებთ ინტერნეტში, ის სრულად არასდროს იშლება. ეს ინფორმაცია სამუდამოდ რჩება, რადგან სადღაც ყოველთვის კეთდება ინფორმაციის სარეზერვო ასლები. თუკი ამის არ გჯერა, მწარედ ცდები“ (CyberSafe).

შენი დრო

დიდი ოდენობის ნაღდ ფულს უსაფრთხოების გარდა, შენი დროც შეიძლება შევადაროთ. ამ მხრივ გონივრულად უნდა გამოიყენო დრო (ეკლესიასტე 3:1). ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რაც ნებისმიერი სახით ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, გამოყენებას ახლავს თან, სწორედ დროის გამოყენებას უკავშირდება. *

„ხშირად ვამბობ, რომ ერთი წუთით დავჯდები ინტერნეტთან, მაგრამ გადის საათი და ისევ კომპიუტერთან ვზივარ“ (ამანდა, 18 წლის).

„დამოკიდებული გავხდი ინტერნეტზე. ყოველთვის, როცა სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი, საათობით ვუჯექი კომპიუტერს იმის შესამოწმებლად, თუ რა კომენტარი გაუკეთეს სხვებმა ჩემს წერილებს, და შემდეგ მათ წერილებს ვკითხულობდი“ (კარა, 16 წლის).

„ვებ-საიტზე ტელეფონით მიმიწვდებოდა ხელი, ამიტომ, სკოლაში, გზად სკოლისკენ თუ უკან, ყოველთვის საიტზე ვიყავი შესული. სახლში დაბრუნების შემდეგ კომპიუტერს მივუჯდებოდი ხოლმე. იმდენად გავხდი ინტერნეტზე დამოკიდებული, რომ თავის დანებება არ მინდოდა“ (რაიანი, 17 წლის).

თუ მშობლები სოციალური ქსელით სარგებლობის ნებას გრთავენ, დაფიქრდი, ყოველდღე რამდენი დრო უნდა დაუთმო კომპიუტერს. შემდეგ შეამოწმე საკუთარი თავი. ერთი თვის განმავლობაში დააკვირდი, რამდენ დროს უთმობ სოციალურ ქსელს და დაინახავ, მოქმედებ თუ არა შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად. გახსოვდეს, რომ დრო ფულია. ამიტომ, არ მისცე სოციალურ ქსელს შენი „გაკოტრების“ საშუალება. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში ხომ გაცილებით ბევრი ფასეული რამ არსებობს! (ეფესოელები 5:15, 16; ფილიპელები 1:10).

ზოგმა ახალგაზრდამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, დრო რომ გაეკონტროლებინა. აი, რას გვიზიარებს ზოგი მათგანი:

„მას შემდეგ, რაც გავაუქმე რეგისტრაცია, ძალიან ბევრი დრო გამომიჩნდა. შვებით ამოვისუნთქე. ახლახან ისევ გავაქტიურდი, მაგრამ უკვე შემიძლია დროის გაკონტროლება. ყოველდღე აღარ ვუზივარ კომპიუტერს და არ ვამოწმებ ინფორმაციას, ხანდახან მავიწყდება კიდეც. თუ სოციალური ქსელით სარგებლობისას კვლავ შემექმნება პრობლემა, ისევ გავაუქმებ რეგისტრაციას“ (ალისონი, 19 წლის).

„რეგისტრაცია გავაუქმე და რამდენიმე თვით დავემშვიდობე ქსელს. შემდეგ კვლავ გავაქტიურდი. ასეთ ზომებს მაშინ ვიღებ, როცა ვხვდები, რომ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ ინტერნეტთან. ახლა ვგრძნობ, რომ უწინდელივით აღარ ვარ დამოკიდებული ინტერნეტზე. მე მას უმიზნოდ აღარ ვიყენებ“ (ანა, 22 წლის).

უმთავრესი გასათვალისწინებელი ფაქტორი

სოციალურ ქსელთან დაკავშირებით საყურადღებოა კიდევ ერთი მხარე. ეს მხარე უკეთ რომ დაინახო, აღნიშნე ✔ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს სოციალური ქსელი.

სოციალური ქსელი, ძირითადად, ხელს უწყობს . . .

) ___ ბიზნესს

) ___ მეგობრების“ წრეში გაერთიანებას

) ___ სხვადასხვა სახის გართობას

რომელია სწორი პასუხი? რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს, სწორი პასუხია ვარიანტი ა. პირველ რიგში, სოციალური ქსელი ხელს უწყობს ბიზნესს. მისი მიზანია, ძირითადად, რეკლამების მეშვეობით ნახოს სარგებელი. რეკლამის განმთავსებლებისთვის ქსელი უფრო ხელსაყრელი ხდება, რადგან მომხმარებლების რიცხვი მატულობს და, შესაბამისად, მათი რეკლამის ნახვის საშუალება მეტ ადამიანს ეძლევა. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ ინტერნეტს, მით უფრო მეტ რეკლამას ნახავ.

ამის ცოდნა დაგეხმარება იმის დანახვაში, რომ სინამდვილეში სოციალური ქსელი ბევრს არაფერს კარგავს და ამასთანავე, რეკლამის განმთავსებლებიც დიდ მოგებას ნახულობენ, თუ შენ უფრო მეტ ადამიანს უკავშირდები ან ძალიან ბევრ დროს უთმობ ინტერნეტს. როგორც უნდა იყოს, თუ ისარგებლებ სოციალური ქსელით, დარწმუნდი, რომ სრულიად ხარ დაცული, და ყურადღება მიაქციე, რამდენ დროს უთმობ ინტერნეტს.

„გამოიღვიძეთ!“-ის მომდევნო ნომრის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“

ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს სოციალური ქსელი შენს რეპუტაციასა და მეგობრებთან ურთიერთობაზე.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 5 სოციალური ქსელი არის ვებ-გვერდი, რომელზეც დარეგისტრირებულ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის და „მეგობართა წრეში“ გაერთიანების საშუალება ეძლევათ.

^ აბზ. 24 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ არც მხარს უჭერს და არც განსჯის სოციალური ქსელის რომელიმე საიტს. ქრისტიანებმა ისე უნდა ისარგებლონ ინტერნეტით, რომ არ დაარღვიონ ბიბლიური პრინციპები (1 ტიმოთე 1:5, 19).

^ აბზ. 47 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2011 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატია „დამოკიდებული ხომ არ გავხდი ტექნიკაზე?“ რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 26-ე გვერდზე მოცემულ ჩარჩოს, სათაურით „სოციალურ ქსელებში გაბმული“.

[ჩანართი 25 გვერდზე]

რადიოს 50 მილიონი მსმენელი რომ გაეჩინა, ამისთვის 38 წელი იყო საჭირო

[ჩანართი 25 გვერდზე]

„ფეისბუქზე“, სულ რაღაც, ერთ წელიწადში 200 მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა

[ჩარჩო 27 გვერდზე]

გაიგე შენი მშობლების აზრი

მშობლებთან ერთად იმსჯელე, როგორ შეიძლება სოციალური ქსელით სარგებლობის დროს შენი უსაფრთხოების დაცვა. რისი გაკეთება იქნება საუკეთესო შენი უსაფრთხოებისთვის, და რატომ? როგორი ინფორმაცია არ უნდა დადო ინტერნეტის ნებისმიერ საიტზე, და რატომ იქნება ეს სახიფათო? აგრეთვე სთხოვე მშობლებს, გირჩიონ, როგორ უნდა იპოვო ოქროს შუალედი სოციალური ქსელით ურთიერთობასა და პირისპირ ურთიერთობას შორის? რას შემოგთავაზებენ ისინი?

[სურათი 26 გვერდზე]

სოციალური ქსელის საიტზე შენი პირადი ინფორმაცია შეიძლება ისე არ იყოს დაცული, როგორც გგონია

[სურათი 27 გვერდზე]

დრო ფულია. თუ ერთ ჯერზე დახარჯავ მთლიან თანხას, როცა დაგჭირდება, ჯიბეგამოფხეკილი იქნები