არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უელსელი მეცხვარის ცხოვრების ერთი წელი

უელსელი მეცხვარის ცხოვრების ერთი წელი

უელსელი მეცხვარის ცხოვრების ერთი წელი

მეცხვარეები მილიარდზე მეტ ცხვარს უვლიან მთელ მსოფლიოში. ყოველ სეზონს თავისი სირთულეები ახლავს. გერვინი, იოანი და რაიანი აღწერენ მეცხვარის საქმეს უელსის მთებში, სადაც ცხვარი ხალხის რაოდენობას აჭარბებს — სამ ცხვარზე დაახლოებით ერთი ადამიანი მოდის.

გაზაფხული — ბატკნების მოგების სეზონი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად მეცხვარეებს დღედაღამ მოსვენება არა აქვთ, რადგან ცხვარს ეხმარებიან იმ დროს, როცა ბატკანს აჩენს.

გერვინი: „მართალია, ბატკნების მოგების სეზონი ყველაზე დამღლელია, მაგრამ ამას დიდი სიხარული მოაქვს. კარგად გაწვრთნილ ძაღლს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. როცა ცხვარს გაჩენა უჭირს, ჩემი ძაღლი ფრთხილად იჭერს კბილებით ცხვარს და აკავებს, სანამ ჩვენ მას ვეხმარებით“.

იოანი: „რამდენჯერაც არ უნდა დავეხმარო ცხვარს გაჩენაში, ყოველთვის ერთ სიამოვნებად ღირს ახალდაბადებული ბატკნის ხილვა!“

ზაფხული — პარსვის სეზონი

მეცხვარეები ზაფხულობით ცხვარს პარსავენ. ერთი ცხვრისგან მიღებული მატყლი ზოგჯერ 10 კილოგრამს იწონის, რაც, რა თქმა უნდა, ცხვრის ჯიშზეც არის დამოკიდებული. დღეში მეცხვარემ შეიძლება 250 ცხვარი გაპარსოს.

რაიანი: „თავდაპირველად ცხვარს კუდის გარშემო ჭუჭყიან ბეწვს ვაცლი და შემდეგ გასაპარსად ვამზადებ. რამდენიმე წუთში გამოცდილი მპარსველები ელექტროსაპარსის მეშვეობით მთლიანად პარსავენ ცხვარს. მპარსველს მატყლის გასუფთავებაში ვეხმარები; ამის შემდეგ საგულდაგულოდ ვახვევ მატყლს და ვდებ ტომრებში გასაყიდად“.

მეცხვარეებს იმედი აქვთ, რომ დაბლობში ერთი-ორი კვირა მაინც არ გაწვიმდება, რათა ბალახი მოთიბონ და თივაც კარგი ხარისხის იყოს. ამ საკვებით ცხვარი გამოიზამთრებს. თივის გადაზიდვაში ოჯახს მეგობრები ეხმარებიან.

იოანი: „რა სასიამოვნოა, როცა მეორე დილით მოთიბულ მინდორზე დადიხარ და იცი, რომ მოსავალი უკვე დაბინავებულია!“

ცხვრების თავმოყრა შემოდგომაზე

დედალი ცხვრებისგან ბატკნები რომ გამოაცალკეონ, მეცხვარეები მთიდან უყრიან ფარას თავს.

იოანი: „ზოგ მთაზე არ არის არც ცოცხალი ღობე და არც ქვის კედელი, მიუხედავად ამისა, ცხვარი იშვიათად იკარგება ან გადადის მეზობლის ტერიტორიაზე. ჩვენს ფერმაში დედალმა ცხვარმა კარგად იცის თავისი საზღვრები. დედალმა, რომელმაც თავისი საძოვრის საზღვრები თავისი დედისგან ან მწყემსისგან იცის, შემდგომ თავის დედალ ბატკნებს იგივეს ასწავლის. თუმცა, ზოგიერთ გზააბნეულ ცხვარს საათების, ზოგჯერ დღეების განმავლობაშიც კი ვეძებთ“.

მეცხვარე ჯერ სინჯავს და შემდეგ ყიდულობს ყოჩს და შესაჯვარებლად ამზადებს. 25-დან 50-მდე დედალს ერთი ყოჩი სჭირდება დასამაკებლად. აქედან გამომდინარე, ყოჩების ყოლა ფარისთვის გადამწყვეტია.

დამაკებიდან 10—12 კვირაში მწყემსები ულტრაბგერითი სკანერის მეშვეობით იგებენ, რომელი ცხვარია მაკედ და რამდენ ბატკანს შობს თითოეული გაზაფხულზე. ბერწებს ყიდიან. ცხვრებს, რომლებსაც ერთი ბატკანი ეყოლებათ, ერთად აჯგუფებენ, ხოლო რომელიც ორს ან სამს მოიგებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და დამატებით ულუფასაც აძლევენ.

ცხვრების გამოკვება ზამთარში

მაკე ცხვრების გამოკვებას ბევრი დრო მიაქვს ზამთარში, მაშინ როცა დღე ისედაც მოკლეა. მწყემსი ნებისმიერ ამინდში ცხვრების გვერდითაა, რათა ცხვარს ძლიერი ყინვების დროს საკვები არ შემოაკლდეს.

გერვინი: „ასეთ დროს ცხვარს განსაკუთრებით სჭირდება მწყემსის მზრუნველობა — საკვებით მომარაგება და მფარველობა“.

რაიანი: „ძალიან მიხარია, რომ ყველა სეზონს ველური ბუნების წიაღში ვატარებ და ვხედავ, როგორ იცვლება არემარე წელიწადის სხვადასხვა დროს. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ ვაკეთებ საქმეს, რაც ასე ძლიერ მიყვარს — ვზრუნავ ფარაზე“.

[რუკა 12 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჩრდილოეთი ირლანდია

ირლანდია

შოტლანდია

უელსი

ინგლისი

[სურათი 14 გვერდზე]

იოანი სინჯავს ყოჩს

[სურათი 14 გვერდზე]

გერვინი თავის გაწვრთნილ ძაღლთან ერთად