გააკეთებთ გონივრულ არჩევანს?
გააკეთებთ გონივრულ არჩევანს?
„ჩემი მშობლები საშინლად მოსაწყენ მუსიკას უსმენენ“, — ჩივის 17 წლის ჯორდანი *.
„ჩემი შვილი სულ დეპრესიულ და აგრესიულ მუსიკას უსმენს“, — დარდობს ჯორდანის დედა დენიზი.
რატომ აქვთ მშობლებსა და შვილებს განსხვავებული აზრი მუსიკაზე? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს გემოვნებაც ეცვლება. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ თავად მუსიკაა ცვალებადი. ასე რომ, ის, რაც დღეს პოპულარულია, ხვალ შეიძლება მოდიდან გადავიდეს.
გინდ ასე იყოს, გინდ ისე, მუსიკა გავლენას ახდენს ჩვენზე. დაკვირვებიხართ, როგორ მოქმედებს მუსიკა თქვენს ემოციებზე? როდესაც ძველი ისრაელის მეფეს, საულს, გულზე დარდი შემოაწვებოდა ხოლმე, წყნარი მუსიკა ამშვიდებდა (1 სამუელი 16:23). რაღაც გაგებით, მუსიკის მოსმენა შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობას ჰგავდეს. ზოგი ადამიანი ჩვენს ემოციებზე დადებითად მოქმედებს — ბედნიერებითა და სიყვარულით გვავსებს. ზოგი კი უარყოფით გრძნობებს აღძრავს ჩვენში, მაგალითად, გულისწყრომასა და სიძულვილს (იგავები 13:20).
რაკი ასე ძლიერ მოქმედებს მუსიკა ჩვენზე, მშობლებმაც და შვილებმაც ის დიდი დაკვირვებით უნდა შეარჩიონ. მშობლებო, ხართ დაინტერესებული იმით, თუ რას უსმენენ თქვენი შვილები და რამდენ დროს უთმობენ მუსიკას? უდგენთ მათ წესებს?
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობელმა შვილს უბრალოდ აუკრძალოს ამა თუ იმ ალბომისა თუ გარკვეული სახის მუსიკის მოსმენა. ნაცვლად ამისა, მან უნდა ასწავლოს შვილს, შესაფერისი მუსიკის არჩევა. ერთ წიგნში ნათქვამია: „რაც სხვას მოსწონს, ხაზი არ უნდა გადაუსვა და არ უნდა დატოვო ადამიანი ვაკუუმში. ყოველთვის არსებობს რაღაც ახალი, რითაც შეიძლება ძველის ჩანაცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავის ძველ გზას დაუბრუნდება“ (On Becoming Teenwise).
სხვა ფაქტორი, რომელიც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს არის ის, თუ რამდენ დროს უთმობენ მათი შვილები მუსიკის მოსმენას. ბავშვი ამას საშინაო დავალებების, სულიერი საქმეების ან სახლის საქმეების ხარჯზე ხომ არ აკეთებს? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1).
ერთ-ერთ პრობლემად შეიძლება განმარტოებაც იქცეს. რასაკვირველია, ყველას გვჭირდება განმარტოება და დრო ფიქრისთვის, რათა ზედაპირული ადამიანები არ ვიყოთ (ფსალმუნი 1:2, 3). მაგრამ უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ — ამ დროს ადამიანი შეიძლება საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტოს და თავკერძა გახდეს (იგავები 18:1). ფილიპს, რომელიც დღეს 20 წლისაა, ერთ დროს მუსიკის მოსმენა განმარტოების საშუალებად მიაჩნდა. „დედაჩემი ძალიან ნერვიულობდა ამაზე“, — ამბობს ის.
რა დაეხმარებათ ფილიპისა და მისი მშობლების მსგავს მდგომარეობაში მყოფებს, ომის გარეშე მიაღწიონ შეთანხმებას? როგორ შევარჩიოთ მუსიკა გონივრულად? ბევრს ამ საქმეში ბიბლიური პრინციპები დაეხმარა. მშობლებო, შვილებთან ერთად იმსჯელეთ ქვემოთ მოცემულ სამ საკითხზე.
● რა აზრს ატარებს მუსიკის ტექსტი? „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი იხსენიებოდეს თქვენ შორის“ (ეფესოელები 5:3). ბევრი სიმღერის ტექსტი ნორმალური შინაარსისაა. მაგრამ ზოგი ფარულად ან აშკარად იწონებს, ან ხელს უწყობს ისეთ საქციელს, რომელიც ეწინააღმდეგება ესოდენ ფასდაუდებელ ბიბლიურ პრინციპებს. ზოგიერთი მუსიკალური ჟანრი ცნობილია უზნეობის, სიძულვილის და ძალადობის გამომხატველი სიტყვებით. ერთი მწერალი კარენ სტერნჰეიმერი ამბობს: „ზოგჯერ რეპის ტექსტი თავზარდამცემია, აღსავსეა სისასტიკით, ქალთმოძულეობითა და უხამსობით“. ჰევი-მეტალის ტექსტები ხშირად გაჟღენთილია ძალადობითა და ოკულტიზმის ამსახველი სიტყვებით. საზოგადოებაში მიღებულმა პოპულარულმა სიმღერებმაც კი შეიძლება არასწორი საქციელისკენ გიბიძგოთ. ასე რომ, მუსიკის შერჩევისას განსჯის უნარი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში (რომაელები 12:1). მხოლოდ იმიტომ ნუ აირჩევთ მუსიკას, რომ ის პოპულარული და სასიამოვნო მოსასმენია.
● რა გრძნობებს აღძრავს მუსიკა ჩემში? „გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავები 4:23). იმით, თუ როგორ მუსიკას ირჩევთ, აჩვენებთ, რა გიდევთ გულში. მუსიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს გულსა და გონებაზე. ზემოთ მოხსენიებული ჯორდანი ამბობს: „ზოგი მუსიკა ჩემში ბრაზსა და აგრესიას აღძრავს“. ჰკითხე საკუთარ თავს: როგორ მოქმედებს ჩემ მიერ არჩეული მუსიკა ჩემს ფიქრებსა და განწყობაზე? კარგ ხასიათზე მაყენებს და მამშვიდებს, თუ მძაბავს და სევდას მგვრის? უხამს ფიქრებს ხომ არ აღმიძრავს? (კოლოსელები 3:5). თუ მუსიკა თქვენში იწვევს არასასურველ გრძნობებსა და ფიქრებს, მაშინ უარი უნდა თქვათ ასეთ მუსიკაზე (მათე 5:28, 29). 17 წლის ხანა ამბობს: „ვხედავ, რომ მუსიკას ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ჰოდა ფრთხილად ვარ“.
● მოახდენს მუსიკა ჩემს შეხედულებებზე გავლენას? ამოსის 5:15-ში ვკითხულობთ: „შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“. დღეს ეს ადვილი არ არის, რადგან ჩვენ თვალწინ სრულდება შემდეგი ბიბლიური წინასწარმეტყველება: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4). მეხუთე მუხლში კი გრძელდება: „ასეთებს ზურგი აქციე“.
ეფესოელები 4:25, 29, 31). ამის გამო მეტისმეტად შეზღუდული ხომ არ იქნებით? არავითარ შემთხვევაში!
როგორ შეგიძლიათ მოერიდოთ ასეთ ადამიანებს? რა თქმა უნდა, გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე მათთან პირადი ურთიერთობის გაწყვეტა. უნდა მოიშოროთ მუსიკალური ჩანაწერები, რომლებიც ამ ადამიანთა ცუდ ჩვევებს ირეკლავს (ნუ გექნებათ შეზღუდული გემოვნება
ბევრ ოჯახში მშობლები და შვილები ერთმანეთის მუსიკით ინტერესდებიან. ერთი მშობელი, ლენა ამბობს: „ჩემმა 13 წლის ქალიშვილმა თავისი საყვარელი სიმღერა მომასმენინა და ახლა მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენ ამ სიმღერას“. 16 წლის ჰეთერი და მისი მშობლები სიამოვნებით ცვლიან ერთმანეთში დისკებს.
მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და წარმომავლობის მილიონობით იეჰოვას მოწმე ტკბება ნაირ-ნაირი მუსიკის მოსმენით, მათ შორის სულიერად მდიდარი სიმღერებით, რომლებიც მოცემულია წიგნში „უმღერეთ იეჰოვას“. * თუმცა ზოგ კულტურაში მელოდიებს თავისი დამახასიათებელი სტილი აქვს.
მნიშვნელობა არა აქვს, მშობელი ხართ, თუ შვილი, სანამ რომელიმე ალბომს იყიდით, ან ამა თუ იმ მუსიკას გადმოტვირთავთ, თქვენს თავს ჰკითხეთ: ვინ მომცა უნარი, ვისიამოვნო მუსიკით? განა იეჰოვამ არ დამაჯილდოვა ამით? მაშ, როგორ შემიძლია ვაჩვენო, რომ ვაფასებ ამ ძვირფას საჩუქარს? განა იმით არა, რომ გავითვალისწინო მისი თვალსაზრისი სწორსა და არასწორზე, გონივრულსა და არაგონივრულზე? ამ კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, გონივრულად აირჩიოთ მუსიკა, და თქვენი გულიც გაახაროთ და თქვენი შემოქმედისაც (იგავები 27:11).
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 17 შეგიძლიათ უფასოდ გადმოტვირთოთ შემდეგი ვებ-გვერდიდან: www.pr418.com.
[ჩანართი 7 გვერდზე]
ზოგი მუსიკალური ჟანრი საქვეყნოდაა ცნობილი თავისი უზნეო ტექსტებით
[ჩანართი 8 გვერდზე]
ქვეყნად მრავალი სახის მუსიკა არსებობს და თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მათი მოსმენით
[ჩარჩო 7 გვერდზე]
რატომ მოვახდინე ცვლილებები?
„ბევრს ვსვამდი, ნარკოტიკებს ვიღებდი და სულ ვჩხუბობდი. ამაში ხელს მუსიკაც მიწყობდა, სულ ჰევი-მეტალს და რეპს ვუსმენდი, — ამბობს 24 წლის ეშლი. — უხამსი, ზიზღით აღსავსე ტექსტები და ძლიერი და გიჟური რიტმი ენერგიით მავსებდა. მუსიკის წყალობით დავუმეგობრდი მათ, ვინც ნარკოტიკებს იღებდა. რეპერები და ჰევი-მეტალისტები ჩვენთვის ჭკუის დამრიგებლები და გმირები იყვნენ.
ჩემი ცხოვრება უკან-უკან მიდიოდა. 17 წლისა კინაღამ გამოვემშვიდობე სიცოცხლეს გადაჭარბებული დოზის გამო. როცა გონს მოვედი, ვილოცე და ღმერთს დახმარება ვთხოვე. ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა, რომ ღმერთის სახელი იეჰოვა იყო და მივხვდი, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვინც ხალხს ღვთის შესახებ ასწავლიდნენ. ასე რომ, ავიღე სატელეფონო ცნობარი, დავრეკე მათთან და დავიწყე ბიბლიის შესწავლა.
მოვიშორე ცუდი ჩვევები; უარი ვთქვი იმ მუსიკაზე, რომელსაც ვუსმენდი. მაგრამ როცა დისკები ჩავყარე სანაგვე ყუთში, ვიდექი და გაშტერებული დავყურებდი; თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. ამ დროს ჩემს თავს ვუთხარი, რომ სწორედ ეს მუსიკა და ჩემი ცუდი ჩვევები იყო, ასე რომ მანადგურებდა. მოვბრუნდი და წამოვედი.
მართალია, ამ ამბების შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ მიმიწევს გული ჰევი-მეტალისკენ და რეპისკენ. ამიტომ, ისე ვერიდები მათ, თითქოს ნარკოტიკი იყოს. დღეს სხვადასხვა სახის მუსიკას ვუსმენ, ხალხურ შემოქმედებას, მსუბუქ როკს და ზოგიერთი სახეობის კლასიკას. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ჩემი თავის ბატონ-პატრონი უკვე მე თვითონ ვარ“.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
რჩევები მშობლებს
გაწუხებთ ის, თუ რა მუსიკას უსმენს თქვენი შვილი? როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას დიდი დავიდარაბის გარეშე? დაფიქრდით ქვემოთ მოცემულ რჩევებზე:
დააზუსტეთ. სანამ სათქმელს იტყვით, ფაქტებს გაეცანით. მოუსმინეთ მუსიკას, დაუკვირდით ტექსტს, შეამოწმეთ დისკის გარეკანი ან მომღერლის ვებ-გვერდი და კლიპი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: მართლა მაქვს წუხილის მიზეზი ან ძალიან ხომ არ ვწვრილმანდები? ბიბლიაში წერია: „გონიერი პასუხის გაცემამდე ფიქრობს; მისი ნათქვამი უფრო დამაჯერებელია“ (იგავები 16:23, Today’s English Version).
იყავით დაკვირვებული. მუსიკა დაგეხმარებათ, ჩასწვდეთ თქვენი შვილის სამყაროს. გაიგეთ, რას ფიქრობს, ოღონდ ეს რბილად გააკეთეთ. ჰკითხეთ: რა მოგწონს ამ მუსიკაში? რაიმე ცუდს ხომ არ ხედავ მასში? შემდეგ გულისყურით მოუსმინეთ. იგავების 20:5 ში ვკითხულობთ: „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“.
დაარიგეთ. თქვენი მიზანი ის არ უნდა იყოს, რომ ბავშვმა გადააგდოს მიუღებელი სიმღერების ალბომი, არამედ, დაეხმაროთ მას აღქმის უნარის გაწაფვაში „კარგისა და ცუდის გასარჩევად“. ამგვარად ის თავად შეძლებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას (ებრაელები 5:14). ასე რომ, ჯობია შვილს სწორი მიმართულება მისცეთ: ასწავლეთ, თავად იკვლიოს ბიბლიური პრინციპები და იმსჯელოს მათზე. ასეთი სახით, მას დაეხმარებით აზროვნების უნარისა და ღვთიური სიბრძნის განვითარებაში, რაც ოქროზე უკეთესი შენაძენია! (იგავები 2:10—14; 3:13, 14).
იყავით მტკიცე, თანამგრძნობი და სულგრძელი. „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12). შვილთან მსჯელობის დროს ნუ იქნებით დოგმატური და ნუ იკამათებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ დროს თქვენც იყავით მისი ასაკის.
[ჩანართი 8 გვერდზე]
მუსიკის არჩევისას იხელმძღვანელეთ ზნეობრივი ნორმებით