მკერდის კიბო იმედები და ბრძოლის მეთოდები
მკერდის კიბო იმედები და ბრძოლის მეთოდები
კონჩიტას არანაირი რისკ-ფაქტორი არ აღენიშნებოდა. * ის იყო 40 წლის ჯანმრთელი ქალი და მის ოჯახში მკერდის კიბო არავის ჰქონია. ის ხშირად იტარებდა მამოგრაფიულ გამოკვლევას და მის მამოგრამაზე უჩვეულო არაფერი შეინიშნებოდა. მაგრამ ერთ დღესაც, შხაპის მიღების დროს მკერდის ხელით გასინჯვისას მცირე ზომის კვანძი შენიშნა. მას მკერდის კიბო აღმოაჩნდა. კონჩიტა და მისი ქმარი სუნთქვაშეკრულები უსმენდნენ ექიმს, რომელიც უხსნიდა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა მათ შემთხვევაში.
უწინ ქალს, რომელსაც მკერდის კიბო ჰქონდა, ექიმი სთავაზობდა ერთადერთ გამოსავალს, რადიკალურ მასტექტომიას — ოპერაციას, რომლის დროსაც კვეთენ მკერდს, გულმკერდისა და იღლიის ლიმფურ კვანძებს და გულმკერდის კუნთებს. ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია ხშირად ხანგრძლივ სირთულეებთანაა დაკავშირებული და გასაგებია, თუ რატომ ეშინია ბევრს უფრო მეტად მკურნალობის პროცესის, ვიდრე თვითონ დაავადების.
დიდი ხანია მიმდინარეობს ბრძოლა მკერდის კიბოს წინააღმდეგ. მიზანი ის არის, რომ ერთის მხრივ განხორციელდეს ამ მკვლელზე შეტევა და მეორეს მხრივ, თავიდან იქნეს არიდებული სხეულის დასახიჩრება და მტკივნეული გვერდითი მოვლენები. კონჩიტას მსგავსად, დღეს პაციენტს შეუძლია მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის არჩევა. * სამედიცინო გამოკვლევები და ანგარიშები, რომლებიც გამუდმებით იწარმოება, მხარს უჭერს იმ აზრს, რომ მკურნალობის უახლესი მეთოდებით, წინასწარ ჩატარებული ტესტებითა და დიეტით შესაძლებელია ამ დაავადების დამარცხება.
მიუხედავად სამედიცინო წინსვლებისა, მდედრობითი სქესის ადამიანებში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად მკერდის კიბო სახელდება. * ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში კიბოთი დაავადებულთა რიცხვი მაღალია, თუმცა აზიასა და აფრიკაში, სადაც ჩვეულებრივ დაბალი მაჩვენებელი იყო, ბოლო პერიოდში ამ რიცხვის ზრდა შეინიშნება. უფრო მეტიც, აზიასა და აფრიკაში მკერდის კიბოთი დაავადებულთა შორის უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სხვაგან. რა არის ამის მიზეზი? აფრიკაში მოღვაწე ერთი ექიმი ამბობს: „ადამიანი ვერ ამჩნევს სიმსივნეს ადრეულ სტადიაზე. პაციენტების უმეტესობა მაშინ მოგვმართავს, როცა უკვე დაავადება შორს არის წასული“.
ასაკის მატებასთან ერთად რისკიც მატულობს. დაავადებულ ქალთა 80 პროცენტი 50 წელს გადაცილებულია. მაგრამ დამაიმედებელია იმის ცოდნა, რომ სიმსივნეთა შორის ყველაზე მეტად მკერდის კიბო იკურნება. მართლაც, ქალების 97 პროცენტი, რომელთაც მკერდის კიბო ადრეულ სტადიაზე დაუდგინდათ, დიაგნოზის დასმის შემდეგ, სულ მცირე ხუთ წელიწადს ცოცხლობენ. კონჩიტასაც ხუთი წლის წინ დაუსვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი და დღემდე თავს კარგად გრძნობს.
როგორ ვითარდება მკერდის კიბო
როგორც კონჩიტას შემთხვევაში, მკერდის კიბოს აღმოჩენა ხშირად კვანძის შემჩნევით ხდება. საბედნიეროდ, ასეთი კვანძების თითქმის 80 პროცენტი კეთილთვისებიანი ან ლოკალიზებულია, ბევრი სითხითაა სავსე და კისტის სახელითაა ცნობილი.
დასაწყისში გადაგვარებული უჯრედი უკონტროლოდ იყოფა და თანდათანობით ყალიბდება მკერდის სიმსივნე. სიმსივნე ხდება ავთვისებიანი, როცა მისი უჯრედები სხვა ქსოვილებში იჭრება. ზოგიერთი სიმსივნე სწრაფად იზრდება; ზოგის გამოვლენას კი ათ წელზე მეტი სჭირდება.
ექიმმა კონჩიტას წვრილი ნემსით კვანძიდან აუღო ქსოვილის სინჯი. აღმოჩნდა, რომ ეს ქსოვილი კიბოს უჯრედებს შეიცავდა. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია — ამოკვეთეს სიმსივნე და მის ირგვლივ არსებული მკერდის ქსოვილი, რათა დაედგინათ სიმსივნის სტადია (ზომა, ტიპი და მოხდა თუ არა მეტასტაზების გავრცელება) და ზრდის სისწრაფე.
ოპერაციის შემდეგ ბევრი პაციენტი დამატებით მკურნალობას იტარებს, რათა ამ დაავადებამ კვლავ არ იჩინოს თავი ან არ გავრცელდეს ორგანიზმში. კიბოს უჯრედები შეიძლება მოწყდეს სიმსივნურ წარმონაქმნს, „იმოგზაუროს“ სისხლისა და ლიმფური სისტემის დახმარებით და კვლავ დაიწყოს ზრდა. მეტასტაზები აღწევენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებამდე და ქსოვილებამდე — ტვინამდე, ღვიძლამდე, ძვლის ტვინამდე ან ფილტვებამდე — და ეს დაავადება უკვე მომაკვდინებელი ხდება.
კონჩიტას ჩაუტარდა სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია, რათა გაენადგურებინათ გაფანტული კიბოს უჯრედები კერის ირგვლივ და მთლიან ორგანიზმში. ვინაიდან კიბოს ის ფორმა, რომელიც მას აღმოაჩნდა, იკვებება ესტროგენით, კონჩიტა დამატებით ანტიჰორმონულ წამლებსაც იღებდა, რათა არ წარმოქმნილიყო ახალი კერები.
მკერდის კიბოს მკურნალობის უახლესი მეთოდების დახმარებით შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მემკვიდრეობითი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით. მაგალითად, ერთი ქალის, არლეტეს შემთხვევაში გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას კიბო ჰქონდა, თუმცა ჯერ არ იყო ის სარძევე სადინარიდან გავრცელებული. ასე რომ, მას ჩაუტარდა ლამპექტომია (სარძევე ჯირკვლის სეგმენტური ამოკვეთა) და ამის წყალობით მკერდი შეუნარჩუნდა. ალისას კი ქირურგიულ ჩარევამდე ჩაუტარდა ქიმიოთერაპია, რათა შემცირებულიყო სიმსივნის ზომები. ჯენისის შემთხვევაში მხოლოდ სიმსივნისა და დამცავი ლიმფური კვანძის ამოკვეთა გახდა საჭირო, სადაც სიმსივნიდან სითხე ჟონავდა. ვინაიდან ეს კვანძი სიმსივნურ უჯრედებს არ შეიცავდა, სხვა კვანძები ხელუხლებელი დატოვეს. შედეგად შემცირდა მკლავის ლიმფედემის რისკი — უსიამოვნო შეშუპება, რომელიც მაშინ იწყება, როცა ბევრი ლიმფური კვანძია ამოკვეთილი.
მედიცინის მუშაკებმა დღეს უკვე ბევრი იციან მკერდის კიბოს განვითარებაზე, მაგრამ მთავარი კითხვა კითხვად რჩება: რატომ და როგორ ჩნდება კიბო?
რა იწვევს
დღემდე ამოუცნობია ის, თუ რა იწვევს მკერდის კიბოს. კრიტიკოსების თქმით, უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მკურნალობასა და სკრინინგს (მიკროსკოპული გამოკვლევა), რაც თავის მხრივ, უზარმაზარი მოგების წყაროა, ვიდრე კიბოს გამომწვევი მიზეზების კვლევას და მათ თავიდან არიდებას. თუმცა მეცნიერებმა ერთ მნიშვნელოვან დეტალს მიაგნეს. ზოგს სჯერა, რომ მკერდის კიბოს იწვევს რთული, მრავალსაფეხურიანი პროცესი, რომელიც მაშინ იწყება, როცა ერთი დეფექტური გენი სხვა უჯრედების გადაგვარებას იწყებს. ამ დროს მიმდინარეობს უჯრედების უსწრაფესი დაყოფა და სხვა ქსოვილებში შეჭრა. იმუნური სისტემა წინააღმდეგობას ვერ უწევს გადაგვარებულ უჯრედებს და ხდება მათი შეღწევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში.
როგორ ხდება გენების გადაგვარება? ქალების 5—10 პროცენტი ისეთი გენებით იბადება, რომელთაც მკერდის კიბოსკენ აქვთ მიდრეკილება. მაგრამ ვარაუდობენ, რომ ბევრ შემთხვევაში ჯანმრთელი გენები ზიანდება გარემო ფაქტორებით, მაგალითად, რადიაციული გამოსხივებითა და ქიმიური დაბინძურებით. ეს ფაქტორები კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად სახელდება. ალბათ, ამას სამომავლო კვლევები დაადასტურებს.
კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონ ესტროგენთან, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გარკვეული სახის მკერდის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. ამიტომ, რისკ-ფაქტორი იზრდება, თუ ქალს მენსტრუაცია დაეწყო ძალიან ადრეულ ასაკში, ან თუ ციკლი ჩვეულებრივზე გვიან შეუწყდა; ასევე მაშინ, თუ პირველი მშობიარობა გვიანდელ ასაკში ჰქონდა ან მშობიარობა საერთოდ არ ჰქონია, ანდა კიდევ, თუ ჰორმონულ მკურნალობას გადიოდა. რადგან ცხიმოვანი უჯრედები წარმოქმნის ესტროგენს, ჭარბმა წონამ შეიძლება გაზარდოს რისკი ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, როდესაც საკვერცხეები ვეღარ გამოიმუშავებს ჰორმონებს. სხვა რისკ-ფაქტორებს შორისაა ჰორმონ ინსულინის მაღალი დონე და ძილის ჰორმონის, მელატონინის დაბალი დონე, რაც ხშირ შემთხვევაში ღამით მომუშავეებს აღენიშნებათ.
უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ მომავალში მკერდის კიბოს მკურნალობა უფრო ეფექტური და ნაკლებად ტრავმული გახდება? დღეისათვის მიმდინარეობს მკურნალობის ისეთი მეთოდების დახვეწა, რომლის დროსაც გამოიყენება ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემა და მედიკამენტები, რითაც ხდება გენებისა და ცილების დათრგუნვა, რომელიც კიბოს ზრდას უწყობს ხელს. მანამდე კი გაუმჯობესებული სამედიცინო აპარატურები დაეხმარება ექიმებს სხივური თერაპია უფრო ზუსტად და ეფექტურად ჩაატარონ.
მკვლევარებს სხვა სირთულეებთანაც უწევთ ბრძოლა, კერძოდ, ამოიცნონ მეტასტაზების საიდუმლოება, გაანადგურონ კიბოს ქიმიორეზისტენტული უჯრედები, დათრგუნონ სიმსივნური უჯრედების ზრდის მასტიმულირებელი სიგნალები და ყველანაირი სახის სიმსივნეს ინდივიდუალურად მიუდგნენ.
ყველაფრის მიუხედავად, დღევანდელ ქვეყნიერებაში ავადმყოფობა მაინც იქნება და ადამიანები მაინც მოკვდებიან (რომაელები 5:12). ამ მწარე რეალობის შეცვლა მხოლოდ ჩვენს შემოქმედს შეუძლია. მაგრამ შეცვლის კი? ბიბლია ამბობს, რომ შეცვლის! მასში წერია, რომ მოვა დრო, როცა „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ * (ესაია 33:24). რამხელა შვება იქნება!
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 ზოგი სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 4 გამოიღვიძეთ!“-ი რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს.
^ აბზ. 5 მამაკაცებში მკერდის კიბო შედარებით იშვიათია.
^ აბზ. 21 თუ გნებავთ, მეტი გაიგოთ ღვთის ამ დაპირების შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათი 24, 25 გვერდებზე]
საყურადღებო ნიშნები
გადამწყვეტ როლს თამაშობს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა. მაგრამ ზოგიერთი გამოკვლევა გაფრთხილებას იძლევა, რომ მკერდის ხელით გასინჯვამ და მამოგრამამ შესაძლოა ყოველთვის ზუსტი დიაგნოზი ვერ დასვას ახალგაზრდა ქალებში, რასაც მოჰყვება არასაჭირო მკურნალობა და ზედმეტი ნერვიულობა. თუმცა ექსპერტები დაჟინებით მოუწოდებენ ქალებს, უყურადღებოდ არ დატოვონ ნებისმიერი ცვლილება მკერდსა და ლიმფურ კვანძებში. ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი საყურადღებო ნიშანი:
● კვანძის ან გამაგრებული ადგილის არსებობა მკერდის ან იღლიის არეში
● რძის გარდა რაიმე სხვა სახის გამონადენი დვრილიდან
● კანის ფერის ან ფორმის ცვლილება
● დვრილის უჩვეულო ჩაზნექა ან დარბილება
[ჩარჩო 25 გვერდზე]
თუ მკერდის კიბოს დიაგნოზი დაგიდგინეს
● მოსალოდნელია, რომ მკურნალობას და გამოჯანმრთელებას წელიწადი ან უფრო მეტი დრო დასჭირდეს.
● თუ შესაძლებელია, შეარჩიეთ კომპეტენტური ექიმები, რომლებიც პატივს სცემენ თქვენს რწმენასა და მოთხოვნებს.
● ოჯახში მოილაპარაკეთ, როდის ეტყვით სხვებს თქვენი დაავადების შესახებ და კონკრეტულად ვის გააგებინებთ ამ ამბავს. ეს საშუალებას მისცემს თქვენს მეგობრებს, სიყვარულით იზრუნონ თქვენზე და ილოცონ თქვენთვის, როგორც თქვენთან ერთად, ისე ცალკე (1 იოანე 3:18).
● შეებრძოლეთ ემოციურ ტკივილს — იკითხეთ ბიბლია, ილოცეთ და დადებითზე იფიქრეთ (რომაელები 15:4; ფილიპელები 4:6, 7).
● ისაუბრეთ მათთან, ვისაც მკერდის კიბო ჰქონდა და ვისაც შეუძლია თქვენი გამხნევება (2 კორინთელები 1:7).
● გულს ნუ დაიმძიმებთ ხვალინდელ დღეზე ფიქრით. „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე, — ამბობს იესო, — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:34).
● არ გადაიღალოთ. საკმარისი დასვენება გჭირდებათ.
[ჩარჩო⁄სურათი 26 გვერდზე]
ესაუბრეთ თქვენს ექიმს
● გაერკვიეთ მკერდის კიბოსთან დაკავშირებულ ძირითად სამედიცინო ტერმინოლოგიაში.
● სანამ ექიმთან მიხვალთ, ჩამოწერეთ კითხვები და სთხოვეთ მეუღლეს ან მეგობარს, გამოგყვეთ და დაგეხმაროთ ჩანაწერების გაკეთებაში.
● თუ ექიმი თქვენთვის გაუგებარ რამეს გეტყვით, სთხოვეთ, აგიხსნათ.
● ჰკითხეთ ექიმს, თქვენნაირი დიაგნოზის მქონე რამდენი პაციენტისთვის უმკურნალია.
● თუ შესაძლებელია, სხვა ექიმსაც გაესაუბრეთ.
● თუ ექიმების აზრი განსხვავდება ერთმანეთისგან, მხედველობაში მიიღეთ, რომელს უფრო მეტი პაციენტი ჰყოლია ამ დაავადებით და სთხოვეთ ამ ექიმებს, ერთად იმსჯელონ თქვენს მდგომარეობაზე.
[ჩარჩო⁄სურათები 27 გვერდზე]
როგორ შევამციროთ გვერდითი მოვლენების ზემოქმედება
კიბოს ზოგიერთი სახეობის მკურნალობას შეიძლება თან ახლდეს გულისრევა, თმის ცვენა, ქრონიკული დაღლილობა, ტკივილი, სახსრებში მგრძნობელობის დაქვეითება ან დაბუჟება და კანის რეაქცია. ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე მარტივი ნაბიჯი დაგეხმარებათ, შეამციროთ გვერდითი მოვლენების ზემოქმედება.
● იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიიღეთ საკმარისი და ჯანსაღი საკვები.
● აწარმოეთ ჩანაწერები, როგორ გრძნობთ თავს ყოველდღე და რა რეაქცია გაქვთ ამა თუ იმ საკვებზე.
● დააკვირდით, ამცირებს თუ არა გულისრევას და ტკივილის შეგრძნებას წამლები, ნემსები ან მასაჟი.
● ივარჯიშეთ ზომიერად, რომ მოძლიერდეთ, აკონტროლოთ წონა და გაიუმჯობესოთ იმუნიტეტი. *
● ხშირად დაისვენეთ. მაგრამ მოერიდეთ დიდხანს წოლას, რომ არ მოდუნდეთ.
● ეცადეთ, კანი არ გამოგიშრეთ. ატარეთ მოშვებული ტანსაცმელი. თბილი წყლით დაიბანეთ.
[სქოლიო]
^ აბზ. 57 სანამ ვარჯიშს დაიწყებენ, მკერდის კიბოთი დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია.
[ჩარჩო 28 გვერდზე]
თუ თქვენს საყვარელ ადამიანს კიბო აღმოაჩნდა
როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს საყვარელ ადამიანს, თუ მას კიბო აღმოაჩნდა? მიჰყევით შემდეგ ბიბლიურ პრინციპს: „მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელები 12:15). გამოხატეთ მისდამი თქვენი სიყვარული და წუხილი; ამისათვის დაურეკეთ, წერილი მისწერეთ, გაუგზავნეთ ღია ბარათი ან ელექტრონული შეტყობინება; კარგი იქნება თუ მცირე ხნით ესტუმრებით. ერთად ილოცეთ და წაიკითხეთ გამამხნევებელი მუხლები ბიბლიიდან. იეჰოვას მოწმეების მიმომსვლელი ზედამხედველის მეუღლე, ბერილი გვირჩევს: „არ მოიხსენიოთ მასთან ის, ვინც სიმსივნით დაიღუპა. მხოლოდ მათზე ილაპარაკეთ, ვინც დღემდე ცოცხალია“. „უბრალოდ მიდით და ჩაეხუტეთ თქვენს მეგობარს, — ამბობს ჯენისი, რომელსაც თავად ჰქონდა კიბო. — თუ მას უნდა ამ თემაზე საუბარი, ის ისედაც ილაპარაკებს“. განსაკუთრებით ქმრებმა უნდა ანუგეშონ ცოლები და დაანახვონ, რომ ძალიან უყვართ.
ჯეფი იხსენებს: «ჩვენ გვქონდა დღეები, როცა საერთოდ არ ვლაპარაკობდით კიბოზე. ჩემს ცოლს არ უნდოდა, რომ მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე ვყოფილიყავით კონცენტრირებულნი. ამიტომ დავადგინეთ დღეები, როცა საერთოდ არ უნდა გველაპარაკა ამ დაავადებაზე. ამის ნაცვლად, ყურადღება გადატანილი გვქონდა ჩვენი ცხოვრების სასიამოვნო მომენტებზე. ეს ისე იყო, თითქოს „შვებულებას“ ვიღებდით, რომ დაავადებისგან დაგვესვენა».
[ჩარჩო 28 გვერდზე]
რას იხსენებენ?
დიაგნოზის დასმის შემდეგ
შარონი: ჩემი ცხოვრება მომენტალურად შეიცვალა. ვიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა.
უმძიმეს წუთებში
სანდრა: ემოციური ტკივილი გაცილებით რთული ასატანია, ვიდრე თავად მკურნალობა.
მარგარეტი: მორიგი მკურნალობისას უკვე ამბობ: მორჩა, მეტს აღარ გავაგრძელებ. მაგრამ იძულებული ხარ, მაინც გააგრძელო.
მეგობრები
არლეტე: ჩვენი ამბავი მეგობრებს გავაგებინეთ და მათ შეეძლოთ, ელოცათ ჩვენთვის.
ჯენი: შეუმჩნეველი არ გვრჩებოდა არც ერთი ღიმილი, მოსალმება და თბილი ჟესტი.
ქმრების მხარდაჭერა
ბარბარა: სანამ თმა გამცვივდებოდა, თავი გადავიპარსე. კოლინმა მითხრა, რა ლამაზი თავი გაქვსო. ამაზე ორივემ კარგად ვიცინეთ.
სანდრა: ორივემ სარკეში ჩავიხედეთ. ჯოს სახის გამომეტყველებიდან ჩანდა, რომ კვლავ ვუყვარდი და ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო.
საშა: კარლი სხვებს ეუბნებოდა, ჩვენ კიბო გვაქვსო.
ჯენი: ჯეფი უსაზღვრო სიყვარულს ავლენდა. სულიერად ძლიერი იყო და ეს მამშვიდებდა.
[დიაგრამა⁄სურათი 27 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
კიბოს უჯრედები არ ემორჩილება ნორმალურ მასტიმულირებელ სიგნალებს, მრავლდება და იჭრება სხვა ქსოვილებში
[დიაგრამა]
სარძევე სადინარის ჩვეულებრივი უჯრედი
სადინარის პრეინვაზიური (ლოკალიზებული) კარცინომა
სადინარის ინვაზიური კიბო
[სურათი 28 გვერდზე]
კიბოს მკურნალობის დროს დაავადებულ ადამიანზე დადებითად მოქმედებს ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერა და სიყვარული