არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფრინველები „სათევზაოდ მიდიან“

ფრინველები „სათევზაოდ მიდიან“

ფრინველები „სათევზაოდ მიდიან“

მეთევზეები — ადამიანები თუ ფრინველები, სამი ძირითადი პრობლემის წინაშე დგანან. ეს არის: 1) თევზის პოვნა, 2) მიპარვა და 3) დაჭერა.

ძველად ეგვიპტელები თევზის დასაჭერად ბარჯს (სატყორცნი იარაღი, რომლითაც ვეშაპებზე და დიდ თევზებზე ნადირობენ) იყენებდნენ. ეს მეთევზეები იმავე მეთოდებს მამართავდნენ, რა მეთოდითაც ყანჩის ოჯახის ზოგიერთი სახეობა თევზს ჯერ კიდევ მანამ იჭერდა, სანამ ადამიანი ბარჯით თევზჭერას დაიწყებდა.

რუხი ყანჩა, რომელიც ეგვიპტის ნილოსის დელტაში ბინადრობს, თევზს ბასრი, ლანცეტის მსგავსი ნისკარტით კლავს. მას შეუძლია ერთდროულად ორი თევზი მოკლას და დღეში ნახევარ კილოზე მეტი მიირთვას. შეიძლება ითქვას, რომ ყანჩა ადამიანზე მოხერხებული მონადირეა.

ყანჩას მსხვერპლთან მიპარვის თავისებური მეთოდი გააჩნია. ზოგჯერ ის მსხვერპლს წყალმარჩხი ადგილებიდან ეპარება შეუმჩნევლად, ზოგჯერ კი თევზის მოლოდინში ერთ ადგილას დგას ნისკარტმომარჯვებული. როგორც კი თევზი ხელსაყრელ მანძილზე მიუახლოვდება, სწრაფად ყოფს თავს წყალში და ნადავლს ნისკარტში აქცევს. ამ შემთხვევაში ფრინველის წარმატების გასაღები მოთმინებაა.

თევზაობა სატყუარათი

წიგნში „ფრინველების ცხოვრება“ ნათქვამია, რომ იაპონიაში გავრცელებული ყანჩის ერთ-ერთი სახეობა (Ardeola Striata), როგორც ჩანს, ადამიანს ჰბაძავს, რომელიც ხელოვნურ ტბებში თევზებს საჭმელად პურს უყრის. ეს მარჯვე ფრინველები თევზის მოსატყუებლად პურის ნატეხებს იყენებენ.

კარიბის ზღვაში ბინადარი ყანჩებიც პურით იტყუებენ თევზს. თუმცა ისინი თევზს სატყუარას გარეშეც ადვილად იჭერენ. მათი ყვითელი ფეხები ამ საქმისთვის ზედგამოჭრილია. ეს ყანჩა წყალმარჩხ ადგილას ცალ ფეხზე დგება, მეორე ფეხს კი წყალში აქეთ-იქით აქანავებს და ცნობისმოყვარე თევზის ყურადღებას იპყრობს.

თევზჭერის სწრაფი მეთოდები

ფრინველები თევზის დასაჭერად სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. თევზიჭამია არწივი, რომელსაც ხშირად შაკს უწოდებენ, თევზის ჭერის სწრაფი მეთოდით გამოირჩევა. ის წყლის ზემოთ დაფრინავს და ათვალიერებს, როდის გამოჩნდება წყლის ზედაპირთან ახლოს თევზი. როგორც კი თევზს შეამჩნევს, ფრთებს კეცავს და წყალში ისარივით ეშვება, მერე საითაც მსხვერპლი მიდის, იქით მიჰყვება მანამ, სანამ თევზს ბრჭყალს არ გამოჰკრავს. ასეთი ილეთის გასაკეთებლად საჭიროა დროის წამებში გათვლა და მახვილი თვალი.

ხანდახან აფრიკული თევზიჭამია არწივი იმდენად დიდ თევზს იჭერს, რომ უჭირს ბრჭყალებით მისი აწევა. თევზი შეიძლება 2,7 კილოგრამამდე იწონიდეს. რას აკეთებს არწივი ამ დროს? მათი თქმით, ვინც ბუნებას იკვლევს და სწავლობს, არწივი ნადავლს ფრთების დახმარებით ნაპირზე რიყავს.

სადილი წყალქვეშ

ატლანტურ რეგვენასა და ფრინველ-რეგვენასაც თევზის დასაჭერად წყალში ჩაყვინთვა უწევთ; ისინი ამ დროს ვერტიკალურად ეშვებიან წყალში. პატარ-პატარა გუნდებად დაფრინავენ და წყლის ზედაპირთან ახლოს მოცურავე თევზების გუნდებს დაეძებენ. ეს თევზები ვერცხლისფერი შეფერილობის გამო ზღვის წყალს ფერს უცვლიან და ზემოდან თუ დახედავთ, წყალი მუქი ლურჯიდან ღია მწვანეში გადადის. წყლის ასეთი ფერი ფრინველს იმის ნიშანს აძლევს, რომ თევზაობა დაიწყოს.

თევზების გუნდის აღმოჩენისთანავე ატლანტური რეგვენები წყალში გატყორცნილი ისრებივით ეშვებიან, საათში დაახლოებით 97 კილომეტრის სიჩქარით. ამ სანახაობამ შეიძლება მოგაგონოთ ოლიმპიური შეჯიბრი ყვინთვაში. ამ ყველაფერს მალევე ამჩნევენ სხვა გუნდები და მაშინვე იქ იყრიან თავს, რათა გემრიელ „სუფრას შემოუსხდნენ“.

ყანჩებისგან განსხვავებით, ფრინველ-რეგვენები და ატლანტური რეგვენები თევზს ჩაყვინთვისთანავე არ კლავენ. ისინი მთელი ძალით ეშვებიან წყლის სიღრმეში რამდენიმე მეტრზე. უკან ამოსვლისას ზედაპირზე მოცურავე თევზს პირს სტაცებენ და მომენტალურად ყლაპავენ.

თევზიყლაპიებიც მარჯვე მყვინთავები არიან. ისინი წყლის ზედაპირზე ლივლივებენ და მოულოდნელად აცხრებიან მსხვერპლს. „მსოფლიოს ფრინველთა ცნობარში“ ნათქვამია, რომ ფრინველ-რეგვენებისა და ატლანტური რეგვენებისგან განსხვავებით, რომლებიც ელვის სისწრაფით ყვინთავენ ვერტიკალურად, თევზიყლაპიები დამოკიდებულნი არიან „სიმარჯვეზე, გრაციასა და ფრენის სისწრაფეზე“. ისინი თევზს წყლის ზედაპირზევე იჭერენ. ძალიან იშვიათად უწევთ თევზის სიღრმიდან ამოყვანა.

„კოლექტიური თევზაობა“

ვარხვები უზარმაზარი ნისკარტის გამო შესაძლოა მოუქნელები ჩანან, მაგრამ ისინი მოხერხებული მფრინავები და მარჯვე მეთევზეები არიან. ჩვეულებრივ, მურა ვარხვები თევზის დასაჭერად წყალში ყვინთავენ ან უკვე დაჭერილ თევზს მეთევზეებს პირდაპირ ბადიდან სტაცებენ. ეს მონადირეები, თევზზე მონადირე სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, ერთად დადიან სათევზაოდ.

ვარხვები გუნდ-გუნდად ცხოვრობენ. ისინი შეთანხმებულად თევზაობენ. 12 ფრინველისგან შემდგარი გუნდი წყალზე ჯდება და ნახევარწრეს ქმნის. ნელი ცურვით ვარხვები თევზების გუნდს მათთვის ხელსაყრელ წყალმარჩხ ადგილებში უყრიან თავს. ამის მერე ყველა ერთად შლის ფრთებს, წყალში თავით სინქრონულად ეშვებიან და ხარბად სანსლავენ მონაპოვარს.

ადამიანების მსგავსად, ხშირად არც ფრინველებს უმართლებთ. თუმცა ისინი ადამიანებზე გაცილებით კარგი მეთევზეები არიან.

[სურათი 12 გვერდზე]

აფრიკული თევზიჭამია არწივი

[საავტორო უფლება]

Photolibrary

[სურათი 12 გვერდზე]

რუხი ყანჩა

[სურათი 13 გვერდზე]

ჩრდილო-ატლანტური რეგვენები

[სურათი 13 გვერდზე]

ჩვეულებრივი თევზიყლაპია

[სურათი 13 გვერდზე]

ავსტრალიური ვარხვები