არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოზარდობიდან ზრდასრულობამდე

მოზარდობიდან ზრდასრულობამდე

მოზარდობიდან ზრდასრულობამდე

წარმოიდგინეთ, რომ ტროპიკული კუნძულიდან ჩრდილოეთის პოლარულ წრეზე მოხვდით. როგორც კი თვითმფრინავიდან ფეხი ჩამოდგით, მაშინვე მიხვდით, რომ „ყინულის სამყაროში“ აღმოჩნდით. ასეთ კლიმატს იმ შემთხვევაში შეეგუებით, თუ გარკვეულ ცვლილებებს მოახდენთ.

დაახლოებით მსგავს მდგომარეობაში მოგიწევთ ყოფნა, როცა თქვენი შვილი ბავშვობის ასაკს გადააბიჯებს და მოზარდობის ასაკში გადავა. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს „კლიმატი ერთ დღეში იცვლება“. ბიჭუნა, რომელიც გვერდიდან არ გშორდებოდათ, ახლა თანატოლებთან ყოფნას არჩევს. გოგონა, რომელიც ყველაფერს გიყვებოდათ, მოკლე პასუხებით შემოიფარგლება.

— რა ხდებოდა სკოლაში? — ეკითხებით.

— ისეთი არაფერი, — გპასუხობთ თქვენი გოგონა.

სიჩუმე . . .

 — რა ხდება, რაზე ფიქრობ? — კვლავ ეკითხებით.

— არაფერზე, — გპასუხობთ ის.

ისევ სიჩუმე . . .

რა ხდება? ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ამ დროს „თითქოს შენი შვილის ცხოვრების კულისებს ტოვებ და ისღა დაგრჩენია, პარტერში დაჯდე, თანაც შეიძლება არცთუ ისე კარგ ადგილას და იქიდან ადევნო თვალი მის ცხოვრებას“ (Breaking the Code).

ნუთუ შეუძლებელია ამ დროს შვილთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნება? სრულებითაც არა! თქვენ შეგიძლიათ შვილთან მოზარდობის წლებშიც გქონდეთ ახლო ურთიერთობა. პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რა ხდება ბავშვის თავს მისი ცხოვრების ამ რთულ და საინტერესო ეტაპზე.

ბავშვობიდან ზრდასრულობამდე

ადრე მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ ხუთი წლის ასაკში ბავშვის ტვინი განვითარების სრულ ფაზას აღწევდა. ახლა კი თვლიან, რომ ხუთი წლის შემდეგ ტვინის ზომა ცოტათი იცვლება, ფუნქციები კი გაცილებით დიდ ცვლილებებს განიცდის. გარდატეხის ასაკში ჰორმონების დონე მატულობს, რაც ცვლის ბავშვის შეხედულებებს და აზროვნებას. ჩვეულებრივ, პატარები საგნებსა და მოვლენებს კონკრეტულ და რადიკალურ ჭრილში აღიქვამენ, მაშინ როცა, ზრდასრულ ადამიანებს უფრო ზოგადი და ფართო ხედვა აქვთ და გააჩნიათ ანალიზის უნარი (1 კორინთელები 13:11). მათ უვითარდებათ ღირსების გრძნობა და აღარ ერიდებათ საკუთარი აზრის გამოთქმის.

ასეთი ცვლილებები შენიშნა იტალიელმა პაოლომ თავის შვილში. ის ამბობს: „როდესაც ჩემს შვილს ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ჩემ წინ პატარა ბიჭუნა კი არა, კაცი დგას. ეს მარტო მის გარეგნობაში არ გამოიხატება. უფრო მეტად მისი აზროვნება მაოცებს. მას უკვე აღარ ერიდება, რომ დააფიქსიროს თავისი შეხედულება და დაიცვას კიდეც თავისი აზრი“.

თქვენც ხომ არ შეგინიშნავთ ასეთი რამ თქვენს შვილში? სანამ პატარა იყო, თქვენს მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა. და თუ გკითხავდათ, რატომ უნდა მოქცეულიყო ასე ან ისე, მისთვის საკმარისი იყო გეთქვათ, რომ თქვენ გსურდათ ასე და იმიტომ. ახლა კი, როცა გაიზარდა, მიზეზების ახსნას ითხოვს და შესაძლოა, ეჭვის თვალითაც კი უყურებს ოჯახში დამკვიდრებულ ფასეულობებს. ზოგჯერ ისეთი თავდაჯერებულია, თითქოს ბუნტს ტეხსო.

ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ მას თქვენი ფასეულობების დამსხვრევა აქვს გადაწყვეტილი. ის შეიძლება საკუთარ თავს ებრძვის, რომ როგორმე თქვენი შეხედულებები გაითავისოს და საჭირო ადგილი მოუძებნოს თავის ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, ვითომ ბინა შეიცვალეთ და ახალ სახლში გადადიხართ საცხოვრებლად. თან ავეჯი გაქვთ გადასატანი. ნამდვილად არ იქნება ადვილი, ახალ სახლში თითოეულ ნივთს თავისი ადგილი მოუძებნოთ. თუმცა ერთი რამ ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ გადააგდებთ არც ერთ საჭირო ნივთს.

თქვენი შვილი, ასე ვთქვათ, გადასასვლელად ემზადება, ანუ ემზადება იმისთვის, რომ ‘მიატოვოს დედა და მამა’ (დაბადება 2:24). მაგრამ ეს დღე შეიძლება ჯერ კიდევ შორს არის, რადგან ის არ არის სრულწლოვანი. თუმცა გარკვეულწილად „ნივთების ჩალაგების“ პროცესშია. მთელი მოზარდობის წლები თქვენი შვილი იმ ფასეულობების გადაფასებას ახდენდა, რომლებითაც აღიზარდა, ახლა კი იმაზე ფიქრობს, რომელი მათგანი უფრო გამოადგება, რომ თან წაიღოს. *

შესაძლოა გაშინებთ ის აზრი, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი შვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა ერთი რამ გარდაუვალია, მას ცხოვრებაში მხოლოდ ის ფასეულობები გაჰყვება თან, რაც მისთვის ძვირფასია. ამიტომ ახლა, სანამ თქვენი შვილი თქვენთან ცხოვრობს, გაქვთ იმის დრო, რომ ჩაუნერგოთ ის პრინციპები, რომლებითაც მთელი სიცოცხლის მანძილზე იხელმძღვანელებს (საქმეები 17:11).

სიმართლე რომ ითქვას, კარგია, თუ თქვენი შვილი ასე იქცევა. ბოლოს და ბოლოს, თუ თქვენს სტანდარტებს ბრმად მიჰყვება, არ არის გამორიცხული, სხვის სტანდარტებსაც ასე ბრმად მიჰყვეს (გამოსვლა 23:2). ბიბლია საუბრობს ისეთ ახალგაზრდაზე, რომელიც ადვილად შეიძლება ცდუნდეს, რადგან უგუნურია. სიტყვა „უგუნურში“ კი ნაგულისხმებია ადამიანი, რომელსაც აკლია გამჭრიახობა და სიბრძნე (იგავები 7:7). ახალგაზრდა, რომელმაც არ იცის, რა პრინციპებით იცხოვროს, შეიძლება დაემსგავსოს კაცს, რომელსაც „არყევს ტალღები და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით გამიზნული სიცრუით“ (ეფესოელები 4:14).

რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენს შვილს ასეთი რამ არ დაემართოს? გასათვალისწინებელია შემდეგი 3 ფაქტორი:

1. აღქმის უნარი

მოციქული პავლე წერდა, რომ მოწიფული ადამიანები „იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). მაგრამ თქვენ შეიძლება თქვათ: „მე ხომ წლების წინ ვასწავლე ჩემს შვილს სწორისა და არასწორის გარჩევა“. ის, რაც თქვენ მაშინ ასწავლეთ, უეჭველად დაეხმარებოდა მას იმ დროს და ამასთანავე, მოამზადებდა ცხოვრების შემდგომი ეტაპისთვის (2 ტიმოთე 3:14). პავლემ თქვა, რომ ადამიანმა უნდა გაიწაფოს აღქმის უნარი. პატარებს სჭირდებათ ცოდნა სწორის არასწორისგან გასარჩევად, მოზარდები კი „აზროვნებით ზრდადასრულებულები“ უნდა იყვნენ (1 კორინთელები 14:20; იგავები 1:4; 2:11). ალბათ, გირჩევნიათ, რომ შვილი ბრმად კი არ გემორჩილებოდეთ, არამედ საღად მსჯელობდეს და კარგად ესმოდეს, რატომ უნდა დაგემორჩილოთ (რომაელები 12:1, 2). როგორ უნდა დაეხმაროთ შვილს, განივითაროს საღი აზროვნება?

ერთ-ერთი ნაბიჯი ისაა, რომ შვილს საშუალება მისცეთ, გამოთქვას თავისი აზრი. არ შეაწყვეტინოთ საუბარი, ეცადეთ, გარეგნულად არ შეიმჩნიოთ აღელვება, მაშინაც კი, როცა ისეთ რამეს ამბობს, რომ კაცს შეიძლება თმები ყალყზე დაუდგეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19; იგავები 18:13). იესომაც თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათე 12:34). თუ ბოლომდე მოუსმენთ, გაიგებთ, სინამდვილეში რა აწუხებს თქვენს მოზარდს.

საუბრის დროს შეკითხვები დაუსვით, მოერიდეთ მკვახე რეპლიკებს. ზოგჯერ იესოც ეკითხებოდა სხვებს: „რას ფიქრობთ?“. ის მხოლოდ თავისი მოწაფეების აზრით კი არ ინტერესდებოდა, არამედ მოწინააღმდეგეებისაც (მათე 21:23, 28). კარგი იქნება, თუ თქვენც ასე მოიქცევით შვილთან ურთიერთობისას, მაშინაც კი, თუ ის საპირისპირო აზრს გამოთქვამს. მაგალითად:

თუ შვილი გეუბნებათ: „მთლად ბოლომდე არ მწამს, რომ ღმერთი არსებობს“.

ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „რას ჰქვია არა გწამს, აბა ტყუილად გასწავლეთ ამდენი?!“

შეგიძლიათ უთხრათ: „რატომ ფიქრობ შვილო ასე?“

რატომ უნდა მისცეთ შვილს აზრის გამოთქმის საშუალება? მართალია, მოისმინეთ, რაც გითხრათ, მაგრამ ახლა საჭიროა, გაიგოთ, რას ფიქრობს ის თავის გულში (იგავები 20:5). მოზარდს შეიძლება ღვთის არსებობაში კი არ ეპარებოდეს ეჭვი, არამედ ფიქრობდეს, რომ არ ღირს ღვთის პრინციპების დაცვა.

თუ ახალგაზრდა გამუდმებული წნეხის ქვეშ არის, რომ დაარღვიოს ღვთის ზნეობრივი ნორმები, შეიძლება იფიქროს, რომ უმჯობესია, საერთოდ უარი თქვას ღმერთზე (ფსალმუნი 14:1). ის ასე იწყებს მსჯელობას: „თუ ღმერთი არ არსებობს, რაღა საჭიროა ბიბლიის ნორმების დაცვა“.

თუ თქვენი შვილიც ასე ფიქრობს, მას შესაძლოა შემდეგ კითხვაზე ესაჭიროება დაფიქრება: მჯერა, რომ ღვთის მითითებების მიყოლა სასარგებლოა ჩემთვის? (ესაია 48:17, 18). თუ სჯერა, რომ ეს ასეა, მაშინ დაეხმარეთ იმის ბოლომდე გააზრებაში, რომ თავისივე საკეთილდღეოდ აუცილებელია ღვთის ნორმების დაცვა (გალატელები 5:1).

თუ შვილი გეუბნებათ: „თქვენ რაც გწამთ, არ ნიშნავს იმას, რომ მეც ის უნდა მწამდეს“.

ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „შენა ხარ ჩვენი შვილი და რასაც ჩვენ გეტყვით, იმას ირწმუნებ!“

შეგიძლიათ უთხრათ: „შვილო, თუ უარს ამბობ ჩვენს რწმენაზე, ალბათ, გაქვს არჩეული სხვა რწმენა. რომელი რელიგია აირჩიე? შენი აზრით, რომელი ნორმებით ცხოვრება უფრო სწორია?“

რატომ უნდა მისცეთ შვილს აზრის გამოთქმის საშუალება? იმიტომ, რომ ასეთი მსჯელობით მას დაფიქრების საშუალებას მისცემთ. შეიძლება თვითონვე გაუკვირდეს, როცა ნახავს, რომ თავადაც იგივე სწამს, რაც თქვენ და მისი წუხილის მიზეზი სულ სხვა რამე ყოფილა.

მაგალითად, მისი წუხილის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ არ იცოდეს, როგორ ესაუბროს სხვებს თავისი რწმენის შესახებ (კოლოსელები 4:6; 1 პეტრე 3:15). ან, შესაძლოა ვინმე მოეწონა, რომელიც მის რწმენას არ იზიარებს. გაიგეთ, რაშია პრობლემის არსი და შვილსაც დაეხმარეთ ამის დანახვაში. რაც მეტად გამოიყენებს აღქმის უნარს, მით უკეთ იქნება მომზადებული ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელად.

2. უფროსების ხელმძღვანელობა

ზოგიერთ კულტურაში ნაკლებად ან საერთოდ არ შეიმჩნევა მოზარდებში „შფოთი და სტრესი“, რომელიც ფსიქოლოგების თქმით, სავსებით მოსალოდნელია ამ ასაკში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთ საზოგადოებაში მოზარდები ადრეული ასაკიდანვე მიჰყვებიან თითქმის ისეთ ცხოვრების წესს, როგორსაც ზრდასრულები. ისინი უფროსების გვერდით მუშაობენ, მათთან ურთიერთობენ და ისეთივე პასუხისმგებლობები აკისრიათ, როგორიც უფროსი ასაკის ადამიანებს. მათთვის არ არსებობს ცნებები: „მოზარდთა სამყარო“, „მოზარდთა დანაშაული“ და თვითონ ცნება „მოზარდიც“ კი.

ამის საპირისპიროდ, ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდები ისეთ სკოლებში სწავლობენ, სადაც კლასები გადაჭედილია ბავშვებით და ერთადერთი, ვისთანაც მოზარდებს შეხება უწევთ, მხოლოდ და მხოლოდ თავისივე ტოლები არიან. სკოლიდან რომ ბრუნდებიან, სახლში არავინ ხვდებათ. მშობლები მუშაობენ, ნათესავებიც შორს ცხოვრობენ. გამოდის, რომ მათ ურთიერთობა მხოლოდ თავის თანატოლებთან აქვთ. * ხედავთ, რამხელა საშიშროების წინაშე დგანან მოზარდები? საფრთხე მარტო იმაში არ მდგომარეობს, რომ ის შესაძლოა ცუდ წრეში მოხვდეს. მკვლევარების აზრით, მეტია იმის ალბათობაც, რომ სამაგალითო ახალგაზრდებმაც კი ჩაიდინონ ცუდი საქციელი, თუ მათ ურთიერთობა არა აქვთ უფროსი ასაკის ადამიანებთან.

ძველ ისრაელში ახალგაზრდები არ იყვნენ უფროსებისგან გამოყოფილნი. * ამის თვალსაჩინო მაგალითია მეფე უზია, რომელიც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, იუდას სამეფო ტახტზე რომ ავიდა. როგორ გაართვა თავი უზიამ ამ ურთულეს პასუხისმგებლობას? მას მხარში ედგა უფროსი ასაკის მამაკაცი, სახელად ზაქარია. ბიბლიაში ამ კაცზე წერია, რომ ის „ჭეშმარიტი ღვთის შიშს უნერგავდა“ უზიას (2 მატიანე 26:5).

ჰყავს თქვენს შვილსაც უფროსი მეგობარი და მრჩეველი, რომელიც თქვენს ფასეულობებს იზიარებს? ნუ იქნებით ეჭვიანი ამ დროს. მისი დახმარებით თქვენმა შვილმა შეიძლება სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20).

3. პასუხისმგებლობის გრძნობა

ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდებს კანონით ეკრძალებათ კვირის განმავლობაში განსაზღვრული საათების რაოდენობაზე მეტი იმუშაონ ან შეასრულონ გარკვეული სახის სამუშაო. ასეთი კანონი ბავშვებს იცავს მძიმე სამუშაო პირობებისგან. სწორედ ეს იყო შედეგი XVIII—XIX საუკუნეებში მომხდარი ინდუსტრიული რევოლუციის.

მართალია, ბავშვთა შრომის კანონი მოზარდებს საფრთხისა და შეურაცყოფისგან იცავს, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ასეთი შეზღუდვები მათ ყოველგვარ პასუხისმგებლობას არიდებს თავიდან. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ ბევრ მოზარდს „გაუჩნდა ისეთი თვალსაზრისი, თითქოს ისინი იმსახურებენ ყველაფერს და ყოველგვარი შრომისა და წვალების გარეშე უნდა მიიღონ, რაც სურთ“. წიგნის ავტორები ამბობენ, რომ ასეთი თვალსაზრისი „საკმაოდ ბუნებრივია ისეთ სამყაროში, სადაც ახალგაზრდებს მხოლოდ გართობისკენ მოუწოდებენ და არანაირ პასუხისმგებლობებს არ აკისრებენ“ (Escaping the Endless Adolescence).

ბიბლიაში კი სულ სხვა რამ წერია. მასში საუბარია ახალგაზრდებზე, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე იღებდნენ სერიოზულ პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე. ამის შესანიშნავი მაგალითია ტიმოთე, რომელიც, როგორც ჩანს, მოზარდი იყო, როცა პავლე მოციქული გაიცნო. მან დიდი გავლენა მოახდინა ტიმოთეს ცხოვრებაზე. ერთხელ პავლემ უთხრა მას: „ცეცხლივით ააგიზგიზე ის ძღვენი, რომელიც შენშია“ (2 ტიმოთე 1:6). ტიმოთე 20 წლამდე ან შესაძლოა 20 წელს ახალი გადაცილებული იყო, როცა დატოვა სახლი, გაჰყვა პავლეს და ეხმარებოდა მას კრებების ჩამოყალიბებასა და საძმოს გამხნევებაში. ტიმოთესთან დაახლოებით ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ პავლემ ფილიპელ ქრისტიანებს წერილში ასეთი სიტყვები მისწერა: „არავინ მყავს მისნაირი განწყობილებით, რომ ასე გულწრფელად ზრუნავდეს თქვენზე“ (ფილიპელები 2:20).

ხშირად ახალგაზრდები მოწადინებულნი არიან, საკუთარ თავზე აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავენ, რომ ესა თუ ის დავალება მნიშვნელოვან საქმეს უკავშირდება. ეს მათ არა მარტო იმაში ეხმარება, რომ მომავალში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებად ჩამოყალიბდნენ, არამედ დღესვე სასიკეთოდ ადგებათ.

ახალ „კლიმატთან“ შეგუება

როგორც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ, თუ მოზარდი შვილი გყავთ, ალბათ, გრძნობთ, რომ „კლიმატი“ შეიცვალა და ისეთი აღარ არის, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ შეეგუებით ამ ცვლილებას. განა ასე არ იყო ბავშვის ზრდის სხვა ეტაპებზე?!

მოზარდობის ასაკს ისე შეხედეთ, რომ შესაძლებლობა გეძლევათ 1) შვილს აღქმის უნარი განუვითაროთ, 2) გაუწიოთ ხელმძღვანელობა და 3) ჩაუნერგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამგვარად, შვილს ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარებით.

[სქოლიოები]

^ აბზ. 17 ერთ ნაშრომში მოზარდობის წლები „ხანგრძლივ დამშვიდობებას“ იყო შედარებული. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2009 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 10—12. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 38 დღევანდელი გართობის სახეობები ისეა შექმნილი, რომ ახალგაზრდები მხოლოდ თავიანთ ტოლებთან გაერთონ. მათში ჩადებულია იდეა, რომ ახალგაზრდებს თავიანთი სამყარო აქვთ და უფროსები ვერასდროს შეაღწევენ ამ სამყაროში.

^ აბზ. 39 სიტყვა „მოზარდი“ ბიბლიაში საერთოდ არ გვხვდება. როგორც ჩანს, ქრისტიანობამდეც და მერეც ღვთის ხალხს შორის არსებული ახალგაზრდები იმაზე ადრეულ ასაკში იწყებდნენ უფროსებთან ურთიერთობას, ვიდრე ეს დღეს არის გავრცელებული ბევრ კულტურაში.

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

„ამაზე უკეთესი მშობლები ვერც კი წარმომიდგენია“

იეჰოვას მოწმე მშობლები თავიანთ შვილებს სიტყვითა თუ საქმით ასწავლიან, რომ მიჰყვნენ ბიბლიურ პრინციპებს (ეფესოელები 6:4). თუმცა არ აძალებენ მათ ამის კეთებას. მათ იციან, რომ როდესაც მათი ვაჟი ან ქალიშვილი იმ ასაკამდე მივა, როცა დამოუკიდებლად შეეძლება გადაწყვეტილებების მიღება, თვითონ უნდა აირჩიოს, რა ცხოვრებით იცხოვროს.

18 წლის ეშლინს ბოლომდე ჰქონდა შეგნებული ის ფასეულობები, რომლებითაც აღიზარდა. ის ამბობს: „ჩემთვის ჩემი რელიგია მხოლოდ ისეთი რაღაცა კი არ არის, რაც კვირაში მარტო ერთი დღე უნდა მახსოვდეს, ეს ჩემი ცხოვრების გზაა. ის გავლენას ახდენს თითოეულ ჩემს გადაწყვეტილებაზე და საერთოდ ყველაფერზე, რასაც ვაკეთებ, იქნება ეს მეგობრების არჩევა, სხვადასხვა წრეზე სიარული და ის, თუ რა ლიტერატურა ვიკითხო“.

ეშლინი უზომოდ მადლიერია თავისი მშობლების, ასე რომ აღზარდეს. ის ამბობს: „ამაზე უკეთესი მშობლები ვერც კი წარმომიდგენია. მე რომ იეჰოვას მოწმე მინდოდა გავმხდარიყავი, მშობლების დამსახურებაა, რადგან მათ ჩამინერგეს ამის სურვილი. ისინი ყოველთვის ჩემს დამრიგებლებად დარჩებიან მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში“.

[სურათი 17 გვერდზე]

მიეცით მოზარდს აზრის გამოთქმის საშუალება

[სურათი 18 გვერდზე]

უფროსებთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს თქვენს შვილზე

[სურათი 19 გვერდზე]

შრომა მოზარდს პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს