არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლის როლი ჩვილობიდან ზრდასრულობამდე

მშობლის როლი ჩვილობიდან ზრდასრულობამდე

მშობლის როლი ჩვილობიდან ზრდასრულობამდე

„ხუთ წლამდე ბავშვი საკმაოდ მყუდრო გარემოში იზრდება და იოლია მისთვის კარგი და დადებითი თვისებების ჩანერგვა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სკოლის კარს შეაღებს, ნელ-ნელა დაეტყობა ცვლილებები საუბრებსა და საქციელში“ (ვალტერი, იტალია).

ზრდასთან ერთად ბავშვებს უფრო და უფრო მეტი ინტერესი უჩნდებათ მათ ირგვლივ არსებულ უკიდეგანო სამყაროზე. ურთიერთობა უწევთ ამხანაგებთან, კლასელებთან და ოჯახის სხვა წევრებთან. როგორც ვალტერი აღნიშნავს, ახლა უკვე მშობლის გარდა სხვებიც ახდენენ გავლენას ბავშვებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელმა გამოიყენოს ის ძვირფასი წლები და შვილს ასწავლოს მორჩილების ფასი და კარგი მანერები. ასევე აუცილებელია, ამ დროს ასწავლო ბავშვს სწორის არასწორისგან გარჩევა.

კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი თავისით არ მოდის და ვერც ინტუიცია დაგეხმარება ამაში. ამისათვის საჭიროა, შვილი „გაკიცხო, დაარიგო და შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით“ (2 ტიმოთე 4:2). ისრაელში მშობლებს შემდეგი ღვთიური კანონის შესრულება ევალებოდათ: „გულში ჩაიბეჭდე სიტყვები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ; ჩააგონე შენს ვაჟს და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6, 7). როგორც ამ ბიბლიური მონაკვეთიდან გამოჩნდა, მშობლებმა გამუდმებით უნდა ასწავლონ შვილებს.

ბავშვების აღზრდა მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ქვემოთ შევეხებით რამდენიმე ასეთ სირთულეს.

მოსმენის დრო

ბიბლია ამბობს, რომ არსებობს არა მარტო „ლაპარაკის დრო“ არამედ მოსმენის დროც (ეკლესიასტე 3:7). როგორ შეგიძლიათ ასწავლოთ შვილს, ყურადღებით უსმინოს სხვებს, როცა საუბრობენ, მათ შორის თქვენც? ერთ-ერთი საშუალება ისაა, რომ თავად მისცეთ ამის მაგალითი. თქვენ თვითონ თუ უსმენთ სხვებს ყურადღებით, როცა გესაუბრებიან, მათ შორის თქვენს შვილებს?

ბავშვებს ყურადღება ადვილად ეფანტებათ, ამიტომ მათთან ურთიერთობის დამყარება შეიძლება დიდი მოთმინების ფასად დაგიჯდეთ. ყველა ბავშვი ინდივიდია და დაკვირვებაა საჭირო, რომ განსაზღვროთ, რომელი მეთოდი წაადგება თქვენს შვილს. ერთი ბრიტანელი მამა, დეივიდი ამბობს: „ჩემს გოგონას ვთხოვ ხოლმე, რომ ჩემი ნათქვამი თავისი სიტყვებით გამიმეოროს. ასე ის უფრო ყურადღებიანი იქნება, როცა ვინმე ესაუბრება“.

ერთხელ იესომ ასეთი მითითება მისცა თავის მოწაფეებს: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკა 8:18). დიდებს თუ სჭირდებათ ასეთი მითითება, პატარებს ხომ საერთოდ!

მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“

ბიბლიაში ასეთი რჩევაა ჩაწერილი: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13). როგორ უნდა ისწავლონ ბავშვებმა სხვების პატიება?

როგორც უკვე ვთქვით, მოსმენის კულტურა ბავშვმა მშობლებისგან უნდა ისწავლოს. ამ შემთხვევაშიც ასეა, ბავშვები უნდა ხედავდნენ, თუ როგორ ავლენენ პატიების სულს დედა და მამა სხვებთან ურთიერთობის დროს. ზუსტად ასე იქცევა ერთი რუსი დედა. ის ამბობს: „სულ იმას ვცდილობთ, რომ ბავშვებს კარგი მაგალითი მივცეთ, როგორ შეიძლება აპატიონ სხვებს, დაუთმონ და არ განაწყენდნენ. თუ რამეში ვცდები, შვილებს ბოდიშს ვუხდი. მინდა, რომ ისინიც ასე მოიქცნენ სხვებთან ურთიერთობისას“.

უთანხმოებების მოგვარებისა და პატიების უნარი აუცილებლად დასჭირდება ბავშვს მოზარდობის წლებში. ასწავლეთ მას, რომ იყოს ტაქტიანი და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ შეცდომებზე. ამგვარად თქვენ განუმეორებელ საჩუქარს აჩუქებთ თქვენს შვილს და მას ეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში თან გაჰყვება.

„იყავით მადლიერნი“

ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ მრავალი ადამიანი „საკუთარი თავის მოყვარული“ გახდა (2 ტიმოთე 3:1, 2). ამიტომ, სანამ თქვენი შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან, მანამ ჩაუნერგეთ გულში მადლიერების გრძნობა. „იყავით მადლიერნი“, — წერდა მოციქული პავლე (კოლოსელები 3:15).

როგორ უნდა ისწავლონ პატარაობიდანვე ბავშვებმა კარგი მანერები და სხვების მიმართ ყურადღებიანობის გამოვლენა? «ამის სასწავლად საუკეთესო ადგილი ოჯახია. ბავშვი ამას ოჯახში უნდა ხედავდეს, — ამბობს დოქტორი კაილ პრუეტი ჟურნალ „მშობლებში“. — ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ყოველთვის უნდა გამოხატავდეს მადლიერებას, როცა ვინმე ეხმარება ან მის მიმართ ყურადღებას ავლენს . . . ბავშვი ხშირად უნდა ხედავდეს ასეთ მაგალითებს, სხვანაირად არაფერი გამოვა».

რიჩარდი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, ცდილობს, ზუსტად ისე მოიქცეს, როგორც ზემოხსენებულ ჟურნალშია საუბარი. აი, რას ამბობს ის: „მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვავლენთ მადლიერებას, როცა ვინმე რაიმე სიკეთეს გვიკეთებს, სკოლის მასწავლებელი იქნება ეს, თუ ჩვენი მშობლები იქნებიან. სტუმრად რომ მივდივართ ვინმესთან სადილზე, სამადლობელ წერილს ვუტოვებთ. ბავშვებიც, თავის მხრივ, რაღაცას აწერენ ზედ ამ წერილს ან ახატავენ“. თავაზიანობა და მადლიერების გრძნობა ბავშვს დაეხმარება, ხანგრძლივი და ახლო ურთიერთობა ჰქონდეს შემდგომში სხვებთან.

„ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას“

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო აუცილებელი ხდება, რომ შეიგნოს ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამა თუ იმ საქციელს თან ახლავს ესა თუ ის შედეგი. ბავშვები პატარაობიდანვე პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა ადამიანის წინაშე, არა მარტო ოჯახში, არამედ სკოლაში და ზოგადად საზოგადოებაში. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, რომ შეიგნონ შემდეგი პრინციპი: კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკის (გალატელები 6:7).

ბიბლია ამბობს: „ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას“ (იგავები 23:13). თუ შვილს გასაგებად აუხსენით, როგორ დაისჯება ამა თუ იმ არასწორი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, მაშინ შეასრულეთ თქვენი სიტყვა და შესაბამისად დასაჯეთ კიდეც. „პრინციპულობა აუცილებელია, — ამბობს არგენტინაში მცხოვრები ერთი დედა. — მშობლის არაპრინციპულობა ბავშვს იმის სიგნალს აძლევს, რომ სიტუაცია თავის სასარგებლოდ მართოს“.

თუ ბავშვები თავიდანვე დარწმუნებულები იქნებიან იმაში, რომ ურჩობის შემთხვევაში აუცილებლად იწვნევენ შედეგებს, მშობლებს აღარ მოუწევთ გაუთავებელი „ომი“ ცუდი საქციელის ჩადენის შემდეგ. ბავშვებს ნაკლებად გაუჩნდებათ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, თუ ეცოდინებათ, რომ დადგენილი აქვთ გარკვეული წესები და ისიც, თუ რა მოჰყვება ამ წესების დარღვევას.

დასჯამ რომ თავის შედეგს მიაღწიოს, მშობელმა შვილი ზედმეტად მკაცრად არ უნდა დასაჯოს. ბიბლია გვირჩევს: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31). დასჯის ფორმა არ უნდა იყოს სასტიკი და შეურაცხმყოფელი — მშობელმა ბავშვს ფიზიკური და ემოციური ტრავმა არ უნდა მიაყენოს.

მაგრამ, როგორ უნდა აკონტროლოთ ემოციები, როცა ბავშვს მოთმინებიდან გამოჰყავხართ? ახალ ზელანდიაში მცხოვრები პიტერი ამბობს: „ეს ყოველთვის ადვილი არ არის. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სასჯელი მისი არასწორი საქციელის შედეგია და არა მშობლის თავშეკავების ნაკლებობის“.

პიტერი და მისი მეუღლე თავიანთ შვილებს ეხმარებიან იმის გააზრებაში, თუ რა ხანგრძლივი სარგებლობის მოტანა შეუძლია მითითებებს. პიტერი ამბობს: „მაშინაც კი, თუ ბავშვები ძალიან ცუდად იქცევიან და გულს გვტკენენ, დავსხამთ და იმაზე ველაპარაკებით, როგორი ადამიანები გვინდა რომ გამოვიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ გავუბრაზდეთ და ვუთხრათ, რომ ცუდად მოიქცნენ“.

„ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“

ღმერთმა თავის ხალხს უთხრა: „სამართლიანად დაგსჯი“ (იერემია 46:28). შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ, თუ ბავშვს სამართლიანად დასჯით და სასჯელიც ჩადენილი საქციელის შესაბამისი იქნება. მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5).

მშობელი კეთილგონიერებას გამოავლენს, თუ დასჯის დროს შვილს ღირსებას არ შეულახავს. ორი შვილის მამა სანტი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, ამბობს: „ჩემს ბიჭს და გოგონას არასოდეს ვამცირებ. ყოველთვის პრობლემის მიზეზებზე ვამახვილებ ყურადღებას და ვეხმარები შვილებს მათ მოგვარებაში. სხვების თვალწინ ბავშვებს არასოდეს ვსჯი და არც ერთმანეთის თანდასწრებით, თუ ეს შესაძლებელია. მათ სისუსტეებს არასდროს ვაქცევ სახუმარო თემად არც სხვებთან და არც თავად მათთან“.

ზემოთ მოხსენიებული რიჩარდიც ხედავს, რამდენად ბრძნულია, როცა მშობელი კეთილგონიერებას ავლენს. ის ამბობს: „ყოველი ჩადენილი არასწორი საქციელის შემდეგ არ უნდა გაამკაცროთ დასჯის მეთოდები“. მას შემდეგ, რაც ბავშვს დასჯით, არ არის საჭირო ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი და მისთვის იმის შეხსენება, რომ ცუდად მოიქცა“.

შვილების აღზრდა რთული საქმეა. მშობლებისგან თავგანწირვა მოითხოვება, თუმცა იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შედეგებს ხედავ. რუსეთში მცხოვრები ელენა ამბობს: „ჩემი ვაჟისთვის უფრო მეტი დრო რომ დამეთმო, სამუშაო საათები შევამცირე. დღეს შემოსავალი უფრო ნაკლები გვაქვს, მაგრამ ღირდა ამ მსხვერპლზე წასვლა. ვხედავ, როგორ უხარია ჩემს შვილს, მასთან რომ ვარ; ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით“.

[სურათი 11 გვერდზე]

ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რომ სხვების მიმართ ყურადღებიანები იყვნენ

[სურათი 12 გვერდზე]

დასჯის დროს ბავშვს ღირსების გრძნობა არ უნდა შეულახოთ