არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

გერმანიაში 10-დან 7 ახალშობილს ინტერნეტში საკუთარი ვებ-გვერდი აქვს. ამ ვებ-გვერდებს მათ მშობლები უქმნიან და მასზე ათავსებენ ახალშობილის სურათებს და ულტრაბგერით გამოსახულებებს. თუმცა ექსპერტები ასეთ გაფრთხილებას გვაძლევენ: ინტერნეტში განთავსებული სურათები აღარასოდეს იშლება. (BABY UND FAMILIE, გერმანია).

სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რუსეთში წელიწადში 14 000 ქალი იღუპება ოჯახში გამოვლენილი ძალადობის შედეგად („რია-ნოვოსტი“, რუსეთი).

ევერესტის მთაზე 6 858-დან 7 752 მეტრის სიმაღლის მონაკვეთში მოსულ თოვლში დარიშხანისა და კადმიუმის შემცველობა იმდენად დიდია, რომ თოვლის წყლის დასალევად გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ფიქრობენ, რომ ამ დაბინძურებაშიც ადამიანის ხელი ურევია (SOIL SURVEY HORIZONS, აშშ).

ჩინეთში არსებულმა ერთადერთმა კომპანიამ, რომელიც ბიბლიებს ბეჭდავს, ბოლო პერიოდში დაბეჭდა ბიბლიის 80 მილიონი ეგზემპლარი. კომპანია თვეში გამოსცემს 1 მილიონ ეგზემპლარს, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო ხანებში გამოცემული ბიბლიების 1/4-ს შეადგენს (ზინჰვა, ჩინეთი).

„ამერიკაში კათოლიკე მოზარდების 10,1-მა პროცენტმა დატოვა კათოლიკური ეკლესია“ (NATIONAL CATHOLIC REPORTER, აშშ).

2010 წელს მომხდარი სტიქიური უბედურებები

წამყვანმა სადაზღვევო კომპანიამ 2010 წლის განმავლობაში მსოფლიოში 950 სტიქიური უბედურება დააფიქსირა. გასულ 10 წელიწადში ყოველწლიურად საშუალოდ 785 სტიქიური უბედურება ხდებოდა. 2010 წელს მომხდარ 5 უსაშინლეს უბედურებას შორის იყო მიწისძვრები ჩილეში, ჩინეთსა და ჰაიტიში, წყალდიდობა პაკისტანში, ხანძარი რუსეთში, სადაც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა სიცხისა და ჰაერის დაბინძურებისგან და ვულკანი ისლანდიაში, სადაც ამოფრქვეულმა ფერფლმა მთელ ჩრდილოეთ ევროპაში შეაფერხა საჰაერო მიმოსვლა. ავსტრალიას ორჯერ გადაუარა ძლიერმა სეტყვამ და ქვეყანამ 2 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. ლონდონში გამომავალი გაზეთი იუწყება, რომ „საერთო ეკონომიკური ზარალი გასულ (2009) წელთან შედარებით 50 მილიარდი დოლარიდან 130 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა“ (The Telegraph of London).

იყვნენ ნეანდერტალელები ჩვენი მსგავსები?

„დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებული შეხედულება, რომ თითქოს განვითარების მხრივ ნეანდერტალელები ჰომო საპიენსებზე დაბლა იდგნენ, ნელ-ნელა შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ის უნარი, რასაც მანამდე მხოლოდ ადამიანს მიაწერდნენ, მათაც ჰქონიათ“, — აცხადებს ჟურნალი „ნიუ-საიენტისტი“. უკანასკნელი აღმოჩენები ადასტურებს, რომ ნეანდერტალელები აშენებდნენ თავშესაფრებს და სახლებს, იყენებდნენ ცეცხლს, ატარებდნენ ტანსაცმელს, ამზადებდნენ საჭმელს, შრომის იარაღებს და წებოს შუბის ტარზე წვერის დასამაგრებლად. აგრეთვე უვლიდნენ ავადმყოფებს და ატარებდნენ სიმბოლური დატვირთვის მქონე სამკაულებს, მარხავდნენ გარდაცვლილებს. მისურის შტატში, სენტ-ლუისში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ანთროპოლოგი ერიკ ტრინკასი ამბობს: „ნეანდერტალელები ადამიანები იყვნენ და შესაძლოა მათ ისეთივე გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდათ, როგორიც ჩვენ“.