არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტინგატინგა — ღიმილის მომგვრელი ხელოვნება

ტინგატინგა — ღიმილის მომგვრელი ხელოვნება

ტინგატინგა — ღიმილის მომგვრელი ხელოვნება

„ტინგატინგა ბავშვის თვალით გვანახვებს ირგვლივ არსებულ სამყაროს. ეს არის მხიარული და ბედნიერი ფერებით მდიდარი ხელოვნება“, — ასე აღწერა ტინგატინგას ხელოვნების საზოგადოების მენეჯერმა დანიელ აუგუსტმა ხელოვნების ეს მიმდინარეობა. ტინგატინგას სტილში შესრულებულ ნახატებზე გადმოცემულია აფრიკული ცხოვრების შტრიხები — ველური ბუნება და მისი კულტურა. გამორჩეული ყურადღება ეთმობა ტანზანიის ფლორასა და ფაუნას. აქვე შეიძლება იმის თქმაც, რომ სწორედ ტანზანიაა ის ქვეყანა, სადაც ჩაისახა ხელოვნების ეს მიმდინარეობა.

ტინგატინგას სტილი ატარებს მისი შემქმნელის ედუარდ საიდ ტინგატინგას სახელს, რომელიც 1932 წელს დაიბადა. ის სამხრეთ ტანზანიის სოფელში იზრდებოდა და, როგორც ჩანს, მასზე წარუშლელი კვალი დატოვა ულამაზესმა ველურმა ბუნებამ, გარეულმა ცხოველებმა, რომლებსაც გამუდმებით ხედავდა და აკვირდებოდა. დაახლოებით 25 წლისამ დატოვა ოჯახი და სამუშაოსა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად გაეშურა. მოგვიანებით ედუარდი ჩადის ტანზანიის დედაქალაქში, დარ-ეს-სალამში და მებაღედ იწყებს მუშაობას. საღამოობით ის საკუთარ ნიჭსა და ტალანტს მუსიკასა და ცეკვაში სცდის. მან სახელიც კი გაითქვა ამით.

1968 წელმა ედუარდის ცხოვრება სრულიად შეცვალა. მან დარ-ეს-სალამში, მუჰიმბილის სახელმწიფო საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. ახლა უკვე ჰქონდა დრო საიმისოდ, რომ ბავშვობის მოგონებებები და შთაბეჭდილებები ხელოვნების მისეულ სტილში გაეცოცხლებინა. ასე დაიბადა ტინგატინგას მხატვრობა. ედუარდს ხელი არ მიუწვდებოდა ფუნჯებზე, საღებავებზე, პიგმენტებსა და სხვა საჭირო ნივთებზე, რაც სამხატვრო სალონებში იყიდებოდა. ის იმ მასალებს ყიდულობდა, რომლებიც ჩვეულებრივ ადგილობრივ საყოფაცხოვრებო მაღაზიებში იყიდებოდა. საღებავად ველოსიპედის საღებავს იყენებდა, ტილოდ კი — ერთ მხარეზე გაპრიალებულ ფიცარს, რომელიც ნახატს იდეალურ ბზინვარებას სძენდა.

ედუარდი მარტივ სტილში ხატავდა. ფონისთვის იყენებდა ერთ ან ორ ფერს და ამ ფონზე მკვეთრ ფერებში და უჩვეულო სტილში ხატავდა ერთ რომელიმე აფრიკულ ცხოველს. ის ამ ნახატებს სხვა არანაირ დეტალს აღარ უმატებდა.

ედუარდი თავის მეგობრებსა და ნათესავებს აძლევდა უფლებას, რომ ეყურებინათ, როგორ ხატავდა. მალე ამათგან ზოგიერთი მისი „მოწაფე“ გახდა. მხატვრობის ეს სტილი ნელ-ნელა პოპულარული ხდებოდა.

თავიდან ტინგატინგას ნახატები იქმნებოდა მკვეთრი ფერებითა და უჩვეულო კონტურებიანი მარტივი ფიგურებით. დროთა განმავლობაში ეს სტილი განვითარდა და თითოეული ნაშრომი უფრო გულდასმით და დეტალურად სრულდებოდა; ნახატებზე ერთის ნაცვლად უკვე რამდენიმე ფიგურა გაჩნდა. ამ სტილის ზოგიერთი მხატვარი თავის ნახატებს ადამიანებით, ცხოველებითა და სხვა რაღაცებით ამდიდრებდა.

შთაგონების წყარო

ნაირფეროვანი აფრიკული ფლორა და ფაუნა ტინგატინგას ხელოვნების შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ანტილოპები, კამეჩები, სპილოები, ჟირაფები, ბეჰემოთები, ლომები, მაიმუნები, ზებრები და სხვა მრავალი; აგრეთვე გასაოცარი ფერებით მორთული ყვავილები, ხეები, ფრინველები და თევზები. ნახატებს ფონად უდევს ტანზანიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე აფრიკის უმაღლესი მწვერვალი, ცამდე აწვდილი კილიმანჯარო.

თანამედროვე ტინგატინგას ხელოვნებაში გადმოცემულია აფრიკელი ხალხის ყოფა-ცხოვრება და კულტურა. ნახატებზე შეიძლება ასახული იყოს შემდეგი სცენები: ერთი დღე ბაზარში, ვიზიტი საავადმყოფოში, სოფლის ყოველდღიური ცხოვრება და ასე შემდეგ.

ტინგატინგას ხელოვნებამ პირველივე დღეებიდანვე საშუალება მისცა ყველა აფრიკელს, ვისაც ხატვის ნიჭი ჰქონდა, მოეხდინა საკუთარი ტალანტის რეალიზება და, ამავე დროს, დამატებითი შემოსავლის წყაროც ჰქონოდა. თანდათანობით ტინგატინგას მიმდინარეობას მრავალი მხატვარი ეზიარა. ზოგიერთმა მათგანმა ტრადიციულ საღებავს ველოსიპედის საღებავი არჩია. დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, ედუარდ ტინგატინგას (გარდაიცვალა 1972 წელს), უდავოდ ღიმილს მოჰგვრიდა სახეზე მისი ხელოვნების ესოდენ დიდი პოპულარობა.