არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეცვლის კლიმატს მსოფლიო სამიტები?

შეცვლის კლიმატს მსოფლიო სამიტები?

შეცვლის კლიმატს მსოფლიო სამიტები?

„მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან საბრძოლველად. მეცნიერების უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ თუ არაფერს ვიღონებთ, კიდევ უფრო გაიზრდება გვალვის, შიმშილისა და მოსახლეობის მასიური მიგრაციის მასშტაბები და უმძიმეს კონფლიქტებს ათეულობით წელი თავს ვერ დავაღწევთ“ (აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა).

ზოგიერთი მეცნიერის თქმით, დედამიწა ავად არის, ჩვენს პლანეტას სიცხე აქვს. მათი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ გლობალურმა დათბობამ კრიტიკულ წერტილს მიაღწიოს, რის შემდეგაც ტემპერატურის ოდნავი მომატებაც კი „დრამატულად შეცვლიდა კლიმატურ პირობებს, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაზრდიდა დედამიწის ტემპერატურას“, — აღნიშნულია ბრიტანეთში გამომავალ გაზეთ „გარდიანში“.

რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე? შესაძლებელია წარსულის დაბრუნება? ხელეწიფება ადამიანს გადაჭრას გლობალური დათბობის პრობლემა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა არანაკლებ მტანჯველ პრობლემებზე?

ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ კლიმატის ცვლილების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანია. ინდუსტრიულმა რევოლუციამ და წიაღისეული საწვავის — ქვანახშირისა და ნავთობის — ინტენსიურმა მოხმარებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გლობალურ დათბობას. კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ტყის მასიური გაჩეხვაა. ტყე, ასე ვთქვათ, გარემოს „ფილტვებია“. ხეები შთანთქავენ ზოგიერთ იმ სათბურ გაზებს, რომლებიც იწვევს გლობალურ დათბობას. მაგრამ ტყის მასიური განადგურების გამო ვეღარ ხდება ამ გაზების შთანთქმა და ატმოსფეროში სულ უფრო იზრდება მათი კონცენტრაცია. ამ საკითხების განსახილველად მსოფლიოს წამყვანმა ლიდერებმა არაერთი სამიტი გამართეს.

„კიოტოს პროტოკოლი“

1997 წელს მიღებულ იქნა „კიოტოს პროტოკოლი“, რომლის თანახმადაც მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს ნახშირორჟანგის ემისია. ევროკავშირის ქვეყნებმა სხვა 37 განვითარებულ ქვეყანასთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავდა 2008—2012 წლებში სათბური გაზების ემისიის შემცირებას. ამ შეთანხმების თანახმად, სათბური გაზების დონე 1990 წელთან შედარებით საშუალოდ 5 პროცენტით დაიწევდა.

„კიოტოს პროტოკოლს“ რამდენიმე სერიოზული ნაკლიც აღმოაჩნდა. შეერთებულმა შტატებმა ხელი არ მოაწერა ამ შეთანხმებას. ისეთმა დიდმა განვითარებადმა ქვეყნებმაც, როგორიც ჩინეთი და ინდოეთია, უარი თქვეს სათბური გაზების ემისიის განსაზღვრულ დონემდე დაყვანაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის 40 პროცენტი შეერთებულ შტატებსა და ჩინეთზე მოდის.

კოპენჰაგენის სამიტი

კოპენჰაგენის სამიტის მიზანი „კიოტოს პროტოკოლის“ ჩანაცვლება და ახალი სავალდებულო მიზნების დასახვა იყო 2012 წლისა და შემდგომი პერიოდისთვის. * 2009 წლის დეკემბერში 192 ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთაგან 119 ქვეყნის პირველი პირი იყო, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში შეიკრიბა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გაეროს ეგიდით გამართულ სამიტზე. სამიტზე სამი ძირითადი საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.

1. სავალდებულო შეთანხმების მიღწევა. დათანხმდებოდნენ განვითარებული ქვეყნები იმას, რომ არ გადაეჭარბებინათ ემისიის დადგენილი დონისთვის? დიდი განვითარებადი ქვეყნები თუ იქნებოდნენ თანახმა, ემისიის დონე დადგენილ საზღვრამდე დაეყვანათ?

2. უწყვეტი დაფინანსების საკითხი. განვითარებად ქვეყნებს წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი დასჭირდებათ გლობალური დათბობის დაჩქარებული შედეგებისგან თავის დასაღწევად და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დასანერგად.

3. ემისიის კონტროლის მეთოდის შემუშავება. ემისიის კონტროლის მეთოდი დაეხმარება ქვეყნებს, არ გასცდნენ ემისიის დადგენილ საზღვრებს. ეს ასევე მოემსახურება იმას, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა სათანადოდ გამოიყენონ მათთვის გამოყოფილი თანხები.

იქნა მიღწეული კონსესუსი ამ სამ საკითხზე? მოლაპარაკებებს საკმაოდ სერიოზული გაუგებრობები მოჰყვა და მხარეები წვრილმან საკითხებშიც ვერ თანხმდებოდნენ. ბოლო წუთებშიღა მოაწერა 28 ქვეყანამ ხელი შეთანხმებას, რომელსაც „კოპენჰაგენის შეთანხმება“ ეწოდა. «კონფერენცია . . . ყურად იღებს „კოპენჰაგენის შეთანხმებას“», — აცხადებდა „რეიტერის“ საინფორმაციო სამსახური. სწორედ ასეთი მარტივი სიტყვებით იქნა მიღებული ოფიციალურად აღნიშნული დოკუმენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ქვეყანა თვითონ გადაწყვეტდა, შეასრულებდა თუ არა დოკუმენტში ჩაწერილ პირობას.

რა იქნება ხვალ?

კონფერენციას კონფერენცია მოჰყვება და მომავალშიც მრავალი ასეთი შეხვედრაა დაგეგმილი, საზოგადოება კი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ. „ნიუ-იორკ ტაიმზის“ მუდმივი მიმომხილველი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პოლ კრუგმენი ასეთ რამეს წერს: „დედამიწა განაგრძობს ხარშვას“. როგორც ყოველთვის, მოკლევადიანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოგებები ხშირად გადაწონის ხოლმე ეკოლოგიასთან დაკავშირებულ გრძელვადიან ფაქტორებს, რომლებიც გარემო პირობების დაცვასა და მოფრთხილებას გულისხმობს. ეს ბიზნესისთვის დამახასიათებელი ჩვეული მოვლენაა. „გინდა გაიგო რა დგას ამ პრობლემის მიღმა? შეხედე დღევანდელ მილიარდელებს და მაშინვე მიხვდები“ — აცხადებს კრუგმენი. ის ასევე წერდა, რომ მის ქვეყანაში ბუნებრივი კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილს ბოლო მოუღო „სიხარბემ და [პოლიტიკურმა] სიმხდალემ“.

გლობალური დათბობა რაღაცით ქარიშხალს წააგავს. სინოპტიკოსებს შეუძლიათ დიდი სიზუსტით განსაზღვრონ ქარიშხლის სიძლიერე და მისი შესაძლო მარშრუტი. ამის ცოდნა დიდად წაადგება ქარიშხლის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას. თუმცა არც ერთ მეცნიერს, პოლიტიკოსსა თუ ბიზნესმენს არ შეუძლია ამ ქარიშხლის შეჩერება. იგივე სურათი გვხვდება გლობალური დათბობის საკითხშიც და ამან შეიძლება გაგვახსენოს ბიბლიაში, იერემიას 10:23-ში ჩაწერილი სიტყვები: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“.

ღმერთი შეაჩერებს გლობალურ დათბობას

ბიბლიაში წერია, რომ „დედამიწის შემქმნელს და შემოქმედს . . . ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია“ ჩვენი პლანეტა (ესაია 45:18). ბიბლიაში ასეთ სიტყვებსაც შეხვდებით: „დედამიწა მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4).

დიახ, ღმერთი არაფრის დიდებით არ დაუშვებს დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას. ის ჩაერევა ადამიანთა საქმეებში და წერტილს დაუსვამს მათ წარუმატებელ მმართველობას და მათ, ვინც არ უფრთხილდება დედამიწას. ამავე დროს, სიცოცხლეს შეუნარჩუნებს ყველას, ვინც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს და გულწრფელად ცდილობს, მას ასიამოვნოს. იგავების 2:21, 22-ში ვკითხულობთ: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ეს კონფერენცია მოეწყო გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა მიერ.

[ჩარჩო 13 გვერდზე]

სათბური გაზი ატმოსფეროში შემავალი გაზია, რომელიც დედამიწის ზედაპირზე გამოსხივებულ რადიაციას შთანთქავს. თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების დროს გამოყოფილი აირები სათბურ გაზებს მიეკუთვნება. ეს აირებია: ნახშირორჟანგი, ქლორფთორნახშირბადი (ფრეონები), მეთანი და აზოტის ჟანგი. ატმოსფეროში ხვდება წელიწადში 25 მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ინდუსტრიულმა განვითარებამ 40 პროცენტით გაზარდა ნახშირორჟანგის გამოყოფა.

[სურათის საავტორო უფლებები 12 გვერდზე]

Earth: NASA/The Visible Earth (http://visibleearth.nasa.gov/); Barack Obama: ATTILA KISBENEDEK/AFP/Getty Images