არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საშობაო ხის ქრისტიანობამდელი წარმოშობა

საშობაო ხის ქრისტიანობამდელი წარმოშობა

საშობაო ხის ქრისტიანობამდელი წარმოშობა

მსოფლიოს ბევრ ადგილას მარადმწვანე საშობაო ხე დღესასწაულების სიმბოლო, ხოლო მრავალთათვის შემოსავლის სარფიანი წყაროა. ამ ხემ რელიგიური დატვირთვა ჯერ კიდევ კაცობრიობის ისტორიის უძველეს ხანებში შეიძინა.

ამ ფაქტს ადასტურებს შვედეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბოჰუსლენის პროვინციისა და ნორვეგიაში ესტფოლდის პროვინციაში არსებული აღმოჩენები. ამ მხარეებში 5 000 ადგილას 75 000-ზე მეტ ქვაზე ასეთი ხეებია ამოკვეთილი. არქეოლოგების ვარაუდით, ამ ნახატებიდან ბევრი შესრულებულია ძვ. წ. 1800—500 წლებში. *

ამ მნიშვნელოვანი ქვებიდან ვიგებთ, თუ რა სწამდათ დიდი ხნის წინათ იესო ნაზარეთელის დაბადებამდე მცხოვრებ ხალხს. მაგალითად, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე მცხოვრები ძველი ხალხისთვის მარადმწვანე ხეები, მათ შორის ნაძვი, წმინდა სიმბოლოს წარმოადგენდა.

რატომ კვეთდა ნაძვის ხეებს ქვაზე შორეული ჩრდილოეთის სანაპიროზე მცხოვრები ხალხი? როგორც ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, ამის მიზეზი ნაწილობრივ ის იყო, რომ ეს ხე ჩვენს ერამდე „უცხო ხილს“ წარმოადგენდა. თუმცა გასაგებია, რომ ხე, რომელიც მუდამ მწვანეა ანუ „ცოცხალია“ მაშინ, როცა სიცივეში სხვა ხეები „კვდებიან“, შეიძლება საიდუმლოებით ყოფილიყო მოცული.

მსოფლიოს ბევრ კულტურაში ხეები სიცოცხლის, გადარჩენისა და უკვდავების სიმბოლოა. ამ ფაქტით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ კვეთდნენ ქვაზე მარადმწვანე ხეებს საუკუნეების წინ ბოჰუსლენისა და ესტფოლდის პროვინციებში მანამ, სანამ ეს ხეები იმ მხარეში მასიურად მომრავლდებოდა.

შვედეთის ეროვნული მემკვიდრეობის საბჭოს მხარდაჭერით გამოცემულ ერთ წიგნში, რომელიც ეხება ქვაზე კვეთის ისტორიას, აღნიშნულია: „ქვაზე ამოკვეთილი ხეებიდან ვიგებთ, რომ ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ სკანდინავიაში მცხოვრები ხალხი საკმაოდ რელიგიური იყო და მათი კულტურული ტრადიციები ახლოს იყო დღევანდელი ევროპელებისა და აზიელების წინაპართა კულტურასთან. იმ ხალხმა კი, რომელიც სოფლის მეურნეობას და მეცხოველეობას მისდევდა, შეითვისა რელიგიური წეს-ჩვეულებები და თანდათან დაიწყო სამყაროზე დაკვირვება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ღმერთების სახელები განსხვავებული იყო, მათგან უმეტესობა ერთსა და იმავე ღვთაებებს ეთაყვანებოდა“ (Rock Carvings in the Borderlands).

ბოჰუსლენის მუზეუმის მიერ გამოცემულ ბროშურაში წერია: „ეს არ იყო ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სურათები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოსახულებები მათი ღვთაებებისადმი აღვლენილ ლოცვა-ვედრებას გამოხატავდა. მათი რწმენა ეფუძნებოდა მარადიული სიცოცხლის წრებრუნვის, ნაყოფიერების, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების მოძღვრებებს“ (The Rock Carving Tour).

შვედეთის ეროვნული ენციკლოპედია აღწერს ქვაზე კვეთის უნიკალურ ხელოვნებას, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში წერის ხელოვნების დამკვიდრებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა და იქვე დასძენს: „სექსუალური შინაარსის გამოსახულებებიდან ვიგებთ, რომ ჩრდილოეთში ბრინჯაოს ხანაში მცხოვრები ხალხის რელიგიაში დამკვიდრებული იყო ნაყოფიერების კულტი“ (Nati-onalencyklopedin).

როგორც ჩანს, მარადმწვანე ხეებთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები თანდათანობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ საშობაო ხესთან დაკავშირებით ასეთ რამეს აღნიშნავს: „ხის თაყვანისცემა გავრცელებული იყო წარმართ ევროპელებში და ისინი ქრისტიანობის მიღების შემდეგაც მიჰყვებოდნენ ამ ჩვეულებას“. ხის თაყვანისცემას თან ახლდა სხვადასხვა წეს-ჩვეულება და რიტუალი, მათ შორის . . . „სახლის შესასვლელში ან სახლში საშობაო ხის დადგმა ზამთრის დღესასწაულების პერიოდში“.

მარადმწვანე ხის ტრადიცია თანამედროვე დროში მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც 1841 წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა შობის აღსანიშნავად დეკორატიული ნაძვის ხე დადგა. დღეს საშობაო ნაძვის ხე მთელ მსოფლიოშია პოპულარული და არ წყდება მოთხოვნა, როგორც ბუნებრივ ნაძვზე, ისე ხელოვნურზე. სკანდინავიაში ქვაზე ამოკვეთილი ნაძვის ხეები იმის უტყვი მოწმენი არიან, რომ საშობაო ნაძვის ხეს არ ჰქონია ქრისტიანული დასაბამი.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ბოჰუსლენის პროვინციაში აღმოჩენილი ქვაზე ამოკვეთილი ზოგი ნამუშევარი იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიაშია შესული.

[ჩანართი 12 გვერდზე]

ქვაზე ამოკვეთილი ხეები იმაზე მოწმობს, რომ მარადმწვანე ხის წარმართული თაყვანისცემა ჯერ კიდევ ქრისტემდე იყო გავრცელებული

[სურათები 13 გვერდზე]

ქვაზე შესრულებული ხის გამოსახულებები 1) ტორსბოში 2) ბაჩკასა და 3) ლეკებერგში (შვედეთი)

[საავტორო უფლება]

Courtesy Stiftelsen för dokumentation av Bohusläns hällristningar