არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქარცეცხლგამოვლილი წიგნი

ქარცეცხლგამოვლილი წიგნი

ქარცეცხლგამოვლილი წიგნი

„არც ერთ წიგნს არ ჰყოლია იმდენი მტერი, რამდენიც მას. მაგრამ მედგრად გაუძლო მის წინააღმდეგ ამხედრებულ ყველა ძალას, გონსა თუ მჭევრმეტყველებას“.

რატომ იმსახურებს ბიბლია თქვენს ყურადღებას? უპირველესად იმიტომ, რომ მისივე თქმით, მასში ადამიანთათვის გადასაცემი ღვთის ცნობა, ღვთის სათქმელია ჩაწერილი (2 ტიმოთე 3:16). და თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან ბევრს დავკარგავთ, თუ არ წავიკითხავთ ამ უძვირფასეს წიგნს.

ამ წიგნმა თქვენი ყურადღება კიდევ იმიტომ უნდა მიიპყროს, რომ ის დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი ნაშრომია, ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ბიბლია ყველა დროის ბესტსელერია და ყოველ წელს პირველ ადგილზე დგას გაყიდული წიგნების რაოდენობის მიხედვით.

იმის ფონზე, რომ საუკუნეების მანძილზე ბიბლიის განადგურებას ბევრი ლამობდა, მისი შინაარსი, ასაკი და გავრცელების ოდენობა კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ამ ღვთიურ წერილს. „არც ერთ წიგნს არ ჰყოლია იმდენი მტერი, რამდენიც მას. მაგრამ მედგრად გაუძლო მის წინააღმდეგ ამხედრებულ ყველა ძალას, გონსა თუ მჭევრმეტყველებას“, — აცხადებს მე-19 საუკუნის თეოლოგი ალბერტ ბარნზი.

ამავე მწერლის თქმით, როგორც წესი, ხალხი იმისკენ უფრო მეტად ილტვის, რაც ძნელად მოსაპოვებელია. „არც ერთ ჯარს არ გადაუტანია იმდენი ბრძოლა, რამდენიც ბიბლიას. არც ერთი ბასტიონი იმდენჯერ არ მოქცეულა ალყაში, რამდენჯერაც ის, მაგრამ მტკიცედ უძლებდა ქვემეხების გუგუნს და ამაყად იტანდა ჟამთასვლას. არც ერთ კლდეს არ ჰკვეთებია აზვირთებული ტალღები ისე ძლიერ, როგორც ამ წიგნს, მაგრამ მაინც შეურყევლად და ქედმოუხრელად იდგა თავაწეული კუთვნილ ადგილას“, — დასძენს ბარნზი.

ბევრი უძველესი ჩანაწერი დაიკარგა, განადგურდა ან უბრალოდ დავიწყებას მიეცა, მაგრამ ვერაგული თავდასხმების მიუხედავად, ბიბლია გადარჩა და ჩვენამდე შემორჩა. ზოგი სიცოცხლესაც კი იგდებდა საფრთხეში, ოღონდაც ბიბლია ხალხამდე მიეტანა. სხვებს კი ამ წიგნს ხელიდან გლეჯდნენ და შემდეგ ორივეს ერთად კოცონზე წვავდნენ.

რატომ უყვარდათ ან რატომ სძულდათ ეს წიგნი ასე ძლიერ? რა ქარცეცხლი გამოიარა მან? ვინ იყვნენ მისი დაუძინებელი მტრები? როგორ გაუძლო ამდენ ქარტეხილს და როგორ მოაღწია ჩვენამდე? რა გასაოცარი ამბის თქმა სურს მას თქვენთვის? სწორედ ამ კითხვებს უპასუხებს შემდეგი სტატია.

[დიაგრამა/სურათები 2, 3 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბიბლიის წერისა და გამოცემის ქრონოლოგიური დიაგრამა

ძვ. წ. 1513 — დაახლ. ახ. წ. 98 წლები ბიბლია დაიწერა ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე

დაახლ. 100 წელი ბიბლია უფრო მოსახერხებელი ხდება კოდექსის სახით

დაახლ. 405 წელი იერონიმემ ლათინურად თარგმნა ბიბლია

1380 წელი უიკლიფმა ლათინურიდან ინგლისურად თარგმნა ბიბლია

1455 წელი გუტენბერგი ბეჭდავს პირველ ბიბლიას

1525 წელი ტინდალმა ინგლისურად თარგმნა ბიბლია

1938 წელი ბიბლია იბეჭდება 1 000-ზე მეტ ენაზე

2011 წელი ბიბლია ხელმისაწვდომი ხდება 2 500-ზე მეტ ენაზე