არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხალხს ბიბლიას უმალავდნენ

ხალხს ბიბლიას უმალავდნენ

ხალხს ბიბლიას უმალავდნენ

დროის სვლასთან ერთად სულ უფრო მეტი რამ კეთდებოდა იმისათვის, რომ ბიბლია იმ ენებზე თარგმნილიყო, რა ენებზეც ძირითადი მოსახლეობა საუბრობდა. ცოტას თუ შეეძლო ბიბლიის ებრაულ და ბერძნულ ენებზე წაკითხვა, რომელ ენებზეც ეს წიგნი დაიწერა. ვერც ბევრი ჩვენგანი შეძლებდა ღვთის სიტყვის გაგებას, ის მარტო ამ უძველეს ენებზე რომ ყოფილიყო შემონახული.

იესოს დედამიწაზე მოსვლამდე 300 წლით ადრე დაიწყო ებრაული წერილების ბერძნულ ენაზე თარგმნა. ეს თარგმანი ბერძნული სეპტუაგინტას სახელით გახდა ცნობილი. დაახლოებით 700 წლის შემდეგ იერონიმემ გამოსცა ვულგატას სახელით ცნობილი ბიბლია. ეს იყო ებრაული და ბერძნული წერილების ლათინური თარგმანი. იმ დროს რომის იმპერიაში ლათინური ენა იყო გავრცელებული.

მოგვიანებით ლათინური დავიწყებას მიეცა. ამ ენაზე მხოლოდ განათლებული ხალხიღა ლაპარაკობდა. კათოლიკური ეკლესია ეწინააღმდეგებოდა ბიბლიის სხვა ენებზე თარგმნას. რელიგიური წინამძღოლები ამტკიცებდნენ, რომ ბიბლია მხოლოდ ებრაულ, ბერძნულ და ლათინური ენებზე უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. *

ეკლესიის გაყოფა და ბიბლიის თარგმნა

ახ. წ. IX საუკუნეში თესალონიკელი მისიონერები მეთოდე და კირილე ბიზანტიაში აღმოსავლური ეკლესიის (მართლმადიდებლური ეკლესია) დამცველებად გამოდიოდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ იმ აზრს, რომ სლავური ენა საეკლესიო ენა გამხდარიყო. მათ სურდათ, აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ სლავებს, რომლებმაც არც ბერძნული იცოდნენ და არც ლათინური, ღვთის შესახებ ცოდნის მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე ჰქონოდათ.

მაგრამ ეს მისიონერები სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ გერმანელი მღვდლებისგან, რომლებიც ხალხს ლათინურ ენაზე ლაპარაკს იმ მიზნით აიძულებდნენ, რომ ხელი შეეშალათ ბიზანტიელი ქრისტიანების მომრავლებისთვის. აშკარაა, რომ მათ პოლიტიკური საკითხები უფრო აღელვებდათ, ვიდრე ხალხის რელიგიური განათლება. ასეთმა დაძაბულმა ვითარებამ ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთ და დასავლეთ განშტოებები განხეთქილებამდე მიიყვანა, რის შედეგადაც 1054 წელს ქრისტიანობა ორ ნაწილად — კათოლიკურ და აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიად — გაიყო.

ბრძოლა ბიბლიის თარგმნის წინააღმდეგ

რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ლათინური ენა საბოლოოდ წმინდა ენად შერაცხა. ამგვარად, ბოჰემიის ჰერცოგის, ვრატისლავის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც 1079 წელს ეკლესიაში ღვთისმსახურების სლავურ ენაზე შესრულების ნებართვას ითხოვდა, პაპმა გრიგოლ VII-მ დაწერა: „ვერაფრის დიდებით ვერ გავცემთ ამ ნებართვას“. რატომ ასეთი მტკიცე უარი?

„მათთვის, ვინც ამ საკითხს უფრო გულდასმით იკვლევს, — განაგრძობს პაპი — ერთი რამ ნათელი ხდება: ღვთის ნებაა, რომ წმინდა წერილების გარკვეული მონაკვეთები ბუნდოვანი დარჩეს. ეს წიგნი შეიბღალებოდა ყველაფრის სრულად გაგების შემთხვევაში და ხალხიც დაკარგავდა მის პატივისცემას. გარდა ამისა, საზოგადოების უცოდინარი ფენა არასწორად გაიგებდა მას და უფრო მეტად შევიდოდა შეცდომაში“.

უბრალო ხალხს მკაცრად ეკრძალებოდა ბიბლიის ქონა. ასეთი სახით, სამღვდელოებამ მათზე ძალაუფლების მოპოვება შეძლო. მათ არ სურდათ, ამ ადამიანებს ის საკითხები ეკვლიათ, რაც მათი აზრით, მხოლოდ სამღვდელოების საქმე იყო.

1199 წელს პაპმა ინოკენტ III-მ იმ „ერეტიკოსებზე“, რომლებმაც ბიბლია ფრანგულ ენაზე თარგმნეს და მასზე მსჯელობა გაბედეს, იესოს შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს“ (მათე 7:6). რისი თქმა უნდოდა ამით პაპს? „უბრალო და უსწავლელი ადამიანი ისე არ უნდა გაკადნიერდეს, რომ დიდებული წმინდა წერილების თარგმნა ან ქადაგება დაიწყოს“. ვინც პაპის ბრძანებას გადავიდოდა, ხშირად ინკვიზიტორების ხელში ვარდებოდა, რომლებიც წამებითა და იძულებით ათქმევინებდნენ აღსარებას დამნაშავეს. ვინც აზრს არ შეიცვლიდა, კოცონზე ცოცხლად წვავდნენ.

იმ პერიოდში, როცა ბიბლია ხალხისთვის ისედაც აკრძალული იყო, ბევრი პაპ ინოკენტის ამ წერილს იმისთვის იყენებდა, რომ უფრო თამამად აეკრძალა ბიბლია და მისი სხვა ენებზე თარგმნა. პაპის დადგენილებიდან მალევე მასიურად დაიწყო იმ ენებზე ნათარგმნი ბიბლიების დაწვა, რომელ ენებზეც უბრალო ადამიანები საუბრობდნენ. სამღვდელოება არც მათ ინდობდა, ვისაც ბიბლიას უპოვიდა — მათ თავიანთივე ბიბლიებთან ერთად აბრიალებულ ცეცხლში ბუგავდნენ. შემდგომ საუკუნეებში ეპისკოპოსები და კათოლიკური ევროპის მმართველები ყველანაირ ღონეს ხმარობდნენ, რომ პაპ ინოკენტ III-ის დადგენილება მკაცრად დაეცვათ.

კათოლიკურმა სამღვდელოებამ კარგად უწყოდა, რომ მათი სწავლებების უმეტესობა ბიბლიაზე კი არა, ეკლესიურ ტრადიციებზე იყო დაფუძნებული. რაღა თქმა უნდა, სწორედ ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უკრძალავდნენ მორწმუნე ადამიანებს ბიბლიის კითხვას. მისი წაკითხვით ხალხი მიხვდებოდა, რომ ეკლესიურ სწავლებებსა და ბიბლიას შორის დიდი შეუთავსებლობა იყო.

რეფორმაციის ეფექტი

მსოფლიო არენაზე პროტესტანტიზმის გამოჩენამ მნიშვნელოვნად შეცვალა რელიგიური კლიმატი ევროპაში. მარტინ ლუთერის მცდელობა, მოეხდინა კათოლიკური ეკლესიის რეფორმაცია, უმთავრესად იმით იყო განპირობებული, რომ მას კარგად ესმოდა წმინდა წერილების მნიშვნელობა. ამავე მიზეზით მან 1521 წელს ეკლესია დატოვა. მას შემდეგ, რაც ეკლესიასთან კავშირი საბოლოოდ გაწყვიტა, ამ ნიჭიერმა მთარგმნელმა განიზრახა, როგორმე ბიბლია ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა.

ლუთერის გერმანულ ენაზე შესრულებულმა თარგმანმა და მისმა გავრცელებამ უმალ მიიპყრო რომის კათოლიკური ეკლესიის ყურადღება. ეკლესიამ გადაწყვიტა, გამოეცა ბიბლია, რომელიც ლუთერის ბიბლიას ჩაანაცვლებდა. მალე გერმანულ ენაზე ორი ასეთი თარგმანიც გამოჩნდა. მაგრამ 25 წელიც არ იყო გასული, რომ 1546 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ტრიენტის საეკლესიო კრებაზე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, რელიგიური ლიტერატურის ბეჭდვასა და ბიბლიების თარგმნას ეკლესია გააკონტროლებდა.

ტრიენტის კრებაზე მიღებულ დადგენილებაში ვკითხულობთ: „დღეის ამას იქით წმინდა წერილები . . . დაიბეჭდება შესაბამისი წესების დაცვით; თუ ვინმე დაბეჭდავს წიგნს, რომელიც მოგვითხრობს წმინდა საკითხებზე ან ვინმეს დაიქირავებს მის დასაბეჭდად და მასზე არ მიუთითებს ავტორის ვინაობას, კანონის დარღვევაში დაედება ბრალი. ასევე, თუ ვინმე მოინდომებს ამ წიგნის გაყიდვას ან ფლობას, მას ჯერ [ადგილობრივმა ეპისკოპოსმა] უნდა გადახედოს და მანვე მისცეს ამის ნებართვა“.

1559 წელს პაპმა პავლე IV-მ რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალული წიგნების პირველი კატალოგი გამოსცა. ამ სიაში შესული იყო გერმანული, ესპანური, ინგლისური, იტალიური, ფრანგული და ჰოლანდიური თარგმანები და ასევე ლათინურ ენაზე შესრულებული ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი. ვინც ბიბლიის წაკითხვას მოისურვებდა, ეპისკოპოსების ან ინკვიზიტორების წერილობითი ნებართვა უნდა ჰქონოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერეტიკოსობაში იქნებოდა მხილებული.

ვინც გაბედავდა ბიბლიის შეძენას ან მის გავრცელებას იმ ენებზე, რომლებზეც ხალხი ლაპარაკობდა, კათოლიკური ეკლესიის რისხვას დაიტეხდა თავს. ბევრი დააპატიმრეს, ზოგი ძელზე გააკრეს და დაწვეს, ზოგს სამუდამო საპატიმრო მიუსაჯეს ან ჩამოახრჩვეს. ჩამორთმეულ ბიბლიებს ცეცხლში წვავდნენ. სიმართლე რომ ვთქვათ, კათოლიკე მღვდლები მე-20 საუკუნეშიც არ ღალატობდნენ თავიანთ ტრადიციას და წარბშეუხრელად წვავდნენ ბიბლიებს.

არც პროტესტანტები გვევლინებოდნენ ბიბლიის დამცველებად და მეგობრებად. XVIII — XIX საუკუნეებში ზოგიერთი პროტესტანტი თეოლოგი ბიბლიის სწავლების იმ მეთოდის აქტიური ქომაგი გახდა, რომელსაც მოგვიანებით „უმაღლესი კრიტიკა“ ეწოდა. დროთა განმავლობაში, ბევრი დარვინის თეორიის გავლენის ქვეშ მოექცა, რომლის თანახმადაც, სიცოცხლე შემოქმედებითი გზით კი არა, შემთხვევითობის წყალობით გაჩნდა.

თეოლოგები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი საეკლესიო პირიც, იმას ასწავლიდნენ, რომ ბიბლია ლეგენდებისა და მითების კრებული იყო. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ დღევანდელი პროტესტანტი მღვდლებისგან ან მათი მრევლისგან ისეთ აზრს მოისმენთ, თითქოს ბიბლია არ შეიცავს ზუსტ ისტორიულ ინფორმაციას.

შესაძლოა, თქვენც მოგისმენიათ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების აზრი, რომ თითქოს ბიბლია არ არის სანდო წიგნი და შეიძლება გაოცებულიც დარჩენილხართ, როგორ ცდილობდნენ საუკუნეების მანძილზე ამ წიგნის მოსპობას. მაგრამ რა სასიხარულოა, რომ ბიბლიამ ყველა თავდასხმას გაუძლო და დღემდე „ცოცხალია“!

რატომ მოვიდა ჩვენამდე

როგორც აღვნიშნეთ, ბევრმა შეიყვარა ბიბლია და მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწირა მისთვის. მაგრამ ამ წიგნმა ჩვენამდე უფრო დიდი ძალის წყალობით მოაღწია. მარტივად რომ ვთქვათ, ბიბლია დღემდე იმიტომ შემორჩა, რომ მის დამწერთ უზენაესი ღმერთი ხელმძღვანელობდა (ესაია 40:8; 1 პეტრე 1:25).

ბიბლიის კითხვა და მისი მცნებების დაცვა ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის — გვექნება უკეთესი ოჯახები და ჯანმრთელობა. ღვთის სურვილია, რომ ბიბლიამ იარსებოს და რაც შეიძლება მეტ ენაზე იყოს გავრცელებული, რათა ყველამ შეიყვაროს ღმერთი, ემსახუროს მას და მარადიული კურთხევები მიიღოს. განა ეს ის არ არის, რაც ყველა ადამიანს გვწადია?!

იესომ ლოცვაში ზეციერ მამას უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). ღმერთს სურს, რომ გულწრფელ ადამიანებს საჭირბოროტო კითხვებზე პასუხები სწორედ ბიბლიის მეშვეობით გასცეს. იესოც ამ ბიბლიას კითხულობდა და აქედან ასწავლიდა.

გულითადად მოგიწოდებთ, გამოიკვლიოთ ბიბლია და გაიგოთ, რა მომავალს უმზადებს ღმერთი ადამიანებს. იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ამ ჟურნალს ავრცელებენ, ამ საქმეში სიამოვნებით დაგეხმარებიან. *

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ეს იდეა, როგორც ჩანს, მომდინარეობდა ესპანელი ეპისკოპოსის, ისიდორ სევილიელის (ახ. წ. 560—636 წლები) ჩანაწერებიდან. ის აცხადებდა: „მხოლოდ სამი წმინდა ენა არსებობს: ებრაული, ბერძნული და ლათინური, და ეს ენები მთელ მსოფლიოში აღმატებულია. ამიტომაც გააკეთა პილატემ ამ სამ ენაზე წარწერა უფლის ჯვარზე“. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება, წარწერა ამ სამ ენაზე გაკეთებულიყო, წარმართმა რომაელებმა მიიღეს. ეს ღვთის მითითებით არ მომხდარა.

^ აბზ. 28 დაუკავშირდით მათ ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის სასურველ მისამართზე ან ეწვიეთ მათ ვებ-გვერდს www.watchtower.org.

[ჩანართი 6 გვერდზე]

სამღვდელოება უბრალო ხალხს მკაცრად უკრძალავდა ბიბლიის ქონას. მათ ადვილად მოიპოვეს მათზე ძალაუფლება

[ჩანართი 8 გვერდზე]

ვინც გაბედავდა და ბიბლიას შეიძენდა ან გაავრცელებდა, ძელზე გაკრულს წვავდნენ ან სამუდამოდ საპატიმროში სვამდნენ

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ბიბლიის პასუხები

შემოქმედს სურს, რომ ვიცოდეთ ამ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხი:

● რატომ გავჩნდით ამქვეყნად?

● რატომ არის ირგვლივ ამდენი ტანჯვა?

● სად მიდიან მკვდრები?

● საით მიექანება ეს წუთისოფელი?

ბიბლია სრულად პასუხობს ამ კითხვებს და იმასაც გვასწავლის, თუ სად ვპოვოთ ნამდვილი ბედნიერება.

[დიაგრამა/სურათები 6, 7 გვერდებზე]

ბიბლიაზე თავდასხმების ქრონოლოგია

დაახლ. ახ. წ. 636 წელი

ისიდორ სევილიელი ამტკიცებდა, რომ ებრაული, ბერძნული და ლათინური „წმინდა“ ენები იყო და, შესაბამისად, წმინდა ბიბლიას მხოლოდ ამ ენებზე უნდა ეარსება

1079 წელი

პაპმა გრიგოლ VII-მ არაფრის დიდებით არ დააკმაყოფილა ვრატისლავის თხოვნა ეკლესიაში ღვთისმსახურების სლავურ ენაზე შესრულებაზე. პაპი აცხადებდა, რომ „უცოდინარ ხალხს“ წმინდა წერილები არ უნდა ჰქონოდა

1199 წელი

პაპი ინოკენტ III ერეტიკოსად აცხადებდა ყველას, ვინც გაბედავდა ბიბლიის თარგმნას და მასზე მსჯელობას. ხშირად, ვინც პაპის ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, აწამებდნენ და კლავდნენ

1546 წელი

ტრიენტის საეკლესიო კრების დადგენილებით, იკრძალებოდა ბიბლიის თარგმანების დაბეჭდვა კათოლიკური ეკლესიის ნებართვის გარეშე

1559 წელი

პაპი პავლე IV-ის ბრძანებით ბიბლია არ უნდა ყოფილიყო ნათარგმნი იმ ენებზე, რომლებზეც ხალხი ლაპარაკობდა. მშობლიურ ენებზე ნათარგმნ ბიბლიებს ხალხს ართმევდნენ და ზოგჯერ თავიანთ ბიბლიებთან ერთად კოცონზე წვავდნენ

[საავტორო უფლებები]

Pope Gregory VII: © Scala/White Images/Art Resource, NY; Pope Innocent III: © Scala/Art Resource, NY; Council of Trent: © Scala/White Images/Art Resource, NY; Pope Paul IV: © The Print Collector, Great Britain/HIP/Art Resource, NY

[სურათის საავტორო უფლება 8 გვერდზე]

From Foxe’s Book of Martyrs