არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2011 წლის ცუნამი იაპონიაში — გადარჩენილები იხსენებენ . . .

2011 წლის ცუნამი იაპონიაში — გადარჩენილები იხსენებენ . . .

2011 წლის ცუნამი იაპონიაში — გადარჩენილები იხსენებენ . . .

წაიკითხეთ რეალური შემთხვევები, რომლებსაც ჰყვებიან მიწისძვრასა და ცუნამს გადარჩენილები.

პარასკევს, 2011 წლის 11 მარტს, 14:46 წუთზე იაპონიას თავს დაატყდა უძლიერესი მიწისძვრა. ეს იყო მსოფლიოში ოდესმე მომხდართაგან მეოთხე უძლიერესი მიწისძვრა. ამას მოჰყვა წამლეკავი ცუნამი, შემდეგ კი კვირების განმავლობაში ძლიერი ბიძგები, რაც ხალხს პანიკაში აგდებდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს. საბედნიეროდ, ათასები გადარჩნენ. მოდი, მოვუსმინოთ ზოგიერთ მათგანს:

ტადაიუკი და მისი ცოლი ჰარუმი ისინომაკიში (მიაგი) ცხოვრობდნენ. ისინი სახლში იყვნენ, როცა გუგუნის ხმა გაიგეს. სახლმა ძლიერი რყევა დაიწყო. „გარეთ გამოვვარდით, გავგიჟდით, როცა დავინახეთ, როგორ იყო მიწა დახეთქილი, — გვიყვება ტადაიუკი. — ვუყურებდით, როგორ ირწეოდა ჩვენი სახლი წინ და უკან და როგორ ასდიოდა კედლებს კვამლივით მტვრის ბუღი“.

მიწისძვრის ეპიცენტრი მიაგის სანაპიროდან 129 კილომეტრში იყო. ცუნამმა იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროს 670 კილომეტრიან ზოლში ყველაფერი წალეკა. აზვირთებული ტალღების სიმაღლე ზოგან 15 მეტრს აღწევდა, რომელმაც დაანგრია ტალღასაჭრელები და ჯებირები და 40 კილომეტრზე გავრცელდა.

მთლიანად მოიშალა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის სისტემები. დაახლოებით 160 000 სახლი, მაღაზია და ქარხანა დაზიანდა ან წყალმა წალეკა. 440 000 დაზარალებული 2 500 დროებით თავშესაფარში — სკოლებსა და სხვა შენობებში იქნა გადაყვანილი. ბევრმა ნათესავებთან და მეგობრებთან შეაფარა თავი. დაიღუპა ათიათასობით ადამიანი, ასობით ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.

დანაკარგი და გულის ტკივილი

ცუნამმა უფრო მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ვიდრე მიწისძვრამ. იოიჩი, რომელიც რიკუზენ-ტაკატაში (ივატე) ცხოვრობდა, მიხვდა, რომ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვებოდა. ამიტომ თავისი მშობლები იქვე ახლოს მდებარე თავშესაფარში გადაიყვანა. შემდეგ მეზობლების დასახმარებლად დაბრუნდა უკან. ამის მერე თავის ცოლთან, ტაცუკოსთან ერთად ისევ მშობლებთან აპირებდა დაბრუნებას. მოულოდნელად გზაში შეიტყო, რომ იმ ადგილს ცუნამი უახლოვდებოდა.

მათ სხვა თავშესაფრისკენ გასწიეს, მაგრამ შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს, შესასვლელი ნანგრევებით იყო ჩახერგილი. დაინახეს, ჭვარტლივით შავი სამხერხაოს შენობა როგორ მოექანებოდა მათკენ. „გავიქცეთ!“ — იყვირა ტაცუკომ.

როგორც იქნა სკოლის ეზომდე მიაღწიეს, რომელიც შემაღლებულ ადგილზე იყო. იქიდან დაინახეს, როგორ გადაუარა ცუნამმა მთელ კვარტალს. „ვაიმე, ჩემი სახლი წყალს მიაქვს“, — ყვიროდა ვიღაც ქალი. ქალაქ რიკუზენ-ტაკატას სამი მეოთხედი მთლიანად განადგურდა, იოიჩის მშობლები ცუნამმა წაიღო. მამამისის ცხედარი ვერსად ნახეს, დედის სხეული კი მოგვიანებით იპოვეს.

ტორუ ამ დროს ისინომაკის სანაპიროსთან ახლოს, ქარხანაში მუშაობდა. პირველი ბიძგები რომ ჩაწყნარდა, მანქანაში ჩაჯდა და იქაურობა სწრაფად დატოვა. სხვებსაც ეძახდა, გაქცეულიყვნენ, რათა მოახლოებული ცუნამისთვის თავი დაეღწიათ.

„თავიდან ჩემი სახლისკენ წავედი, რომელიც მაღალ ადგილზე იდგა, მაგრამ საცობში მოვყევი, — იხსენებს ტორუ. — მანქანაში, რადიოში მოვისმინე, რომ ცუნამი უკვე მეზობელ ქალაქამდე იყო მოსული. ფანჯრები ჩავწიე, რომ თუ ცუნამი დამარტყამდა, ფანჯრიდან გადმოვმძვრალიყავი. მალე დავინახე, როგორ მოექანებოდა ჩემკენ 2 მეტრიანი წყლის შავი კედელი. ჩემს მანქანას წინა მანქანები დაეჯახა და ყველა ერთად წყალმა წაგვიღო“.

„ძლივს გადმოვძვერი ფანჯრიდან, რომ ნავთიანმა და აქოთებულმა ნიაღვარმა გამიყოლა. წყალმა მანქანების სახელოსნოში შემაგდო, სადაც ვიმარჯვე და კიბის მოაჯირს მაგრად ჩავებღაუჭე, მერე მეორე სართულზე ავცოცდი. დიდი გაჭირვებით ამოვათრიე სამი ადამიანი ამ უსაფრთხო ადგილას. წყალს, სიცივეს და თოვლიან ღამეს ცოტანი გადავურჩით. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ყველას გადარჩენა, ვინც შველას გვთხოვდა“.

მიწისძვრამდე მიდორი კამაისიში (ივატე) ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და გადაწყვიტა, მოხუცები მოენახულებინა და ატესტატი ეჩვენებინა. ბაბუამ, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, ხმამაღლა წაიკითხა ატესტატი და შეაქო შვილიშვილი კარგი სწავლისთვის. ამ ბედნიერი დღიდან ხუთი დღის შემდეგ იქაურობას სტიქია დაატყდა.

მიდორიმ და დედამისმა, იუკომ მოხუცებს უთხრეს, ახლავე თავშესაფარში უნდა წაგიყვანოთო. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვებოდა. ბაბუა უარზე იდგა: „მე არსად არ წამოვალ. ცუნამს აქამდე არასდროს მოუღწევია და რაღა ახლა მოვა?!“ დედა-შვილი სახლიდან მის გაყვანას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ხელში აყვანა და გარეთ გავიდნენ, რომ ვინმესთვის დახმარება ეთხოვათ. ზუსტად იმ წუთში ცუნამი უკვე ნაპირს მოადგა. „ჩქარა, გაიქეცით!“ — ყვიროდა ერთი კაცი მაღალი ადგილიდან. ცუნამი ერთიმეორის მიყოლებით ყლაპავდა სახლებს. „ბებო! ბაბუ!“ — ექოსავით გაისმოდა მიდორის საზარელი ყვირილი. ბაბუას ცხედარი იპოვეს მოგვიანებით, ბებიასი კი — ვერა.

გაწეული დახმარება

იაპონიის მთავრობამ შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაგზავნა სახანძრო სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და თავდაცვის ძალების სამხედრო შემადგენლობა მთელი იაპონიიდან. მოკლე დროში 130 000-ზე მეტი ადამიანი ჩაება სამაშველო ოპერაციებში. დახმარების ხელი იაპონიას სხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გაუწოდეს. ადგილზე ჩავიდა უამრავი სამაშველო ჯგუფი და სამედიცინო პერსონალი. ისინი ეძებდნენ გადარჩენილებს, სამედიცინო დახმარებას უწევდნენ დაზარალებულებს და ტერიტორიას ასუფთავებდნენ ნანგრევებისგან.

სხვადასხვა ორგანიზაცია დახმარებას უწევდა თავიანთ წევრებს. მათ შორის იეჰოვას მოწმეებიც. პარასკევს, ნაშუადღევს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ მოწმეებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს თანამორწმუნეების ძებნა. ბევრ ადგილას გადაადგილება შეუძლებელი გახდა, ელექტრო და სატელეფონო სისტემები მთლიანად მოიშალა. მიწისძვრის ზონაში ძალზე რთული იყო ვინმეს პოვნა.

სომაში (ფუკუსიმა) ერთმა კრების უხეცესმა ტაკაიუკიმ ძლივს მოახერხა რამდენიმე ოჯახთან დაკავშირება იმ ავადსახსენებელ პარასკევ დღეს. ის გვიამბობს: „მეორე დღეს უთენია ავდექი, რომ სხვებიც მომეძებნა. იქაურობა ჯერ მანქანით შემოვიარე, მერე ფეხით, ოცამდე დასახლება მოვიარე, თავშესაფრებშიც ვიყავი, ყველგან დავეძებდი კრების წევრებს. საღამოს, როგორც იქნა, ვიპოვე ზოგიერთი თანამორწმუნე. ბიბლიური მუხლები წავუკითხე და ერთად ვილოცეთ“.

ისინომაკიში მცხოვრები შუნჯი იხსენებს: „თანაქრისტიანების მოსაძებნად შევქმენით ჯგუფები. როდესაც შემთხვევის ადგილას მივედით, ნანახმა თავზარი დაგვცა. მანქანები ელექტრო ბოძებზე ეკიდა, ცუნამს სახლები ერთად მიეხვეტა, ნანგრევების გროვა სახლებზე მაღალი იყო. ერთი მანქანის სახურავზე ცხედარი ეგდო, ალბათ, ამ ადამიანმა ცივ ღამეს ვერ გაუძლო და გაიყინა. ამობრუნებული მანქანა სახლებს შორის იყო გამოკიდებული და შიგ ცხედარი ეგდო“.

შუნჯის ძალიან გაუხარდა, როცა თავშესაფარში თანაქრისტიანები იპოვა. ის ამბობს: „როცა დავინახე, მივხვდი, რამდენად ძვირფასები იყვნენ ისინი ჩემთვის“.

„არ გვეგონა, თუ ასე მალე მოხვიდოდით“

ორი ახალგაზრდა მოწმე იუი და მიზიუკი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ მინამისანრიკუში (მიაგი). როცა პირველი ბიძგები მიწყნარდა, გარეთ გამოცვივდნენ და მაღლობისკენ გაიქცნენ. ათი წუთიც არ იყო გასული, როცა დაინახეს, როგორ გადაუარა დიდმა ტალღებმა მათ სახლებს და მთელ ქალაქს და როგორ წახვეტა ყველაფერი. მათ თავშესაფარს შეაფარეს თავი.

იუი და მიზიუკი თავშესაფარში შეხვდნენ იეჰოვას მოწმე მეგობრებს. ისინი ერთად ლოცულობდნენ და იეჰოვას დახმარებას სთხოვდნენ. მეორე დღეს კრების წევრებმა დებს საჭმელი მიუტანეს. სხვა კრების წევრებიც დატვირთულები ჩავიდნენ. იუიმ და მიზიუკიმ გახარებულებმა თქვეს: „ვიცოდით, რომ მოხვიდოდით, მაგრამ არ გვეგონა, თუ ასე მალე მოხვიდოდით“.

ტომეს კრების ერთ-ერთი ზედამხედველი ჰიდეჰარუ ჰყვება: „მთელი ღამე ვცდილობდი, მეპოვა მეგობრები, რომლებიც სანაპიროზე ცხოვრობდნენ. დილის ოთხ საათზე გავიგე, რომ რამდენიმე მათგანს სკოლისთვის შეეფარებინა თავი. შვიდი საათისთვის დაახლოებით 10 კაცი შევიკრიბეთ და მოვამზადეთ ბრინჯის ბურთულები, მერე სამმა მანქანით წავიღეთ თავშესაფარში. გზები გაუვალი იყო, ბევრი წვალება მოგვიწია, სკოლამდე რომ მივსულიყავით. ყველა გვეხმარებოდა, ისინიც კი, ვისი სახლებიც წყალს ჰქონდა წაღებული“.

სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა

იეჰოვას მოწმეები სისტემატურად იკრიბებიან ერთად და ბიბლიას სწავლობენ. ზოგიერთი კრება ასეთ შეხვედრებს პარასკევ საღამოს მართავს. რიკუზენ-ტაკატას კრებაც ამ დღეს იკრიბებოდა სამეფო დარბაზში, მოწმეების სათაყვანისმცემლო შენობაში. სამწუხაროდ, ეს შენობაც ცუნამმა იმსხვერპლა. „შეხვედრა მაინც უნდა ჩავატაროთ,“ — თქვა ერთმა უხუცესმა. შეირჩა სახლი, რომელიც ძალიან არ იყო დაზიანებული და ამის შესახებ კრების წევრებს შეატყობინეს.

სახლი გენერატორის მეშვეობით გაანათეს. შეხვედრაზე 16 კაცი მივიდა. „სიხარულისგან ვტიროდით. ამაზე უკეთეს თავშესაფარს ვერც კი ვინატრებდით“, — იხსენებს ახალგაზრდა იასიუიუკი, რომელსაც ცუნამმა სახლი დაუნგრია. ჰიდეკო ამბობს: „ძლიერი ბიძგების გამო შეხვედრა გვიწყდებოდა ხოლმე, მაგრამ რადგან ერთად ვიყავით, აღარ მეშინოდა და თითქოს დარდიც გადამეყარა“.

მას შემდეგ კრების არც ერთი შეხვედრა არ გაცდენილა. სტიქიური უბედურებიდან ორი დღის შემდეგ, კვირას, წაკითხულ იქნა მოხსენება „მსოფლიო საძმო გადაურჩება მოახლოებულ უბედურებას“.

ორგანიზება ეწევა დაზარალებულთა დახმარებას

ტოკიოსთან ახლოს ქალაქ ებინაში მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალმა ორგანიზება გაუწია დაზარალებულთა დახმარების პროგრამას. მათ მალე სამთავრობო სააგენტოებიც მიჰყვნენ. მიწისძვრიდან მეორე დღესვე, შაბათს მოწმეებმა სტიქიური ზონა სამ ნაწილად დაყვეს. სამი დღის შემდეგ ორშაბათს ფილიალის წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ.

სტიქიის ზონაში კვირებისა და თვეების განმავლობაში იგზავნებოდა დახმარება. მოწმეებმა ტონობით დახმარება ჩაიტანეს ადგილზე. ერთდროულად მუშაობდა 3 დახმარების ცენტრი და 21 საწყობი და გამცემი პუნქტი, საიდანაც ხდებოდა პროდუქტისა და სხვა საჭირო ნივთების გაცემა. პირველ ორ თვეში ასობით მოხალისემ 250 ტონაზე მეტი საკვები, ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები დაურიგა დაზარალებულებს. მოწმეები თანაქრისტიანების გარდა სხვებსაც ეხმარებოდნენ.

რიკუზენ-ტაკატასა და მეზობელ ოფუნატოს კრების წევრები თავიანთ ახლად აღდგენილ დარბაზებში ხალხს სულიერად და ემოციურად აძლიერებდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი საუბრები მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებულებს დაეხმარება ტრავმის გადატანასა და ცხოვრების ხელახლა დაწყებაში. სტიქიურ ზონაში მცხოვრები 14 000 მოწმიდან დაიღუპა 12, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.

„როცა გავრბოდით, თითო ჩანთის მეტი არ გვქონია. რაც მერე დაგვჭირდა, ყველაფერზე თანამორწმუნეებმა იზრუნეს“, — ამბობს ერთი ოჯახი. დიახ, მართლაც ბევრ დაზარალებულს შეუძლია იმავე სიტყვების თქმა. რა დიდებულია, რომ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას მსახურები მსოფლიო საძმოს წევრები არიან, რაზეც იესო და მისი მოციქულები საუბრობდნენ. მათ შორის არსებულ სიყვარულს ვერც ცუნამი დააკლებს რამეს და ვერც სხვა სტიქიური უბედურება (იოანე 13:34, 35; ებრაელები 10:24, 25; 1 პეტრე 5:9).

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

ბირთვული კატასტროფა

ცუნამმა მწყობრიდან გამოიყვანა ფუკუსიმა დაიჩიში მდებარე ბირთვული რეაქტორები. რადიაცია მთელ იაპონიასა და სხვა ქვეყნებში გავრცელდა, რის გამოც მოხდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.

„ჩვენი სახლი ბირთვულ ქარხანასთან ახლოს იდგა. მიწისძვრიდან მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეაქტორი იყო დაზიანებული და ყველას გაქცევისკენ მოგვიწოდეს“, — იხსენებს მეგუმი. მეგუმის და ნაცუმი კი გვიამბობს: „ჩვენს თავზე ვერტმფრენები დაფრინავდნენ, ყველგან სირენების ხმა ისმოდა და ხალხს ევაკუირებისკენ მოუწოდებდნენ“. მომდევნო კვირების განმავლობაში ხალხი 9 სხვადასხვა თავშესაფარში გადაჰყავდათ. ბოლოს მეგუმის და ნაცუმის სახლში დაბრუნების ნება დართეს. მათ ორი საათი ჰქონდათ საჭირო ნივთების ასაღებად.

60 წელს გადაცილებული ჩიკაკო უბედური შემთხვევის დროს ქალაქ ნამში (ფუკუსიმა) იმყოფებოდა. ის ჰყვება: „მიწისძვრის შემდეგ იქვე ახლო თავშესაფარს შევაფარე თავი. ძლიერი ბიძგების გამო მე და ჩემს ორ შვილს მთელი ღამე არ გვეძინა. დილის შვიდ საათზე გვითხრეს, რომ სხვა ქალაქში გადავსულიყავით თავშესაფარში“.

„გზებზე საშინელი საცობები იყო. დაახლოებით სამ საათზე მივედით დანიშნულების ადგილას. იქ გავიგეთ ბირთვული რეაქტორის აფეთქების ამბავი. გვეგონა, რომ სახლში მალე დავბრუნდებოდით, ამიტომ საერთოდ არაფერი წამოგვიღია“. ჩიკაკო და მისი ოჯახი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ, სანამ საბოლოოდ თავიანთი სახლიდან ცოტათი მოშორებით არ მიიღეს საცხოვრებელი ბინა.

[საავტორო უფლება]

Photo by DigitalGlobe via Getty Images

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

გაკვეთილი ყველასთვის

რიკუზენ-ტაკატაში მცხოვრებმა იოიჩიმ, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიეთ, თითქმის ყველაფერი დაკარგა, რაც კი რამ ებადა. ის ამბობს: „შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ქონება უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა“. ასე ფიქრობდნენ ღვთის მსახურები ყოველთვის, განსაკუთრებით, ისინი ვინც იცნობენ იესოს სწავლებებს. იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მატერიალური სიმდიდრე ვერაფრის დიდებით ვერ შეედრება ღვთის წყალობას და მის კურთხევებს (მათე 6:19, 20, 33, 34).

ამ შემთხვევებიდან კიდევ იმის სწავლა შეგვიძლია, რომ გაფრთხილებები არ უნდა უგულებელვყოთ, რადგან ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს. ბევრი, ვინც იაპონიაში დაუყოვნებლივ გაიქცა შემაღლებული ადგილებისკენ, გადაურჩა ამ საშინელ უბედურებას.

[რუკა/სურათები 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

იაპონია

ტოკიო

კამაისი

რიკუზენ-ტაკატა

მინამისანრიკუ

ისინომაკი

სომა

ფუკუსიმას ბირთვული ქარხანა

ებინა

იეჰოვას მოწმეების ფილიალი

[სურათები]

რიკუზენ-ტაკატა, ივატე

სომა, ფუკუსიმა

ისინომაკი, მიაგი

კამაისი, ივატე

მინამისანრიკუ, მიაგი

[სურათი 14 გვერდზე]

ჰარუმი და ტადაიუკი

[სურათი 15 გვერდზე]

იოიჩი და ტაცუკო

[სურათი 17 გვერდზე]

იუკო და მიდორი

[სურათი 17 გვერდზე]

ტორუ

[სურათი 17 გვერდზე]

მანქანა, რომელსაც ტორუ მართავდა

[სურათი 17 გვერდზე]

ტაკაიუკი

[სურათი 18 გვერდზე]

შუნჯი

[სურათი 19 გვერდზე]

მიზიუკი და იუი

[სურათი 19 გვერდზე]

ჰიდეჰარუ

[სურათი 19 გვერდზე]

მოხალისე მშენებლები

[სურათი 20 გვერდზე]

რიკუზენ-ტაკატას სამეფო დარბაზი ცუნამის შემდეგ

[სურათი 20 გვერდზე]

აღდგენითი სამუშაოები სამი თვის შემდეგ

[სურათი 20 გვერდზე]

აღდგენილი სამეფო დარბაზი

[სურათის საავტორო უფლება 14 გვერდზე]

JIJI PRESS/AFP/Getty Images