არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ალპური საყვირი ხე, რომელიც მღერის

ალპური საყვირი ხე, რომელიც მღერის

ალპური საყვირი ხე, რომელიც მღერის

საუკუნეების განმავლობაში შვეიცარიის ალპების მკვიდრნი ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებდნენ უნიკალურ ინსტრუმენტს, ალპურ საყვირს. ეს ინსტრუმენტი არცთუ ისე მოსახერხებელია — ზოგიერთი ადამიანზე ორჯერ დიდია. მიუხედავად ამისა, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს მისი ხელით ტარება. საყვირის ზოგი სახეობა ნაწილ-ნაწილ იშლება და თავსდება მოსახერხებელ ჩასადებში. მთიან ალპურ ველებზე ალპური საყვირის ხმა 10 კილომეტრშიც კი ისმის.

დამზადება

ალპური საყვირი ტრადიციულად მთის ნაძვისგან მზადდება, ამიტომ მისი სამშობლო შვეიცარიის უმშვენიერესი ალპებია. გარემო პირობების გამო ნაძვი დამრეც ფერდობზე იზრდება და აქვს მოხრილი ძირი.

პირველ რიგში არჩევენ ხეს, შემდეგ ფრთხილად აპობენ შუაზე და ორივე ნაწილს შიგნავენ საჭრისით. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამ პროცესს დაახლოებით 80 საათი სჭირდება. შემდეგ ხელოსანი ხის გულს ასუფთავებს და აპრიალებს; ორივე ნაწილს ერთმანეთზე აწებებს და მჭიდროდ კრავს არყის ტოტებით. ამზადებს ასევე ხის ფეხს, რომელზეც დგამენ ალპურ საყვირს დაკვრის დროს. ბოლოს ინსტრუმენტს არგებენ მუნდშტუკს და ღებავენ ან ზედ სხვადასხვა ორნამენტს კვეთენ ხელით. ამის შემდეგ კი ზედაპირს დამცავი ლაქით ფარავენ.

ტრადიციული გამოყენება

თაობიდან თაობაში მწყემსები და მეჯოგეები მთიდან ბარში თავიანთ ოჯახებს ალპური საყვირებით აძლევდნენ სიგნალს, რითაც იმას მიანიშნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო. თუმცა, ძირითადად, ალპურ საყვირს მაშინ ჩაჰყვირებდნენ, როცა ძროხების მოწველის დრო დგებოდა და ძროხებიც ერთ ადგილას იყრიდნენ თავს. შვეიცარიელი მერძევეები დღემდე ფიქრობენ, რომ ალპური საყვირის ტკბილი ხმა ძროხებს წველის პროცესში ამშვიდებს და აწყნარებს.

ზამთარში, როცა ძროხები დაბლობზე ბაგაში იყვნენ დაბინავებულნი, ბევრი მეჯოგე თავისი ალპური საყვირით ქალაქს სტუმრობდა, უკრავდა და ფულსაც შოულობდა. ძველად ალპური საყვირით მამაკაცებს ომშიც იძახებდნენ.

როგორ უკრავენ

ალპურ საყვირზე დაკვრა ერთი შეხედვით იოლი ჩანს — არც ხვრელები აქვს, არც კლავიშები და არც სარქველები. მაგრამ დაკვრის სირთულე იმაში მდგომარეობას, რომ საყვირის მილში ჰაერი მოწესრიგებულად უნდა შედიოდეს, რათა ინსტრუმენტმა სასურველი ჟღერადობა გამოსცეს.

ალპური საყვირი, ძირითადად, 12 ბუნებრივ ხმას გამოსცემს. რადგან ამ ინსტრუმენტზე ყველა მელოდიის დაკვრა შეუძლებელია, მისთვის სპეციალურად იქმნება მელოდიები. კარგ მუსიკოსს მასზე უამრავი მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოების შესრულება შეუძლია.

ზოგიერთმა ცნობილმა კომპოზიტორმა ალპური საყვირის ჟღერადობა თავის საორკესტრო ნაწარმოებებშიც გამოიყენა. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მამამ, ლეოპოლდმა, ორკესტრისა და ალპური საყვირის ერთ-ერთი სახეობისთვის (corno pastoritio) დაწერა თავისი „სიმფონია პასტორელა“. ბრამსმა შვეიცარიული ალპური საყვირის მელოდია ფლეიტასა და ჩვეულებრივ საყვირზე შეასრულა; ბეთჰოვენმა თავის საეკლესიო სიმფონიაში ალპური საყვირის ხმის იმიტაცია გააკეთა და ამით ცოცხლად გადმოსცა ეკლესიური ცხოვრების შტრიხები.

ალპური საყვირი პირველად მოხსენიებულია შვეიცარიაში 1527 წელს წმინდა ურბანის მონასტრის ჩანაწერებში. დღეს, თითქმის 500 წლის შემდეგ ალპური საყვირის ტკბილი და ნაზი ხმა შეგიძლიათ კვლავაც მოისმინოთ შვეიცარიის მომაჯადოებელი ალპების მდელოებზე.

[სურათი 15 გვერდზე]

ალპური საყვირი იშლება და შესაძლებელია მისი ხელით ტარება