არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატიოსნება ბადებს ჭეშმარიტ წარმატებას

პატიოსნება ბადებს ჭეშმარიტ წარმატებას

პატიოსნება ბადებს ჭეშმარიტ წარმატებას

„ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

შრომა და შრომის წილ გასამრჯელო — ეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ღვთის წინაშე გვაკისრია ვალდებულება — ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახებზე (1 ტიმოთე 5:8).

მაგრამ რა მოხდება, თუ ადამიანისთვის ფულის შოვნა და ის ნივთები, რისი შეძენაც ამ ფულით შეიძლება, იმაზე მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელი საშუალება? და თუ ეს მისი ცხოვრების მიზანი გახდა? იმათ შემთხვევაში, ვისი მთავარი მიზანიც ცხოვრებაში სიმდიდრის დაგროვება ხდება, დიდია იმის ალბათობა, რომ ფულის საშოვნელად უპატიოსნობას მიმართონ. ისინი შესაძლოა, გვიანღა მიხვდნენ, რომ ასეთმა საქციელმა ხელი შეუშალა ნამდვილი წარმატების მიღწევაში. გარდა ამისა, როგორც ბიბლია ამბობს, ფულისსიყვარული ბევრ ტკივილს იწვევს (1 ტიმოთე 6:9, 10).

მოდი, ვისაუბროთ იმ ოთხი ადამიანის მაგალითზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ წარმატება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭა.

ღირსების გრძნობა

„წლების წინ შეხვედრა მქონდა მომავალ კლიენტთან, რომელსაც სურდა მილიონდოლარიანი სადაზღვეო პაკეტის შეძენა. ჩემი ანაზღაურება რამდენიმე ათასი დოლარი იქნებოდა. მითხრა, რომ იმ შემთხვევაში გააფორმებდა ხელშეკრულებას, თუ ჩემი ანაზღაურების ნახევარს მივცემდი. ვუთხარი, რომ ასეთი საქციელი მარტო ეთიკურ ნორმებს კი არ სცდებოდა, კანონდარღვევაც იყო.

ვკითხე, მისცემდი-მეთქი შენ შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას — შენს პირად ან ფინანსურ მონაცემებს თაღლით და უპატიოსნო ადამიანს. გასაგებად ავუხსენი ჩემი პოზიცია და თან ვუთხარი, თუ მოისურვებდა ჩემთან თანამშრომლობას, დაერეკა. ის დღე იყო და მას მერე აღარ მინახავს.

ეს შემოთავაზება რომ მიმეღო, ჩემი პატიოსნება ეჭვქვეშ დადგებოდა და, როგორც ქრისტიანს, ღირსების გრძნობაც შემელახებოდა; გავხდებოდი ადამიანის მონა, რომელიც თავისი მაქინაციებით უპატიოსნო საქციელში გამრევდა“ (დონი, აშშ).

სულის სიმშვიდე

ამ ჟურნალის შესავალ სტატიაში მოხსენიებული იყო დანი, რომელსაც ტყუილის სანაცვლოდ საკმაოდ სერიოზული თანხა შესთავაზეს. როგორ მოიქცა ის?

„მენეჯერს დიდი მადლობა გადავუხადე სადილისთვის და ფულით სავსე კონვერტი უკან დავუბრუნე. ის თავისას არ იშლიდა და მეუბნებოდა, რომ თუ მისი ქარხანა გადალახავდა შეფასების ამ კრიტერიუმს, კიდევ დამიმატებდა ფულს. მე ამ შემოთავაზებაზეც უარი ვთქვი.

ეს ფული რომ ამეღო, სულ იმის შიშში უნდა ვყოფილიყავი, რომ ვინმეს არ გაეგო და არ გამოაშკარავებულიყო ჩემი საქციელი. მოგვიანებით ჩემმა უფროსმა საიდანღაც გაიგო ამის შესახებ. მიხაროდა და შინაგანად მშვიდად ვიყავი, რომ ცუდი არაფერი მქონდა ჩადენილი. როცა ეს ამბავი გავიგე, გამახსენდა იგავების მე-15 თავის 27-ე მუხლი: „ვინც უსამართლოდ იხვეჭს, უბედურებას მოუტანს თავის სახლს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს“ (დანი, ჰონკონგი).

ოჯახური ბედნიერება

„მშენებელი ვარ. ხშირად მიჩნდება შანსი, რომ კლიენტს ზედმეტი გადავახდევინო ან თავი ავარიდო გადასახადებს. მაგრამ მე ყოველთვის პატიოსნად ვიქცევი და ამიტომაც არ აკლებს ჩვენს ოჯახს ღმერთი კურთხევებს.

პატიოსნება მარტო სამსახურში კი არა, ცხოვრების ყველა სფეროშია საჭირო. იმის ცოდნა, რომ შენი ქმარი ან ცოლი არასდროს უღალატებს პატიოსნების ღვთიურ პრინციპებს, კიდევ უფრო მეტ ნდობას იწვევს ოჯახის წევრებში. შენი მეუღლე თავს დაცულად გრძნობს, როცა იცის, რომ პატიოსნება ტანსაცმელივით არა გაქვს, როცა გინდა, ჩაიცვამ და როცა გინდა, გაიხდი.

შეიძლება პლანეტის ყველაზე დიდი კომპანიის მფლობელი იყო, მაგრამ ოჯახში პრობლემებს ვერ აგვარებდე. მე, როგორც იეჰოვას მოწმე, მივხვდი, რომ ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპების მიყოლა გაწონასწორებულობაში მეხმარება. იმის მაგივრად, რომ ფეხი ავუწყო ამ ცხოვრების გიჟურ რიტმს, რომელსაც ფული და სიხარბე მართავს, ყოველთვის მაქვს დრო, რომ ოჯახის წევრებთან ერთად გავერთო“ (დერვინი, აშშ).

კარგი ურთიერთობა ღმერთთან

«კომპანიაში მომმარაგებლად ვმუშაობ. გაყიდვების აგენტები ზოგჯერ მთავაზობენ, რომ ჩემს კომპანიას არ ვაჩვენო ფასდაკლების სრული მონაცემები და სანაცვლოდ შეძენილი პროდუქციის ღირებულებიდან გარკვეული პროცენტი ავიღო. მაგრამ ეს ხომ პირდაპირი გაგებით ჩემი კომპანიისთვის ფულის მოპარვა იქნებოდა და სხვა არაფერი.

მცირე შემოსავალი მაქვს. არ იქნებოდა ურიგო, ცოტა მეტი მქონოდა, მაგრამ არაფერი შეედრება სუფთა სინდისს და იეჰოვას კეთილგანწყობას. ამიტომ საქმიანი გარიგებების დროს ვითვალისწინებ ებრაელების 13:18-ში ჩაწერილ პრინციპს: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“» (რაკელი, ფილიპინები).

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

პრინციპები საქმის სუფთად წარმოებისთვის

სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წესები და კანონები არსებობს ბიზნესის წარმოებისთვის. თუმცა ბიბლიური პრინციპები ნებისმიერი ეთიკური ნორმების საფუძვლად გვევლინება. ამ პრინციპების საფუძველზე ადამიანს შეუძლია მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. პატიოსანი და სუფთა საქმე უნდა ხასიათდებოდეს ქვემოთ მოცემული ექვსი მახასიათებლით:

სიმართლე

პრინციპი: „ნუ მოატყუებთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:9).

პირობების დაურღვევლობა

პრინციპი: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37).

სანდოობა

პრინციპი: „სხვის საიდუმლოს ნუ გააცხადებ“ (იგავები 25:9).

პატიოსნება

პრინციპი: „არ აიღო ქრთამი, რადგან ქრთამი თვალხილულს აბრმავებს“ (გამოსვლა 23:8).

სამართლიანობა

პრინციპი: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

კანონიერება

პრინციპი: „ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი“ (რომაელები 13:7).

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

როგორ შეგიძლიათ ბიზნესში პატიოსნების შენარჩუნება?

დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია, სიმდიდრის დაგროვება თუ ღვთის წინაშე სუფთა სინდისი?

წინასწარ განჭვრიტეთ, რა სიტუაციებში შეიძლება გამოიცადოს თქვენი პატიოსნება და მოიფიქრეთ, როგორი იქნება თქვენი პასუხი.

თქვენი პოზიცია თავიდანვე დააფიქსირეთ. ახალი საქმიანი ურთიერთობების წამოწყებამდე მომავალ ბიზნეს-პარტნიორებთან ტაქტიანად გაუსვით ხაზი თქვენს ფასეულობებს.

იკითხეთ რჩევა. როცა თქვენი პატიოსნება იცდება ან ეთიკური ნორმების დარღვევის ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, რჩევისთვის ისეთ ადამიანს მიმართეთ, ვინც თქვენს ფასეულობებს იზიარებს.

[სურათი 8 გვერდზე]

თუ პატიოსანი იქნები, შინაგანად ყოველთვის მშვიდად იგრძნობ თავს