არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

გერმანიაში გამოკითხული მოზარდების 76,3-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ფლირტი „სრულიად უვნებელია“ და „თუ ვინმესთან ფლირტი გაქვს, სულაც არ არის აუცილებელი, რომ მასთან რომანტიკული გრძნობები გაკავშირებდეს“. გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუ დაქორწინებული სხვასთან ფლირტაობს (APOTHEKEN UMSCHAU, გერმანია).

საყოველთაო გამოკითხვის თანახმად, რუსების 48 პროცენტისთვის ტერორისტული აქტები „სავსებით მოსალოდნელია“ და ეს მათი „ცხოვრების ნაწილიც“ კი გახდა (კომერსანტი, რუსეთი).

ამას წინათ მექსიკელმა კონტრაბანდისტებმა გადაწყვიტეს, «შუა საუკუნეების მეთოდისთვის მიემართათ, როცა მტერი გალავნიან ქალაქს ალყაში აქცევდა. მათ თავიანთ ტრეილერზე მოათავსეს „დიდი კატაპულტა“, რათა მასზე დამაგრებული მაგარი რეზინით ჩრდილოეთით, ამერიკის საზღვარზე ნარკოტიკები გადაესროლათ» („რეიტერის საინფორმაციო სამსახური“, აშშ).

ნიუ-იორკში „ხუთიდან ორი ფეხმძიმობა“ აბორტით მთავრდება. ეს თანაფარდობა 10 წელზე მეტია, რაც არ შეცვლილა („ნიუ-იორკ ტაიმზი“, აშშ).

პარაზიტოლოგიური სამსახურის თანამშრომლები გაოცებულები დარჩნენ, როცა ცენტრალური ლონდონის ერთ-ერთ მშენებარე ცათამბჯენზე მელიის დასაჭერად გამოიძახეს. მელია, რომელიც 72-ე სართულზე ბინადრობდა და „თავს მშენებლების მორჩენილი საკვებით ირჩენდა“, იქვე ახლო-მახლო გაუშვეს (THE TELEGRAPH, ლონდონი).

რუსი მართლმადიდებელი მღვდლები კენჭს იყრიან პოლიტიკურ თანამდებობებზე

„რუსი მართლმადიდებელი ეპისკოპოსების საეკლესიო კრებამ სასულიერო პირებს უფლება მისცა, გამონაკლის შემთხვევებში კენჭი იყარონ პოლიტიკურ არჩევნებში. მიზანი ის არის, რომ დაიცვან ეკლესია განხეთქილებისა და სხვა პირდაპირი საფრთხეებისგან“, — იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტი“. ეპისკოპოსების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ასეთი გამონაკლისი შემთხვევები მაშინ იქმნება, როცა საჭიროა „იმ ძალებთან დაპირისპირება, რომლებიც არჩევნებში მოპოვებულ ძალაუფლებას მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ იყენებენ, მათ შორის არიან სხვა კონფესიის მიმდევრები და ეკლესიაში განხეთქილების მთესველნი“.

ახალი იურიდიული პრობლემა

რეპროდუქციულმა მეთოდებმა, რომლებსაც ერთ დროს წარუმატებლად მიიჩნევდნენ, ახალი იურიდიული დილემა წარმოშვა. «ყოველ წელს მატულობს იმ ბავშვთა რიცხვი, რომლებიც ჩაისახნენ თვეების ან წლების განმავლობაში შენახული სპერმის ან ემბრიონის მეშვეობით, — ნათქვამია გაზეთ „უოლ-სტრიტ ჯორნელში“.  — ზოგ შემთხვევაში ბავშვის დაბადებამდე ერთი მშობელი, როგორც წესი, მამა, უკვე მკვდარია». შეერთებულ შტატებში ობოლი ბავშვები ყოველთვიურ დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან. მაგრამ ყველა შტატში ერთი და იგივე კანონი არ მოქმედებს, რის გამოც ასეთი სოციალური დახმარება არ ვრცელდება იმ ბავშვზე, ვინც ერთ-ერთი მშობლის სიკვდილის შემდეგ ჩაისახა. „ტექნოლოგია იმდენად შორს წავიდა, რომ კანონს ბევრად გაასწრო“, — შენიშნავს მინესოტას შტატის იურისტი სონი მილერი.