არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინჟინერი „ქაღალდის“ კრაზანა

ინჟინერი „ქაღალდის“ კრაზანა

ვინ შექმნა?

ინჟინერი „ქაღალდის“ კრაზანა

● გაინტერესებთ, რატომ უწოდებენ ქაღალდის კრაზანას მარჯვე ინჟინერს?

დაფიქრდით: მისი სახელიდანვე ჩანს, რომ „ქაღალდის“ კრაზანა სპეციალური ქაღალდისგან აშენებს და აპირკეთებს რთული კონსტრუქციის ბუდეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ქაღალდს საიდანმე ეზიდება? არავითარ შემთხვევაში! თვითონვე „აწარმოებს“. * ეს პატარა ინჟინერი აგროვებს მორების, ხის ღობეების, ტელეფონის ბოძების, სამშენებლო მასალებისა და მცენარეების ბოჭკოებს, შემდეგ ღეჭავს ამ ცელულოზით სავსე „სამშენებლო მასალას“ და ურევს ერთგვარ „ცემენტს“, მაღალი ცილის შემცველ ნერწყვს. მიღებულ მასას აშრობს, რათა მსუბუქი, მტკიცე და გამძლე ქაღალდის საცხოვრებელი სახლი წამოჭიმოს. ამას გარდა, კრაზანას ნერწყვს სხვა დამახასიათებელი თვისებაც გააჩნია. მისით ნაშენებ ქაღალდის კედლებს შეუძლია სითბოს წარმოქმნა და ასევე მისი შთანთქმა. ეს კი სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ბუდობის პერიოდში.

კრაზანა ბუდეს ნაწილ-ნაწილ აშენებს. „სახლის“ საბოლოო სახეს წარმოადგენს წყალგაუმტარი, ქოლგისმაგვარი ქაღალდის ექვსკუთხა „ოთახებისგან“ შემდგარი გამძლე კარკასი. ის კრაზანები, რომლებიც ნესტიან ადგილებში ცხოვრობენ, მშენებლობაში კიდევ უფრო მეტ ნერწყვს იყენებენ. ალბათ, მიხვდით, ამ „სამშენებლო მასალას“ წყალგაუმტარი თვისებები ახასიათებს. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ის ისეთ ადგილს არჩევს, რომელსაც, თავის მხრივ, გარკვეული დამცავი შრეები ექნება და შერჩეულ ადგილას „შენობის დედაბოძზე“ ანუ ღერძზე თავდაყირა კიდებს ბუდეს. ამ ყველაფერზე საუბრისას ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს: კრაზანები არ აბინძურებენ ბუნებას, განსხვავებით ქაღალდის სხვა მწარმოებლებისგან, რომლებიც ჰაერს, წყალს და მიწას ისე წამლავენ, რომ არას დაგიდევენ.

გასაგებია, თუ რატომ აკვირდებიან და იკვლევენ არქიტექტორები და მკვლევრები კრაზანის ამ საოცარ პროდუქტს. მათ სურთ, შექმნან ისეთი უნიკალური სამშენებლო მასალა, რომელიც მსუბუქიც იქნება, გამძლეც, დრეკადიც და ეკოლოგიურადაც სუფთა.

რას ფიქრობთ? ქაღალდის კრაზანის ეს ერთი ბეწო სახეობა, თავისი კიდევ უფრო პატარა, ერთი ციცქნა არქიტექტორის ტვინით შემთხვევით გაჩნდა ამქვეყნად? თუ მის ქიმიურ და მექანიკურ საინჟინრო მეთოდებში სხვა „არქიტექტორის“ ხელს ხედავთ?

[სქოლიო]

^ აბზ. 4 კრაზანების რამდენიმე სახეობა ბუდეებს ქაღალდისგან აკეთებს. თითოეული კამერა გარკვეული „პალატის“ როლს ასრულებს კვერცხებისთვის, რომლებიც იჩეკებიან და თანდათან მატლები ხდებიან.