არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვაქციო ბიბლიის სწავლა სასიამოვნო პროცესად?

როგორ ვაქციო ბიბლიის სწავლა სასიამოვნო პროცესად?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვაქციო ბიბლიის სწავლა სასიამოვნო პროცესად?

რას მოგიტანს ბიბლიის სწავლა? აბა, ასეთი კუთხით შეხედე საკითხს:

ბიბლიას შეუძლია განძის პოვნაში დაგეხმაროს. ამ ბესტსელერს შეუძლია:

● გაჩვენოს, როგორ წარმართო შენი ცხოვრება კარგად და ლამაზად

● გიამბოს, რა იყო გუშინ და რა იქნება ხვალ, რასაც სხვანაირად ვერასდროს გაიგებდი

● დაგანახვოს შენი პიროვნება და უკეთესი ადამიანი გაგხადოს *

ბიბლიის შესწავლა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მიღებული საზღაური ნამდვილად ღირს წვალებად. გაინტერესებს, როგორ აკეთებენ ამას შენი თანატოლები? ამოჭერი მომდევნო გვერდი და შუაზე გადაკეცე. ნებისმიერ დროს შეგეძლება თვალი გადაავლო ამ ოთხგვერდიან რჩევებს და შეხსენებებს. გაიგებ, როგორ უმკლავდებიან ახალგაზრდები სხვადასხვა დაბრკოლებას და როგორ იღებენ მაქსიმალურ სარგებლობას ბიბლიის პირადი შესწავლით.

„ყველას შეუძლია ბიბლიაში თავისთვის საინტერესო და სასარგებლო რამის პოვნა. მე ვიტყოდი, რომ ამ წიგნის შესწავლა დაუსრულებელი პროცესია“ (ვალერი). *

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლია მოძებნო ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 გინდა, უფრო მეტი გაიგო ამ საკითხებზე? დაუკავშირდი იეჰოვას მოწმეებს ან მისწერე ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მოცემულ შენთვის სასურველ მისამართზე.

^ აბზ. 9 ამ სტატიაში ზოგი ახალგაზრდის სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო⁄სურათები 19, 20 გვერდებზე]

როგორ ვისწავლო ბიბლია? პრობლემა: სურვილი არა გაქვს

„სიმართლე რომ გითხრათ, ერთი საათი ჯდომა და სწავლა ყოველთვის არ მეხალისება“ (ლენა).

რა გჭირდება: სტიმული

თუ გინდა, რომ მართლა ისიამოვნო ბიბლიის სწავლით, ჯერ პასუხი გაეცი ასეთ შეკითხვას: „რას მივიღებ ბიბლიის სწავლისთვის დახარჯული დროისა და ძალისხმევის შედეგად?“ გინდა იმეგობრო ღმერთთან? გინდა უფრო კარგად ერკვეოდე, რა ხდება მსოფლიოში? არ გინდა გაიუმჯობესო შენი შინაგანი პიროვნება, ხასიათი და თვისებები? ბიბლია არა მარტო ამ საკითხებში დაგეხმარება, არამედ უფრო მეტშიც!

„ნუ შეხედავ ამას, როგორც სამსახურს ან საშინაო დავალებას. იფიქრე იმაზე, რომ ბიბლიის შესწავლით შეგიძლია დაუახლოვდე იეჰოვას, ყველაზე დიდებულ მეგობარს, რომელიც ოდესმე შეიძლება გყავდეს“ (ბეთანი).

„სწავლისთვის გამოყოფილი ყოველი წუთი არის დრო, რომელსაც შენ და იეჰოვა ერთად ატარებთ. თუ ვინმესთან მხოლოდ მაშინ გაქვს ურთიერთობა, როდესაც შენი მშობლებიც შენთან ერთად არიან, იტყოდი, რომ ეს ადამიანი პირადად შენი მეგობარია, თუ უფრო შენი მშობლების მეგობარი გამოდის? თუ პირადად შენ სწავლობ და იკვლევ, იეჰოვა უკვე შენი მეგობარი ხდება“ (ბიანკა).

არ დაგავიწყდეს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლია ამაშიც შესანიშნავად დაგეხმარება!

„შედეგზე ვფიქრობ. თუ რაიმეში გაუმჯობესება მჭირდება, ზუსტად რომ სწავლის პროცესი მაძლევს ამის საშუალებას“ (მაქსი).

დაფიქრდი:

შენთვის რა შეიძლება იყოს სწავლაში სტიმული?

პრობლემა: გბეზრდება:

„10 წუთში ვიღლები, 20 წუთში უკვე მბეზრდება სწავლა და სხვა რაღაცის კეთება მინდება, აი, 30 წუთში კი უკვე არაფრის დანახვა აღარ მინდა!“ (ალისონი).

რა გჭირდება: შემოქმედებითი უნარი

გამოიყენე შენი წარმოსახვის უნარი იმაში, თუ რა ისწავლო, როგორ შეისწავლო და რა გარემო შეიქმნა სწავლის პროცესისთვის.

„გამოყავი დრო შენს შეკითხვებზე პასუხების მოსაძებნად. როცა იმ საკითხებს იკვლევ, რაზეც ხშირად ფიქრობ, შესწავლის ბოლოს კმაყოფილებას გრძნობ, რაღაცნაირად ბედნიერიც კი ხარ“ (რიჩარდი).

„თუ რომელიმე მოვლენასთან დაკავშირებით კითხულობ რამეს, გონებაში გააცოცხლე ეს მოვლენა. წარმოიდგინე, რომ შენა ხარ ამ მოვლენის მთავარი მონაწილე ან შემთხვევით შეესწარი ამ ყველაფერს. ჩათვალე, რომ ყველაფერი შენ თვალწინ ხდება“ (სტივენი).

„შესწავლა სიამოვნებად იქციე. გადი სახლის უკან და თან ერთი ჭიქა ლიმონათიც დაიდგი. მიყვარს ხოლმე, როცა თან ვკითხულობ და თან რაიმე სასუსნავი მიდევს გვერდზე. მე მგონი ამაზე არავინ იტყოდა უარს“ (ალექსანდრა).

არ დაგავიწყდეს: რაღაცა გბეზრდება იმიტომ, რომ შენ თვლი ამას მოსაწყენად. ამიტომ იმას კი ნუ იტყვი, რომ სწავლაა მოსაწყენი, თქვი, რომ გეზარება. მოდი, გულახდილად თქვი, როგორ უყურებ სწავლას. ეს დაგეხმარება საკუთარი თავის გაკონტროლებაში და ძალებს შეგმატებს, რომ იმოქმედო (იგავები 2:10, 11).

„პირადი შესწავლა მოსაბეზრებელი არ უნდა გახადო. ის შეგიძლია აქციო ისეთად, როგორიც გინდა რომ იყოს“ (ვანესა).

დაფიქრდი:

როგორ შეგიძლია შესწავლაში ჩართო შემოქმედებითი უნარი?

პრობლემა: დრო არა გაქვს

„მართლა ძალიან მინდა, რომ ბიბლიის სწავლას უფრო მეტი დრო დავუთმო, მაგრამ ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო ამას ვერ ვახერხებ“ (მარია).

რა გჭირდება: პრიორიტეტების დადგენა

თუ გინდა, რომ ჩამოყალიბებული ადამიანი გახდე, უნდა „დარწმუნდე, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

„დედაჩემის წყალობით მივხვდი, რომ ზედმეტი დრო არასდროს მექნებოდა, თუ მე თვითონ არ გამოვითავისუფლებდი. ერთხელაც სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს და დღეს უკვე აღარ მიჭირს დროის გამონახვა“ (ნათანი).

„რაც უფრო ვიზრდები, უფრო მეტად ვხვდები, რომ აუცილებელია შესწავლისთვის დროის დაგეგმვა. რა უნდა მოხდეს, რომ ამ საქმეში ხელი შემეშალოს?!“ (იოლანდა).

„თუ შესწავლას გართობის წინ დაგეგმავ, ჩათვალე, რომ უფრო მაგრად ისიამოვნებ შესწავლით და თან დანაშაულის გრძნობაც არ შეგაწუხებს, როცა გაერთობი“ (დაიანა).

არ დაგავიწყდეს: თუ პრიორიტეტებს არ დაადგენ ცხოვრებაში, დროს ვერ გააკონტროლებ და მისი მონა გახდები. ძალიან კარგი იქნება, თუ შესწავლისთვის რომელიმე კონკრეტული ადგილი გექნება გამოყოფილი (ეფესოელები 5:15, 16).

„მე სკოლაში ვსწავლობ. ჩემს ასაკში ადამიანს ბევრი ფიქრები უტრიალებს თავში. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გეგმებში ყოველთვის მქონდეს შეტანილი პირადი შესწავლა“ (ჯორდანი).

დაფიქრდი:

შესწავლის როგორი გეგმა შეგიძლია შეადგინო?

[ჩარჩო⁄სურათები 19 გვერდზე]

თანატოლების რჩევები

ზაქარი — იმას ნუ წაიკითხავ და ნუ ისწავლი, რასაც შენი მშობლები და სხვები სწავლობენ. ამას პირადი შესწავლა იმიტომ ჰქვია, რომ რაც პირადად შენ გაინტერესებს, ის გამოიკვლიო და ისწავლო.

კელი — პატარით დაიწყე. ჯერ ხუთი წუთი გამოყავი, ოღონდ ყოველდღე. მერე დრო ნელ-ნელა გაზარდე, ჯერ გამოყავი 10 წუთი, მერე 15 წუთი . . . ბოლოს ეს სასიამოვნო გახდება.

დანიელა — პატარ-პატარა დეტალებს დიდი საქმის გაკეთება შეუძლია. იქონიე სხვადასხვა ფერის კალმები და ფლომასტერები, ლამაზი ბლოკნოტი. შეგიძლია კომპიუტერში ფაილიც შექმნა და დააწერო „პირადი შესწავლა“.

ჯორდანი — მაშინ უფრო არ მბეზრდება სწავლა, თუ წინასწარ ვარჩევ ჩემთვის საინტერესო მასალას. წყნარი და მშვიდი გარემო მჭირდება. ხელი მეშლება, როცა ირგვლივ ხმაურია.

[დიაგრამა 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ამოჭერი

გადაკეცე