არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ იქცა არაბული ენა სწავლულთა ენად?

როგორ იქცა არაბული ენა სწავლულთა ენად?

როგორ იქცა არაბული ენა სწავლულთა ენად?

საუკუნეების მანძილზე არაბული ენა იყო წამყვანი ენა სწავლულთა ენებს შორის. ახ. წ. VIII საუკუნის დასაწყისიდან არაბი სწავლულები ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქალაქში თარგმნიდნენ პტოლემესა და არისტოტელეს დროით დათარიღებულ სამეცნიერო და ფილოსოფიურ ნაშრომებს და შესწორებები შეჰქონდათ ტექსტებში. ასეთი სახით შემოინახეს და გაამდიდრეს არაბმა სწავლულებმა უძველესი მოაზროვნეების ნაშრომები.

ტრადიციების შერწყმა

ქრისტეს შობიდან VIII—IX საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთში ორი მმართველი ძალა ჩამოყალიბდა — ომაიადთა და აბასიანთა დინასტია. ისინი გახდნენ არაბეთის, მცირე აზიის, ეგვიპტის, პალესტინის, სპარსეთის და ერაყის ხალხთა მმართველები, იმ ხალხისა, რომელთა კულტურაზეც გავლენას ახდენდა როგორც ბერძნული, ისე ინდური კულტურა. და რა გამოვიდა? არაბთა ხელში უდიდესი ინტელექტუალური საგანძური აღმოჩნდა. აბასიანთა დინასტიამ დააარსა ახალი დედაქალაქი ბაღდადი; სწორედ აქ მოიყარა თავი უამრავმა ტრადიციამ და წეს-ჩვეულებამ. აქ არაბები შეერივნენ შორეულ აღმოსავლეთში მდინარე ოქსის, იგივე ამუ-დარიას (ცენტრალური აზია) მიდამოებში მცხოვრებ სომხებს, ბერბერებს, კოპტებს, ბერძნებს, ინდიელებს, ებრაელებს, სპარსელებს, თურქებს, ჩინელებსა და სოგდიანებს. ისინი ერთად სწავლობდნენ და მსჯელობდნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგზე. სწორედ აქ მოხდა ამ ხალხის განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების შერწყმა.

ბაღდადში აბასიანთა მმართველები ნიჭიერ მოაზროვნეებსა და სწავლულებს, განურჩევლად მათი წარმომავლობისა, ყველანაირად უწყობდნენ ხელს იმპერიაში ინტელექტუალიზმის კერის განვითარებისა და აყვავების საქმეში. მიმდინარეობდა გამუდმებული მცდელობა, რათა შეეგროვებინათ წიგნები და შემდეგ არაბულ ენაზე ეთარგმნათ. ის ათიათასობით ნაშრომი, რომელიც არაბულ ენაზე ითარგმნა, მოიცავდა ალქიმიის, არითმეტიკის, გეომეტრიის, მედიცინის, მუსიკის, ფილოსოფიის და ფიზიკის დარგებს.

ხალიფ ალ-მანსურმა, რომელიც 754—775 წლებში განაგებდა იმპერიას, ელჩები დაგზავნა ბიზანტიის სამეფო კარზე ბერძნულ ენაზე შესრულებული მათემატიკური ჩანაწერების მოსაგროვებლად. ხალიფ ალ-მამუნიც (813—833 წწ.) თავისი წინამორბედის კვალს გაჰყვა. უფრო მეტიც, ის იყო ბერძნულ-არაბული მთარგმნელობითი მოძრაობის სულისჩამდგმელი. ამ მოძრაობამ 2 საუკუნეზე მეტხანს იარსება. შედეგად მე-10 საუკუნის მიწურულს თითქმის ყველა ბერძნული ფილოსოფიური და მეცნიერული ნაშრომი ითარგმნა არაბულ ენაზე. მაგრამ არაბი სწავლულები ამას არ დასჯერდნენ. მათ თავიანთი ახალი სიტყვა თქვეს მსოფლიო ასპარეზზე და თავადვე შექმნეს ნაშრომები.

არაბული ნაშრომები

არაბი მთარგმნელები დიდი მონდომებითა და გასაოცარი სისწრაფით მუშაობდნენ. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებდა, რომ მთარგმნელები კარგად უნდა ყოფილიყვნენ გაცნობილი იმ საკითხებს, რომელზეც მუშაობდნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი სწავლული იყენებდა მთარგმნელთა ნაშრომებს და სწორედ მათი მეშვეობით აწარმოებდა საკუთარ კვლევებს.

მაგალითად, ერთმა სირიელმა ქრისტიანმა, ექიმმა და მთარგმნელმა ჰუნაინ იბნ იშაკმა (808—873 წწ.) ამ ნაშრომებზე დაყრდნობით შეძლო და მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა ოფთალმოლოგიის სფეროში. მისი ჩანაწერები, რომლებიც შეიცავდა თვალის ზუსტ ანატომიურ დიაგრამებს, ეტალონად იქცა ოფთალმოლოგიის დარგში როგორც არაბეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. ფილოსოფოსმა და ექიმმა იბნ სინამ (980—1037 წწ.), რომელსაც ევროპაში ავიცენას სახელით იცნობდნენ, დაწერა ათეულობით წიგნი სხვადასხვა თემაზე, დაწყებული ეთიკისა და ფილოსოფიის სფეროდან, დამთავრებული მედიცინისა და მეტაფიზიკის სფეროებით. მისი დიდებული კრებული „მედიცინის კანონი“ შეიცავდა იმდროინდელ სამედიცინო მიღწევებს და გამოჩენილი ბერძენი მოაზროვნეების გალენოსისა და არისტოტელეს იდეებს. ამ ნაშრომს 400 წლის განმავლობაში იყენებდნენ, როგორც სამედიცინო კონსპექტს.

არაბი მკვლევრები იყენებდნენ მეცნიერების ექსპერიმენტულ მეთოდს. ფაქტობრივად, ამ მეთოდზეა აგებული მთლიანად მეცნიერების დარგი. ამან მკვლევრებს შესაძლებლობა მისცა, ხელახლა გამოეთვალათ დედამიწის გარშემოწერილობა და შეესწორებინათ გეოგრაფიული მონაცემები პტოლემეს ნაშრომში. „მათ არისტოტელეს ნაშრომის გადახედვა და, როგორც ჩანს, შესწორებაც კი გაბედეს,“ — ამბობს ერთი ისტორიკოსი პოლ ლუნდე.

კვლევისა და განათლების საქმე რომ წინ მიიწევდა, ეს ყველანაირად აშკარა იყო; შენდებოდა წყალსატევები, აკვედუკები და წყლის ბორბლები. მათგან ზოგიერთი დღემდეა შემორჩენილი. ახალი აღმოჩენები სოფლის მეურნეობის, ბოტანიკის და აგრონომიის დარგებში ფერმერებს საშუალებას აძლევდა, საუკეთესო შერჩეული მარცვალი დაეთესათ ნაყოფიერ მიწებზე და მოსავლის რაოდენობა გაეზარდათ.

ახ. წ. 805 წელს ხალიფ ჰარუნ ალ-რაშიდმა თავის ვრცელ იმპერიაში გახსნა პირველი საავადმყოფო. მალე ყველა მთავარ ქალაქში თითო საავადმყოფო იდგა.

ახალი საგანმანათლებლო ცენტრები

არაბული სამყაროს რამდენიმე ქალაქში ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკები და სპეციალური საგანმანათლებლო ცენტრები. ბაღდადში ხალიფ ალ-მამუნმა დააარსა მთარგმნელობითი და კვლევითი ინსტიტუტი „ბეით ალ-ჰიქმა“ ანუ იგივე „სიბრძნის სახლი“. მკვლევრებს, რომლებიც იქ მუშაობდნენ, ჩვეულებრივ, ჯამაგირს უხდიდნენ. ამბობენ, კაიროს მთავარ ბიბლიოთეკაში მილიონზე მეტი ნაშრომი ინახებაო, მაშინ, როცა ომაიადის დინასტიის დროინდელ ესპანეთის დედაქალაქ კორდოვაში 70 ბიბლიოთეკა იყო, რომელთაც არ აკლდათ „სტუმრები“ — მკვლევრები და სწავლასმოწყურებული ახალგაზრდები მთელი არაბული სამყაროდან. 2 საუკუნის მანძილზე კორდოვა რჩებოდა ინტელექტუალიზმის წამყვან ცენტრად.

სპარსეთში ბერძნული მათემატიკური ტრადიციები შეერწყა ინდურს და კიდევ უფრო დაიხვეწა ნულოვანი და სააღრიცხვო სისტემის გამოყენება. ამ სისტემაში თითოეულ რიცხვს თავისი მნიშვნელობა აქვს, იქიდან გამომდინარე, თუ სად დგას და რა მიმართებაშია ნულთან. მაგალითად, ციფრი 1 შეიძლება ნიშნავდეს ერთს, ათს, ასს და ასე შემდეგ. ამ სისტემამ „არა მარტო გაამარტივა არითმეტიკული გამოთვლები, არამედ ალგებრის დარგის განვითარებასაც შეუწყო ხელი,“ — წერს ისტორიკოსი პოლ ლუნდე. არაბ მკვლევრებს დიდი მიღწევები ჰქონდათ გეომეტრიაში, ტრიგონომეტრიაში და ნავიგაციაშიც.

არაბულ სამყაროში ინტელექტუალიზმის პიკმა მაშინ მიაღწია, როცა დანარჩენ მსოფლიოს ეს სფერო ნაკლებად ადარდებდა. მანამდე შუა საუკუნეების ევროპაში, ძირითადად, მონასტრებში ხდებოდა უძველესი მკვლევრების ნაშრომებზე მუშაობა მათ გადასარჩენად. თუ შესრულებულ ნაშრომებს გავითვალისწინებთ, მცდელობამ უმნიშვნელო შედეგები გამოიღო. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მე-10 საუკუნის დასაწყისში არაბი მკვლევრების მიერ ნათარგმნი ნაშრომები ევროპაში გავრცელდა. ამის წყალობით ევროპას აღორძინების ხანა დაუდგა.

თვალს თუ გადავავლებთ ამ ყველაფერს, დავინახავთ, რომ ისტორიაში არც ერთ ერს თუ ხალხს იმხელა წვლილი არ შეუტანია მეცნიერების განვითარებაში, რამხელაც არაბებს. დღევანდელი ცივილიზებული კულტურები ვალში არიან წინამორბედ კულტურებთან, რომლებიც ბრმად არ მიჰყვნენ წინაპართა იდეებს, რომელთაც ღრმა კვლევები წამოიწყეს და ერთგვარი ინტელექტუალური ბილიკი გაუკაფეს მოაზროვნე ადამიანებს.

[რუკა 26 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

▪ომაიადთა სამეფო

□აბასიანთა სამეფო

ესპანეთი

კორდოვა

რომი

ბიზანტიონი

კონსტანტინოპოლი

მდინარე ოქსი

სპარსეთი

ბაღდადი

იერუსალიმი

კაირო

არაბეთი

[სურათი 27 გვერდზე]

ჰუნაინ იბნ იშაკის თვალის დიაგრამა

[სურათი 27 გვერდზე]

ავიცენას „მედიცინის კანონის“ ერთ-ერთი გვერდი

[სურათი 28 გვერდზე]

ბასრას ბიბლიოთეკაში შეკრებილი არაბი მკვლევრები, ახ. წ. 1237 წელი

[საავტორო უფლება]

© Scala/White Images/Art Resource, NY

[სურათის საავტორო უფლებები 27 გვერდზე]

Eye diagram: © SSPL/Science Museum/Art Resource, NY; Canon of Medicine: © The Art Gallery Collection/Alamy