არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სოციალური ქსელები რით იზიდავს ხალხს?

სოციალური ქსელები რით იზიდავს ხალხს?

სოციალური ქსელები რით იზიდავს ხალხს?

რომელი საკომუნიკაციო საშუალებები გამოიყენეთ წინა თვეში?

პირისპირ ლაპარაკი

წერილი ან ღია ბარათი

ტელეფონი

იმეილი

მესიჯები

სწრაფი შეტყობინებები

ვიდეო-ჩეთი

სოციალური ქსელი

არასოდეს ყოფილა ქვეყნად კომუნიკაციის იმდენი საშუალება, რამდენიც დღეს. ამ ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. ვიმსჯელოთ რამდენიმე მათგანზე:

პირისპირ ლაპარაკი

დადებითი: ამ დროს სახის გამომეტყველების, ხმის ტონისა და ჟესტების მცირე ნიუანსებიც კი ჩანს.

უარყოფითი: ორივე მხარეს უნდა შეეძლოს ლაპარაკი.

წერილი და ღია ბარათი

დადებითი: ორივე სავსეა თბილი გრძნობებით და გათვლილია კონკრეტულ ადრესატზე.

უარყოფითი: დროა საჭირო მათ დასაწერად და დღეები სჭირდება, რომ ადრესატამდე მივიდეს.

იმეილი

დადებითი: სწრაფად იწერება და სწრაფადვე იგზავნება.

უარყოფითი: ნაკლებია ემოციები და ადვილად შეიძლება არასწორად იქნეს გაგებული.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ამბობენ, რომ ის სხვებთან დაკავშირების საუკეთესო საშუალებაა. ასობით სოციალური ქსელი არსებობს და მათ რიგებში ყველაზე პოპულარულია „ფეისბუქი“ თავისი 800-მილიონიანი მომხმარებლით. «„ფეისბუქი“ რომ ქვეყანა იყოს, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ პირველ ადგილს დაიკავებდა მოსახლეობის რაოდენობით», — აცხადებს ჟურნალი „ტაიმი“. რა არის სოციალური ქსელი და რატომ გახდა ის საყოველთაოდ პოპულარული?

სოციალური ქსელი არის ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებლებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის საშუალებას იძლევა მომხმარებლების მიერვე შერჩეულ მეგობრებთან. „ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ყოველთვის ხაზზე იყო; თან შეგიძლია შენი სურათები სხვებს ადვილად აჩვენო“, — ამბობს 21 წლის ჯეინი.

უბრალოდ წერილი რომ დაგეწერათ? „ამას ბევრი დრო მიაქვს. თანაც სურათების დაბეჭდვა ძვირია“, — შეიძლება ასე გიპასუხოთ ვინმემ. ტელეფონით რომ გესაუბრათ? ამასაც ბევრი დრო მიაქვს. თან შეიძლება ისეთ დროს დაურეკოთ, რომ სახლში არ იყოს ან სახლში იყოს და ვერ დაგელაპარაკოთ. იმეილზე რას იტყვით? მოდი, 20 წლის დანიელას მოვუსმინოთ: „დღეს იმეილს უკვე აღარავინ პასუხობს და რომც გიპასუხონ, შეიძლება ამას კვირები დასჭირდეს. სოციალურ ქსელში, როგორც კი კომენტარს დავდებ, მაშინვე კითხულობენ ჩემი მეგობრები. მეც მაშინვე ვკითხულობ მათ კომენტარებს და ვიგებ მათ ამბებს. ასე ყველაფერს ვგებულობთ ერთმანეთის შესახებ. ეს ქსელი ურთიერთობას მართლა გვიადვილებს“.

სოციალურ ქსელს მარტო „სალაქლაქოდ“ არ ვიყენებთ. მისი მეშვეობით მნიშვნელოვან ინფორმაციებსაც ვიგებთ. მაგალითად, რა მდგომარეობაში არიან ჩვენი ახლობლები, როცა სტიქიური უბედურებები ხდება. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სწორედ 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის დროს მომხდარი ერთი შემთხვევა.

შეერთებულ შტატებში მცხოვრები ბენჯამინი გვიყვება: „იაპონიაში ცუნამმა დაწყვიტა სატელეფონო ხაზები. ერთმა ნაცნობმა მითხრა ჩვენს საერთო მეგობარზე, იმეილი მივწერე ტოკიოში და პასუხი არ მოუწერიაო. იმ წუთშივე ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი და სოციალურ ქსელში მოვძებნე. მის გვერდზე ვნახე მისივე კომენტარი, რომელშიც ამბობდა, რომ კარგად იყო და წერდა, რომ მოგვიანებით უფრო მეტ ინფორმაციას დადებდა თავის გვერდზე“.

ბენჯამინი განაგრძობს: „მისი ამბავი იმეილით შევატყობინე ჩვენს მეგობრებს, მათ, ვინც სოციალური ქსელებით არ სარგებლობდა. თუმცა დიდი დრო დასჭირდა მათი იმეილების გაგებას და ყველა მათგანისთვის წერილების მიწერას. რამდენიმე დღეში ზოგისგან მივიღე პასუხი, მაგრამ ერთმა ორი კვირის მერე მომწერა. ისინი იმდენ ელ-ფოსტას იღებენ, რომ ვერ აუდიან პასუხების გაცემას. რამდენი დრო დაიზოგებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით. წამებში გაიგებდა ყველა ყველაფერს“.

აშკარაა, რომ სოციალურ ქსელს გააჩნია დადებითი მხარეები. მაგრამ თუ არსებობს რაიმე საფრთხე? და თუ არსებობს, როგორ შეგიძლიათ მათი თავიდან არიდება?

[ჩარჩო⁄სურათები 5 გვერდზე]

როგორ ხდება ურთიერთობა

1. დებ კომენტარს შენს გვერდზე (სტატუსის განახლება).

2. შენს შეტყობინებას მიიღებს ყველა, ვინც მეგობრების სიაში გყავს, როგორც კი შევლენ თავიანთ გვერდებზე. შესაბამისად, შენც მაშინვე ნახავ მათ შეტყობინებებს, როგორც კი შენს გვერდს გახსნი.