არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნიკალური ქაღალდის ქალაქი

უნიკალური ქაღალდის ქალაქი

უნიკალური ქაღალდის ქალაქი

„რაა, ქაღალდის ქალაქი?“ დიახ, დიახ, ქაღალდის. ოღონდ ნამდვილი არა, მაკეტი. საუბარია ქალაქ პრაღაზე, ჩეხეთის დედაქალაქზე, რომლის ეს პატარა მოდელიც პრაღის მუნიციპალურ მუზეუმში ინახება. ამ შედევრის ავტორი ანტონინ ლანგვეილია. მან მუშაობა 1826 წელს დაიწყო და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, 1837 წლამდე მუშაობდა. საინტერესოა, საიდან მოუვიდა თავში ამ კაცს ასეთი იდეა?

ის 1791 წელს ქალაქ პოსტოლოპრტიში დაიბადა, რომელიც დღეს ჩეხეთის შემადგენლობაში შედის. ანტონინი ვენის (ავსტრია) სამხატვრო აკადემიაში ლითოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რის შემდეგაც პრაღაში პირველი ლითოგრაფიული სახელოსნო გახსნა. მაგრამ ვერ გამოდგა წარმატებული ბიზნესმენი და ეს საქმე მალევე მიატოვა. 1826 წელს პრაღაში ერთ-ერთ გამოფენაზე ნახა ქალაქ პარიზის მაკეტი, რომელიც თაბაშირისგან იყო გაკეთებული. ნანახით აღფრთოვანებულმა გადაწყვიტა, პრაღის მოდელი შეექმნა, ოღონდ მუყაოსგან და ხისაგან.

პატივცემულმა ლანგვეილმა რამდენიმე წელი მოანდომა პრაღაზე დეტალური ჩანაწერების შედგენას. ფეხით შემოიარა ყველა ქუჩა, აკეთებდა ესკიზებს, იწერდა თითოეული შენობის ზუსტ ადგილმდებარეობას და იმასაც კი, რომელ პარკში სად იდგა სკამი. ინიშნავდა ყოველ ხეს, ქანდაკებას და ფარდულს. არც მიწაზე დაგდებული კასრები დავიწყებია, არც ჩამტვრეული მინები, კედელზე მიყუდებული კიბეები და აქა-იქ გროვად დაყრილი შეშა. ამის შემდეგ სამუშაოს დაწყების დროც დადგა. მასშტაბი, არც მეტი არც ნაკლები —1:480-ზე. თავისი მიზერული შემოსავალი ოდნავ მაინც რომ გაეზარდა, დიდგვაროვანი ხალხის სახლების მაკეტებსაც აკეთებდა.

1837 წელს ლანგვეილი ტუბერკულოზით დაავადდა და იმავე წლის ივნისში გარდაიცვალა. დარჩა ცოლი და ხუთი ქალიშვილი. სამი წლის შემდეგ მისმა მაკეტმა ბინა დაიდო პატრიოტულ მუზეუმში, რომელიც დღეს ეროვნული მუზეუმის სახელითაა ცნობილი. საინტერესოა, როგორ მოხვდა ის იქ? 1840 წელს ლანგვეილის ქვრივმა მაკეტი იმპერატორ ფერდინანდ I-ს მიჰყიდა. იმპერატორმა კი ის საჩუქრად ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ მუზეუმს გადასცა. ლანგვეილის მაკეტი 9 ყუთში ჩადეს და ისე გადაიტანეს. მოგვიანებით პრაღის მუზეუმის წარმომადგენელმა განაცხადა: „ანტონინ ლანგვეილის მაკეტი მე-19 საუკუნეში გამოფენებზე გამოჰქონდათ. 1891 წელს პროვინციულ საგამოფენო იუბილეზე წარსადგენად რესტავრაცია ჩაუტარდა, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდა . . . 1905 წლიდან მაკეტმა ეროვნული მუზეუმის ლაპიდარიუმში მუდმივი ექსპონატების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი“.

ისტორიკოსების ყურადღების ცენტრში

დღეს ლანგვეილის ქაღალდის მაკეტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მუზეუმის ეს ღირსეული ექსპონატი (ზომები 5,76x3,24) მოთავსებულია უამრავი პაწაწინა ნათურით განათებულ მინის ყუთში. „ლანგვეილის პრაღა“ იმდენად ჰგავს ნამდვილ პრაღას, რომ მუდამ უნდა შეახსენო თავს, რომ მოდელს უყურებ. ლანგვეილმა 2 000-ზე მეტი მინიატურული შენობა განსაცვიფრებელი სიზუსტით გადმოიტანა ქაღალდზე.

ავტორს არც შენობების ნუმერაცია გამორჩენია, არც ქუჩების განათებები, არც საკანალიზაციო ლუქები და არც მოკირწყლული ქუჩები. აშკარად დიდი შრომაა ჩადებული ეკლესიების „მშენებლობაშიც“, რომელთაც ზოგან ჩამტვრეული და ზოგან გამოტოვებული ფერადმინიანი სარკმლები აქვს დატანებული. მოდელზე ისიცაა ასახული, თუ რომელ სახლზე სად მოჩანს აგური ჩამოცვენილი ბათქაშის უკან. მოდუდუნე მდინარე ვლტავაც აშკარად ნამდვილს ჰგავს.

ანტონინ ლანგვეილის ქაღალდის ქალაქი მარტო მუზეუმის ხელოვნების ნიმუში არ გეგონოთ. მას ფუტკარივით გარს ახვევია ისტორიკოსებისა და ხელოვნების მოყვარულთა დიდი არმია, რომელთაც სურთ, იცოდნენ, როგორ იცვალა დროთა განმავლობაში პრაღამ იერსახე. დაახლოებით 180 წლის წინ შექმნილი ეს უნიკალური შედევრი ძალიან განსხვავდება დღევანდელი ქალაქისგან, რადგან მას შემდეგ არაერთ შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია; განსაკუთრებით გადასხვაფერდა ებრაელების კვარტალი და „ძველი ქალაქის“ უბნები. თავისი სიტყვა თქვა თანამედროვე ტექნოლოგიამ და შეიქმნა მაკეტის ციფრული მოდელი. ახლა უკვე მნახველებს შეუძლიათ კომპიუტერში იხილონ 1837 წლის პრაღის ინტერაქტიული მოდელი.

1837 წლის აპრილში მომაკვდავი ლანგვეილის ერთადერთი თხოვნა ის იყო, რომ მისი მაკეტი პატრიოტულ მუზეუმში მოეთავსებინათ. მაგრამ, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, კაციშვილი არ დაინტერესებულა მისი ნაშრომით. ალბათ, დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, თუ რა გულმოკლული ჩავიდოდა ჩვენი „დაჩაგრული“ ანტონინი სამარეში. მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა ამ კაცს, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო და მუზეუმში მისულს კომპიუტერის ეკრანზე ძველი პრაღის ქუჩებში „ესეირნა“. ალბათ, სიტყვა ბედნიერებაც ვერ აღწერდა იმას, რასაც ანტონინის სახეზე ამოიკითხავდით. დიახ, მისი დაუღალავი შრომა ნამდვილად დაფასდა!

[სურათი 10 გვერდზე]

ანტონინ ლანგვეილი

[სურათი 10 გვერდზე]

ლანგვეილის ქაღალდის მაკეტი

[სურათის საავტორო უფლებები 10 გვერდზე]

ლანგვეილის ქაღალდის მაკეტი ახლოდან

[სურათის საავტორო უფლებები 10 გვერდზე]

Page 10, Langweil: S laskavým svolením Národního muzea v Praze; pages 10 and 11, model photos: S laskavým svolením Muzea hlavního mesta Prahy