ხაზზეა!
ხაზზეა!
● სემს ყველა ჩამორჩენილს ეძახდა. წლების განმავლობაში ის უარს ამბობდა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რის გამოც ვერ უკავშირდებოდა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველას, სემის მოზარდი შვილების ჩათვლით, სურდა, გამოეყენებინა ახალი ტექნოლოგია. ერთხელ სემმა სინანულით უთხრა თავის 16 წლის ქალიშვილს: „მენატრება ის დრო, როცა ადამიანები ერთმანეთს ხედავდნენ და ისე ლაპარაკობდნენ პირისპირ“.
სემი დაფიქრდა თავის მდგომარეობაზე. მან გაიხსენა ის ადამიანები, რომლებიც უკვე წლები იყო, არ ენახა და არც მათი ხმა გაეგო. გაახსენდა ოჯახის ის წევრებიც, რომლებიც სხვაგან ცხოვრობდნენ და, როგორც ჩანს, იმდენად იყვნენ დაკავებულები, რომ ხშირად ვერ ახერხებდა მათ ნახვას. ურთიერთობას მონატრებულმა მოხუცმა ახლა ასე დაიწყო ფიქრი: „ჯობია, მეც გადავიდე ამ სიახლეზე, თორემ ვკარგავ ამ ხალხს“. ასეთი მდგომარეობა იყო მე-20 საუკუნის შუა პერიოდში შეერთებული შტატების სოფლებში. ბოლოს, როგორც იქნა, ჩვენმა „ჩამორჩენილმა“ სემმა, ტელეფონი შეიძინა.
ახლა ეს პირობითი სიტუაცია 2012 წელში გადმოვიტანოთ. სემის შვილიშვილმა, ნათანმა, ახლახან დაამთავრა ტელეფონზე საუბარი თავის ძველ მეგობრებთან რობერტოსთან და ანჟელასთან, რომლებიც საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში იყვნენ გადასულები. „10 წელი გავიდა უკვე, რაც აქ აღარ ცხოვრობენ. რა სწრაფად გაირბინა დრომ“, — თავისთვის ჩაილაპარაკა ნათანმა.
წლების მანძილზე ნათანი კმაყოფილი და ბედნიერი იყო იმით, რომ შორს მცხოვრები ოჯახის წევრები და მეგობრები დროდადრო ტელეფონით უკავშირდებოდნენ. ახლა კი ყველას, ნათანის მოზარდი შვილების ჩათვლით, სოციალური ქსელებით აქვთ ერთმანეთთან კავშირი.
პაპამისისა არ იყოს, ნათანსაც ჩამორჩენილს ეძახიან, რადგან ვერაფრით ეგუება ახალ ტექნოლოგიებს. ის ამბობს: „მენატრება ის დრო, როცა ადამიანს ტელეფონით დაელაპარაკებოდი და მის ხმას გაიგონებდი“. მაგრამ ახლა უკვე ასე იწყებს მსჯელობას: „ჯობია, მეც გადავიდე ამ სიახლეზე, თორემ ვკარგავ ამ ხალხს“.
რაღაცით ხომ არ ჰგავს ნათანის მდგომარეობა თქვენსას? ადამიანი ბუნებით ურთიერთობის მოყვარულია (დაბადება 2:18; იგავები 17:17). და რადგან ურთიერთობისთვის ბევრი სოციალურ ქსელებს იყენებს, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ ახალი ტექნოლოგიის შესახებ უნდა იცოდეთ.