არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ემართება ხალხს?

რა ემართება ხალხს?

რა ემართება ხალხს?

გაბრაზების მიზეზებს რა მოთვლის. მკვლევრებიც აღიარებენ, რომ ბოლომდე ვერ სწვდებიან ყველა მათგანს. ფსიქიატრები თანხმდებიან ერთ რამეზე: არ არსებობს ადამიანი, რომ არ ბრაზდებოდეს. ყველა ჩვენგანი ფეთქდება რომელიღაც „ნაღმზე“.

„ნაღმი“ შეიძლება იყოს ისეთი რამ, რამაც ადამიანს ხასიათი წაუხდინოს და გააღიზიანოს. ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა უსამართლოდ გვექცევიან. და თუ დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი ან ვინმემ ჩვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე გაილაშქრა, „ნაღმი“ მყისვე იწყებს ამოქმედებას.

სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგი რომელ „ნაღმზე“ ფეთქდება და ზოგი რომელზე. მიზეზები განსხვავდება ასაკის, სქესისა და კულტურის მიხედვითაც კი. შესაბამისად, რეაქციებიც განსხვავებულია. ზოგი იშვიათად ბრაზდება და წყენასაც ადვილად ივიწყებს, მაშინ როცა სხვები იოლად ღიზიანდებიან და შეიძლება დღეები, კვირები, თვეები ან წლებიც კი დადიოდნენ ცხვირჩამოშვებულები.

გარემო სავსეა ასეთი „ნაღმებით“. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ხალხი უფრო მეტად მგრძნობიარე გახდა. ირგვლივ ყველგან ეგოიზმია გავრცელებული და არავის არავინ ადარდებს. ბიბლიაში წერია: „ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები . . . თავნებები, გაყოყოჩებულები“ (2 ტიმოთე 3:1—5). ხვდებით, რა ზუსტად აღწერს ბიბლია მასების აზროვნებას?

ეგოისტი ადამიანი ხშირად ბრაზდება, როცა რაღაც ისე არ გამოსდის, როგორც თვითონ უნდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საოცრად იზრდება „გაღიზიანებულობის მაჩვენებელი“ და ამას თავისი უამრავი მიზეზი გააჩნია. მაგალითად:

მშობლების მაგალითი

ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში ბავშვის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ძირითად როლს მშობლები თამაშობენ. ფსიქოლოგი ჰარი მილზი გვიხსნის: „როცა ბავშვი ხედავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მის ირგვლივ ტრიალებენ, ხშირად ბრაზდებიან და ღიზიანდებიან, თვითონაც სწავლობს ბრაზის გამოხატვას ადრეული ასაკიდანვე“.

თუ ბავშვი ისეთ გარემოში იზრდება, სადაც ყველა წვრილმანზე ჩხუბი და კამათია, თვითონაც მიეჩვევა პრობლემების ამგვარი მეთოდით მოგვარებას. ეს შეგვიძლია შევადაროთ მცენარის მორწყვას დაბინძურებული წყლით. კი გაიზრდება ასეთ შემთხვევაში მცენარე, მაგრამ სასურველ სიმაღლეს ვერ მიაღწევს და მისი ნაკლი ყოველთვის შესამჩნევი იქნება. ბრაზი დაბინძურებული წყლის მსგავსია და რაც მეტს „უსხამენ“ ბავშვს ამ წყალს, უფრო და უფრო ცუდ „ნაყოფს“ გამოიღებს ის დიდობაში.

გადაჭედილი ქალაქები

1800-იან წლებში მსოფლიო მოსახლეობის 3 პროცენტი ცხოვრობდა ქალაქში. 2008 წელს ეს რიცხვი 50 პროცენტამდე გაიზარდა; ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს მიაღწევს. რაც უფრო მეტი ადამიანი აწყდება ისედაც გადატვირთულ ქალაქებს, ჩვეულებრივ, უფრო და უფრო მეტი დაძაბულობა და სტრესია მოსახლეობაში. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი მეხიკო. ხალხის გაღიზიანების ძირითად მიზეზს გზებზე არსებული საცობები წარმოადგენს. 18 მილიონი მაცხოვრებელი თავიანთი 6 მილიონი მანქანით «„იდეალურ“ პირობებს ქმნის საიმისოდ, რომ მეხიკო მსოფლიოში ყველაზე სტრესულ ქალაქად იქცეს, — წერს ერთი ჟურნალისტი. — საცობები ძაბავს ქალაქის მოსახლეობას და ხალხი გაღიზიანებული დადის».

ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში სხვა სტრესული ფაქტორებიც არსებობს, მათ შორის ჰაერის დაბინძურება, თავისამატკივებელი ხმაური, არასაკმარისი საცხოვრებელი ადგილები, კულტურული დაპირისპირებები და მაღალი კრიმინალური მაჩვენებელი. სტრესის გამომწვევი მიზეზების ზრდასთან ერთად ხალხში აგრესიული განწყობაც მატულობს, კარგავენ თავშეკავებას და ადვილად გამოდიან მწყობრიდან.

ეკონომიკური პრობლემები

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კიდევ ერთ „ნაღმად“ გვევლინება. 2010 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და გაერთიანებული ერების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ნაშრომში ასეთი რამ იყო აღნიშნული: „დღესდღეობით მსოფლიოში 210 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი სამუშაოს გარეშე“. სამწუხაროდ, უმეტეს მათგანს, ვინც დღეს სამსახური დაკარგა, არა აქვს საკმარისი დანაზოგი და ვერც სახელმწიფოსგან იღებს რაიმე დახმარებას.

არც მათი მდგომარეობაა მთლად სახარბიელო, ვინც ამჟამად დასაქმებულია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი „გლობალურ ეპიდემიად“ იქცა. კონსულტანტი მართვის საკითხებში ლორნ კურტისი (ონტარიო, კანადა) აღნიშნავს: „ხალხს სამსახურის დაკარგვის ეშინია და სულ ცუდის მოლოდინშია. [შედეგად] ისინი თავდაცვაზე გადადიან და ხშირად კამათობენ უფროსებთან და თანამშრომლებთან“.

ათვალწუნება და უსამართლობა

წარმოიდგინეთ, რომ შეჯიბრში მონაწილეობთ. როგორ იგრძნობდით თავს, თუ მარტო თქვენ გეტყოდნენ, რომ ფეხებზე ჯაჭვები გაგეკეთებინათ და ისე გერბინათ. მილიონობით ადამიანს მსგავსი გრძნობა ეუფლება, როცა ხედავს რასობრივი თუ სხვა განსხვავებულობის გამო, როგორ არიან ათვალწუნებულები. ისინი თავს ვეღარ იკავებენ და რისხდებიან, როცა გარკვეულ ბარიერებს ხვდებიან სამსახურის შოვნისას, განათლების მიღებისას, საცხოვრებლით უზრუნველყოფისას თუ სხვა შემთხვევებში.

სხვა სახის უსამართლობამაც შეიძლება გაუტეხოს გული ადამიანს და საშინელი ემოციური ტკივილი მიაყენოს. ვაი, რომ უმეტეს ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიწვნევია უსამართლობის მწარე შედეგები. 3 000 წლის წინათ ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი“ (ეკლესიასტე 4:1). და რაკი უსამართლობა ასე ფართოდაა მოდებული და არც ერთმანეთის ნუგეშისცემით იკლავს ხალხი თავს, ბრაზი და რისხვა შეიძლება ადვილად „მოკალათდეს“ ადამიანის გულში.

გართობის ინდუსტრია

ათასზე მეტი გამოკვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს ტელევიზია და მედია ბავშვებზე. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი ჯეიმზ სტაიერი ამბობს: „იმ თაობისთვის, რომელიც უყურებს ძალადობას, სადაც სისასტიკე დეტალურადაა აღწერილი, აგრესია ჩვეულებრივი რამ ხდება. ისინი ნაკლებად თანამგრძნობები ხდებიან და საქმე საქმეზე თუ მიდგება, თვითონაც სიამოვნებით მოაგვარებენ პრობლემებს იმავე მეთოდებით“.

ყველა ახალგაზრდა, ვინც ტელევიზორში ძალადობას უყურებს, მაინცდამაინც ბოროტმოქმედი და მკვლელი არ გამოვა. თუმცა გართობის ინდუსტრია ძალადობას და განრისხებას გაჭირვებასთან და სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთ აუცილებელ მეთოდად წარმოგვიდგენს. ახალ თაობაში საგრძნობლად შეიმჩნევა ძალადობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება.

ბოროტი სულების გავლენა

ბიბლია გვიმხელს, რომ დედამიწაზე არსებული რისხვისა და სიძულვილის მიღმა უხილავი ძლიერი ძალა დგას. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ერთი მოჯანყე სულიერი ქმნილება ყოვლადძლიერ ღმერთს აუმხედრდა. ამ ბოროტ სულიერ ქმნილებას სატანა ჰქვია, რაც ებრაულად ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“, „მტერს“ (დაბადება 3:1—13). მოგვიანებით სატანამ სხვა ანგელოზებიც გადაიბირა.

ეს ურჩი ანგელოზები დემონებად და ბოროტ სულებად იქცნენ. დღესდღეობით მათი ადგილსამყოფელი დედამიწის შემოგარენშია (გამოცხადება 12:9, 10, 12). ისინი დიდად არიან განრისხებული, რადგან იციან, რომ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. მართალია, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ბოროტ სულებს, მაგრამ მათი საქციელის შედეგები აშკარად სახეზეა. რა იგულისხმება ამაში?

სატანა და მისი დამქაშები სარგებლობენ ადამიანთა არასრულყოფილი მიდრეკილებებით და ისეთი საქმეებისკენ უბიძგებენ მათ, როგორიცაა „მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება . . . ღრეობა და მსგავსი საქმეები“ (გალატელები 5:19—21).

სძლიეთ სურვილს!

მართლაც, როდესაც ვფიქრობთ ყველა ამ პრობლემაზე, ზეწოლასა თუ საწუხარზე, კარგად ვხვდებით, რატომ არიან ადამიანები ცხოვრებით უკმაყოფილონი.

რისხვისა და ბრაზის ამონთხევის სურვილის დაძლევა შესაძლებელია. მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგექმნათ, თუ . . .

▶ მაღაზიაში რიგში დგომისას ბრაზდებით.

▶ ხშირად კამათობთ თანამშრომლებთან.

▶ ძილს იტეხთ იმაზე ფიქრში, რამაც დღის განმავლობაში გაგაღიზიანათ.

▶ გიჭირთ პატიება.

▶ ვერ თოკავთ ემოციებს.

▶ სირცხვილს ან სინანულს გაბრაზებით გამოხატავთ. *

[სქოლიო]

^ აბზ. 36 ინფორმაცია აღებულია შემდეგი ვებ-გვერდიდან www. mentalhelp.net.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

სტატისტიკური მონაცემები

ლონდონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით „აფეთქების პიკი — სიბრაზის სინდრომი და მისი დაძლევის მეთოდები“. გაგაცნობთ საინტერესო სტატისტიკას:

მუშა-მოსამსახურეთა 84% სამუშაო ადგილზე დღეს უფრო დიდ სტრესს განიცდის, ვიდრე ხუთი წლის წინ.

ოფისში მომუშავეთა 65% ერთხელ მაინც განრისხებულა სამსახურში.

მუშა-მოსამსახურეთა 45% თითქმის ყოველდღე გამოდის წყობილებიდან.

თითქმის 60% სტრესის გამო აცდენს სამსახურს.

ბრიტანელების 33% არ ელაპარაკება მეზობლებს.

გამოკითხულთა 64% გადაჭრით აღნიშნავს, რომ დღეს ადამიანები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე უწინ.

32% ამბობს, რომ მის ახლო მეგობარს ან ოჯახის წევრს განრისხებისას უჭირს ემოციების კონტროლი.

[სურათი 5 გვერდზე]

როგორ იმოქმედებს თქვენს შვილებზე თქვენი თავშეუკავებელი საქციელი?

[სურათი 6 გვერდზე]

გართობის ინდუსტრია ხომ არ გიყალიბებთ შეხედულებებს?