როგორ ავიყვანოთ თავი ხელში?
როგორ ავიყვანოთ თავი ხელში?
დაახლოებით 2 300 წლის წინათ ბერძენმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ ტრაგიკული თამაშის ან დრამის ყურებით მიღებული უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას „კათარზისი“ უწოდა. ის ფიქრობდა, რომ თუ გაბრაზებული ადამიანი ემოციებისგან დაიცლებოდა, გამოცოცხლდებოდა და კარგ ხასიათზე დადგებოდა.
გასული საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ ავსტრიელ ფსიქოლოგსა და ნევროპათოლოგს, ზიგმუნდ ფროიდსაც ანალოგიური ხედვა გააჩნდა. ის ამტკიცებდა, რომ თუ ადამიანი თავისში „დაამწყვდევდა“ უარყოფით ემოციებს და არ გათავისუფლდებოდა მათგან, დროთა განმავლობაში ფსიქიკური აშლილობა, ისტერია განუვითარდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მხარს უჭერდა იმ აზრს, რომ ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიკავოს ემოციები.
გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში მკვლევრებმა ცდები ჩაატარეს „კათარზისის“ თეორიაზე და საკმაოდ განსხვავებული შედეგები
მიიღეს. ამაზე ფსიქოლოგი კაროლ ტავრისი წერდა: «დადგა დრო, რომ „კათარზისის“ ჰიპოთეზას ერთხელ და სამუდამოდ დავაჭედოთ ტყვია შუბლში. არც ერთი გამოკვლევით არ მტკიცდება მოსაზრება თითქოს, ძალადობის ყურებით ან სხვებზე რისხვის გადმონთხევით თავიდან მოიშორებ უარყოფით გრძნობებს».კიდევ ერთი ფსიქოლოგი გარი ჰენკინსი ამბობს: «„კათარზისის“ მეთოდით ბრაზისგან გათავისუფლება კი არ ამშვიდებს, არამედ უფრო ძაბავს ადამიანს». ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები, ალბათ, ვერასდროს მივლენ ერთ აზრამდე „კათარზისის“ თეორიასთან დაკავშირებით. თუმცა მრავალი სიბრძნის სხვა წყაროში პოულობს შვებას. ამ წყაროს ბიბლია ჰქვია.
„მოეშვი რისხვას“
ფსალმუნმომღერალი დავითი შესანიშნავად აღწერს იმას, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, დაიოკოს და გააკონტროლოს საკუთარი ემოციები: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი; ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას“ (ფსალმუნი 37:8). თუ გინდა, რომ ისეთი რამე არ თქვა ან არ გააკეთო, რასაც მოგვიანებით ინანებ, არ უნდა განრისხდე. რა თქმა უნდა, ამის თქმა ადვილია, შესრულებაა ძნელი. მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ შეუძლებელია. მოდი, თავის ხელში აყვანის სამი ეფექტური მეთოდი განვიხილოთ.
თავს კონტროლი გაუწიე
ბრაზი რომ ჩაიცხრო, უნდა დამშვიდდე და მოეშვა. ეცადე, თავი შეიკავო და არ თქვა ის, რაც ცხელ გულზე მოგადგება. თუ ხვდები, რომ თავს ვეღარ იკავებ და კონტროლს კარგავ, გაიხსენე შემდეგი ბიბლიური რჩევა: „დავის დასაწყისი წყლის გაშვებას ჰგავს; სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“ (იგავები 17:14).
სწორედ ეს რჩევა დაეხმარა ჯეკს, არ დამონებოდა საკუთარ ფიცხ ხასიათს. მამამისი ლოთი და შარიანი კაცი იყო. ჯეკიც, გარკვეულწილად, მამას დაემსგავსა და მასაც აგრესიული ხასიათი ჩამოუყალიბდა. ის ამბობს: „როცა ვბრაზდებოდი, თვალებიდან სულ ნაპერწკლებს ვყრიდი; ეგრევე ლანძღვაზე და დარტყმაზე გადავდიოდი“.
გავიდა დრო და ჯეკმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ნელ-ნელა იცვლებოდა ეს ადამიანი. ის მიხვდა, რომ ღვთის დახმარებით შეეძლო ემოციების მოთოკვა და საკუთარი თავის ხელში აყვანა. ერთხელ სამსახურში თანამშრომელმა საშინლად გამოლანძღა ჯეკი. რა რეაქცია ჰქონდა მას? „მთელ სხეულზე ცეცხლი წამეკიდა. უცებ მომინდა, დამევლო ხელი და შუაზე გამეგლიჯა“.
რა დაეხმარა ჯეკს ნერვების მოთოკვაში? ის ამბობს: „მახსოვს, როგორ ვილოცე, იეჰოვა გეხვეწები, დამეხმარე, რომ დავმშვიდდე-მეთქი. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, როგორ დამეუფლა შინაგანი სიმშვიდე და კრინტი არ დამიძრავს, ისე დავტოვე იქაურობა“. ჯეკი აგრძელებდა ბიბლიის შესწავლას. ბევრს ლოცულობდა და ბევრსაც ფიქრობდა იგავების 26:20-ში ჩაწერილ სიტყვებზე: „შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება“. საბოლოოდ, მან შეძლო და გახდა საკუთარი ემოციების „მბრძანებელი“.
მოეშვი!
„მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავები 14:30). ამ ბიბლიური ჭეშმარიტების გათავისება გაგიუმჯობესებთ ემოციურ, ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. კრიტიკულ მომენტში დამშვიდების მარტივ ხერხებს მიმართეთ. ქვემოთ მოცემული აპრობირებული მეთოდები დაგეხმარებათ სტრესისა და დაძაბულობისგან გამოწვეული ბრაზის დაძლევაში.
● ღრმად სუნთქვა საუკეთესო და უსწრაფესი მეთოდია რისხვის ჩასაცხრობად.
● ღრმად ისუნთქეთ და თან იმეორეთ დამამშვიდებელი სიტყვები და ფრაზები, მაგალითად, „დამშვიდდი“, „ემოციებს არ აჰყვე“, „ყურადღებას ნუ მიაქცევ“.
● იმ მომენტში დაიწყეთ ისეთი საქმის კეთება, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ — წაიკითხეთ, მოუსმინეთ მუსიკას, ბაღში წაიფუსფუსეთ.
● სისტემატურად ივარჯიშეთ და მიირთვით ჯანსაღი საკვები.
ნუ იქნებით მეოცნებე
ბოლომდე ვერ აერიდებით იმ ადამიანებს და იმ სიტუაციებს, რომლებიც შეიძლება ერთგვარი „ნაღმები“ აღმოჩნდეს თქვენთვის. უბრალოდ, შეგიძლიათ ისწავლოთ, როგორი რეაქცია გქონდეთ ამ დროს. ამაში, გარკვეულწილად, აზროვნების შეცვლა იგულისხმება.
არარეალურ მოლოდინს, როგორც წესი, სერიოზული პრობლემები მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, თუ ელით, რომ ყველა და ყველაფერი თქვენს მაღალ სტანდარტებში უნდა ჩაჯდეს, გულგატეხილობა არ აგცდებათ. ამასთანავე, რისხვის შეკავებაც გაგიჭირდებათ. ასეთ მაქსიმალისტურ შეხედულებასთან ბრძოლაში უეჭველად წაგადგებათ იმაზე დაფიქრება, რომ „არავინ არის მართალი, აღარავინ . . . [ყველანი] გზას ასცდნენ“ (რომაელები 3:10, 12). თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე ამქვეყნად, მათ შორის თვითონ, „ფრთიანი ანგელოზია“ და შეუძლია სრულყოფილად განვლოს ცხოვრების გზა, მწარედ შემცდარა!
არ იქნება გონივრული, თუ საკუთარ თავს ან სხვებს მეტისმეტს მოვთხოვთ. ღვთის სიტყვა გვიხსნის: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2). „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20). თუ ისეთად წარმოაჩენთ საკუთარ თავს, როგორიც სინამდვილეში არა ხართ, ანუ სხვებს ისე აჩვენებთ თავს, თითქოს სრულყოფილი იყოთ, მთელი ცხოვრება ჯავრი და ბოღმა შეგჭამთ.
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, დროდადრო ყველანი ვბრაზდებით, იმიტომ რომ არასრულყოფილები ვართ. მაგრამ ის, თუ როგორ გამოვხატოთ ბრაზი, ჩვენზეა დამოკიდებული. მოციქული პავლე აფრთხილებდა თანაქრისტიანებს: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ“ (ეფესოელები 4:26). თუ საკუთარ თავს ხელში ავიყვანთ, შევძლებთ ემოციების სათანადოდ გამოხატვას. ეს კი სასარგებლო აღმოჩნდება, როგორც ჩვენთვის ისე სხვებისთვის.
[ჩარჩო/სურათები 8, 9 გვერდებზე]
მოეშვით
ღრმად ისუნთქეთ
აკეთეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმე
სისტემატურად ივარჯიშეთ