არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავეხმაროთ მას, ვისაც ნერვული აშლილობა აქვს?

როგორ დავეხმაროთ მას, ვისაც ნერვული აშლილობა აქვს?

როგორ დავეხმაროთ მას, ვისაც ნერვული აშლილობა აქვს?

„ხშირად გული მიჩქარდება, ცივი ოფლი მასხამს და სუნთქვა მეკვრება. შიში და ნერვიულობა მიპყრობს და გონება მერევა“ (40 წლის იზაბელა. დიაგნოზი: პანიკური აშლილობა).

შეგხვედრიათ ქუჩაში შემთხვევით ავი ძაღლი? აბა, გაიხსენეთ რამხელა შიში და ნერვიულობა გიჭამიათ მის დანახვაზე. მაგრამ რა მომხდარა, როცა ძაღლს მშვიდობიანად აუვლია გვერდი? სტრესი და დაძაბულობა მომენტალურად გამქრალა. ეს ჩვეულებრივი განცდებია, თუმცა ნერვული აშლილობა ცოტა სხვა რამეა.

თუ ნერვიულობა და სტრესი ქრონიკულ სახეს იძენს და ადამიანს ის მაშინაც აღენიშნება, როცა უკვე ამის არანაირი მიზეზი აღარ გააჩნია, ეს უკვე ნერვული აშლილობაა მედიცინის ენაზე. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებში 18-დან 65 წლამდე ასაკის მოსახლეობის 12%-ს ნერვული აშლილობა აქვს. საუბარია 36, 3 მილიონ ადამიანზე. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მერიც მათ შორისაა. მას ნერვული აშლილობის მწვავე ფორმა აღენიშნება. სამწუხაროდ, ამ დაავადებამ შეიძლებასერიოზული კვალი დააჩნიოს მის ჯანმრთელობას.

ეს მხოლოდ იმ ადამიანის პრობლემა არ არის, ვისაც უშუალოდ აწუხებს დაავადება. კარგ დღეში არც მისი ოჯახის წევრები არიან. თუმცა გვინდა, დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ „ნერვული აშლილობა იკურნება. ინერგება მკურნალობის ახალი მეთოდები, რომლებიც მრავალ ადამიანს დაეხმარება სრულფასოვნად ცხოვრებაში“. ასეთი სიტყვები ეწერა შეერთებული შტატების ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ერთ პუბლიკაციაში.

ამ დროს ოჯახის წევრებს და მეგობრებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ.

რით დავეხმაროთ?

გვერდში დაუდექით: მონიკა, რომელსაც განზოგადებული შფოთვის აშლილობა და პოსტტრავმული სტრესი აქვს, დამწუხრებული ამბობს: „ბევრს არ ესმის ჩემი და ვერ მიგებენ“.

ამიტომაც არის, რომ ის, ვისაც ნერვული აშლილობა აწუხებს, ხშირად იმაზე ნერვიულობს, რომ ვერ გაუგებენ და სხვებს არაფერს უყვება თავის პრობლემაზე. შედეგად დანაშაულის გრძნობა ეუფლება და ამით კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს თავის თავს. არადა, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ასეთ შემთხვევაში.

მეტი გაიგეთ დაავადების შესახებ: ეს რჩევა განსაკუთრებით მათ უნდა გაითვალისწინონ, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს მასთან, ვინც ნერვულ აშლილობას ებრძვის.

ანუგეშეთ ერთმანეთი: პირველ საუკუნეში მისიონერი პავლე თესალონიკეში მცხოვრებ თავის მეგობრებს მოუწოდებდა: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თესალონიკელები 5:11). ნუგეშისცემისას არა მარტო სიტყვები, არამედ ტონიც კარგად უნდა შევარჩიოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად ვზრუნავთ ჩვენს საყვარელ ადამიანზე. არ უნდა მივაწეროთ არასწორი მოტივები და არ უნდა ვუთხრათ ისეთი რამ, რითაც გულს მოვუკლავთ, ისედაც გამწარებულ ადამიანს.

შეიძლება გსმენიათ ძველ დროში მცხოვრებ იობზე, რომლის სახელიც მოგვიანებით ბიბლიის ერთ-ერთ წიგნს დაერქვა. სამმა კაცმა, ვისაც იობის მეგობრად მოჰქონდა თავი, არასწორად დაასკვნა, რომ იობი თავის ცოდვებს მალავდა და ამიტომ ტანჯავდა ღმერთი.

ასე რომ, გამოავლინეთ თანაგრძნობა. ყურადღებით მოუსმინეთ და გაიგეთ, რის თქმა უნდა. მდგომარეობას მისი თვალით შეხედეთ. ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. იობის მეგობრებმა ზუსტად ამაში დააშავეს, რის გამოც „ვაი-ნუგეშისმცემლები“ ეწოდათ. მათ კიდევ უფრო დაუმძიმეს იობს გული (იობი 16:2).

გახსოვდეთ ერთი რამ: სტრესულ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა თქვენთან თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი და თავის გრძნობებზეც თამამად უნდა ილაპარაკოს. მხოლოდ ამის მერე მიხვდებით, რასთან უწევს მას ბრძოლა. იფიქრეთ იმაზეც, რომ არ არის გამორიცხული, თქვენ აღმოჩნდეთ ის ადამიანი, ვინც მას სიცოცხლის ხალისს და სიხარულს დაუბრუნებს.

[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]

ნერვული აშლილობის ფორმები

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს რა დაავადებაა ნერვული აშლილობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს დაავადება ჩვენი ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს აწუხებს. არსებობს ნერვული აშლილობის ხუთი ფორმა.

პანიკური აშლილობა. ეს დაავადება ამ სტატიაში მოხსენიებულ იზაბელას აწუხებს. ის მხოლოდ შეტევების დროს არ გრძნობს თავს უმწეოდ. „სულ იმის შიშში ვარ, რომ შეტევა არ გამიმეორდეს“, — ამბობს მერი. ასეთები გაურბიან იმ ადგილებს, სადაც შეტევები დაემართათ. ზოგი სახლშიც კი გამოიკეტა. ზოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის ასეთ ადგილებში, თუ გვერდით სანდო ადამიანი ჰყავს. მერი გვიხსნის: „მარტო როცა ხარ, ყოველთვის არის იმის ალბათობა, რომ შეტევა დაგეწყოს. დედის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ. დაძაბული ვარ, როცა ის ჩემთან არ არის“.

აკვიატებული ნევროზი. ადამიანს, რომელსაც მტვრისა და მიკრობების არაბუნებრივი შიში აქვს, შეიძლება განუვითარდეს ხელის წამდაუწუმ ბანვის მანია. თუმცა არის სხვა გამოვლინებებიც. რენანი გვიყვება: „თავში სულ ჩემი შეცდომები მიტრიალებს, ხელახლა ვაანალიზებ და ათასნაირი კუთხით ვუყურებ. ტვინი მაქვს არეული“. ასეთ ადამიანებს იმის დიდი სურვილი უჩნდებათ, რომ სხვების წინაშე აღიარონ დაშვებული შეცდომები. რენანს გამუდმებით სჭირდება დამშვიდება და გამხნევება. მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად მას მდგომარეობა საგრძნობლად შეუმსუბუქდა. *

პოსტტრავმული სტრესის აშლილობა. ბოლო წლებში ამ ტერმინით აღწერენ იმ ფსიქოლოგიურ დარღვევას, რომელიც ადამიანს რაიმე მძიმე ტრავმის გადატანის შემდეგ აღენიშნება. ამაში შედის როგორც ფიზიკური ტრავმა, ისე მოსალოდნელი საფრთხის საშიშროება. მათ, ვისაც პოსტტრავმული სტრესი აქვთ, შეიძლება ადვილად შეშინდნენ, გაღიზიანდნენ, უემოციოები გახდნენ, ინტერესი დაკარგონ იმ ყველაფრისადმი, რაც ადრე სიამოვნებდათ, გულგრილები გახდნენ ახლობლების მიმართ. ზოგი აგრესიული ხდება, მოძალადეც კი, და გაურბის ყველას და ყველაფერს, რაც ტრავმულ შემთხვევას ახსენებს.

სოციალური ფობია ანუ სოციალური შფოთვითი აშლილობა აღენიშნება მათ, ვინც ზედმეტად მგძნობიარეა ყოველდღიური სიტუაციების მიმართ. როგორც წესი, ისინი ძალიან მორცხვები და მორიდებულები არიან. სულ ჰგონიათ, რომ ვიღაცები აკვირდებიან და აკრიტიკებენ. სანამ სადმე წავლენ, დღეები ან კვირები ნერვიულობენ. ისე არიან შეპყრობილები შიშით, რომ ხელი ეშლებათ სამუშაოში, სკოლაში ან სხვა საქმეებში. უჭირთ მეგობრების შეძენა და ადვილადაც კარგავენ მათ.

განზოგადებული შფოთვის აშლილობა დაუდგინდა ამ სტატიაში მოხსენიებულ მონიკას. ის მთელი დღე რაღაცაზე წუხს და საშინლად დარდობს მაშინაც კი, როცა ამის უმნიშვნელო ან საერთოდ არანაირი მიზეზი არ გააჩნია. ასეთები სულ ცუდის მოლოდინში არიან და ზედმეტად წუხან ჯანმრთელობაზე, შემოსავალზე, ოჯახზე ან სამსახურზე. მათ ყოველი ახალი დღის გათენებაც კი აშინებთ. *

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს.

^ აბზ. 22 მასალა აღებულია შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან.

[სურათი 26 გვერდზე]

„ანუგეშეთ ერთმანეთი“