არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სოკო გადაიღეთ!

სოკო გადაიღეთ!

სოკო გადაიღეთ!

ძველად ეგვიპტეში ფარაონები „დიდ პატივს სცემდნენ“ სოკოს და მას დელიკატესად მიიჩნევდნენ. სოკოს ხშირად ნახავდით სამეფო სუფრებზე. რომაელები სოკოს ღმერთების საჭმელს ეძახდნენ და მხოლოდ განსაკუთრებულ ნადიმებზე მიირთმევდნენ. ბერძნები სოკოს წვეულებებს მართავდნენ და სჯეროდათ, რომ ის მათ ჯარისკაცებს ძალებს აძლევდა ბრძოლაში გასამარჯვებლად.

დღეს სოკო მხოლოდ ელიტარულ სუფრებს როდი ამშვენებს. ხალხი ყველა ერიდან და ტომიდან სიამოვნებით შეექცევა ფარაონების ამ უგემრიელეს დელიკატესს. თქვენც გიყვართ სოკო? ისე როგორ ფიქრობთ, სოკო ცხოველური საკვებია თუ მცენარეული? ნოყიერია? როგორ იზრდება? ტყეში მოულოდნელად რომ გადააწყდეთ, როგორ უნდა მოიქცეთ?

ამ ყველაფრის გასარკვევად მე და ჩემი მეუღლე სიდნეიდან (ავსტრალია) ახალი სამხრეთ უელსის სამხრეთით, მთიანი მხარის ულამაზეს ქალაქ მიტაგონგში გავემგზავრეთ. ჩვენი დანიშნულების ადგილი იყო ნოელ აროლდის სოკოს ფერმა.

მოყვანის წესები

ჩვენი მხარბეჭიანი მასპინძელი ნოელი მიკრობიოლოგი და საკმაოდ გამოცდილი სოკოს ექსპერტი გახლდათ. მან რამდენიმე ქვეყანაში ისწავლა სოკოს მოყვანის წესები და მეთოდები. ბოლოს დაბრუნდა ავსტრალიაში და სოკოს ბიზნესს მოჰკიდა ხელი. «სოკო მიეკუთვნება იმ ცოცხალ ორგანიზმთა ოჯახს, რომელსაც განეკუთვნება ობი და ჭრაქი, — დაიწყო ნოელმა. — უწინ ბიოლოგები მას მცენარედ მიიჩნევდნენ. მაგრამ დღეს უკვე სულ სხვა რამეს ამბობენ — სად სოკო და სად მცენარე?!

სოკო ფოტოსინთეზის გზით არ იკვებება, როგორც ეს თითქმის ყველა მცენარის შემთხვევაში ხდება. ის სიბნელეში იზრდება. შეიცავს ძლიერ ფერმენტებს, რომლებიც ორგანულ ნივთიერებებს გარდაქმნიან ძირითად საკვებ ნივთიერებებად, რითაც თავად სოკო საზრდოობს. საკვების ასეთი გადამუშავების პროცესი სოკოებს ცხოველებისგანაც განასხვავებს. რადგან სოკო არც მცენარეა და არც ცხოველი, ბიოლოგები მას ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელი სამყაროს — სოკოს სამეფოს — წარმომადგენლად მიიჩნევენ.

სოკო გამოყოფს მილიონობით პაწაწინა სპორას, რომლებიც სხვა სოკოების სპორებში ერევა და ნაყოფიერდება, — აგრძელებს ნოელი. როცა სპორა მოხვდება ცივ და ნესტიან ადგილას, სადაც საკვები ბლომადაა, „ახალშობილებიც“ მალევე ჩნდებიან. სოკოს მწარმოებლები ამავე მეთოდით ამრავლებენ სოკოს მოსავალს და აუმჯობესებენ მოსავლის ხარისხს».

გზადაგზა ნოელი უფრო დაწვრილებით გვიხსნიდა დანარჩენ დეტალებს, რომ თურმე სხვადასხვა სოკოს მოსაყვანად სხვადასხვა პირობები ყოფილა საჭირო. ყველაზე ცნობილი სოკო შამპინიონი (ქამა სოკო) სასუქით გამდიდრებულ ნიადაგზე ხარობს. ზოგი სახეობა ტომრებში მოჰყავთ, რომელშიც მცენარის ნარჩენებია, ზოგიც — მარცვლეულით სავსე ბოთლებში, ხის მორებზე ან დაპრესილ ნახერხში. სოკოს ათასობით სახეობიდან გაყიდვაში მხოლოდ 60 მათგანია.

ნოელს სოკო მიტაგონგთან ახლოს ერთ ძველ მიტოვებულ რკინიგზის გვირაბში მოჰყავს. „ასეთი ცივი და ნესტიანი ადგილი მისწრებაა სოკოსთვის“, — კიდევ ერთხელ შეგვახსენა მასპინძელმა. გვირაბში ჩამწკრივებული იყო ტომრები, ქოთნები და ბოთლები, რომლებიდანაც სხვადასხვა ფორმისა და ზომის ათასობით სოკოს ამოეყო თავი. ზოგიერთი გაფურჩქნულ ვარდს ჰგავდა, ზოგი ტალღოვან შროშანს, ზოგიც ყვავილების ბუკეტს და ჯუჯა „პუტკუნა“ ქოლგას. თავი მინდვრის ყვავილების გამოფენაზე გვეგონა და გაოგნებულები ვიყურებოდით აქეთ-იქით.

ათასგვარი გემრიელი კერძი

„ბევრს უყვარს ეგზოტიკური სოკოების დათვალიერება, მაგრამ მომზადება ყველამ არ იცის, — გვითხრა ნოელმა. — არადა ეს რთული სულაც არ არის. ზოგი კეპავს და ზეთში შუშავს, ზოგი კი სოკოს სუპს ან სალათს ამზადებს, ზოგიც მთლიანებს წვავს. პირადად მე ხამანწკა სოკო მიყვარს საფანელში ამოვლებული და ზეთში შემწვარი. სოკო შიიტაკს ხორცის გემო აქვს და მსუყეა; განსაკუთრებით გემრიელია კვერცხთან ერთად შემწვარი“.

საჭმელად ვარგისი სოკო საკმაოდ ნოყიერია და მდიდარია უჯრედისით, ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით. დაახლოებით 2 000 სახეობას სამკურნალო თვისება გააჩნია. ერთი სამედიცინო ჟურნალის თანახმად, მედიცინაში სოკოს 100-ზე მეტი გამოყენება აქვს. მას იყენებენ კიბოსთან, ჰეპატიტთან, შიდს-თან, ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად და ქოლესტერინის დონის დასაწევად.

თუმცა ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან — ტყეში სოკოს შეგროვება ცოტა არ იყოს სარისკო საქმეა. შხამიანი სოკოები ძალიან ჰგვანან საჭმელად ვარგის სოკოებს, მაგრამ მათი ჭამა და სიკვდილი ერთია. არ გაეკაროთ სოკოს, თუ გვერდით არ გყავთ ისეთი ვინმე, ვინც კარგად იცის სოკოს ცნობა! რა თქმა უნდა, უსაფრთხოა იმ სოკოს ჭამა, რომელიც დღეს თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. არადა, მას ერთ დროს მხოლოდ მეფეთა სუფრაზე თუ დააგემოვნებდა კაცი.

[ჩარჩო 22 გვერდზე]

ტყეში გაზრდილი სოკო

სოკო ძირითადად იზრდება გრილ, ნესტიან, დაბურულ ტყეში, სადაც მკვდარი ხის ნარჩენებს, მცენარეებს და ცხოველის ექსკრემენტებს ნიადაგისთვის აუცილებელ ორგანულ ნივთიერებებად გარდაქმნის. ზოგიერთი სოკო ხესთან სიმბიოზურ თანაცხოვრებას ეწევა. სოკო იკვებება ხის ფესვებში არსებული ორგანული ნივთიერებებით და, თავის მხრივ, ხეც საზრდოობს მისგან.

[ჩარჩო 23 გვერდზე]

რჩევები:

• სოკო შეახვიეთ ქაღალდში ან ნაჭერში და ისე შეინახეთ მაცივარში. არ დადოთ ცხარე სანელებლებთან ახლოს, რომელთაც მძაფრი სუნი აქვთ.

• თუ გნებავთ, უმად მიირთვათ, სველი ნაჭრით გაწმინდეთ ან წყალი გადაავლეთ და ფრთხილად გაახვიეთ მშრალ ნაჭერში. სოკოს არ უყვარს წყალში გაჩერება.

• ჭუჭყი რომ არ შეჰყვეს, მომზადებამდე ნაზად გაწმინდეთ რბილი ჯაგრისით.

• კანი არ გააცალოთ — ის აძლევს გემოს და თან ნოყიერია.

[სურათი 21 გვერდზე]

სოკო ასეთ ინკუბატორებში მოჰყავთ

[სურათი 22 გვერდზე]

ზოგიერთი სოკო ლამაზ ყვავილს ჰგავს

[სურათი 23 გვერდზე]

ისპანახის ფოთოლში ჩადებული შემწვარი სოკო მუხუდოთი, ნივრით და მწვანილით

[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]

Courtesy of the Mushroom Information Center

[სურათის საავტორო უფლებები 23 გვერდზე]

Top: Courtesy of the Mushroom Information Center; bottom: Courtesy of the Australian Mushroom Growers Association