არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სომხური „ოქრო“

სომხური „ოქრო“

სომხური „ოქრო“

● ევროპელებმა და აზიელებმა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ გაუსინჯეს გარგარს გემო და მისი მოყვანა დაიწყეს. პირველებს სჯეროდათ, რომ მისი სამშობლო სომხეთი იყო და მისთვის „სომხური ვაშლიც“ დაურქმევიათ.

დღეისათვის სომხეთში 50 ჯიშის გარგარი მოდის. სეზონი ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ვულკანური წარმოშობის ნიადაგი და უხვი მზე საოცარ სიტკბოს აძლევს სომხურ გარგარს და ამიტომაც ბევრის თვალში ის მსოფლიოში ერთ-ერთი უგემრიელესი ხილის „სტატუსით“ სარგებლობს.

ის სახეობები, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, პატარა ქლიავს ჰგავს და ღია ოქროსფრიდან მუქ ნარინჯისფერში გადადის. ხავერდოვანი კანი აქვს და მაგარი, ხორციანი რბილობი; არ არის ძალიან წვნიანი; სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა გემოსია — დაწყებული ტკბილიდან მომჟავო გემოთი დამთავრებული. ამბობენ, რომ ყველაზე ცნობილი სახეობების ჯიშებს ისეთი გემო აქვს, თითქოს არც ატამია და არც ქლიავი, რაღაც შუალედური.

გამოიყვანეს გარგარის ახალი, შავი ჯიში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს უკვე აღარ არის ნამდვილი გარგარი. ის არის გარგარისა და ქლიავის საერთო „შთამომავალი“. ფერი მუქი იასამნისფერი აქვს, თითქმის შავი, კანი — ბუსუსებიანი, შიგნიდან კი ყვითელია.

გარგარის ხე მანამდე იწყებს ყვავილობას, სანამ ფოთლები გამოაჩნდება. აქვს თეთრი, სურნელოვანი თვითდამტვერვადი ყვავილები, რომლებიც წააგავს ატმის, ქლიავისა და ალუბლის ყვავილებს. ყველაზე კარგად ხარობს იქ, სადაც თბილი ზაფხული და ცივი ზამთარია. ასეთი კლიმატია საჭირო, გარგარის ხემ რომ კარგი ყვავილი და ნაყოფი გამოისხას. სომხეთის კლიმატი ნამდვილად რომ ზედგამოჭრილია ამ სომხური „ოქროსთვის“.

ცოცხალი გარგარი ჯანმრთელობისთვის ფრიად სასარგებლო გახლავთ. შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინსა და C ვიტამინს. ბევრ თქვენგანს გარგარის ჩირიც გექნებათ გასინჯული. საერთოდ, ეს ხილი მალევე ლპება და ფუჭდება. სხვათაშორის, ზოგ ქვეყანაში გარგარის ჩირს უფრო მეტად „აფასებენ“, ვიდრე თავად ცოცხალ ნაყოფს. ამიტომ მოდი ისიც ვთქვათ, რომ ჩირიც საკმაოდ ნოყიერია და გაჯერებულია ცელულოზითა და რკინით. ამასთანავე, ცოცხალი გარგარისგან მზადდება კონიაკი, ჯემი და წვენი.

ის თუ იცოდით, რომ გარგარის ხისგან ლამაზ ინსტრუმენტებსაც ამზადებდნენ? მათი ერთ-ერთი „წარმომადგენელია“ ცნობილი ჩასაბერი ინსტრუმენტი სომხური დუდუკი, რომელსაც ხანდახან „გარგარის სალამურსაც“ ეძახიან. მთელი ერევანი სავსეა გარგარის ხისგან დამზადებული საყვარელი ხელნაკეთი სუვენირების მაღაზიებით.

საქართველოში გარგარი ნამდვილად არ არის უცხო ხილი და, ალბათ, თქვენც არაერთხელ გაგისინჯავთ. ისე რას იტყვით, ხომ მართლა გემრიელია ეს „ოქროს საოცრება“?!