არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტერეზინი — ციხე, რომელმაც ტანჯვისგან ვერ დაიცვა

ტერეზინი — ციხე, რომელმაც ტანჯვისგან ვერ დაიცვა

ტერეზინი — ციხე, რომელმაც ტანჯვისგან ვერ დაიცვა

ცენტრალური ევროპის ორი დიდი ქალაქის, დრეზდენისა და პრაღის შუაში მდებარეობს ქალაქი თერეზიენშტათი (იგივე ტერეზინი). ქალაქს ამშვენებს უზარმაზარი ციხე-სიმაგრე მასიური გალავნით. ციხე იმიტომ ააგეს, რომ ქვეყანაში მტერს არ გაეჭაჭანებინა და გარშემო მცხოვრები ხალხიც დაცული ყოფილიყო.

ციხე-სიმაგრის აგების ბრძანება გერმანიისა და „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორმა იოზეფ II-მ გასცა. ადგილიც მისი თანდასწრებით შეირჩა და მოგვიანებით, 1780 წლის მიწურულს, ის საძირკვლის ჩაყრასაც ესწრებოდა. იმპერატორმა ციხე დედამისის, დედოფალ მარია ტერეზას, პატივსაცემად ააგო და, შესაბამისად, ქალაქს „ტერეზინი“ უწოდა, რაც ჩეხურად „ტერეზას ქალაქს“ ნიშნავს. * ამ პროექტზე დაახლოებით 14 000 კაცი მუშაობდა ერთდროულად. ძირითადი სამუშაოები 4 წელიწადში დასრულდა.

ტერეზინს, რომლის მშენებლობაც 1784 წელს დასრულდა, ჰაბსბურგთა მიწაზე სიდიდით ვერც ერთი ციხე-სიმაგრე ვერ უტოლდებოდა. ისტორიაში პირველად ამ ციხის ასაგებად გამოიყენეს იმ დროისთვის უახლესი სამშენებლო ტექნიკა.

თუმცა მშენებლობის დასრულებამდე საბრძოლო ტაქტიკამ და სტრატეგიამ საოცარი ცვლილებები განიცადა. შემოსეული მტერი ციხეს ალყაში აღარ აქცევდა. ისინი მიმდებარე სოფლებს ესხმოდნენ თავს და ძარცვავდნენ. ამიტომ იყო, რომ 1888 წელს ტერეზინმა სამხედრო ციხე-სიმაგრის სტატუსი დაკარგა. მოგვიანებით გარეთა გალავნის შემოგარენში თვალისმომჭრელი პარკი გაშენდა ლამაზი ბილიკებითა და სკამებით.

ციხე-სიმაგრე და ქალაქი

ტერეზინის ციხე-სიმაგრეს გამაგრებული ქალაქის როლი უნდა შეესრულებინა. თვალუწვდენელი გალავნის მიღმა აშენებული იყო საცხოვრებლები ჯარისკაცებისთვის, მათი ოჯახებისთვის და კიდევ სხვებისთვის.

ძირითადი ციხე-სიმაგრის გვერდით იდგა პატარა შენობაც, რომელიც სამხედრო ციხის მოვალეობას ასრულებდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ამ ციხეში ჰყავდათ დაპატიმრებული ჰაბსბურგების დინასტიის პოლიტიკური მტრები. დაახლოებით ასი წლის შემდეგ ამ ციხეში მოხვდნენ 1914 წელს სარაევოში ავსტრიის ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდებიც. სასიკვდილო განაჩენს ისინი მარტო იმიტომ გადაურჩნენ, რომ ჯერ 20 წლისანი არ იყვნენ. თუმცაღა მათგან უმეტესი ციხეში წამებისგან მოკვდა ან ჭკუიდან შეიშალა. გავრილო პრინციპი, ვინც უშუალოდ ესროლა ერცჰერცოგს ამ ციხეში მაშინ გარდაიცვალა, როცა I მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა.

ამბობენ, რომ ეს „პატარა ციხე-სიმაგრე“ ავსტრიის იმპერიაში ყველაზე საშინელი ციხე იყოო. აქ პატიმრებს მძიმე ბორკილებს ადებდნენ და ცივ და ნესტიან საკნებში ამწყვდევდნენ. II მსოფლიო ომის პერიოდში ამ ციხეში წარმოუდგენლად საშინელი ამბები ტრიალებდა.

„კურორტი ტერეზინი“

მას შემდეგ, რაც 1941 წელს ნაცისტებმა დღევანდელი ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია დაიპყრეს, ტყვედ აყვანილი ებრაელები მთავარ ციხეში შეყარეს. ნაცისტებმა ქალაქი ტერეზინი ებრაელეთა გეტოდ (ქალაქის იზოლირებული უბანი) აქციეს. მათი თქმით, რასობრივი დაყოფის გარეშე შეუძლებელი იყო ებრაელებსა და არაებრაელებს შორის წამოჭრილი კონფლიქტების მოგვარება. ხალხში ხმა დაირხა, თითქოს ტერეზინი ჩაკეტილი საკურორტო ქალაქი იყო და ებრაელები აქ სამკურნალოდ და დასასვენებლად ჩამოჰყავდათ, არადა ნაცისტების ერთადერთი მიზანი ებრაელების ერთიანად გაჟლეტა იყო.

ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ნაცისტებს უკვე ჰქონდათ სასიკვდილო ბანაკები, სადაც ტერეზინიდან და სხვა ადგილებიდან ნელ-ნელა გადაჰყავდათ ებრაელები და კლავდნენ. * ასეთი საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის შესახებ ხალხმა უკვე 1935 წლიდან იცოდა, მაგრამ ნაცისტები ამბობდნენ, რომ ეს ბანაკები მხოლოდ გამოსასწორებელი კოლონიები იყო და მეტი არაფერი. ყოველივეს მიუხედავად, ხალხის ყურამდე მაინც აღწევდა ის, რაც ამ ბანაკებში ხდებოდა. ამაზე ნაცისტებს პასუხი მოსთხოვეს. მათ ხრიკს მიმართეს — გადაწყვიტეს, თავი მსოფლიო საზოგადოების წინაშე ემართლებინათ.

II მსოფლიო ომის დროს 1944—1945 წლებში ნაცისტებმა მთავარი ციხის შესამოწმებლად „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები მოიწვიეს. მანამდე კი მთელი რიგი სამუშაოები ჩაატარეს ტერეზინში, რათა წითელი ჯვარი დარწმუნებულიყო, რომ ეს მართლა საკურორტო ქალაქი იყო.

კვარტლები ქუჩებად დაჰყვეს და სასიამოვნო სახელები შეურჩიეს. ზოგი შენობა ისე გადააკეთეს, რომ ბანკი, საბავშვო ბაღი და მაღაზია გეგონებოდათ. გეტოს ცენტრში სახელდახელოდ კაფეც გახსნეს. შეაკეთეს სახლების ფასადები, პარკში დარგეს მცენარეები, ააგეს პავილიონი, სადაც ცოცხალი მუსიკაც კი უკრავდა.

ყველაფერ ამის შემდეგ კი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები დაპატიჟეს. ისინი შეახვედრეს ებრაელების თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომლებიც წინასწარ იყვნენ შერჩეული და მომზადებული საიმისოდ, რომ ზუსტად ის ელაპარაკათ, რაც ნაცისტებმა დაარიგეს. „წითელი ჯვრის“ მიერ ციხის დასათვალიერებლად ორჯერ წარგზავნილი კომისია ნაცისტებმა წარმატებით მოატყუეს. მათ არასწორად დაასკვნეს, რომ ტერეზინი იყო ებრაელებით დასახლებული ერთი ჩვეულებრივი ქალაქი, სადაც თითოეულ მათგანზე სიყვარულით ზრუნავდნენ. როგორც კი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები თვალს მიეფარნენ, გეტოს კედლების მიღმა კვლავ შავი ღრუბელი ჩამოწვა და დაიწყო ებრაელების წამება, შიმშილი და ხოცვა. მათგან II მსოფლიო ომის დასრულებას რამდენიმე თუ მოესწრო.

„პატარა ციხე-სიმაგრე“

ნაცისტებმა „პატარა ციხე-სიმაგრეც“ სატუსაღოდ აქციეს. არც ის განსხვავდებოდა რამით საკონცენტრაციო ბანაკისგან. ამ ციხეში ათობით ათასი ქალი და კაცი იხდიდა სასჯელს. ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც გერმანიის რაიხის ტერიტორიაზე არსებულ დიდ ბანაკებში გადასაყვან პატიმრებს დროებით აჩერებდნენ.

პრაღიდან, პილსენიდან და ჩეხეთის სხვა ქალაქებიდან დაპატიმრებული სულ მცირე 20 იეჰოვას მოწმეც „პატარა ციხე-სიმაგრეში“ ჰყავდათ გამომწყვდეული. რაში ედებოდათ მათ ბრალი? ისინი მხარს არ უჭერდნენ ნაცისტებს და ნეიტრალურები რჩებოდნენ პოლიტიკურ საკითხებში. აკრძალვის მიუხედავად, მოწმეები მაინც ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას. მათ რწმენის გამო აპატიმრებდნენ, ზოგს სიკვდილით სჯიდნენ, ზოგს კი წამებით კლავდნენ.

გაკვეთილი ყველასთვის

ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა. ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:3, 4). „ციხე-სიმაგრე ტერეზინი“ ამ ჭეშმარიტი სიტყვების უტყვი მოწმეა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 დედოფალ მარია ტერეზას ქალიშვილიც ჰყავდა, მარი ანტუანეტი, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის დედოფალი გახდა.

^ აბზ. 12 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 1995 წლის 22 აგვისტოსა (გვერდები 3—15) და 1989 წლის 8 აპრილის (გვერდები 3—20) „გამოიღვიძეთ!“-ის ნომრები [ინგლ.].

[ჩარჩო 20 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები „პატარა ციხე-სიმაგრეში“

ტერეზინის „პატარა ციხე-სიმაგრეში“ დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეების უმეტესობა დასაკითხად ჯერ პრაღაში, გესტაპოს შტაბში მიჰყავდათ, მერე კი გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავდათ. როგორ უძლებდნენ ისინი ციხის მკაცრ პირობებს და ერთმანეთისგან იზოლირებას?

ტერეზინში დაპატიმრებული ერთი იეჰოვას მოწმე იხსენებს: „ბიბლიის სწავლებები რომ არ დამვიწყებოდა, ხშირად ვიმეორებდი. ყველა ციხეში, სადაც გადავყავდი, მოწმეებს ვეძებდი. თუ ვინმეზე გავიგებდი, რომ მოწმე იყო, ვცდილობდი, როგორმე დავკავშირებოდი. შეძლებისდაგვარად პატიმრებთანაც ვქადაგებდი“.

სწორედ ასეთი მიდგომის წყალობით დარჩა ეს და ღვთის ერთგული ციხეში გატარებული არაერთი წლის მანძილზე და მას მერეც.

[სურათი 18 გვერდზე]

II მსოფლიო ომის დროინდელი მარკა ტერეზინის გამოსახულებით

[სურათი 19 გვერდზე]

ახალი პატიმრები ბარაკებში გადაჰყავთ. გერმანულად გაკეთებული წარწერა: „არბაიტ მახტ ფრაი“ (შრომა ათავისუფლებს)

[სურათი 19 გვერდზე]

ფიცრის საწოლები ქალების საკანში

[სურათი 20 გვერდზე]

„პატარა ციხე-სიმაგრის“ მთავარი შესასვლელი

[სურათის საავტორო უფლება 19 გვერდზე]

Both photos: With courtesy of the Memorial Terezín