არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კიბერშეტევა!

კიბერშეტევა!

კიბერშეტევა!

წარმოიდგინეთ ჰაკერების ჯარი, რომელიც ინტერნეტით ცდილობს სხვების კომპიუტერების „დაპყრობას“ ანუ მათში შეღწევას. „დაპყრობილი“ კომპიუტერების არმიას, რომელსაც ბოტნეტს (ზომბირებული კომპიუტერების არმია) უწოდებენ, დამპყრობლები უგზავნიან მავნე კომპიუტერულ პროგრამებს. მათი მიზანია რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს საიდუმლო ინფორმაციის ხელში ჩაგდება. რამდენიმე წუთში ტყდება სახელმწიფოს სამხედრო, ფინანსური და კომერციული ვებ-გვერდები, პარალიზებული ხდება ბანკომატები და სატელეფონო ქსელები. ჩერდება ავია-სადისპეჩერო სამსახურის მუშაობა და „დამპყრობლები“ კონტროლს ამყარებენ ბირთვულ რეაქტორებზე. რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხალხი? თქვენ რომ იქ ყოფილიყავით, რას გააკეთებდით?

ეს სცენარი გამოგონილია, თუმცა როგორც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი, ინფრასტრუქტურის დამცველი და ანტიტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი, რიჩარდ კლარკი აცხადებს, მსგავსი რამ შეიძლება რეალურადაც მოხდეს. ფაქტობრივად, კიბერთავდასხმების პრეცედენტები უკვე არსებობს. *

რაში აწყობთ კიბერდამნაშავეებს, ასეთ ბოროტმოქმედებას რომ მიმართავენ? როგორ ახერხებენ ისინი ამას? და რაკი ჰაკერები ცალკეულ პიროვნებებსაც არ ინდობენ, თქვენ რა უნდა გააკეთოთ, რომ მათი მსხვერპლი არ გახდეთ?

ვირტუალური ბრძოლის ველი

კიბერდანაშაულს სხვადასხვა მიზეზის გამო მიმართავენ. მაგალითად, ტერორისტები და სხვადასხვა სახელმწიფოები შესაძლოა შეეცადონ, შეაღწიონ თავიანთი მოწინააღმდეგეების კომპიუტერულ ქსელებში, მოიპარონ საიდუმლო მასალები ან მწყობრიდან გამოიყვანონ ის მოწყობილობები, რომლებიც მათ კომპიუტერულ ქსელებს აკონტროლებს. 2010 წელს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, უილიამ ლინ III-მ განაცხადა, რომ გარეშე მტრები გამუდმებით თავს ესხმოდნენ შეერთებული შტატების საიდუმლო კომპიუტერულ ქსელებს, აღწევდნენ ამ ქსელებში და იპარავდნენ „ათასობით ფაილს . . . მათ შორის იარაღის წარმოების სისტემურ დეტალებს, სამოქმედო გეგმებს და სადაზვერვო მონაცემებს“ (იხილეთ ჩარჩო  „ზოგიერთი ბოლოდროინდელი კიბერდანაშაული“).

ჰაკერები იმავე მეთოდებს იყენებენ ინტელექტუალური საკუთრების და ფინანსური ინფორმაციის ხელში ჩასაგდებად, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციების შიდა ქსელებიდან, ასევე ვისიმე კერძო კომპიუტერიდან. ჰაკერები მილიარდებს შოულობენ ასეთი თაღლითური ქმედებებით.

ეს ბოროტმოქმედები კრებენ დაუ ხელში იგდებენ კომპიუტერების დიდ არმიას და მათი მეშვეობით ახორციელებენ თავიანთ ონლაინ-შეტევებს. 2009 წელს ინტერნეტ-უსაფრთხოების ერთ-ერთმა კომპანიამ გამოავლინა კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ფარულად აკონტროლებდა 2 მილიონამდე კომპიუტერს. ამ კომპიუტერების მფლობელები ძირითადად კერძო პირები იყვნენ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) ახლახან გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ მსოფლიოში 3 კომპიუტერიდან 1 გატეხილია ჰაკერების მიერ და მათ მიერვე კონტროლდება. შემთხვევით, თქვენი კომპიუტერიც ხომ არ შედის ამ სიაში?

ჩუმი მონადირე

წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი. ჰაკერი ინტერნეტში უშვებს ვირუსულ პროგრამას. როცა ეს პროგრამა შემოდის თქვენს კომპიუტერში, უჩუმრად ეძებს თქვენი კომპიუტერის ანტივირუსს და მწყობრიდან გამოჰყავს ის. შემდეგ უფრო ღრმად აღწევს სისტემაში და ეძებს თავისთვის საჭირო ინფორმაციას. * ამ ვირუსს შეუძლია შეცვალოს ან წაშალოს თქვენი კომპიუტერის ფაილები, გადავიდეს თქვენი კომპიუტერიდან სხვა კომპიუტერში და თქვენი პაროლი, ფინანსური მონაცემები და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია გაუგზავნოს ჰაკერს.

ჰაკერებს შეუძლიათ თქვენი კომპიუტერი თქვენვე დაგავირუსებინონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გახსნით თქვენს ფოსტაზე მოსულ, ერთი შეხედვით უსაფრთხო, მაგრამ საეჭვო იმეილებს, დააწკაპუნებთ სხვადასხვა ვებ-გვერდზე არსებულ ბმულებზე, ჩამოტვირთავთ და გაააქტიურებთ უფასო პროგრამებს, ისარგებლებთ დავირუსებული მეხსიერების ბარათებით ან კომპიუტერს მიუერთებთ სხვადასხვა დავირუსებულ მოწყობილობას ან უბრალოდ ეწვევით საეჭვო ვებ-გვერდებს. თითოეულ ამ შემთხვევაში შესაძლოა თქვენს კომპიუტერში შემოვიდეს მავნე ვირუსული პროგრამა და მთელი სისტემა სხვისი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს.

როგორ უნდა გაიგოთ, არის თუ არა თქვენი კომპიუტერი დავირუსებული? პირდაპირ რომ გითხრათ, ეს იოლი ნამდვილად არ არის. არსებობს შემდეგი სიმპტომები: კომპიუტერი ან ინტერნეტი ნელა მუშაობს, პროგრამები აღარ ირთვება, მოულოდნელად ჩნდება ჩარჩოები, რომლებიც გთავაზობენ სხვადასხვა პროგრამების დაინსტალირებას ან უბრალოდ კომპიუტერი უცნაურად იწყებს მუშაობას. თუ თქვენს კომპიუტერს ამჩნევთ ამ სიმპტომებიდან რომელიმეს, მიმართეთ კომპიუტერის სპეციალისტს.

‘დაუკვირდით თქვენს ნაბიჯებს’

სახელმწიფოები და ცალკეული პირები დღითი დღე უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებულნი კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე. შესაბამისად, კიბერდანაშაული უფრო და უფრო მასიურ ხასიათს იძენს. სწორედ ამიტომ ბევრმა ქვეყანამ შეიმუშავა თავდაცვის სისტემები. ზოგი უფრო ფართომასშტაბიან ტესტირებებს მიმართავს, რომ აამაღლონ კომპიუტერული ქსელების თავდაცვისუნარიანობა. ყველაფრის მიუხედავად, როგორც აშშ-ის კომპიუტერული უსაფრთხოების გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი სტივენ ჩაბინსკი აღნიშნავს, „რადგანაც კიბერდამნაშავეებს საკმარისი დროც აქვთ, სახსრებიც და მოტივაციაც, მათ ყოველთვის ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ შეაღწიონ თქვენს კომპიუტერულ სისტემაში“.

როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ ასეთი საფრთხისგან? მართალია, სრულად თავის დაცვა გამორიცხულია, მაგრამ გარკვეული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია (იხილეთ ჩარჩო „თავდაცვის მეთოდები“). ბიბლია ამბობს: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). ყოველთვის გახსოვდეთ ეს ბრძნული რჩევა, როცა კომპიუტერს მიუჯდებით!

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 კიბერდამნაშავეების მიზანია, შეცვალონ, დააზიანონ ან გაანადგურონ კომპიუტერული სისტემები, ქსელები, ინფორმაციები და პროგრამები და ხელში ჩაიგდონ ისინი (შეერთებული შტატების ეროვნული კვლევითი საბჭო).

^ აბზ. 10 რამდენადაც ცნობილია, 2011 წელს ჰაკერებმა შეისწავლეს სხვადასხვა პროგრამის 45 000 სისუსტე. ისინი ცდილობენ, შეუშვან კომპიუტერში მავნე პროგრამები, ვირუსები, თანაც ისე, რომ კომპიუტერის მფლობელი ვერაფერს მიხვდეს.

[ჩანართი 26 გვერდზე]

ჰაკერები ზომბირებული კომპიუტერების მთელ არმიას იყენებენ

[ჩანართი 27 გვერდზე]

OECD-ის ინფორმაციით 3-დან 1 კომპიუტერი ჰაკერების მიერ კონტროლდება

[ჩარჩო 27 გვერდზე]

 ზოგიერთი ბოლოდროინდელი კიბერდანაშაული

2003 წელი: კომპიუტერული ვირუსი „სლამერი“ სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში და 10 წუთში 75 000 კომპიუტერი დაავირუსა. * ინტერნეტის სიჩქარე დაეცა, ვებ-გვერდებზე შესვლა შეუძლებელი გახდა, ბანკომატების მუშაობა შეფერხდა, ფრენები შეწყდა და მწყობრიდან გამოვიდა ატომური რეაქტორის კომპიუტერული და უსაფრთხოების სისტემები.

2007 წელი: ესტონეთში კიბერდანაშაულების მთელი სერია მოეწყო. ჰაკერებმა შეაღწიეს მთავრობის, მედიისა და ბანკების საინფორმაციო სისტემებში. კიბერდანაშაულის უმეტესი ნაწილი განხორციელდა გატეხილი კომპიუტერული ქსელებიდან (ბოტნეტები). შედეგად, 75 ქვეყანაში მილიონზე მეტი კომპიუტერი გამოეხმაურა მათ მოთხოვნებს და ამგვარად, ჰაკერების ხელში ზღვა ინფორმაცია აღმოჩნდა.

2010 წელი: ძლიერმა კომპიუტერულმა ვირუსმა „სტაქსნეტმა“ დაავირუსა ირანის ბირთვული რეაქტორის საკონტროლო სისტემა.

[სქოლიო]

^ აბზ. 25 კომპიუტერული ვირუსი არის მავნე პროგრამა, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ავტომატურად გადადის ერთი კომპიუტერიდან მეორეში. სხვა მავნე პროგრამების მსგავსად, კომპიუტერულ ვირუსებსაც საკუთარი სახელები გააჩნიათ. მათ შორის ერთ-ერთია „სლამერი“.

[ჩარჩო 28 გვერდზე]

თავდაცვის მეთოდები

1. დააყენეთ ანტივირუსი, ანტიჯაშუშური პროგრამა და ცეცხლოვანი კედელი (firewall). რეგულარულად განაახლეთ ოპერაციული სისტემა და პროგრამები.

2. სიფრთხილით მოეკიდეთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ბმულებს, იმეილებს და სწრაფ შეტყობინებებს, თუნდაც მეგობრებისგან გამოგზავნილს, მით უმეტეს მაშინ, თუ წერილს „დაუპატიჟებელი სტუმარი“ გიგზავნით და პირად ინფორმაციას ან პაროლს გთხოვთ.

3. არ გადმოწეროთ და არ გაააქტიუროთ პროგრამები უცნობი ვებ-გვერდებიდან.

4. აირჩიეთ სულ მცირე რვანიშნიანი პაროლი, რომელშიც ციფრებიც იქნება და სიმბოლოებიც. რეგულარულად ცვალეთ პაროლი. ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავეს სხვადასხვა ვებ-გვერდებისთვის.

5. საქმიანი ურთიერთობები მხოლოდ სანდო კომპანიებთან აწარმოეთ და ისარგებლეთ უსაფრთხო კავშირებით. *

6. არ გასცეთ კონფიდენციალური ინფორმაცია, მაგალითად ინფორმაცია თქვენს საბანკო ანგარიშზე, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სარგებლობთ დაუცველი უსადენო ლოკალური ქსელით (Wi-Fi).

7. თუ არ იყენებთ კომპიუტერს, გამორთეთ.

8. სისტემატურად გააკეთეთ ფაილების სარეზერვო ასლები და შეინახეთ უსაფრთხო ადგილას.

[სქოლიო]

^ აბზ. 36 უსაფრთხო ვებ-გვერდებს ვებ-ბრაუზერში აქვს დამცავი სიმბოლო „https://“, რომელიც ჩნდება მისამართის ზოლში. სიმბოლო „s“ ნიშნავს უსაფრთხოს.

[სურათი 28 გვერდზე]

ეცადეთ დაიცვათ თქვენი კომპიუტერი