არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილი სამართლიანობა ღვთის მმართველობის დროს

ნამდვილი სამართლიანობა ღვთის მმართველობის დროს

ნამდვილი სამართლიანობა ღვთის მმართველობის დროს

ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ დღევანდელ ქვეყნიერებას მალე ღვთის ახალი ქვეყნიერება შეცვლის. იმმართველებს მხოლოდ ერთი ხელისუფლება, ღვთის სამეფო, რომლის მეფეც იესო ქრისტე იქნება (გამოცხადება 11:15). როგორ აღმოფხვრის ღვთის სამეფო უსამართლობას? ეს მოხდება ორ ეტაპად.

1. ღვთის სამეფო უსამართლო და უუნარო ადამიანურ მმართველობებს გაანადგურებს. დანიელის 2:44-ში ვკითხულობთ: „იმ მეფეების [მთავრობების] დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს . . . დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ [ადამიანურ] სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.

2. ღვთის სამეფო მოსპობს ბოროტებას და აღადგენს სამართალს. ფსალმუნის 37:10-ში წერია: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი“. 28-ე მუხლი კი ამბობს: „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს. ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი“.

ეს ერთგულები საკუთარი თვალით იხილავენ იესოს ლოცვის ნიმუშში მოცემული სიტყვების შესრულებას: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). რა აქვს ღმერთს ჩაფიქრებული დედამიწასთან დაკავშირებით?

როდესაც დედამიწაზე ღვთის სამეფო იმმართველებს . . .

აღარ იქნება კორუფცია და ჩაგვრა. ებრაელების 1:9-ში იესო ქრისტეს შესახებ ნათქვამია: „შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე“. იესო, სამართლიანი მმართველი, „დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს . . . ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 72:12—14).

უხვად იქნება საკვები. „დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს და გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი“ (ფსალმუნი 67:6). „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16). იესომ სასწაულებრივად გამოკვება ათასობით ადამიანი ერთდროულად და ამით აჩვენა, თუ როგორ იზრუნებს ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ხალხზე (მათე 14:15—21; 15:32—38).

არასრულყოფილება ვეღარ დაარღვევს სამართალს. „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან [ღვთისგან], არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13). იესოს შესახებ ვკითხულობთ: „შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის. დაჰკრავს დედამიწას თავისი პირის კვერთხს; თავისი ბაგეების სულით დახოცავს ბოროტებს“ (ესაია 11:3, 4).

ღვთის სამეფო მმართველობას მალე დაიწყებს

მსოფლიოში არსებული სავალალო მდგომარეობა იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ქვეყნიერების დღეები დათვლილია. „როცა ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი და სიავის მქნელნი გაიფურჩქნებიან, სამუდამოდ მოისპობიან ისინი“, — ნათქვამია ფსალმუნის 92:7-ში. როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ ღვთის კეთილგანწყობა და გადარჩენილებს შორის აღმოვჩნდეთ? იესო ქრისტემ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

გსურთ, მიიღოთ ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ ფასდაუდებელი ცოდნა? მაშინ ჰაიდის, დოროთისა და ფირუდინის მსგავსად, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს. ისინი უფასოდ ასწავლიან ხალხს ბიბლიას.

[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]

როცა ცხოვრება უსამართლოდ გექცევა

ემილი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. შვიდი წლის ასაკში მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ასაკის ბავშვი შეიძლება გაცივდეს ან დიდი-დიდი გრიპი შეხვდეს. მაგრამ საბრალო ემილი წლებია, რაც სერიოზულ დაავადებას ებრძვის და ქიმიოთერაპიასაც იტარებს. ერთხელ პატარა ემილიმ ასეთი სიტყვები თქვა, ეჰ, როგორ დამღალაო ამ ავადმყოფობამ!

მართალია, ცხოვრება ასე უსამართლოდ მოექცა, მაგრამ ემილი მაინც მხნედ არის. ის ელოდება დროს, როცა ღვთის სამეფოს მმართველობისას „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). «ჩემი საყვარელი მუხლი, — ამბობს ემილი, — მარკოზის 12:30-ია: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“. როცა ვლოცულობ, იეჰოვა ძალებს მაძლევს. მადლობას ვუხდი ღმერთს ჩემი ოჯახისთვის, ჩემი კრებისთვის. რა კარგია, რომ სამოთხეში მარადიულად ვიცხოვრებ დედამიწაზე. ძალიან მეხმარება ეს იმედი».

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

ღვთის მმართველობის დროს ყველას უხვად ექნება საკვები, დამყარდება ნამდვილი სამართლიანობა და აღარ იქნება მიკერძოება